x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური 5 - 7 ივნისი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
image

5 ივნისი


საშინელი დაჯახუნების ხმაზე წამოვხტი, პურია აიღეთ ბლიად, დაიძახა ვიღაცამ ორი ბიჭი მაშინვე მივარდა "კარმოშკასთან" და პური პარკში ჩაალაგა.

ადექი ძმაო, პირი გაიპარსე მალე საუზმე მოვა, მერე კი ოფიცერი გაგიყვანს.მითხრა ერთმა.

ჩამოვედი სიგარეტს გავუკიდე, მეორემ ხელი გამომიწოდა და ამაპრიტი მქვიაო მითხრა, გამიკვირდა, რომ დავაკვირდი ქართველს არ ჰგავს. ინდოელი ყოფილა, გაყალბებაზე დაუჭერიათ. 21 წლისაა. საკნის მაცხოვრებლებმა, ნელ, ნელა გაიღვიძეს გავიცანი ნორმალური ხალხი ჩანს ერთი შეხედვით. მაინც ვერიდები კონტაქტს. აღარ მჯერა თუ არსებობენ, სუფთა გულის ადამიანები. მითუმეტეს ამ ბინძურ სისტემაში. მალე საჭმელი მოვიდა, მანი და ჩაი. მანი იმდენია, ჯამის ძირი ძლივს იფარება. აღარ ვჩივივარ, საკუთარი ჯამი, კოვზი და ჭიქა მაინც მაქვს. ვისაუზმეთ, გამოიკითხეს "სვაბოდის ამბები", ამ დროს კარი გაიღო და კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა. ბიჭებამა გამაფრთხილეს, რომ გახვალ ხელები უკან დაილაგე თორემ მოგხვდებაო. მეტი რა გზაა.
გავედი, ოფიცერი ახალგაზრდაა, ჩემი ხნის იქნება. გვერდით კამერის კარი გააღეს, შევედით, აბანო ყოფილა. პერანგი გამახდევინა დამათვალიერა, ეტყობა იოლად გადარჩიო მითხრა და წესები ამიხსნა, ხმა არ უნდა გამოვიდეს გარეთ, დაბალხმით ილაპარაკე, წესებს აგიხსნიან და იცოდე რომ ამ წესების დარღვევა სასტიკად ისჯებაო..
უკან დავბრუნდი. აბანოსთვის გავემზადეთ. გამაფრთხილეს სწრაფად უნდა იბანავოო. კამერის კარი გაიღო, გავედით. ჯერ წყალი გადავლებული არც კი მქონდა, დროზე, დროზე წავედითო დაიძახა ვიღაცამ. გავედი ნახევრად სველმა ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედით კამერაში. მე გამიკვირდა. ეს რა იყო მეთქი. ასეა ძმაო კარების გახსნიდან დახურვამდე 10 წუთი გვაქვს თავისი ბანაობითო. მივხვდი რომ შემდეგზე უფრო მობილიზებული უნდა ვიყო. ბიჭებმა ამიხსნეს, უსახელო მაისური, შორტი, ბრიჯი და მსგავსი ტანსაცმელი არ შეიძლება, წვერს ყოველ მეორე დღეს ვიპარსავთ, სარეცხს კამერაში ვრეცხავთ და მხოლოდ ღამის ათი საათის მერე შეიძლება გაფენაო. ვისადილეთ, წამოვწვები მეთქი ვიფიქრე და ჩემს საწოლზე ასვლა დავაპირე. "რას აკეთებ ძმაო, გვიჩალიჩებ? საღამოს "პრავერკა"- მდე შანსი არ არის, შემოვლენ და დაგვლეწავენ, როგორც კი "ვაჩოკი" ანუ სათვალთვალო გაიხსნება, ფეხზე ვდგებით ყველა და ასე ვართ სანამ არ დაიხურება. აგერ შაშია, რადიო, წიგნები გვაქვს და ამით ვერთობით" კამერაში ყველაზე უმცროსი, ინდოელია, ყველაზე უფროსი გელა. დანარჩენი თითქმის ერთი ასაკის ვართ. საჭმელს და პურს მორიგეობით იღებენ ხვალიდან მეც შევუერთდები. ხვალ "პრაგულკაზე" გავიდეთო მითხრეს. ისე არ დავდივართ, მერე სულ მიზეზს ეძებენ რომ დაგვლეწონო. გამიკვირდა და ამიხსნეს, თურმე როდესაც გასეირნებებზე გაჰყავთ საღამოს ცვლა სახლში გვიან მიდის და არ სიამოვნებთ.
მოკლედ ეს დღე ასე გაილია, ჯერ ისევ დაღლილი ვარ. დღეს საკუთარ თავთან მარტო ვერ დავრჩი ასეა ალბათ პირველი დღე. ჩემს საწოლზე ავედი, წამოვწექი და გავაბოლე, რადიოს ვუსმენთ. უცებ რადიო დადუმდა და ვიღაცამ დერეფნიდან დაიძახა:

