x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გლდანის პატიმრის დღიური - 29-30 მაისი
image

29 მაისი


წუხელ ცუდად მეძინა, სიზმარში ვნახე როგორ ჩავყავდი კიბეებზე ბორკილდადებული პოლიციელებს და ოფლში გამეღვიძა. რაღაც ლოდივით დამაწვა. რა არის ეს, თავისუფლების დაკარგვის შიში? არამგონია, რადგანაც დღესაც არ ვარ თავისუფალი, ყოველთვის ვგრძნობ ჩემს ზურგს უკან ვიღაცის დაჟინებულ მზერას, ჩვენი სასახელო სპეცსამსახურები არიან, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევენ ადამიანებს. ვიცი რომ მისმენენ, ისევე როგორც თითქმის მთელს ქვეყანას. თუმცა დასამალიც არაფერია. ჩემს პოზიციას და აზრს მაინც საჯაროდ ვაფიქსირებ ყოველთვის. ხოდა მისმინონ.
ისე ერთი ამბავი გამახსენდა ჩვენი სახელოვანი სპეცების ერთმა თანამშრომელმა დამირეკა 2009-ში, მას შემდეგ, რაც საკუთარ ოფისში მუსიკის ჩართვისათვის პოლიციის და კუდის თუ სოდის მაღალჩინოსნებმა ისე გულდადებით დაგვბეგვეს, რომ ნებისმიერ გამოცდილ კულინარს შეშურდებოდა, დაბეგვილი ხორცის კერძებს ვინც ამზადებს. ხოდა ამ ამბის შემდეგ დამირეკა ერთმა კუდელმა თუ სოდელმა ოფისიდან ცოტა ხანი დაბლა ჩამოდიო, ჩავედი. მითხრა შენზე ბევრი რამე გავარკვიეთ და ვიცით პლანს შენ არ ეწევი და წამალს შენ არ იკეთებ და არ გინდა ვიმეგობროთო?
გამეცინა
როცა ვთხოვე აეხსნა მისი აზრით მეგობრობა რას ნიშნავდა, მითხრა სამომავლო გეგმები მოვუყვეთ ერთმანეთსო. რატომღაც ქართული ფილმი ხარება და გოგია გამახსენდა, მედუქნეს სცენა. თან დაამატა ამ საუბრის შესახებ არავის მოუყვეო.
გამეცინა და გავერიდე. ამ დროს პარტიის ყველა ის წევრი და სტუმარი რომელიც ოფისშიი იყო აივნიდან გვიყურებდა. გამიგია კაცო, :) თუ მავერბოვკებ ისეთ ადგილას მაინც დამავერბოვკე რომ თანაგუნდელები არ დამყურებდნენ თავზე. ეს ისე გამახსენდა და მოვყევი. ეს კუდელი ზურა საჩიშვილი იყო.

უკვე საღამოა გოგას დავურეკე, ვატ6ყობ ძალიან დაღლილია და ვამჯობინე ხვალ ვნახო. რამოდენიმე საოფისე ფართი გავარკვიე, პარტიისთვის გვინდა ვიქირავოთ. ახლა ვწევარ და ჩემს აწმყოსა და მომავალზე ვფიქრობ. თუმცა ისეთს არაფერს აღწერად რომ ღირდეს.


30 მაისი (დაკავების დღე)



