x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტრესი, ჰანს სელიეს მიხედვით

სტრესიცნება “სტრესი’’, როგორც ორგანიზმის მთლიანობითი საადაპტაციო რეაქცია, პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განიხილა. მისი აზრით, ფსიქიკის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ორგანიზმის ცხოველქმედების გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებთან მორგებაა.


1936 წლის 4 ივლისს ჟურნალში “Nature’’ (ბუნება) დაიბეჭდა
სელიეს მოკლე შეტყობინება ე.წ. ადაპტაციურ სინდრომთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი პუბლიკაცია, რომელშიც სიტყვა “სტრესი’’ (ინგლ. stress - წნეხი, ზეწოლა) სამეცნიერო ჭრილში წარმოჩინდა. როგორც ვიცით, ეს ტერმინი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება როგორც ყოველდღიურ მეტყველებაში, ისე სხვადასხვა მეცნიერებებში: მედიცინაში, ფიზიოლოგიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა თუ სხვა მეცნიერებებში. შესაბამისად, წარმოდგენები სტრესზე მეტად მრავალფეროვანი და მრავალმნიშვნელოვანია. ამიტომ აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს იგი.


ჯერ კიდევ 30-იან წლებში სელიეს ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერ გარემო გამღიზიანებელზე ერთნაირი პირველადი რეაქციით, ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრესი უნდა გავიგოთ როგორც უბრალოდ ემოციური დაძაბულობა ან ნერვული გადატვირთულობა (მიუხედავად იმისა, რომ ნერვული გადატვირთულობა და ემოციური დაძაბულობაც სტრესია). უფრო ზუსტად სტრესი
არის ორგანიზმის არასპეციფიკური (ე.ი. ერთი და იგივე სხვადასხვა გამღიზიანებელზე/ზემოქმედებაზე) რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება რთული სიტუაციის საპასუხოდ. ასეთ სიტუაციაში ადამიანს უწევს ისეთი ამოცანის გადაწყვეტა, რომელიც მის ინტელექტუალურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მსგავსი სიტუაციები მრავალადაა. შესაბამისად, ფსიქოლოგიაშიც სტრესის მრავალი სახე გამოიყოფა: ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სტრესი, ინფორმაციული, მოტივაციური, მიღწევის სტრესი და ა.შ.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს სიტუაცია, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, სასიამოვნოა თუ უსიამოვნო. მთავარია ადაპტაციის, სიტუაციასთან მორგების მოთხოვნილების ინტენსივობა. დედა, რომელსაც შვილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, საშინელ ემოციებს განიცდის. თუ შეტყობინება მცდარი აღმოჩნდება და შვილი უეცრად ოთახში შემოვა, დედას ძლიერი სიხარულის განცდა დაეუფლება. ამ შემთხვევაში ორი მოვლენის შედეგი - მწუხარება და სიხარული - აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ ორივე სტრესულ რეაქციას, ახალი სიტუაციისადმი მორგების ერთნაირად ძლიერ მოთხოვნილებას იწვევს.

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს და ყველა ეს ფაქტორი სტრესორის სახელითაა ცნობილი. ერთმა და იმავე სტრესორმა შესაძლოა სხვადასხვა ადამიანზე არაერთგვაროვანი გავლენა იქონიოს. ის, რაც ერთისთვის შეიძლება სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს, მეორესთვის შესაძლოა უბრალოდ “ძალების მოსინჯვას’’ წარმოადგენდეს. ამიტომ რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა არის სტრესორი, შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველას თავისი აქვს. მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფი: სახიფათო სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სიტუაციები (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უბედური შემთხვევები: ავარია, ხანძარი და ა.შ.), გართულებულ პირობებში მუშაობა (დროის დეფიციტი, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების არსებობა, დაბრკოლებები), ასევე პირობები, რომლებშიც ადამიანს არ შეუძლია ან მზად არ არის იმოქმედოს (სიახლე, მოულოდნელობა, უჩვეულო სიტუაცია). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტრესის შესწავლისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ინდივიდის ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც იგი აანალიზებს მასზე მოქმედი გამღიზიანებლისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელობას.

ის თუ რა გავლენა ექნება ადამიანზე ამა თუ იმ სტრესორს, დამოკიდებულია შინაგან (ინდივიდის გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სქესი) და გარეგან (სხვადასხვა მედიკამენტების, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, დიეტა) ფაქტორებზე. ერთმა და იმავე სიტუაციამ შესაძლოა ერთ ადამიანში გამოიწვიოს შფოთვა, განგაში, მეორეში - ფრუსტრაცია, მესამეში - შინაგანი კონფლიქტი და ა.შ.

