x
image
ინ-იანი
სიკვდილის ანგელოზი-იოზიფ მენგელე

image
სიკვდილის ანგელოზი", "ექიმი სიკვდილი" - დღემდე ასე მოიხსენიებენ იოზეფ მენგელეს, ყველაზე საშინელი საკონცენტრაციო ბანაკის ყველაზე სასტიკ ექიმს, რომლის "მოღვაწეობასაც" ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის უამრავი მოზარდისა და ჩვილის.
"ვიკიპედიაში" ვკითხულობთ: იოზეფ მენგელე - ბავარიელი გერმანელი, სს-ის ოფიცერი და ექიმი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ჰაუპტშტურმანფიურერი.
ნაცნობები იოზეფ მენგელეს ბეპეს ეძახდნენ, მაგრამ მსოფლიოში ცნობილია, როგორც "სიკვდილის ანგელოზი ოსვენციმიდან". მრავლისმთქმელი მეტსახელი მენგელეს საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებმა შეარქვეს. image

ბეპე ბევრი წლის მანძილზე წარმატებით გაურბოდა მოსადის (ისრაელის დაზვერვა) რისხვას. არის მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რომელიც, სამწუხაროდ, დასჯას გადაურჩა.
დოკუმენტურად დადასტურებულია იოზეფ მენგელეს არაერთი არაადამიანური ექსპერიმენტი. მაგალითად, ცნობილია, რომ ის ცდილობდა, სხვადასხვა ქიმიკატის გამოყენებით, ბავშვებისთვის თვალის ფერი შეეცვალა. ასევე, ტყვეებს აჭრიდა ორგანოებს, ცდილობდა ტყუპების ერთმანეთზე "შეერთებას" და ასე შემდეგ.image

*****
ენით აღუწერელი განსაკუთრებული საშინელებების სერია ოსვენციმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრონტზე დაჭრილი მენგელე ბანაკს მიამაგრეს...
ბეპე 1911 წლის 16 მარტს ბავარიის მხარეში, კერძოდ კი გიუნცბურგში დაიბადა.
იოზეფი ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. 1933 წლიდან ის ერთ-ერთი ნაცისტური ორგანიზაციის წევრი გახდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მალევე დატოვა.
მენგელე სწავლობდა მედიცინასა და ანთროპოლოგიას მიუნხენის, ვენისა და ბონის უნივერსიტეტებში. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა გახლდათ: "ქვედა ყბის სტრუქტურის რასობრივი სხვაობები". 1938 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო.
იმავე წელს იგი სს-ის და ნაცისტური პარტიის წევრი გახდა.
1939 წელს ირენ შონბეინზე იქორწინა, მომდევნო წელს კი სს-ის მე-5 სატანკო დივიზიის გამნაღმველთა ბატალიონის ექიმად დაინიშნა.
1942 წელს იოზეფ მენგელე აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმედ დაიჭრა, რის გამოც 1943 წლის 24 მაისს ოსვენციმის "ბოშათა ბანაკში" გადაიყვანეს. image

აი, სწორედ აქ იშლება მისი არაადამიანური ექსპერიმენტების პირველი ფურცლები...
თავდაპირველად მენგელეს პარტიამ "მეტად მნიშვნელოვანი" საკითხის მოგვარება დაავალა: მოეძებნა ეფექტური საშუალება, "მეორეხარისხოვანი ადამიანების" შობადობის შესამცირებლად და რაც მთავარია - გამოენახა გზები, არიელთა კეთილშობილური შთამომავლების რაოდენობის გასაზრდელად.
შედეგად, მის ექსპერიმენტებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაზე სანდო მეთოდად მაინც კასტრაცია დასახელდა...
იოზეფ მენგელეს ერთ-ერთი ყველაზე "წარმატებული" ექსპერიმენტები დაბალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის გამძლეობის შემოწმება გახდა. ამისთვის ის, ვინც ხელში მოხვდებოდა, ყინულში აჯენდა და სპეციალური მოწყობილობებით აკვირდებოდა, რამდენ ხანში დალევდა სულს. მისი ექსპერიმენტების შედეგები მოგვიანებით დასავლელ გერმანელმა და ამერიკელმა ექიმებმა გამოიყენეს...
ერთ დღეს, სულ რამდენიმე საათში ბეპემ საკუთარი ხელით მოკლა 14 მცირეწლოვანი ტყუპი ბოშა, რომელთაც ქლოროფორმი პირდაპირ გულში შეუყვანა...
ცნობილია, რომ ტყუპებს სპეციალურად მენგელესთვის გამოყოფილ მე-14 ბარაკში ათავსებდნენ. ბავშვებს იქ კარგად კვებავდნენ, ხოლო, თუკი ბეპე ექსპერიმენტების შედეგებით კმაყოფილი იყო ხოლმე, პატარებს ტკბილეულითაც ასაჩუქრებდა.
რა თქმა უნდა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისთვის არა თუ ტკბილეული, არამედ ყველაზე უვარგისი საკვებიც კი საოცნებო იყო, მაგრამ ბავშვებს ეს სიამოვნება სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.image

რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი ტყუპი შეიწირა მენგელემ, მაგრამ არსებობს არაოფიციალური მონაცემი, რომლის თანახმადაც, მის განკარგულებაში მინიმუმ 400 ბავშვი იყო.
დასაწყისისთვის მენგელეს ხელქვეითები ბავშვებს ზედმიწევნით ზუსტად სწავლობდნენ, აკვირდებოდნენ მათ მსგავსებებსა და სხვაობებს, ამის შემდეგ კი უკვე წამება იწყებოდა.
მაგალითად, პირადად იოზეფ მენგელე მუშაობდა ტყუპებისთვის სისხლის გადასხმის მიმართულებით. ასევე, ის ბავშვებს ტიფის გამომწვევ შტამს უკეთებდა, აჭრიდა სხვადასხვა ორგანოს, რადგან სურდა, გაეგო, როგორი რეაქციები ექნებოდათ ტყუპებს ერთსა და იმავე პრობლემაზე. უკვე გარდაცვლილ ბავშვებს (აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ასეთ სასტიკ ცდებს უბრალოდ, ვერ უძლებდა) მენგელე შინაგან ორგანოებს აჭრიდა და მათ მდგომარეობასაც სწავლობდა.
ყველა შედეგის შესახებ დასკვნას მენგელე უშუალოდ ბერლინში გზავნიდა, სადაც სამეცნიერო დაკვირვებებს მისი კოლეგები აგრძელებდნენ.
იმის გამო, რომ იოზეფ მენგელეს და ზოგადად, ოსვენციმის ბანაკის ნებისმიერ თანამშრომელს აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული ტყვეებთან მოპყრობის მხრივ, "სიკვდილის ანგელოზს" მორიგი არაადამიანური იდეა დაებადა - მოისურვა, დაედგინა, შეძლებდა თუ არა ადამიანისთვის თვალის ფერის შეცვლას.
საამისოდ მან 36 ბავშვი შეარჩია და თითოეულ მათგანს ორგანიზმში უცნობი ნივთიერებები შეუყვანა. ცდების დასრულების შემდეგ, ბავშვები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს, მენგელემ გაზის კამერებში გაამწესა.
დაიტოვა მხოლოდ ტყუპი ძმა, რომლებმაც "სიკვდილის ანგელოზის" განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. კერძოდ, ერთ-ერთი შესანიშნავად მღეროდა, მეორეს კი სმენა საერთოდ არ ჰქონდა.
მენგელემ ორივეს ხმის იოგები ამოაჭრა, რათა როგორმე დაედგინა, რა იყო ამ სხვაობის მიზეზი.
მოგვიანებით ამ ბავშვების უცოდველი სიცოცხლეც გაზის კამერაში დასრულდა...
საკონცენტრაციო ბანაკში იოზეფ მენგელეს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. ხელმძღვანელობა ახასიათებდა, როგორც ენერგიულ, მიზანმიმართულ მუშაკს, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ბრძანების შესრულება ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო.
ეს რაც შეეხება ექიმი მენგელეს "დადებით თვისებებს", რეალურად კი ის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებს ისე ეპყრობოდა, როგორც ჩვეულებრივი მეცნიერები ლაბორატორიულ ვირთხებს. მუშაობისგან, პრაქტიკულად, არასოდეს იღლებოდა, იყო უსაზღვროდ ამბიციური, მაგრამ ამავე დროს, გახლდათ სადისტი, რომელიც ადამიანის ტანჯვა-წამების ცქერით პათოლოგიურ სიამოვნებას განიცდიდა.image

