x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ტრიუმვირატი
image



სული, გული და გონება, სრულიად განსხვავებულნი

ერთმანეთს გამიჯნებიან სხეულში გამომწყვდეულნი.

გული ივსება შეპარვით რომანტიული ოცნებით,


ვარდებით ნაირფერებით, ფრთოსანი ლაღი ცხენებით;

გონება იღებს სადავეს ჭეშმარიტების საბაბით,

რეალობისკენ ისწრაფვის დაუღალავი სისწრაფით;

რისთვისაც სული მიიწევს, სხეული ტკივილს განიცდის,

თავისუფლებას, სიყვარულს უგალობს ჟამით-ჟამამდის.

გონება – საღი, ნათელი, უცხოსთვის ჩაუწვდომელი,

გული – ცივი, დახურული, სრულიად მიუღწეველი,

სული – ბორკილდადებული, მძებნელი, ვერა მპოვნელი,

გრძნობა კი მათგან შობილი – უსასრულობის მფლობელი.

სული, გული და გონება – კავშირი უტოპიური,

მსოფლმხედველობა მოკვდავთა მისადმი – ნეგატიური.

ბევრისთვის – ცნება უცნობი, ვისმესთვის – სიბრძნის ლამპარი,

მათი ერთობა ნანატრი, აუხდენელი ზღაპარი.

გული მიიწევს გულისკენ, გონება – სინამდვილისკენ,

სული კი ლამობს გაფრენას უსასრულობის სივრცისკენ.

ინგრევა ყველა იმედი, როგორც ქალაქი პომპეი,

საუკუნეებს დაითვლის რაინდი, მისი მპოვნელი.

გონება – მუდამ ერთგული, სიმართლის უკვდავმყოფელი,

გული – მპყრობელი, მგმობელი, ღვთისაგან განუყოფელი,

სული – მძვინვარე, სხეულში სრულიად მარტო მყოფელი,

გრძნობა კი მათგან მოკლული – უსასრულობის მფლობელი.

0
149
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0