"ჩაქრა შუქი, ბლიად" - მამუკამ შუქი გამორთო და საწოლზე ავიდა. ამით მივხვდი რომ ზუსტად 10 საათი იყო. ყველანი გავჩუმდით. ფიქრებს ძილმა დაასწრო და თავის სამყაროში წამიყვანა.


6 ივნისი



დილით ნაცნობმა ბრახუნმა გამაღვიძა, "პრაგულკა", დაიძახა ვიღაცამ, გავდივართ იყო პასუხი ჩვენი კამერიდან. ავდექით. საჭმელი მოვიდა, მერე სასეირნოდ აგვიყვანეს. ჩვეულებრივი კამერაა. უბრალოდ სახურავი არ აქვს და არაფერი დგას შიგნით. მხოლოდ ცას ვხედავთ. ასე ნახევარ საათში დავბრუნდით კამერაში ვისაუზმეთ და სხვადასხვა გასართობს მივყავით ხელი. მამუკამ საყვედური თქვა ერთი და იგივე ხალხი დგებაო ყოველდილით პურის ასაღებად. ვიღაც შეეკამათა, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. უცებ კარი გაიღო და ოფიცერი შემოვიდა.

"რა დღეში ხართ თქვე ყ...ბო, რომელს გინდათ ქურდობა აქ რეჩს რომ კითხულობთ თქვენ დედას შევ....იო" სათითაოდ დაგვიწყო ცემა, ხელები ზურგს უკანო და ხან ერთს გვხვდებოდა მუცელში წიხლი ან ბეჭებში იდაყვი და ხან მეორეს. გული რომ იჯერა, ტრაკები დააყენეთო გვითხრა და გავიდა. ასეც ვიცოდიო თქვა გელამ, რამდენიც "პრაგულკაზე" გავედით ასე დაგვისაფრდნენ, კიდევ კარგი რეჟიმი მაინც არ ამოიყვანაო.

რეჟიმი ცალკე სადამსჯელო განყოფილებაა. ყველაზე უმოწყალო "ნაროდი" ციხის ადმინისტრაციაში.

საღამოს შემოწმების მერე საწოლზე ავედი. წამოვწექი და ფიქრებში წავედი, ნეტავ როგორ არიან სახლში, როგორ არის შოთიკო, მზია, სოფო. მერე დავფიქრდი, მინდოდა გამეაზრებინა კიდევ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გარეული ამ ყველაფერში. მხოლოდ ორი პიროვნება ტივტივებდა მეხსიერებაში, ლალი გოგოჭური და ვანო ნინოშვილი, ორი დამპალი სულის ადამიანი. ვფიქრობდი გოგაზეც, როგორ სჭირდებოდა მას ახლა ჩემი გვერდით ყოფნა. ვფიქრობდი ირაკლიზე, უწესიერეს, უსუფთავეს კაცზე, რომლის მეგობრობითაც ვამაყობ. გოგია ადამიანი რომელმაც ფაქტიურად მამობა გამიწია მამაჩემის დაღუპვის მერე. ვიცი ყველა ამ ადამიანს სტკივა ჩემი აქ ყოფნა. მადლობა მათ, მადლობა ყველას ვინც არ იჯერებს ჩემი ბრალდების სიმართლეს. ხვალ ორშაბათია ალბათ ადვოკატი მოვა და რამე ახალს გავიგებ. შუქები ჩაქრა, უკვე ათი საათიავერეაფრით დავიძინე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა


7 ივნისი


საწოლზე ვწევარ და სიგარეტს ვაბოლებ, გამახსენდა რომ კვირაზე მეტია ყავა არ დამილევია და ნერწყვი მომადგა, ორშაბათია, რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცას ველოდები, სასაცილოა. ჩამოვედი პური ავიღე, ხელი მოვაწერე რომ პრაგულკაზე არ გავდივართ და მაგიდასთან დავჯექი, ახალი აღთქმა გადავშალე და კითხვა დავიწყე. ათეისტი არ ვარ, თუმცა რომ ვთქვა ყოველ შაბათ კვირას წირვაზე დავდიოდი მათქი ტყუილი იქნება. კითხვამ გამიტაცა, ნელ ნელა ბიჭებიც ადგნენ, მამუკა როგორც წესი, რაღაცას ოხუნჯობს. საჭმელი ჩამორიგდა. წიგნი დავხურე და საუზმეს შევექეცით. ჩაი წყალწყალაა, კოწახურის კანფეტი ჩავაგდე რომ ოდნავ გემო შეიცვალოს. გელა იძახის თურმა ჩაიში პოტენციის საწინააღმდეგოს ურევენო. მეცინება რაში გაახსენდა ამ დროულ კაცს. მანის როგორც წესი არც მარილი აქვს და არც სიტკბო, მაღაზიაში ნაყიდი "სგუშონი" მოვასხით. აქ ყველას თავის საბანკო კარტა აქვს. ზოგს ურიცხავენ ოჯახიდან ზოგს ვერა. ამიტომ კამერაში ყველაფრის ყიდვა ერთად ხდება, ერთად ვატანთ და ვის კარტაზეც ზის ფული იქიდან ხსნიან, მითხრეს შენ კარტას ორი კვირა არ მოგიტანენო, ამიტომ ადვოკატი რომ მოვა რომელიმე თანასაკნელის საბანკო რეკვიზიტებს ვეტყვი და მის კარტაზე დამირიცხავენ. ამასობაში თორმეტ საათიანი საინფორმაციო დაიწყო რადიოში.

კარი გაიღო და კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა,

- ერეკლე მერაბის ძე

- ადვოკატთან, გაემზადე.

ფეხზე ჩავიცვი, კარები გაიღო და წავედი. აბანოში შემიყვანეს, კიდევ ორი პატიმარი დამხვდა, თავის დაკვრით მივესალმეთ ერთმანეთს, კონტროლიორის შეუმჩნევლად, აქ ხომ მისალმება ცემით ისჯება. მერე თანამშრომელი მოვიდა, პატიმრები მას ტაქსს ეძახიან, ანუ თანამშრომელი რომელსაც ადვოკატთან, მოძღვართან ან პაემანზე გაჰყევხარ. კამერაში აყვანის შემდეგ პირველად შევეხე ფეხით დედამიწას.

ირმა ოთახის კარებთან მიცდიდა, მივედი მივესალმე, დავსხედით, ოჯახი მოვიკითხე, ჩემები, მზია, შოთიკო, სოფო, პატარა ბოხუტა. გავიგე რომ ყველა ერთად არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩეთვის. ასეც ვიცოდი. გავიგე რომ ჩემები ექვსს სთავაზობენ, პროკურატურა უარზეა. 3000 უნდა გადაიხადოთ და რაღაც პერიოდი ჩაჯდესო. გავიგე რომ ჩემი დაჭერის შემდეგ ინფორმაციამ ადგილობრივ მედიაში გაჟონა. ჩემები კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ გოგას უთქვია ორი სიტყვა და კიდევ გია ყრუაშვილს, ჩვენი პარტიის ერთ ერთ ლიდერს. აუდიენცია დასრულდა და ოთახში ამოვედი, სანამ წამოვიდოდი ადვოკატს მამუკას რეკვიზიტები ჩავაწერინე და ფულს იქ დამირიცხავენ დროებით. კამერაში რომ ავედი მაღაზია მოსული დამხვდა. ახალი პრესა იყო, კვირის პალიტრა და რეიტინგი. მთელი დღე მის კითხვაში გავატარე, უკვე დაბნელდა,

საშინელი ღრიალი ატყდა, რომელსაც გინების ხმა და ბაგაბუგი დაერთო, იშვიათად მომისმენია, ასეთი ფორმებით გინება, ყველა ბრუნვაში. აშკარა იყო, რეჟიმის განყოფილება რომელიღაც კამერაში სადამსჯელო ღონისძიებას ატარებდა. შემზარავი ყოფილა ზრდასრული მამაკაცის ხმით ტირილის მოსმენა, წარმომიდგენია რა უმოწყალოდ ურტყავენ, აქ ხომ პატიმარს როგორც საქონელს ისე უყურებენ.

შუქი ჩაქრა, ფიქრებში წავედი, გამახსენდა მთელი ჩემი ცხოვრება. ნელ ნელა ძილმა თავი წამართვა და ნისლში ჩავიძირე.

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0