მოიპოვება ტყვეთა ყოფილი ექიმების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ მენგელეს "მოღვაწეობას".
მათი ინფორმაციით, იოზეფ მენგელე, გარდა არაადამიანური ექსპერიმენტების ჩატარებისა, პირადად მონაწილეობდა ტყვეების დასჯაში, თავადაც აყენებდა ტყვეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკუთარი ხელით შეჰყავდა მათ ორგანიზმში სასიკვდილო ინექციები, ზოგჯერ კი კამერაში გაზის კაფსულას აგდებდა და სიამოვნებით უყურებდა, როგორ ნელ-ნელა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს სრულიად დაუცველი და დაუძლურებული ადამიანები.
1944 წლის ივლისის ბოლოს მენგელემ ბოშათა ბანაკის განადგურების ბრძანება გასცა, ბანაკის, რომელშიც იმ დროისთვის, როგორც მინიმუმ, 3 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვებიც!
თითოეული მათგანი ჯარისკაცებმა გაზის კამერაში გადაიყვანეს...
1944 წლის მიწურულს, იოზეფ მენგელეს განწყობა ნელ-ნელა ეცვლებოდა. ის ხვდებოდა, რომ ომი, სავარაუდოდ, ნაცისტების დამარცხებით დასრულდებოდა. ყველაზე მეტად "სიკვდილის ანგელოზს" ის აღელვებდა, რომ მთელი მისი სამეცნიერო ნაშრომები გამარჯვებულების ხელში აღმოჩნდებოდა.
1945 წლის 17 იანვარს წითელი არმიის არტილერიის ზალპის ქვეშ მენგელემ ოსვენციმი დატოვა. მან ბრძანება გასცა, განადგურებულიყო ექსპერიმენტებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბუთები კი თან გაიყოლა.
ოსვენციმში პირველი საბჭოთა ჯარისკაცები 1945 წლის 27 იანვარს შევიდნენ და 650-მდე დახვრეტილი ტყვის ცხედარი აღმოაჩინეს. image

წითელი არმიის შეტევის შეჩერება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. მენგელე უკანდახეულ შენაერთებთან ერთად, დასავლეთისკენ მიემართებოდა. მან გადაყარა პირადი დოკუმენტები და სს-ის ოფიცრის მუნდირი ვერმახტის ოფიცრის კიტელზე გადაცვალა.
როცა ის მოკავშირეების ხელში აღმოჩნდა, მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ სხეულზე სს-ის სპეციფიკური სვირინგი არ ჰქონია - სისხლის ჯგუფის აღმნიშვნელი წარწერა იღლიის ქვეშ.
როგორც ამბობენ, სვირინგი მას მხოლოდ იმიტომ არ გაუკეთეს, რომ ექიმი იყო და შეცდომას სისხლის გადასხმის შემთხვევაში, არ დაუშვებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მისმა მეუღლემ განმარტა, ბეპემ ტატუზე უარი თავად თქვა - კანის დაზიანება არ სურდა და იმიტომ.
იმასაც ამბობენ, რომ იოზეფ მენგელე საკუთარ სხეულს აღმერთებდა, შეეძლო სარკესთან საათობით დგომა და საკუთარი თავისთვის კომპლიმენტების თქმა...
მოგვიანებით იოზეფ მენგელე გაეროს მიერ შედგენილ სამხედრო დამნაშავეთა სიაში იქნა შეყვანილი. მის შესახებ ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები შემზარავ ამბებს ყვებოდნენ. არსებობდა მისი ფოტოებიც, რომლებიც ყველგან იგზავნებოდა, მაგრამ ფაქტია, მოკავშირეთა ჯარისკაცები ასეთ მონაცემებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მენგელეს გამოაშკარავება პრობლემა, ალბათ, არ უნდა ყოფილიყო.
ძველი კავშირებისა და სხვათა შორის, "წითელი ჯვრის" დახმარების წყალობით, მენგელემ ყალბი დოკუმენტები მოიპოვა, შემდეგ კი გერმანიის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გლეხების ოჯახს შეაფარა თავი. მოგვიანებით გლეხები მენგელეს ახასიათებდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც სუფრაზე შეუჭმელს არაფერს ტოვებდა, იყო ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და არ იცოდა მხოლოდ ძროხის მოწველა...
პარალელურად, ბეპეს ოჯახის წევრები გამოძიებას არწმუნებდნენ, რომ ის გარდაცვლილი იყო. თავად მენგელე კი მიხვდა, რომ გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდა და ლათინურ ამერიკაში, კერძოდ კი არგენტინაში გაქცევა გადაწყვიტა, სადაც ნაცისტებს, პრინციპში, არც ისე ცუდად ექცეოდნენ. image

