x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრძნული იგავები (III ნაწილი)

ვაჭრობის გზა

ბრძნული იგავები (III ნაწილი)

ერთხელ მოსწავლემ რჩევა ჰკითხა მასწავლებელს: «მითხარი რა გავაკეთო: მე მივდივარ კლიენტთან, ვუყვები ჩემი საქონლის შესახებ, ის კი ამბობს, რომ ასეთი საქონელი არა სჭირდება».

– მერე, შენ რას ფიქრობ, სჭირდება? – ჰკითხა მასწავლებელმა.

– რა თქმა უნდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ! ეს ძალიან კარგი და ყველასათვის საჭირო საქონელია.

– დამიმტკიცე, რომ მჭირდება.

და მოსწავლემ დაიწყო მოყოლა თავისი საქონლის შესახებ. ის საკმაოდ დიდხანს ლაპარაკობდა, როდესაც საუბარი დაასრულა, მასწავლებელი მოიღუშა და უთხრა:

– და მაინც, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქონელი მჭირდება.

მოსწავლე წავიდა სახლში და ემზადებოდა შვიდი დღე. ბოლოს, ის მასწავლებელთან მივიდა და სთხოვა, კიდევ ერთხელ მიეცა, თავისი საქონლის შესახებ მოყოლის უფლება.

მასწავლებელმა მოუსმინა მის მოკლე გამოსვლას და უთხრა:

– ჰო, მე მჭირდება ეს საქონელი და აუცილებლად ვიყიდი მას შენგან. აი ფული გამომართვი. მაგრამ, მითხარი რას მიხვდი ამ კვირის მანძილზე?

– მივხვდი, რომ მომზადება არის საჭირო.

– ეს ერთი გაკვეთილი არის, – თქვა მასწავლებელმა, – მეორე?

– მეორე… რომ მოკლე სიტყვა უნდა მოვამზადო?…

– თითქმის ასეა. რაც უფრო დიდხანს ემზადები, მით უფრო მოკლეა გამოსვლა.

კეთილი ძროხა და ღორი

ბრძნული იგავები (III ნაწილი)ერთმა მდიდარმა მეგობარს ჰკითხა:

— რატომ მსაყვედურობენ სიძუნწის გამო, როდესაც ყველასათვის ცნობილია, რომ განკარგულება გავეცი იმის შესახებ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, ყველაფერი რაც გამაჩნია, ქველმოქმედებას მოხმარდება?

ამის საპასუხოდ მეგობარმა უთხრა:

— მე საკუთარ თავს უფლებას მივცემ მოგიყვე იმის შესახებ, თუ როგორ დაიჩივლა ღორმა ძროხასთან, რომ მას ყოველთვის ცუდად ექცევიან: «ადამიანები ყოველთვის ლაპარაკობენ შენი სიკეთისა და ნაზი თვალების შესახებ. რა თქმა უნდა, შენ მათ რძეს და კარაქს აძლევ, მაგრამ მე უფრო მეტს ვაძლევ: ძეხვს, ლორს, ტყავს, ჯაგარს, ჩემს ფეხებსაც კი ხარშავენ! და სულ ერთია, არავის არ ვუყვარვა. რატომ არის ასე?» ძროხა ცოტა ხანს დაფიქრდა და უპასუხა: «იქნებ, იმიტომ, რომ მე ყველაფერს სიცოცხლეშივე ვაძლევ?»

წარსული, აწმყო, მომავალი

ბრძნული იგავები (III ნაწილი)სამი ბრძენი კამათობდა იმაზე, თუ რა არის ყველაზე მთავარი ადამიანისთვის – მისი წარსული, აწმყო თუ მომავალი. ერთმა თქვა:

— ჩემმა წარსულმა მაქცია იმად, ვინც ახლა ვარ. მე ვიცი ის, რაც წარსულში ვისწავლე. მე მაქვს საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ რომ, მე კარგად გამომდიოდა ყველა საქმე, რასაც წარსულში ხელი მოვკიდე. მე მომწონს ადამიანები, რომლებთანაც წარსულში კარგად ვგრძნობდი თავს და დღეს შემიძლია მათი მსგავსი ადამიანების ამოცნობა. მე თქვენ გიყურებთ, ვხედავ თქვენს ღიმილს და ვიცი რომ კამათის გარეშე არ მიიღებთ ჩემს აზრს.

— დიახ, სწორედ ასეა, შენი აზრი ამ შემთხვევაში, მართლაც არ არის მისაღები— თქვა მეორემ, — შენ რომ მართალი იყო, ადამიანი განწირული იქნებოდა, როგორც ობობა, რომელიც ერთ ადგილზე ზის და ქსოვს თავის ქსელს, გამომუშავებული ჩვევის გამო. ადამიანისთვის მთავარი მისი მომავალია. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ვიცი და რისი გაკეთება შემიძლია მე დღეს – მე იმას ვისწავლი, რაც მომავალში დამჭირდება. ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი მინდა ვიყო, მაგალითად, 2 წლის შემდეგ, უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ჩემი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორი ვიყავი 2 წლის წინ, რადგან ჩემს ქმედებას ამ მომენტში განსაზღვრავს, არა ის თუ როგორი ვიყავი, არამედ ის, თუ როგორი მინდა გავხდე მომავალში. მე მომწონს ადამიანები, რომლებიც იმათ არა ჰგვანან, ვისაც წარსულში ვიცნობდი. ხოლო თქვენ იმიტომ გესაუბრებით, რომ წარმოდგენილი მაქვს საინტერესო ბრძოლა და აზრის მოულოდნელი ცვლილების შესაძლებლობა.

