პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინმა რეიტინგის კუთხით მორიგი რეკორდი მოხსნა
2015, 22 ოქტომბერი, 15:22
ვლადიმერ პუტინმა რეიტინგის კუთხით მორიგი რეკორდი მოხსნა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს გამოკითხულთა 89, 9 %-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსულმა ცენტრმა - "ვციომმა" ჩაატარა.
კვლევის თანახმად, პუტინის ქმედებებს 10-დან 9 რუსი უჭერს მხარს, რაც პირველ რიგში, სირიაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. რესპოდენტთა 26% მიჩნევს, რომ ეს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
ბოლო რეკორდი პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში მოხსნა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს გამოკითხულთა 89, 1%-მა დაუჭირა მხარი.
"ვციომმა" გამოკითხვა 17-18 ოქტომბერს, რუსეთის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში 1 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.