ჩანაფიქრის განხორციელება მან კვლავაც ძველი ნაცნობების დახმარებით მოახერხა.
პირველ წლებში მენგელე ლათინურ ამერიკაში სრულიად თავისუფლად ცხოვრობდა. მან საკუთარ თავს იმის უფლებაც კი მისცა, ევროპაში ჩასულიყო და ნათესავები მოენახულებინა - 1956 წლის მარტში ის შვეიცარიაში ჩავიდა და ჟენევაში პირველად ნახა საკუთარი ვაჟი - როლფი, რომელსაც ყოველი შემთხვევისთვის, "ბიძია ფრიცად" გაეცნო. შვეიცარიიდან უკვე გერმანიაში გაემგზავრა, მშობლიურ გიუნცბურგში, თუმცა მანამდე ჯერ მიუნხენი უნდა გაევლო, სადაც ავტომობილი იქირავა და კინაღამ პოლიციის ხელში აღმოჩნდა: "სიკვდილის ანგელოზი" ავარიაში მოყვა, რის გამოც ქალაქიდან გასვლის უფლება აეკრძალა. მან მაშინვე დაურეკა ოჯახის წევრებს, რომლებმაც სამართალდამცველებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს და ბეპემაც ევროპა მეორე დღესვე დატოვა.
რაღაც მომენტში მენგელემ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაც კი გადაწყვიტა, თუმცა უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ მან ქირურგი გააჩერა, რადგან მიხვდა, რომ ამ უკანასკნელმა თავისი საქმე არც ისე კარგად იცოდა.
მოგვიანებით არგენტინაში სახლის შეძენის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ არ უნდოდა, უძრავი ქონება ყალბი დოკუმენტებით გადაეფორმებინა. მენგელეს ეყო თავხედობა და საბუთებისთვის გერმანიის საელჩოს მიმართა. რატომღაც, იქ სამხედრო დამნაშავეთა სიის გადამოწმება არავის გაახსენდა და პებემ ახალი პირადობის მოწმობა მიიღო კიდეც.
1956 წლის ოქტომბრიდან იოზეფ მენგელემ ახალი ცხოვრება დაიწყო - არგენტინაში მასთან მარტა ჩავიდა, გარდაცვლილი ძმის ქვრივი, რომელზეც 1958 წელს იქორწინა. image

