x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადლერი არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადლერმა შესძინა ფსიქოლოგიურ მეცნიერებას, იყო პოსტულატი არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ და ჩვენი მოთხოვნილება ამ არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსირებისა. თავის მონოგრაფიაში ორგანული არასრულფასოვნების შესახებ,
რომელიც 1927 წელს გამოვიდა, ადლერმა სცადა აეხსნა, თუ დაავადებები რატომ ახდენენ
განსხვავებულ გავლენას სხვადასხვა ადამიანზე. ამ პერიოდში ადლერი საკითხს როგორც
ექიმი უდგებოდა - ფიზიოლოგიური პროცესების მოქმედების შესწავლით იყო დაკავებული.
მან ივარაუდა, რომ ყოველ ინდივიდს გააჩნია ერთგვარი ”სუსტი ადგილები” - ორგანოები,
რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან დაავადებას. გარდა ამისა, ადლერი მიუთითებდა,
რომ ორგანული სისუსტე შეიძლება დაიძლიოს ინტენსიური ვარჯიშით და გაწვრთნით. ფაქტობრივად,
ეს სუსტი ორგანო შეიძლება იმ დონემდე განვითარდეს, რომ ადამიანის ყველაზე მთავარ
ძალად იქცეს. ადლერი წერდა: ”თითქმის ყველა გამოჩენილ ადამიანს შეიძლება ვუპოვოთ
გარკვეული ორგანული ნაკლი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი თავისი
ცხოვრების დასაწყისში მტკივნეულად განიცდიდნენ თავის არასრულფასოვნებას, მაგრამ
იბრძოდნენ და დაძლიეს თავისი სირთულეები.





”მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რით (როგორი)
დაიბადა ადამიანი, არამედ იმას, თუ როგორ განკარგავს იგი მას”.





ადლერმა
ორგანული არასრულფასოვნების კვლევა ფსიქოლოგიური არასრულფასოვნების გრძნობამდე
გააფართოვა, მან შემოიტანა არასრულფასოვნების
კომპლექსის ცნება. ადლერის მიხედვით, ბავშვებზე ძლიერ მოქმედებს საკუთარი
არასრულფასოვნების გაცნობიერება რაც უდაო შედეგია იმისა, რომ ფიზიკურად (ზომით) პატარაა და არ გააჩნია ძალაუფლება. ადლერი ბავშვობის
საკუთარმა შთაბეჭდილებებმა მიიყვანეს ამ აზრამდე. იგი წერს - ”ერთ-ერთი ჩემი
ყველაზე ადრეული მოგონება არის ის, რომ მე ვზივარ სკამზე, რახიტის გამო ბინტებში
გახვეული, ხოლო ჩემს პირდაპირ ზის სრულიად ჯანმრთელი ჩემი უფროსი ძმა. მას შეეძლო თავისუფლად
ერბინა, როგორც უნდოდა ისე ემოძრავა, მაშინ როდესაც ჩემთვის ყოველგვარი მოძრაობა
დაძაბულობასთან და ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული”.

ადლერი თვლიდა, რომ ბავშვის ცხოვრებისეული გამოცდილება აიძულებს მას განიცადოს თავისი
სისუსტე, უუნარობა და ფრუსტრაცია.


ბავშვები მოზრდილთა სამყაროში შედარებით პატარები და სუსტები არიან. ბავშვისთვის საკუთარი
ქცევის კონტროლი და მოზრდილთა გავლენისგან თავის დაღწევა - უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა. ამ თვალსაზრისით ძალა, სიძლიერე, განიცდება, როგორც ყველაზე
მნიშვნელოვანი სიკეთე, ხოლო სისუსტე - ყველაზე მნიშვნელოვანი ბოროტებაა.
ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა არის ბავშვის არასრულფასოვნების გრძნობის
ადრეული კომპენსაცია.


”არასრულფასოვნების გრძნობა, თავისთავად, არ არის
არანორმალური, ის არის ადამიანის ყველა სახის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზეზი”


არასრულფასოვნების ზომიერმა გრძნობამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს კონსტრუქციული წარმატებისკენ. მაგრამ
საკუთარი არასრულფასოვნების ძალიან ღრმა გაცნობიერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს
პიროვნების პოზიტიურ ზრდას:


”ბავშვი ადრეულ ასაკში აღმოაჩენს, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ
თავისი მოთხოვნილებების უფრო სრულად დაკმაყოფილება და ცხოვრებისთვის უკეთ არიან
მომზადებულნი. ის განსაკუთრებულ მნიშვნელოობას ანიჭებს ზრდის და ზომების ფაქტორს,
რასაც შეუძლია დაეხმაროს კარების გაღებაში, მძიმე ნივთების გადაადგილებაში. მას უფლება
უნდა ჰქონდეს იძლეოდეს ბრძანებებს და
მოითხოვდეს დამორჩილებას. გაზრდის (დიდად - მოზრდილად) გახდომის სურვილი, სურვილი,
რომ გახდეს ძლიერი ან უფრო ძლიერი, ვიდრე მისი გარშემომყოფნი, მის გონებაში სულ
უფრო და უფრო იზრდება”


ადლერისთვის, პრაქტიკულად მთელი პროგრესი არის შედეგი ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსის
კომპენსირებისა. ეს გრძნობა გვიბიძგებს ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი მიღწევებისკენ.



