x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? (ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ისა და მელქისედეკ I-ის საფლავების გამო)
2015 წლის 27 ივნისს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა ფოტოები სვეტიცხოვლიდან, რომლებზედაც აღბეჭდილია ვახტანგ გორგასლისა და კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის სვეტიცხოვლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გამოტანილი, ადრინდელი საფლავის ქვები და მათ ნაცვლად ახალი საფლავის ქვები ტაძრის ინტერიერში. სხვადასხვა ინფორმაციით, იგეგმება, ასევე, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავების ქვების შეცვლაც.image

ვახტანგ მეფისა და მელქისედეკ I-ის ძველი საფლავის ქვების არცერთი არის თავდაპირველი, ავთენტური და ერთი შეხედვით, თითქოსდა, მათი შეცვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ თუ საკითხს უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ეს არის მცდელობა არა მხოლოდ ისტორიის წაშლისა, არამედ ისტორიის გაყალბებისაც. საქმე ისაა, რომ მეფისა და პატრიარქის ახალი საფლავის ქვები იატაკის დონიდან საკმაოდაა ამაღლებული, ხოლო ერთ მათგანზე, კერძოდ, გორგასლის საფლავზე, გამოხატულია თვითონ ვახტანგ მეფე, მთელი ტანით. ამაღლებული საფლავის ქვებისა და მათზე მიცვალებულის პორტრეტის (ფრაგმენტულად თუ მთლიანი ტანით) დატანის ჩვეულება ჩვენში შემოვიდა საერო ყოფაში, გვიანშუასაუკუნეებში, მაგრამ მსგავსი ტრადიცია არ მიიღო ეკლესიამ. ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ქართულ ტაძარს, სადაც შუა ტაძარში, იატაკის დონიდან ამაღლებულ საფლავის ქვას შეხვდებით. მითუმეტეს ვერ შეხვდებით საფლავის ქვაზე დატანილ მიცვალებულთა პორტრეტებს, როგორც ეს კათოლიკურ ტრადიციაშია მიღებული.

გარდა ამისა, თვითოეულ ამ საფლავის ქვას, რომელიც სვეტიცხოველში იქნა შეცვლილი, თავისი ისტორია აქვს და მათი შეცვლა ამ ისტორიის წაშლის მცდელობაა. დავიწყოთ ბოლო მათგანით.

კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის საფლავის ქვა, 1940-იან წლებში კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დაუდვიათ, როგორც ამას მღვდელი ილია ჭიღლაძე ამბობს და მისი თქმით, მას ამის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტური მასალაც ხელთ აქვს. როგორც იგი წერს, კალისტრატეს დაუშვია შეცდომა და ქვა სამხრეთის კედლის ცენტრალურ მონაკვეთთან დაუდვია, და არა სადიაკვნისკენ (დღევანდელი ილია წინასწარმეეტყველის ეკვდერი), სადაც დასაფლავდა მელქისედეკი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული: მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ, რომ მელქისედეკი განისვენებდა ტაძრის სამხრეთ კედელთან. მელქისედეკის ნეშტის ნამდვილ ადგილმდებარეობას (სმხარეთ-დასავლეთით) მიაკვლიეს 1963-1964 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად.image


მელქისედეკ I-ის ახალი, ამაღლებული საფლავის ქვა

რა აუცილებლობას წარმოადგენდა ახლა, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დადებული ქვის შეცვლა, ახალი ამაღლებული ქვით, სრულიად გაუგებარია, რადგან ძველი დაზიანებული არ ყოფილა (იზ. ზემოთ პირველი ფოტო). განა ეს არ არის ერთი პატრიარქის (მელქისედეკის) ღვაწლის დაფასება, მეორის (კალისტრატეს) ღვაწლის დაკნინების ხარჯზე? განა ეს არ არის საბჭოთა პერიოდში, კონკრეტულად კი 40-იან წლებში, ეკლესიისა და მის ცალკეულ მოღვაწეთა აქტივობების ისტორიის წაშლის მცდელობა?

ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავის ქვები. უცნობია, თუ როგორი იყო მათი საფლავების თავდაპირველი ქვები. ინტერენტში ვრცელდება ერმაკოვის ფოტო, რომელზედაც სვეტიცხოლის საკურთხევლის წინ, ამბიონის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, ქართული საეკლესიო ტრადიციისთვის უჩვეულო ორი ამაღლებული საფლავის ქვა მოჩანს. ამ ფოტოს გამავრცელებლები ამტკიცებენ, თითქოს ეს ამ ორი მეფის ავთენტური საფლავის ქვები ყოფილიყოს. სინამდვილეში, სურათზე აღბეჭდილი ორივე საფლავის ქვა არის ალექსანდრე I-ის დროინდელი, კერძოდ, 1812 წლისა, ანუ იმ დროინდელი, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ახალი გაუქმებული იყო.ორივე ქვაზე იყო რუსული (მხოლოდ) წარწერა, რომლებიც მთავრდებოდა ასე: "...от имени Его... Императорского Величества Государя Александра I-го воздвигнут сей памятник, в 1812 году, главноначальствующим в Грузии Маркизом Паулуччи". უფრო მეტიც, ეს ქვები იქცა ბაგრატიონთა მეფობის დასამარების სიმბოლოდ. ამასთან დაკავშირებით მურავიოვი წერდა: "Нельзя было избрать места, более приличнаго и умилительнаго для обоих владетелей, заключивших собою тысячелетный род Багратидов". ასე რომ, არავითარი ავთენტური ეს ქვები არ ყოფილა.image

როგორც ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი და მღვდელი ილია ჭიღლაძე წერენ, ალექსანდრე I-ის დროინდელი ქვები 1958 წელს ჩაუნაცვლებიათ ახლებით. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ძეგლთა დაცვასთან ერთად საქართველოს იმდროინდელი პატრიარქი, მელქისედეკ III-ც იქნებოდა ჩართული (თუ ეს თარიღი სწორია, რა საკვირველია), ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. რასაკვირველია, არც 1958 წელს შეცვლილი ქვები არ იყო ავთენტური, მაგრამ ისინი ჯდებოდნენ ქართულ საეკლესიო ტრადიციაში, როდესაც საფლავის ქვა იყო იატაკის დონეზე და მათზე წარწერებიც ქართულ ენაზე გაკეთდა.

რას ემსახურება, დღეს, 1958 წლის საფლავების ქვების აყრის იდეა და მათ ნაცვლად ისევ რუსული ტიპის ამაღლებული საფლავის ქვების გაკეთება? თუ მათი დაცვის მიზნით ხდება ეს, მაშინ ნუთუ საკმარისი არ არის მსუბუქი გადაღობვა, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება (იხ, მეორე ფოტო).

ვახტანგ გორგასალი. ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტმა ირაკლი თეზელაშვილმა ფბ-ზე გაავრცელა ფილმში - "საქართველოს სამოციქულო ეკლესია" (1980), ჩართული საარქივო კადრის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ვახტანგ გორგასლის საფლავის დალეწილი ქვა, რომელიც მის საფლავს ბოლო საუკუნეებში ამკობდა, ვიდრე 1958 წლამდე. ეს აზრი სრულიად გასაზიარებელია, რადგან ამ საფლავის ქვის მდგომარეობას ზუსტად აღწერს ანტონ ნატროშვილიც, თავის მონოგრაფიაში - Мцхет и его собор Свэти-Цховели: "Мраморная плита на могиле Вахтанга Горгаслана разбита на мелкие куски. Предание приписывает это Шах-Аббасу, разорившему храм Мцхетский в начале XVII века".image

საფლავის ქვების უკანონო შეცვლის გამმართლებელნი ცრუინფრომაციას ავრცელებენ, თითქოსდა, არსენ III კათალიკოსს (1218-1227) დაუწერია, რომ ვახტანგ გორგასლის "საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა" (http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/vakhtang.htm#sthash.svEzI2eS.4xiTVWDV.dpuf). სინამდვილეში, ეს ცრუინფორმაცია ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის სრული უცოდინრობითაა წარმოშობილი. ჯერ ეს ერთი, მსგავსი შინაარსის სიტყვების ავტორია არა XIII საუკუნეში მოღვაწე არსენ კათალიკოსი, არამედ XI ს-ის II ნახევრისა და XII ს-ის I ნახევრის მოღვაწე არსენ ბერი, რომელმაც დაახლოებით მსგავსი რამ დაწერა მის მიერ შედგენილ წმ. ნინოს მეტაფრასულ ცხოვრებაში (იხ. "ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი", ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 3 (მეტაფრასიული რედაქციები XI-XIII სს.), თბ., 1963, გვ. 48). ჯერ, ვნახოთ, სინამდვილეში, რას წერს არსენ ბერი ვახტანგის საფლავსა და მის გამოსახულებაზე: "და არს საფლავი მისი წინაშე სუეტისა ცხოველისა და ზედა საფლავსა მისსა წერილ არს ხატი მისი, სწორი ჰასაკისა მისისაჲ". თუ ტექსტს დაკვირვებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ მისი შინაარსიდან გამომდინარე ჩანს, რომ ვახტანგ მეფის საფლავი არის სვეტი ცხოველის წინაშე და მისი საფლავის ზემოთ არის მისი ხატი, მისი სიმაღლის ხელა, ანუ, ნატურალურ ზომაში.