ყველაფერი ისე მიდიოდა, იოზეფ მენგელემ ჩათვალა, რომ არავითარი საშიშროება აღარ ემუქრებოდა, თუმცა შეცდა - ავსტრიელმა ჰერმან ლანგბაენმა, რომელმაც ოსვენციმს თავი მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით დააღწია, "სიკვდილის ანგელოზის" შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო. ის ვერ ეგუებდა აზრს, რომ სისხლისმსმელი ექიმი დასჯას გადაურჩა.
თვე-ნახევრის შემდეგ, რაც იოზეფმა და მარტამ ერთობლივი ცხოვრება დაიწყეს, ჰერმან ლანგბაენმა შეგროვილი დოკუმენტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გადასცა იმ იმედით, რომ გერმანელები მაშინვე გასცემდნენ მენგელეს დაკავების ორდერს. სინამდვილეში, მას ძალიან დიდხანს მოუხდა ლოდინი, ეპოვა პროკურორი, რომელიც საქმეს ხელს მოჰკიდებდა.
ამ დროს მენგელემ პარაგვაიში გადაბარგება გადაწყვიტა, რაშიც მას არქიტექტორი ფრედერიკო ჰააზა დაეხმარა. 1959 წელს პებემ უკვე იქაური მოქალაქეობაც მიიღო.
ბოლოს და ბოლოს, ჰერმან ლანგბაენის ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო - 1959 წლის 5 ივნისს იოზეფ მენგელეს დაკავების პირველი ორდერი გაიცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინას სამხედრო დამნაშავის ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო, ვინაიდან არგენტინის ხელისუფლებამ ყველა ბრალდებას პოლიტიკური უწოდა...
მენგელეს, რაღა თქმა უნდა, ისრაელის დაზვერვაც ეძებდა, მაგრამ 1957 წელს მოსადმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ არგენტინაში ებრაელების მასობრივ განადგურებაზე პასუხისმგებელი გერმანელი ოფიცერი ადოლფ აიხმანიც იმალებოდა - მიზანი #1.
1960 წლის მაისში ისრაელის დაზვერვის ოპერატიულმა ჯგუფმა აიხმანის მოტაცება შეძლო. ის ისრაელში გადაიყვანეს და განსასჯელის სკამზეც დასვეს.
ამავდროულად, მოსადს მენგელეს ხელში ჩაგდებაც სურდა, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა - ის ამ დროს პარაგვაიში იმალებოდა და შიშისგან ძრწოდა.
"სიკვდილის ანგეზოლმა" ახლა ბრაზილიაში გაქცევა გადაწყვიტა, რაც ლათინურ ამერიკაში გადამალული ნაცისტების წყალობით, მალევე შეძლო.
ბრაზილიაში ჩასვლამ ბეპეს ცხოვრება დაუნგრია - მას მარტა გაშორდა.
*****
როდესაც იოზეფ მენგელემ შეიტყო, რომ იერუსალიმში ადოლფ აიხმანი ჩამოახრჩვეს, წარმოუდგენლად დაფრთხა. ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ძაღლთან ერთად გადიოდა, სახლს მაღალი ღობე შემოარტყა, ააშენებინა სათვალთვალო კოშკურაც და მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა, როდის მიაკითხავდნენ ებრაელები. არადა, მოსადი მას უკვე აღარ ეძებდა.
16 წლის ასაკში, მისი ვაჟი როლფი უკვე იყო მზად, რომ სიმართლე გაეგო და საიდუმლო გაუმხილეს კიდეც - მითიური "ბიძია ფრიცი" სინამდვილეში მამამისი, ოსვენციმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ექიმი აღმოჩნდა.
- ყოველთვის მეგონა, რომ მამაჩემი ომის დროს რუსეთში დაიღუპა. როცა გავიგე, რომ ის ცოცხალია და რომ ოსვენციმის ექიმი იყო, თავი საშინლად ვიგრძენი. ძალიან ცუდია, იყო იოზეფ მენგელეს შვილი, - იტყვის მოგვიანებით პებეს ვაჟი.
1977 წელს როლფმა ბრაზილიაში მამის მონახულება გადაწყვიტა. შეხვედრა შედგა - მან მამას ოსვენციმის შესახებ ყველაფერი გამოჰკითხა, თუმცა ათასობით ადამიანის მკვლელი მაინც რასისტულ იდეოლოგიას იცავდა და თავს დამნაშავედ ერთი წუთითაც არ ცნობდა...
1978 წელს იოზეფ მენგელემ ცხოვრების აზრი დაკარგა. ის ქუჩაში გათიშული დახეტიალობდა, ერთხელ კინაღამ ავტობუსმაც გაიტანა.
1979 წლის დასაწყისში სახლში რამდენიმე დღით ჩაიკეტა, 7 თებერვალს კი პლაჟზე გავიდა, წყალში შეცურა და ზუსტად ბანაობის დროს ინსულტი დაემართა.
პლაჟზე შეკრებილებმა იგი წყლიდან მალევე გამოიყვანეს, ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარეს, მაგრამ იოზეფ მენგელე ცოცხლებში აღარ ეწერა...
მამის გარდაცვალებამ როლფს ერთგვარი შვებაც კი მოუტანა. მას ესმოდა, რომ მშობლებს არ ირჩევენ, მაგრამ ოსვენციმის საშინელი ტრაგედია სისხლისმსმელი ექიმის შვილს თავს მაინც ძალიან დიდხანს არ ანებებდა...
სამწუხაროდ, იოზეფ მენგელე სულაც არ ყოფილა ერთადერთი ნაცისტი, რომელიც მართლმსაჯულებას გადაურჩა. დიდ ბრიტანეთში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომ ასეთი დაახლოებით 36 ათასი ადამიანი იყო.
საერთო ჯამში, მოკავშირეებმა 6 მილიონამდე ნაცისტი გაასამართლეს, რომელთაგან ბრალი დაახლოებით 2 მილიონს დაუმტკიცდა.
ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ნაცისტების ძებნა შეჩერდა, "ცივი ომი" სახელდება - როგორც ამბობენ, დასავლეთს იმდენად შეეშინდა საბჭოთა კავშირის, რომ ჰიტლერელები, ფაქტობრივად, სამუდამოდ დაივიწყა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მართლმსაჯულებამ დამამცირებელი კრახი განიცადა..\\





4
1124
5-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
1124
  
2015, 4 აგვისტო, 12:16
ხო ზოგადად მეც წამიკითXავს მაგრამ ასე დეტალური ბიოგრაფია არც მე ვიცოდი აქამდე,ძალიან აინტერესოა და მერწმუნე მტელი ღამე ეს საბრალო ბავშვები მესიზმრებოდნენ
2015, 4 აგვისტო, 12:12
კარგად ვიცნობ ამ ფაშისტს, არაადამიანს, თუმცა ასე დაწვრილებით არ ვიცოდი ბევრი რამ მასზე. საბრალო ბავშვებზე ძალიან განვიცადე. :((
2015, 3 აგვისტო, 23:31
ეჰ მანჩო :(((((((((
2015, 3 აგვისტო, 23:08
ნეტა რატომ იბადებიან ასეთი ადამიანები? :(
0 1 4