x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ათი შეცდომა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუშვებთ სამზარეულოში

ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით, თუ როგორ ამზადებდნენ სადილებს ჩვენი ბებიები და დედები. ისევე, როგორც ისინი, დღეს უკვე ჩვენ ვრეცხავთ მაკარონს მოხარშვის შემდეგ, რათა არ შეეწებოს ერთმანეთს; ვხარშავთ კარტოფილს თავდაუხურავ ქვაბში; ღუმელიდან გამოღებისთანავე სულწასული მივირთმევთ ჯერ კიდევ თბილ კექსს და კიდევ ვაკეთებთ ბევრ რამეს, რომელთა გაკეთება თურმე სულაც არაა სასურველი.


მაშ ასე, თქვენ წინაშეა ათი შეცდომა, რომელსაც დიასახლისები ყოველდღიურად უშვებენ სამზარეულოში.


1. გავრეცხოთ თუ არა მაკარონი?


image

ერთადერთი პასუხია: არა, ეს შეცდომაა! საქმე იმაშია, რომ ეს ჩვევა წამოვიდა საბჭოთა პერიოდიდან, როცა გაყიდვაში იყო მხოლოდ ჩვეულებრივი პურის ფქვილისაგან დამზადებული მაკარონი. ასეთი მაკარონი მოხარშვის შემდეგ აუილებლად მიეწებებოდა ერთმანეთს, თუკი ცივ წყალს არ გადაავლებდით. ამჟამად უკვე საქმე გვაქვს მაგარი ჯიშის ხორბლისაგან დამზადებულ მაკარონთან, ისინი ერთმანეთს არ ეწებება, თუკი ბევრ წყალში მოვხარშავთ და ხარშვის დროს 2-3 წვეთ მცენარეულ ზეთს დავუმატებთ. სხვათა შორის, იტალიელი დიასახლისები მაკარონის ნახარშს ყოველთვის იყენებენ პასტისათვის სოუსის მოსამზადებლად; ასე რომ, ბოლომდე არასოდეს გადაღვაროთ მისი ნახარში.



2. შევწვათ თუ არა ზეითუნის ზეთში?

image

ბევრ დიასახლისს უყვარს ზეითუნის ზეთში კარტოფილის, თევზეულის ან ხორცის შეწვა. ხშირად, როცა გვინდა კერძი განსაკუთრებით გემრიელი გამოგვივიდეს, მას მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთში ვამზადებთ. ეს სრულიად უსარგებლოა, რადგან extra virgin ხარისხის ზეთის წვის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალო ხარსხის ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთისა, ამიტომ შესაძლებელია ჩვენ კერძს მიმწვარის უსიამოვნო გემო ექნეს, ხოლო მასში კანცეროგენების მთელი ოკეანე იყოს. ამიტო ჩემი რჩევაა, მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი სალათების და სხვა ცივი კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ, ხოლო შესაწვავად ჩვეულებრივი მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი იხმაროთ.



3. როდის მივცეთ პამიდორი ან ტომატ-პასტა კერძებს?

image

ხშირად სიჩქარეში ჩვენ ვცდილობთ ყველა პროდუქტი ერთად ჩავუშვათ ქვაბში, რომ შევამციროთ კერძის მომზადების დრო. ზოგ შემთხვევაში ეს მართლაც სასარგებლოა, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ კერძის მოსამზადებლად პამიდორს ვიყენებთ. შეცდომებისაგან რომ დაზღვეული იყოთ, დაიხსომეთ ოქროს წესი: მჟავეები (ისინი კი პამიდორში საკმაოდ ბლომადაა) აჩქარებენ ხორცის მომზადებას, მაგრამ აფერხებენ ბოსტნეულის მოხარშვას. მაგალითად, თუ თქვენ ამზადებთ სუპს ან ბორშჩს, პამიდორი ან ტომატ-პასტა მასში უნდა მოათავსოთ მას შემდეგ, რაც კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული უკვე მზად იქნება, ხოლო თუ ხორცის კერძს ამზადებთ, სასურველია პამიდორი თავიდანვე დაამატოთ და ხორცი გაცილებით მალე მოიხარშება.