ახლა, ვნახოთ, როგორი დამახინჯებული სახით მოჰყავთ ეს ციტატა საფლავის ქვების შეცვლის მომხრეებს: "წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა". როგორც ვხედავთ, აქ, ორიგინალისგან განსხვავებით, წინადადებაში გადაადგილებულია ნაცვალსახელი - "მისსა", რაც ქმნის უეჭველ შთაბეჭდილებას, თითქოსდა ხატი გამოსახული იყო საფლავზე და არა საფლავის ზემოთ, იქვე მდგარ სვეტზე. რას ემსახურება ტექსტში შეტანილი ეს ცვლილება და ვინ და რატომ ცდილობს დაამტკიცოს, თითქოსდა ვახტანგ მეფის პორტრეტი გამოსახული იყო მისი საფლავის ქვაზე, სრულიად გაუგებარია. გაუგებარია, რისი მიღწევა სურთ, ამ ცრუინფორმაციით. როგორც ზედა ფოტოზე ვნახეთ, ვახტანგის საფლავის ქვა სულაც არ იყო ათორმეტი "ბრჭალის" (ამ სიმაღლისად მიაჩნდა მეფე არსენ ბერს), მას კვადრატთან მიახლოებული მართკუთხედის ფორმა ჰქონდა და მეორეც, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში კარგად იყო ცნობილი ვახტანგის ქვაც, მისი მდგომარეობაც, ადგილმდებარეობაცა და იმ "ხატის"/ფრესკის ადგილმდებარეობაც სვეტზე. კერძოდ, ანტონ ნატროშვილი წერდა: "Могила последняго (ანუ, გორგასლის) помещается рядом с патриаршею кафедрою подле столпа, на котором написано изображение его, снятое и отосланное П. Иосселиани в академию наук. Ныне портрет этот хотя сильно пострадал от времени..." (გვ. 317)

image

როგორც ნათლად ჩანს, სწორედ მეფის საფლავის ქვის ახლოს მდებარე სვეტზე, საფლავის ზემოთ იყო მისი ნატურალური (ადამიანის სიმაღლე) ზომის ფრესკა ("ზედა საფლავსა მისსა წერილ არს ხატი მისი"). ამ სურათზე არის გამოსახული სწორედ იმ შემორჩენილი ფრესკის ნაწილი, როგორი სახითაც ის იყო 1830-იან წლებში, თუმცა, სპეციალური კვლევის გარეშე ძნელია ითქვას, რამდენად შეესაბამება იგი არსენ ბერის დროინდელ მხატვრობას, ან მის მოგვიანებით გადაწერილ ასლს.

როგორც ვხედავთ, გორგასლის ახალი საფლავის ქვის სახე აშკარად ეწინააღმდეგება ქართულ საეკლესიო ტრადიციას, რომელმაც არ იცოდა იატაკის დონიდან ქვის ამაღლება. არც ქვაზე მიცვალებულის გამოსახვაა ჩვენი საეკლესიო ტრადიციის ნაწილი, მითუმეტეს, რომ ვახტანგ მეფის შემთხვევაში, არსენ ბერის სიტყვების აშკარად არასწორი გაგებასთან გვაქვს საქმე.

image






ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის მიერ ძველი საფლავის ქვების ახლით ჩანაცვლების ბოლოდროინდელი პრაქტიკა (სვეტიცხოველი, შიომღვიმე), დანაშაულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის თანახმად, სადაც ვკითხულობთ, რომ ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია: "არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება".

გარდა ამისა, ეს მანკიერი პრაქტიკა სრულიად გაუმართლებელია, როგორც ქართული საეკლესიო ტრადიციის, ასევე ისტორიული თვალსაზრისითაც. მას შეიძლება მიეცეს ისტორიის განგებ გაყალბებისა და წაშლის კვალიფიკაცია.

0
830
2-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან დეკანოიძე
დარეჯან დეკანოიძე
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0