გარდა ამისა, ერთსა და იმავე ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლია გამოავლინოს საპასუხო რეაქციათა ფართო დიაპაზონი - ინდიფერენტულობიდან დაწყებული ფსიქიკურ აშლილობამდე დამთავრებული. ფსიქოლოგიაში გამოყოფენ ადამიანის “სიმტკიცის/გამძლეობის’’ სხვადასხვა დონეს:

ადამიანთა ერთი ნაწილის სიმტკიცეს ბზარი უჩნდება ფიზიოლოგიურ დონეზე (მალე იღლება და დროის უმეტეს ნაწილს ძილს უთმობს, წყვეტს რეაგირებას გარე სამყაროზე, უგრძნობი, გულცივი ხდება). ადამიანთა მეორე ნაწილი “ტყდება’’ ფსიქიკურ დონეზე (კარგავს ნებისყოფას, ფიქრის, განსჯის, გადაწყვეტილების მიღების უნარს და ა.შ.). ხოლო მესამე ნაწილი კი - სოციალურ - ფსიქოლოგიურ დონეზე ( ინარჩუნებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მობილიზებას, მაგრამ ღალატობს თავის ცხოვრებისეულ პრინციპებს და რწმენებს; მაგალითად, საკუთარი თავის გადასარჩენად საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს ან საერთოდ გარბის “ბრძოლის ველიდან’’).

ადამიანზე ზემოქმედების ტიპის მიხედვით, სტრესი შეიძლება იყოს:

1. ფიზიოლოგიური/სისტემური - იგი უპირატესად გამოხატავს ბიოლოგიური სისტემების დაძაბულობას, თან ახლავს ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებების კომპლექსი. მისი გამომწვევი მიზეზებია: ანთება, მოწამვლა, რაიმე სახის ჭრილობა, დაზიანება და ა.შ.

2. ფსიქიკური - ჩნდება ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად, რომელიც მოიცავს ადამიანის ემოციურ სფეროს: წყენა, შიში, მუქარა და ა.შ.

სელიეს მიხედვით, ორგანიზმს აქვს ერთგვარი “საადაპტაციო ენერგია’’, რითაც ის გარემო ცვლილებს ეგუება, იმისათვის, რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელება.

სელიე ორგანიზმის საადაპტაციო ენერგიის 2 სახეს გამოყოფს: “ზედაპირული’’ და “ღრმა’’. “ზედაპირული’’ ენერგია ორგანიზმის პირველივე მოთხოვნაზე რეაგირებს, მარტივად ხელმისაწვდომია და რეალიზდება “ღრმა’’ ენერგიის ხარჯზე. თავად “ღრმა’’ ენერგია კი ორგანიზმის ჰომეოსტაზური მექანიზმების ადაპტაციური გარდაქმნის გზით მობილიზდება. მისი ამოწურვა, სელიეს აზრით, შეუქცევადი პროცესია, თუმცა ჰიპოტეთური “საადაპტაციო ენერგიის’’ ამოწურვის შეუქცევადობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვიდრე კვლევებზე დაფუძნებულს. იმისდა მიხედვით, თუ რა ინტენსივობით ვლინდება “საადაპტაციო ენერგია’’, სელიე სტრესის განვითარების 3 ძირითად სტადიას გამოყოფს:

1. ალარმ-სტადია იგივე განგაშის სტადია

2. რეზისტენტობის ანუ წინააღმდეგობის სტადია

3. გამოფიტვა

პირველ სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის საადაპტაციო რესურსების მობილიზება სტრესთან საბრძოლველად, ადამიანი დაძაბულია და მოლოდინის მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს ისეთი ფსიქოსომატური დაავადებები, როგორიცაა: გასტრიტი, კოლიტი, კუჭის წყლული, შაკიკი, ალერგია.