4. კარტოფილი ან სხვა ბოსტნეული თავდახურულ ქვაბში უნდა მოვხარშოთ თუ არა?

image

თავდახურულ ქვაბში კარტოფილის მოხარშვა არ გვიყვარს, რადგან ხშირად ვერ ვასწრებთ სახურავის ახდას და ჩვენი გაზქურა ქვაბიდან გადმოსული წყლით ივსება, ამიტომ ვამჯობინებთ თავდაუხურავ ქვაბში მოვხარშოთ. ეს შეცდომაა: თქვენ საშუალებას აძლევთ კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულში არსებულ ვიტამინებს "გაფრინდნენ" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამიტომ ჯობია ბოსტნეული დახურულ ქვაბში მოამზადოთ: ასე შეინარჩუნებთ მის ფერს, გემოს და ვიტამინებსაც.



5. შეიძლება თუ არა ღუმელიდან ახლადგამოღებული თბილი კექსის ჭამა?

image

წარმოიდგინეთ: დედიკო კექსს აცხობს და მისი სურნელი მთელ სახლშია მოდებული, თქვენ მოუთმენლად ელოდებით გამოცხობას. ბოლოს და ბოლოს დედა ამბობს: "ჩვენი კექსი მზადაა, მაგრამ ერთი საათი უნდა დავიცადოთ, სანამ გაგრილდება". არ ეთანხმებით და სულმოუთქმელად იპარავთ ცხელი ნუგბარის მოზრდილ ნაჭერს. საქმე იმაში არაა, რომ ცხელი კექსი პირს დაგწვავთ ან დაჭრისას ფორმას დაკარგავს. მთავარია ის, რომ ცხელი საკონდიტრო ნაწარმის გემოს მთელი სისრულით შეგრძნობა ძნელია, ამასთანავე ცხელი ცომეული განსაკუთრებით მავნეა თქვენი ჯანმრთელობისათვის. ასე რომ, დააცადეთ მას გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ ისისმოვნეთ კექსის ან ღვეზელის არომატით. გაცილებით სასარგებლო იქნება, თუ მას საერთოდაც გამოცხობიდან მეორე დღეს შეჭამთ.



6. რატომ გამოგდით ინდაურის ფილე მშრალი?

image

ინდაურის ფილე გემრიელი, ცილებით მდიდარი და ნაკლებცხიმიანი სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მშრალი, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე მისი არასწორი მომზადების ბრალია. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი დისახლისი ამ პროდუქტს დიდი ხნის განმავლობაში წვავს, არადა ტაფაზე მის შესაწვავად სულ 5-6 წუთია საკმარისი, ხოლო აერღუმელში - 15 წუთი. მოკლედ, ფილე ცეცხლიდან უნდა ავიღოთ მაშინ, როცა გვეჩვენება, რომ ხორცი ნახევრადაა შემწვარი.



7. როგორ მოვამზადოთ ბროკოლი?

image

კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტი, რომელიც არც თუ ისე ბევრ თქვენგანს უყვარს და აქაც დამნაშავეა მისი მომზადების წესი: კერძოდ, ძალიან დიდხანს ხარშვა და ამის თანმდევი უსიამოვნო სუნი და გემო. ბროკოლი და სხვა ბარდისმაგვარი მწვანე ბოსტნეული უნდა მოხარშოთ დიდი რაოდენობის მარილიან წყალში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადახარშოთ. რაც მთავარია: მოხარშული ბოსტნეული უნდა დაყაროთ საწურზე და გადაავლოთ ცივი წყალი. ამ მეთოდს ბლანშირება ეწოდება და მისი წყალობით ბოსტნეული ფერს, გემოსა და სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.