დღის თერთმეტი საათია გოგას მანქანაში ვზივარ და ლალისთან მივდივართ. ლალის ხაჭაპურები დაუცხვია, მე, ვანო ნინოშვილი ლალი და გოგა ვართ, სულ რამოდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ, ასე 5-6, ვიღაც გიამ დარეკა, ვანომ მითხრა დათოს ნახვა გვინდა და შენთან დაველოდებითო, მე უარი არ მითქვამს და პირდაპირ ჩემთან წავედით. მოვიდა გიაც დავსხედით ყავა დავლიეთ და დათოც შემოგვიერთდა. მერე თითქოს ყველაფერი წამებში მოხდა. რაღაც გაუგებარი ქაღალდი და და გაუგებარი ფული. გიამ ვანო გააპარა და შვიდი იარაღიანი კაცი დაგვადგა, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. მე და დათო აგვიყვანეს. მე მწარედ ჩამეღიმა დარტყმას ხომ სულ სხვა მხრიდან ველოდებოდი. გზიდან დამარეკინეს, ვუთხარი ადგილსამყოფელი და გავიგე რომ გოგა მოდიოდა. თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა ან რაიმე ისეთი არ ჩამედინა რაც უფრო დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას.საბუთები შეავსეს. ვითხოვდი ჩემები მაჩვენეთ მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. დათოს ადვოკატი მოუვიდა და მას ვთხოვე ჩემები გარეთ არიან და დაელაპარაკე იქნებ ჩემი ადვოკატიც შენ იყო მეთქი, ამბავი შემომიტანეს ადვოკატი თბილისიდან მოდის, უკვე გზაშიაო. გარედან მესმის დედაჩემის, ჩემი დის და მზია დეიდას ხმები. მზია ტყავაძე დედაჩემის ბიძაშვილია, საკუთარ დეიდას ვეძახი და მართლაც დედასავით მიყვარს. ყველაფერს ვზომავ მაგარი მსახიობები არიან, მაგრად შეკერეს ყველაფერი. თან იძახიან ვიდეოჩანაწერი გვაქვსო დამე მშვიდად ვარ, ვიცი ჩანაწერში არ ჩნს ჩემი ბრალი. დათოს შევხედე უფრო ნერვებზეა, თავი ხელში ვერ აჰყავს. სინდისი მქენჯნის, რომ არა მე ალბათ დათოსაც არ გახვევდნენ ამ შარში. 21 წლის კაცია ცოლი და ორი შვილი რჩება გარეთ.

გამომძიებელი მეუბნება თუ გინდა ახლავე გაგიშვათ ასეთივე საქმეები უნდა გვითხრა და ხალხი დაგვაჭერინოვო. მე გამეცინა, მსგავსთან შეხება არასოდეს მქონია მეთქი და გავჩუმდი. სიგარეტი და საჭმელი შემოაწვდევინეს ჩვენებს, მესმის გარეთ ხალხი მატულობს. დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე, ბორკილები დაგვადეს და გარეთ გამოგვიყვანეს. სულ ორი ნაბიჯია მანქანამდე, არადა თითქოს კილომეტრი გავიარე. კაპეშონი მაქვს წამოფარებული და არავის ვუყურებ არავის ვუყურებ იმიტომ რომ ვიცი დედაჩემის, ჩემი დის, მზიას, გოგას და კიდევ არ ვიცი ვის თვალებს გადავაწყდები. დედაჩემის ხმამ გამგლიჯა შუაზე ერეკლე შემომხედეო. და სულ ერთი წამით ავწიე თავი, წამი საუკუნედ იქცა. გოგა მეძახის ნაბოზარი ვანოს ამბავიაო. ვიცი გოგლა ვიცი მაგრამ რაღა დროს. მანქანაში ჩაგვსვეს. საგარეჯოს გზას დავადექით. საგარეჯო იმიტომ რომ თელავის იზოლატორი 26 მაისის აქციის მონაწილეებითაა სავსე."კაპეზე"-ზე შემოწმება გავიარეთ და საკანში შეგვიშვეს სიგარეტს ფილტრები დაამტვრიეს და საჭმელტან ერთად შემოგვიგზავნეს. შეეშინდათ ფილტრისგან ბრიტვები არ გაგვეკეთებინა.

საწოლზე წამოვწექი. დათოს ვატყობ თავს ვერ იკავებს, საშინლად ნერვიულობს და საკუთარი თავის შემეშინდა. იქნებ ესეც ერთგვარი ისტერიკაა წყნარად რომ ვარ. ფიქრებში წავედი გავლილს გადავხედე და უცებ ჩემდაუნებურად არააადამიანურმა კანკალმა ამიტანა, ვეღარ ვწყნარდები, ზიზღი და ბოღმა მახრჩობს ზიზღი და ბოღმა ადამის მოდგმის მიმართ. მახსოვს ექიმი და და ნემსი. მერე ყველაფერი იასამნისფერ ნისლში ჩაიძირა. თურმე ღამის 3 საათი იყო.



0
494
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0