თუ სტრესორი ძალიან ძლიერია ან ადამიანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედებს, დგება რეზისტენტობის სტადია. არცერთ ცოცხალ ორგანიზმს არ შეუძლია მუდმივად განგაშის მდგომარეობაში იმყოფებოდეს. თუ სტრესოგენური ფაქტორი იმდენად ძლიერია, რომ მისი ზემოქმედება სიცოცხლისთვის საშიშია, ორგანიზმი იღუპება უკვე განგაშის სტადიაშივე, პირველი საათების ან დღეების განმავლობაში. თუ ორგანიზმი გადარჩება, პირველად რეაქციას აუცილებლად მოყვება შემდეგი სტადია - “შეწინააღმდეგება’’, რომლისთვისაც დამახასიათებელია განგაშის, შფოთვის ნიშნების თითქმის სრულიად გაქრობა. ამ დროს ორგანიზმის სტრესოგენურ ფაქტორთან შეწინააღმდეგების უნარი ჩვეულებრივთან შედარებით საგრძნობლად იმატებს, სტრესთან გასამკლავებელი საადაპტაციო რესურსები ბალანსირებულად გამოიყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ “საადაპტაციო ენერგია ამოწურვადია’’ ადრე თუ გვიან, თუ სტრესორი განაგრძობს ზემოქმედებას, დგება შემდეგი სტადია - გამოფიტვა. გამოფიტვის სტადიაზე ორგანიზმის ენერგია ამოწურულია, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები დასუსტებული. კვლავ ჩნდება განგაშისა და შფოთვის ნიშნები. განსხვავებით პირველი სტადიისგან, როცა სტრესული მდგომარეობა იწვევს ორგანიზმის საადაპტაციო მარაგის სრულ მობილიზებას, მესამე სტადიაზე ორგანიზმი თითქოს “დახმარებას ითხოვს’’, რომელიც მხოლოდ გარედან შეიძლება მოვიდეს, ორგანიზმის ძალები ამოწურულია. “დახმარება’’ შეიძლება იყოს გარშემომყოფების მხარდაჭერა ან სტრესორის ზემოქმედების გაქრობა.

სელიეს მიერ გამოყოფილი სტრესის აღნიშნული 3 ფაზა მოგვაგონებს ადამიანის სიცოცხლის სამ პერიოდს: ბავშვობა (როცა ორგანიზმის რეზისტენტობის უნარი დაბალია, ხოლო გამღიზიანებლებზე რეაქცია გადაჭარბებული), ზრდასრულობა (როცა რეზისტენტობის უნარი იმატებს და ადამიანი მეტნაკლებად ადაპტირდება მასზე მოქმედ ყოველდღიურ გამღიზიანებლებთან) და სიბერე (რეზისტენტობის უნარი საგრძნობლად დაქვეითებულია და ორგანიზმი თანდათან იფიტება, სუსტდება).

შეიძლება ითქვას, რომ სელიეს მიერ აღწერილი სტადიები ფართო თვალსაზრისით ყველა ადაპტაციური პროცესისთვისაა დამახასიათებელი.

ადაპტაცია არის დინამიკური პროცესი, რომლის წყალობითაც, ცოცხალი ორგანიზმის მამოძრავებელი სისტემები, მიუხედავად გარემო პირობების ცვლილებისა, ინარჩუნებენ მდგრადობას და აგრძელებენ განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზმი და გარემო არ იმყოფებიან სტატიკურ მდგომარეობაში, მათი ურთიერთქმედება განუწყვეტლივ იცვლება, ე.ი. მუდმივად ხორციელდება ადაპტაციის პროცესი.

რაც შეეხება ფსიქიკურ ადაპტაციას, იგი უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნებასა და გარემოს შორის ოპტიმალური ურთიერთქმედების მიღწევას, პიროვნების აქტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და ამ მოთხოვნილებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზნების რეალიზების გზით ისე, რომ ადამიანის საქმიანობა არ ეწინააღმდეგება გარემო მოთხოვნებს.

სელიე სტრესის ორ სახეს ასხვავებს - ეუსტრესი (ფიზიოლოგიური) და დისტრესი (პათოლოგიური). დისტრესი არასასიამოვნო, ნეგატიური ხასიათის განცდაა და დიდი რაოდენობით მავნე გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად ჩნდება. სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავენ სტრესს, როცა მას ყოველდღიურ მეტყველებაში იყენებენ. ხოლო ეუსტრესი ზომიერ, სუსტ გამღიზიანებლებზე საპასუხოდ ვითარდება, ეს არის სტრესი უმნიშნველო დარღვევებით.

დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მთლიანობაში სტრესი, როგორც არასპეციფიკური დამცავი რეაქცია, ავარჯიშებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აუმჯობესებს მის რეზისტენტობის უნარს და ხელს უწყობს უარყოფითი ზემოქმედების გადალახვას.

როგორც სელიე ამტკიცებდა, “სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაცული მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვინც არაფერს აკეთებს’’. სანამ ცოცხლები ვართ, მუდმივად რაღაც გაგვეხარდება ან გვეწყინება. აუცილებელია, შეგვეძლოს მოდუნება, დასვენება. თუ ემოციური დაძაბულობა საერთოდ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სიცოცხლეც დასრულდა.



სტრესი

0
1724
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
1724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0