x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გლდანის პატიმრის დღიური 11 - 12 ივნისი
image

11 ივნისი

ჩემი დის, მარინას დაბადების დღეა, წელს ვერ მივულოცავ, არც ტელეფონი, არც წერილი, არანაირი კომუნიკაცია, არადა პირველი შემთხვევაა, ასე შორს რომ ვართ, მის დაბადების დღეზე. ცუდ ხასიათზე დავდექი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დილით აბანოში გაგვიყვანეს. გამოდის, რომ უკვე კვირაზე მეტია აქ ვარ. პრინციპში ძალიან არ გაწელილა, მალე გაირბინა. აბანოს დღეს "პრავერკა" არ არის, შეგვიძლია გავფინოთ დღისითაც სველი ტანსაცმელი. სხვა დღისით კი ასეთი საქციელისათვის ცემა არ აგვცდება. არადა ყველაფერს კამერაში ვრეცხავთ, თეთრეულსაც კი. ხვალ არადა ზეგ კიდევ მომაკითხავს ადვოკატი. მეტყვის რა არის სიახლე.
წუხელ სიამარში ვნახე სოფოს მანქანაში ვისხედით მე შოთიკო და სოფო და თელავის ქუჩებში დავდიოდით. მანქანა თითქოს ნაავარიალი და მოფახფახებული, იყო. მეშინია, იმედია ყველანი კარგად არიან. ვიცი ჩემებთან ხშირად იქნებიან და ქეთინოს არ მიატოვებენ, ჩვენ ხომ ასე ვიცით. ყოველთვის ერთად ვართ, მითუმეტეს გაჭირვებაში.

საკანში პოლიტიკური პოლემიკა გაიმართა, ზოგი ბურჯანაძეს ადანაშაულებს, 26 მაისს მომხდარში, ზოგი სააკაშვილს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთიანობას ოქრუაშვილ- კიწმარიშვილ - გაჩეჩილაძის განხეთქილებამ, შეუშალა ხელი. მე ჩუმად ვარ მხოლოდ ვისმენ მათ მოსაზრებებს მაინტერესებს რას ფიქრობენ ადამიანები. მე ერთ რამეს მივხვდი. ხალხი მხოლოდ ბრმა იარაღად გამოიყენეს ამ შემთხვევაში. 2007 წლიდან ყველა დიდ შეკრებაზე და მანიფესტაციაზე ვარ ნამყოფი. ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონდა გამარჯვების შანსი, გამარჯვებისა ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმზე, გამარჯვებისა, თვით ლუციფერის მოადგილეზე, გამარჯვებისა ცრემლად და მოსიარულე ბანერად ქცეულ 5-ოსან ბიჭზე, რომელსაც საშემოდგომო საკუთარმა ხალხმა გამოაყოლა 2008-წელს. თუმცა ლიდერები მსხვერპლს და სისხლს მოერიდნენ. ან იქნებ გარიგდნენ მართლა? რატომღაც არ მგონია გაჩეჩილაძეების გარიგების ამბავი მართალი იყოს. ლევანს რომც მიეყიდა სული ეშმაკისთვის (ანუ მიშასთვის), მგონია რომ გია არ იზავდა ამას. კიდევ ერთი კაცია რომლის გვერდითაც ვიდექი ბოლომდე კახა კუკავა.

ოფიცერმა რამდენიმეჯერ შემოიხედა, არაფერი უთქვამს. დღეს მშვიდი დღეა და ეს სიმშვიდე მაშინებს, რაღაც საშინელისთვის ვემზადები. რადიოში მნიშვნელოვანი არაფერია. წიგნის კითხვა დავასრულე, ლოცვები წავიკითხე, თითქოს სულიერად დავმშვიდდი, შუქი ჩაქრა და დავწექით. არც კი მჯერა ისეთი წყნარი დღე იყო. რაც აქ ვარ მგონი მსგავსი არც მახსოვს. ფსიქოლოგიურად დავისვენე, ალბათ ორთქლის გამოშვების საშუალება მოგვცა ადმინისტრაციამ, რომ სტრესისგან ერთდროულად ამდენი პატიმარი არ გადავიდეს ჭკუიდან.


12 ივნისი



მზის ამოსვლას ფეხზე შევხვდი, რატომღაც ადრე გამეღვიძა, ამიტომ პური ვისაც უნდა აეღო აღარ გავაღვიძე. სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე, აშკარად სული დამიმშვიდდა. პურიც მოვიდა, ავიღე და მაღაზიაში ბარათები გავატანე. სიგარეტი და სანელებლები შეგვიცოტავდა. რამაზი გავაღვიძე და საჭმელი ავიღეთ, უმარილო გერკულესია, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ მასის ჭამა მომიწევდა. არასოდეს მიჭამია ეს ფაფა. თან ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ჩენჩოები პირდაპირ გახრჩობს რომ გადაგცდება. ყვირლი ატყდა ჩვენს ქვემოთ, შენ ვინ გგონივარო ყვრის ვიღაც ქალი და უშვერად იგინება. დამავიწყდა მეთქვა, ჩვენს ქვემოთ სამზარეულოა, დღეს კი ლობიოს დღე. ლობიო როგორც ბიჭებმა ამიხსნეს პატრიარქის საჩუქარია. ასევეა თევზიც რომელიც შაბათ საღამოს მოდის კაცზე თითო ნაჭერი და აქ დელიკატესად ითვლება. გიას დაუძახა კონტროლიორმა გაემზადეო. უკვე შვიდი თვეა აქ ზის არადა, სულ ერთი წელი აქვს მისჯილი. ეტაპშია. ზონაზე მიდის.
გია წავიდა მე მის ადგილზე გადავინაცვლე, სატრანზიტო საწოლი კი ახალ პატრონს ელოდება. პარასკევს დაშლიან ალბათ კარანტინს და ამოიყვანენ ვინმეს. მაღაზია მოიტანეს, გვესმის როგორ არიგებენ კამერებთან. გავიჭყიტეთ ჭუჭრუტანაში და გაგვიხარდა რომ ჩვენს კართან პარკი იდო, ესეიგი დაგვერიცხა რომელიღაცას. საერთოდ საშუალოდ მაცხოვრობელი კამერა ვართ. სიგარეტის და აუცილებელი ნივთების პრობლემა არასოდეს გვქონია ჯერ ჯერობით. ასე სამ ადამიანს რეგულარულად გვიჯდება ფული, კვირაში ერთხელ. მე მიკვირს ჩემები რომ ახერხებენ ამდენს, იმას ვერ ვიგებ ვინ მისვავს თანხას. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. უბრალოდ დღეს 8 კაცის მაგივრად შვიდნი ვართ. შუქი ჩაქრა და ყველამ ძილს მივეცით თავი.





0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0