x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დიდი ქართველები" - ილია და აკაკი - ვიცოდეთ საქართველოს ისტორია

image


ილია ჭავჭავაძე - ქართველიმწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.







დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ —მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.



1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.



1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოშიგამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში.ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველისტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.



სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.




1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პოემა) (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა„კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“(1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.



ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.


1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.


1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.



მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.
1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.



1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთანექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.






აკაკი წერეთელი - ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე -იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.




აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგისუნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.




ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.



ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.





0
641
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0