x
image
Lerato
საბედისწერო ქალები

საბედისწერო ქალი, რომლის სილამაზეს მამაკაცი შეუძლია იქამდე მიიყვანოს, რომ მის ირგვლივ ყველა კედელი დაანგრიოს. ეს არის თემა, რომელიც დღესაც პოპულარული და აქტუალურია. ათასობით წლის მანძილზე იდუმალი მაცდური ქალის სახე ეძებს თავის გზას და უამრავ ადამიანს ატყვევებს თავისი ძლევამოსილებით.


image


არა აქვს მნიშვნელობა ქალღმერთია ის თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ქალი, მამაკაცები მის გამო იომებენ, მოკვდებიან, იმპერიებს დაანგრევენ, შემდეგ კი დაადანაშაულებენ მას ყოველივე ამაში და შესაძლოა კოცონზეც კი დაწვან. ზებუნებრივი ოსტატობა, რომლის მეშვეობითაც საბედისწერო ქალი ატყვევებს თავის მსხვერპლს, ზოგიერთ მამაკაცს აფიქრებინებს, რომ ის ნამდვილი დემონია, სხვებისთვის კი – მთელი სამყარო.


ტროელი ელენე


image


ეს ლეგენდარული, ღვთაებრივი სილამაზის ქალბატონი ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, დაიბადა მას მერე, რაც ზევსი გედად გადაიქცა, ოლიმპოდან ჩამოვიდა და აცდუნა დედამისი, სპარტის მეფის მეუღლე ლედა. 10 წლის ასაკში მშვენიერი ელენე მოიტაცა თესევსმა, მაგრამ ძმები დაეხმარნენ და გამოიხსნეს. ტინდარევსმა, მისმა მიწიერმა მამამ, აიძულა ყველა მისი ხელის მთხოვნელი, ერთგულება შეეფიცათ იმ კაცისთვის, რომელიც მან თავისი ქალიშვილის მეუღლედ აირჩია. ეს იყო მენელაოსი.

როდესაც პარისმა, ტროას მეფემ მოიტაცა ელენე, ყველა მთავარმა ვინც ფიცში მიიღო მონაწილეობა, მენელაოსს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტროას წინააღმდეგ ომში გაჰყვა. ქალაქი 10 წლის მანძილზე ალყაში იყო. ბოლოს ელენე გაათავისუფლეს და მენელაოსს დაუბრუნეს.


კლეოპატრა


image


ძალაუფლების მოყვარე კლეოპატრამ მამის სიკვდილის მერე ტახტი ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვიტა ეს ცდუნების საშუალებით გაეკეთებინა. ძვ.წ.აღ-ით 48 წელს იულიუს ცეზარი ეგვიპტეში ჩავიდა, ერთი წლის თავზე კლეოპატრამ ვაჟი აჩუქა, შემდეგ კი რომში ჩააკითხა. თუმცა, ცეზარი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მალევე მოკლეს. კლეოპატრას შვილთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნება მოუხდა.

შემდეგ მან მარკუს ანტონიუსთან გააბა რომანი. კლეოპატრამ მასზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა რომზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სიყვარულთან ყოფილიყო. კლეოპატრამ მას სამი შვილი გაუჩინა. როდესაც ანტონიუსი დამარცხდა ავგუსტუსთან საზღვაო ბრძოლაში, ისინი ერთად გაიქცნენ.

მას შემდეგ რაც ანტონიუსმა მის ხელში სული დალია, კლეოპატრა ავგუსტუსის მოხიბვლას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა – შხამიან გველებს თავი დააკბენინა. ბევრმა არ იცის, რომ კლეოპატრა VII ფილოპატორი, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, პტოლემეების მაკედონური დინასტიიდან იყო. მითი ნილოსის დედოფლის სილამაზეზე, რომლითაც ის თავბრუს ახვევდა მამაკაცებს, დღემდე სადავოდ რჩება.


სამსონი და დალილა


image


სამსონი მითიური გმირი და ებრაელთა ლიდერი იყო. მას შემდეგ რაც ღვთისაგან ზებუნებრივი ძალა მიიღო, ანგელოზმა მისი მშობლები გააფრთხილა, რომ არასოდეს შეეჭრათ მისთვის თმა და არც გაეპარსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ძალას დაკარგავდა. სამსონმა რამდენიმეჯერ გამარჯვება მოიპოვა ებრაელთა მტრებზე ფილისტინელებზე, მან ლომიც კი მოკლა შიშველი ხელებით. ისე ჩანდა, რომ დაუმარცხებელი იყო. თუმცა, მის და საუბედუროდ ქალი შეუყვარდა, რომელსაც სახელად დალილა ერქვა.

ფილისტინელების მეფის ბრძანებით, დალილამ მას თმა შეაჭრა სანამ ეძინა, ამით სამსონმა თავისი ღვთიური ძალა დაკარგა. მისმა მტრებმა სამსონს თვალები დასთხარეს და ამის შემდეგ კი იძულებული იყო როგორც მონას ისე ემუშავა. უცნობია, თუ რა ბედი ეწია მისი ცხოვრების "სიყვარულს, " თუმცა დღემდე სახელი "დალილა" სახიფათო მაცდურ ქალს ნიშნავს.


მედეა და იასონი


image

კოლხეთის მეფის აიეტის უმცროსი ქალიშვილი და მზის ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილი. მას არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. ისინი ერთად გაიქცნენ საბერძნეთში. მედეამ ორი ვაჟი გაუჩინა იასონს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უღალატა და მიატოვა, გადაწყვიტა რა კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეერთო ცოლად. მედეამ სასტიკად იძია შური მათზე. მან თავისი შვილების ხელით იასონის საცოლეს კრეუსას მოწამლული მოსასხამი და გვირგვინი გაუგზავნა, რის შედეგადაც მეფე და მისი ქალიშვილი დაიხოცნენ. განრისხებულმა კორინთელებმა მედეას ჰერას ტაძარში შვილები მოუკლეს. ამის მერე გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა. არსებობს კიდევ სხვა ვერსიაც, თითქოს კოლხმა ქალმა თავად დახოცა მოღალატე ქმრისგან შეძენილი შვილები, თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა.

მედეას სახელს ანტიკურ სამყაროში ბევრ რამეს უკავშირებდნენ. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა და მის სახელზე ტაძრებს აგებდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, მედეა მკურნალობის საოცარი უნარით იყო დაჯილდოვებული. მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. და უფრო მეტიც, ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, გრძნეული ქალი ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, მოხუცებს კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.

2
1444
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1444
  
2015, 9 აგვისტო, 22:31
დიდი მადლობა ინ-იან
2015, 9 აგვისტო, 22:22
ძალიან კარგია
0 1 2