8. რატომ იშლება თევზი შეწვის დროს?

image

ეს უსიამოვნება ძალიან ხშირად გემართებათ, არა? – ეს კი იმის ბრალია, რომ თევზის შეწვისას გავიწყდებათ მარილი. შეწვამდე 15 წუთით ადრე თევზის ნაჭრები უნდა დაამარილოთ, სასურველია, თუ ლიმონის წვენსაც დაამატებთ ასევე კარგია შესაწვავ ზეთში ცოტაოდენი მარილის დამატება, მაშინ თქვენი თევზი ლამაზი და გემრიელი გამოვა.



9. მოხარშული კვეერცხი ბზარების გარეშე?- ეს შესაძლებელია

image

ხშირად სულაც არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, კვერცხის ნაჭუჭი გაიბზარება თუ არა მისი მოხარშვის დროს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ჩვენ კვერცხს ან სალათებში ვიყენებთ, ან მაშინათვე მივირთმევთ, მაგრამ წელიწადში ერთხელ, აღდგომისას, გვინდა, რომ ჩვენ სუფრაზე იდეალურად მოხარშული წითელი კვერცხები იდოს ყოველგვარი ბზარებისა და ნახეთქების გარეშე. შეცდომები, რომელსაც მივყავართ ბზარებამდე, მდგომარეობს წყლის ძალიან მაღალ ტემპერატურასა და მარილზე უარის თქმაში. ამრიგად, იმისათვის, რათა კვერცხის ნაჭუჭი სრულიად დაუზიანებელი დარჩეს, კვერცხები უნდა მოვათავსოთ საკმაოდ დიდი ქვაბში, დავასხათ ბევრი ცივი წყალი, ჩავაყაროთ ბლომად მარილი და ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.



10. რატომ არ ამოდის საფუვრიანი ცომი?

image

საფუვრიანი ცომი მეტად კაპრიზულია და მისი არამოსვლის მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, მაგრამ არსებობს ორი ძირითადი შეცდომა, რომელსაც დიასახლისები უშვებენ ცომის მომზადების დროს: ეს არის ვადაგასული საფუარი და ონკანიდან აღებული წყალი. როცა საფუარს ირჩევთ, კარგად დააკვირდით გამოშვების თარიღს და შეიძინეთ სულ ახალი გამოშვებული პროდუქტი. ონკანის წყალში, მით უმეტეს, ახლადაღებულში, დიდ რაოდენობით ქლორია, რომელიც ხელს უშლის საფუვრის გამრავლებას. ასე რომ, უკეთესია, თუ ცომისათვის დამდგარ წყალს ან სულაც თბილ რძეს გამოიყენებთ.

7
3630
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
3630
  
2015, 4 სექტემბერი, 1:37
აი ხორცზე მეც ვიცი, ქათმის და მისთანებისხორცი, მშრალი რო არ გამოვიდეს, შეწვამდე ერთი ნახევარი საათით საყინულეში უნდა შედგა.პარკ გადაფარებული ჯამით. ხინკალზე ვიტყვი კიდევ, უღიმღამო და წებოვანი რო არ გამოვიდეს ხინკალი ,ამოღებამდე, ქვაბში ერთი ჭიქა ცივი წყალი უნდა ჩაასხა.ხინკალი პრიალა გამოვა. რესტორნებში როა ისეთი.
2015, 13 ივნისი, 16:17
გაიხარე, ნათი:*
2015, 12 ივნისი, 21:03
პამიდორზე მართლა არ ვიცოდი. და საერთოდ, ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს ეს სტატია, ამიტომ გავაზიარე :)
2015, 12 ივნისი, 19:31
რა თქმა უნდა, მთავარი გამოცდილებაა
2015, 12 ივნისი, 19:27
მარტო ცხოვრებამ უკვე ბევრი მასწავლა
2015, 12 ივნისი, 18:28
გამოგადგებათ დამწყებ დისახლისებს :)
2015, 12 ივნისი, 18:20
საინტერესო იყო ძალიან
0 1 7