— თქვენ მხედველობიდან საერთოდ გამოგრჩათ, — ჩაერია მესამე, — რომ წარსული და მომავალი მხოლოდ ჩვენს აზრებში არის. წარსული უკვე აღარ არსებობს. მომავალი ჯერ არ დამდგარა. და მიუხედავად იმისა, თქვენ წარსულს გაიხსენებთ, თუ მომავალზე იოცნებებთ, რეალური მხოლოდ აწმყოა. მხოლოდ აწმყოში შეიძლება რამის შეცვლა ცხოვრებაში - არც წარსული და არც მომავალი ჩვენ არ გვემორჩილება. მხოლოდ აწმყოში შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი: წარსულში განცდილი ბედნიერების გახსენება - მწუხარების მომგვრელია, მომავალი ბედნიერების მოლოდინი – ამაღელვებელი.

ადექი!

ბრძნული იგავები (III ნაწილი)

ერთმა მოსწავლემ ჰკითხა თავის მენტორს:

— რას მეტყოდი, ჩემი დაცემის შესახებ რომ გაგეგო?

— ადექი!

— შემდეგ ჯერზე?

— ისევ ადექი!

— და ეს რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს – დაცემა და ადგომა?

— რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ ადექი, სანამ ცოცხალი ხარ! რადგან ის ვინც დაეცა და აღარ ადგა, მკვდარია.

ძლიერი სურვილი

ბრძნული იგავები (III ნაწილი)

ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს: «მასწავლებელო, რჩევა მომეცი: მე არასდროს, არაფერზე არ მყოფნის დრო! მე რამდენიმე საქმეს შორის ვიხლიჩები და საბოლოო ჯამში, ნორმალურად ვერაფერს ვაკეთებ...»

– და ხშირად გემართება ასე? – დაინტერესდა მასწავლებელი.

– დიახ, – უპასუხა მოსწავლემ, – მე ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს.

– მითხარი, საპირფარეშოში თუ შედიხარ, როდესაც ბევრი საქმე გაქვს?

მოსწავლემ გაიკვირვა:

– აბა, რა, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ მეკითხებით ამის შესახებ?

– და რა იქნება თუ არ შეხვალ?

მოსწავლე შეიშმუშნა:

– როგორ, თუ «არ შეხვალ»? ეს ხომ მოთხოვნილებაა!…

– აჰა! – წამოიძახა მასწავლებელმა. – ესე იგი, როდესაც სურვილი გაქვს და ის მართლაც დიდია, მისთვის დროს მაინც პოულობ…

მოიშა და პატარა ფეხსაცმელი

ბრძნული იგავები (III ნაწილი)მოიშა მივიდა რაბინთან და უთხრა, რომ ცოლთან უნდოდა განქორწინება. რაბინმა მისი გადარწმუნება დაიწყო:

— მოიშა, რატომ გინდა ამის გაკეთება? შენთვისვე უარესი იქნება, თუ გაეყრები.

— არა, ჩემთვის უკეთესი იქნება.

მათი კამათი დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს, რაბინმა უთხრა:

— მისმინე, მოიშა. შენი ცოლი ისეთი ლამაზია, ისეთი სასიამოვნო, პირდაპირ თვალს ახარებს, ასეთ მეუღლეზე ბევრი ოცნებობს. ყველამ იცის შენი ცოლის ღირსებების შესახებ, შენ კი მიტოვებას აპირებ. მითხარი, რატომ?

მოიშამ არაფერი უპასუხა. გაიხადა ფეხსაცმელი და რაბინს გაუწოდა.

— რად მინდა შენი ფეხსაცმელები? — გაიკვირვა რაბინმა.

— რაბი, დახედე ამ ფეხსაცმელს.

— რატომ უნდა დავხედო? რა შუაშია ფეხსაცმელი?

— რაბი, ეს ძალიან კარგი ფეხსაცმელია. ყველა ხედავს მის სილამაზეს, ბევრს მოსწონს და თვალსაც ახალისებს, თითქმის ყველას უნდა რომ ასეთი ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ მე ვიცი, როგორ მიჭერს და მამწარებს!

ბიჭუნა და სასწაულის რწმენა

ბრძნული იგავები (III ნაწილი)

პატარა ბიჭს ძალიან უყვარდა კეთილი და ბრძნული ზღაპრების კითხვა და სჯეროდა ყველაფრის, რასაც კითხულობდა. ამიტომ, მან საოცრებებს ძებნა ცხოვრებაშიც დაიწყო, მაგრამ ვერაფერი იპოვა ისეთი, რაც ცოტათი მაინც ჰგავდა თავის საყვარელ ზღაპრებს. იმედგაცრუებული ბავშვი დედასთან მივიდა იმის გასარკვევად, სწორედ იქცევა თუ არა, რომ საოცრების სჯერა? თუ საოცრება ცხოვრებაში არ არსებობს?

— ჩემო ძვირფასო, — სიყვარულით უპასუხა მას დედამ, — შენ თუ მოინდომებ და კეთილი და კარგი ადამიანი იქნები, შენს ცხოვრებაში ყველა ზღაპარი ახდება. დაიმახსოვრე, საოცრებას არ ეძებენ — კეთილ ადამიანებთან ის თავად მიდის.

0
559
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0