x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დეპრესია: 10 გავრცელებული სიმპტომი

დეპრესია არის კომპლექსური მდგომარეობა, რის გამოც დეპრესიის ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანია.

ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ დეპრესია აქვს.

დეპრესია, ბუნებრივია, უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სევდა. ეს არ არის დაავადება, რომელიც ადამიანს უბრალოდ აქვს ან არ აქვს.

უმეტესი მენტალური მდგომარეობის მსგავსად, ისიც კონტინუუმზეა განლაგებული- მსუბუქიდან მძიმე მდგომარეობამდე.

დეპრესია შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, თვე ან სულაც წლები.

ზოგადად, როდესაც ადამიანებს აქვთ დეპრესია, ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრება უიმედოა, მათი სიცოცხლე არაფრად ღირს და მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი არ ხელეწიფებათ.
ვინაიდან, ჩვენი გონება და სხეული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ბევრი სიმპტომი წმინდად მენტალური არ არის.
დეპრესიის დიაგნოზის დასასმელად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შემდეგი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც თითქმის ყოველ დღე:
1.სევდიანობა, უგუნებობა, შფოთვა ან ხშირად მათი კომბინაცია. ეს სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს უმიზეზოდ ტირილისაც. დეპრესიის დროს ამ უარყოფითი გრძნობების კომბინაცია, ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
2.დაბალი მოტივაცია: ინტერესის დაკარგვა ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც პიროვნებას მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა. შესაძლოა მოიცავდეს, როგორც სამუშაოს მიმართ ინტერესის გაქრობას, ასევე საკუთარი ჰობის, ადამიანებთან ურთიერთობის ან თუნდაც სექსუალური აქტივობის მიმართ ინტერესის დაქვეითებას.
3.უენერგიობა: გრძნობა იმისა, რომ ჩვეული ყოველდღიური ამოცანების შესრულება ზედმეტად დამქანცველია. შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ჩვეულ დროს გაღვიძება და ადგომა. თან ახლდეს ნელი საუბარი და აუხსნელი ტკივილები.
4.ძილთან დაკავშირებული ჩვევების შეცვლა: დეპრესიის მქონე პაციენტების ძილი ხშირად დარღვეულია. რთულია ჩაძინება და ღამის განმავლობაში ხშირია გამოღვიძება.
5. დაბალი კონცენტრაციის დონე: რთული ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ასევე ხშირია განცდა იმისა, რომ უარყოფითი გრძნობები იპყრობენ გონებას. ხშირად განიცდიან მოუსვენრობასა და მოუთმენლობას.
6.უიმედობა: დეპრესიული პაციენტები ფიქრობენ, რომ "აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება", არ აქვთ მომავლის იმედი და ხშირად ამბობენ, რომ განიცდიან შინაგან სიცარიელეს.
7. წონის ცვლილება: დეპრესიის მქონე ადამიანებმა შესაძლოა დაიკლონ წონაში, ან მოიმატონ, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მათი ორგანიზმი. წონის ცვლილება დეპრესიის მნიშვნელოვანი ნიშანია.
8.ფიქრები სიკვდილზე: დროდადრო სიკვდილზე ფიქრი ნორმალურია, თუმცა, როდესაც ასეთი ფიქრები მთავარ ადგილს იჭერს, ბუნებრივია, ეს მდგომარეობა საგანგაშოა.დეპრესიამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილზე ფიქრი, რასაც შეიძლება მოჰყვეს თვითდაზიანებები ან სუიციდური აზრები.

9.დანაშაულის, უვარგისობის გრძნობა: ადანაშაულებენ საკუთარ თავს თავიანთი მდგომარეობის გამო. ეს კი იწვევს თვით-პატივისცემის დონის შემცირებას და წარმოშობს დანაშაულის, უმაქნისობის გრძნობას.
10.ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა მსგავსი საშუალებების ჩვეულებრივზე ხშირად მიღება.

ვინაიდან შესაძლოა, დეპრესია თანდათან განვითარდეს, ამიტომ ხშირად რთულია ამ მდგომარეობის თავიდანვე შენიშვნა. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ პრობლემის არსებობას, ვიდრე სხვა ადამიანი არ მიუთითებს.
დეპრესია კლასიფიცირებულია როგორც მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე, იმის მიხედვით, თუ როგორია მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დეპრესია ხშირად ვლინდება სხვა გონებრივ აშლილობებთან ერთადაც.
პაციენტების უმეტესობას, რომელთაც დეპრესიის ეპიზოდი აქვთ, შეუძლიათ გამოჯანმრთელება და სიმპტომების მოშორება, თუმცა ეს დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
იმ ადამიანების 50%-ს, რომელთაც მძიმე დეპრესია ჰქონდათ, სავარაუდოა, რომ კიდევ ექნებათ დეპრესიის ერთი ეპიზოდი მაინც.


0
488
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0