ზრდის წინაღობები


ადლერის მიხედვით, პიროვნების ზრდას ხელს უშლის ბავშვობასთან დაკავშირებული სამი ნეგატიური
გარემოება, ეს არის: ორგანული
არასრულფასოვნება, განებივრება, და მიტოვებულობა. ის განსაკუთრებით უსვამდა
ხაზს იმას, რომ მოზრდილთა ყველა ნევროზი განპირობებულია არასრულფასოვნების
კომპლექსის დაძლევის მცდელობებით. რომ არასრულფასოვნების კომპლექსი იწვევს გარე
სამყაროსგან იზოლაციას და გაუცხოვებას.

1.ორგანული არასრულფასოვნება,
განებივრებულობა და მიტოვებულობა ბავშვის ის სიტუაციებია, რომლებიც იწვევენ
სოციალური ინტერესის ნაკლებობას, იზოლაციას და განმარტოებული ცხოვრების სტილს.

ბავშვები, რომლებმაც სერიოზული დაავადება გადაიტანეს, ხშირად უაღრესად ეგოცენტრულები
ხდებიან. არასრულფასოვნების გრძნობისა და სხვა ბავშვებთან წარმატებული
კონკურენციის შეულებლობის გამო ისინი გაურბიან ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობას.
მაგრამ ბავშვებს, რომლებიც ახერხებენ თავისი სირთულეების დაძლევას, ახდენენ რა
თავდაპირველი სისუსტის კომპენსაციას, შეუძლიათ ჩვეულებრივზე უფრო მაღალი უნარების
განვითარება.

2.განებივრებული ანუ ”გაფუჭებული” ბავშვები ასევე
განიცდიან სირთულეებს სოციალური ინტერესის განვითარებაში და უჭირთ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. ისინი კარგავენ
რწმენას თავის შესაძლებლობებში, რადგან ყოველთვის სხვები აკეთებდნენ მათ მაგივრად
იმას, რაც თვითონაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ნაცვლად იმისა, რომ სხვებთან
ითანამშრომლონ, ისინი ცალმხრივ მოთხოვნებს უყენებენ ოჯახს და მეგობრებს. სოციალური
ინტერესი მათ, ჩვეულებრივ, მინიმალური აქვთ და როგორც ადლერი მიუთითებს,
განებივრებულ ბავშვებს განსაკუთრებული თბილი გრძნობებიც არ აქვთ თავისი მშობლების
მიმართ, რომლებითაც კარგად მანიპულირებენ.

3.მიტოვებულობა კი მესამე მიზეზია, რამაც
შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის განვითარებას. მიტოვებულმა ან არასასურველმა
ბავშვებმა არ იციან რა არის სიყვარული, საკუთარ სახლში თანამშრომლობა არ უნახავთ
და ამიტომ უჭირთ ამ თვისებების განვითარება.
ამ ბავშვებს არ აქვთ იმის რწმენა, რომ შეუძლიათ სარგებლობის მოტანა და
გარშემომყოფთა პატივისცემისა და აღიარების მოპოვება. ისინი ცივ და უხეშ
ადამიანებად ყალიბდებიან.

”უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვების თვისებები ყველაზე კარგად ვლინდება კაცობრიობის ყველაზე დიდი
მტრების ბიოგრაფიებში. პირველი, რაც თვალში გეცემათ, ეს არის ის, რომ ბავშვობისას
მათ მოზრდილები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ამიტომ მათ განუვითარდათ უხეში ხასიათი,
შური და სიძულვილი. ისინი ვერ იტანენ სხვების ბედნიერებას.”

ორგანული არასრულფასოვნების, განებივრებულობის და მიტოვებულობის შედეგად ბავშვებს ხშირად
უყალიბდებათ სამყაროს შესახებ დამახინჯებული შეხედულება, ეს კი განსაზღვრავს ”неудачник”-ის
ცხოვრების სტილს. ადლერი ისევ და ისევ ხაზს უსვამს, რომ ეს არის ბავშვების არა რეალური გამოცდილება, არამედ მათი აღქმა და დასკვნები, რომლებსაც ისინი იღებენ საკუთარი გამოცდილებიდან და რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების მათ მიერ არჩეულ გზას.









0
356
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0