x
image
მანჩო 777
ისტორიული ფაქტები, რომლებიც გვათქმევინებს: რა ბედნიერებაა, თანამედროვე მედიცინის ეპოქაში რომ ვცხოვრობთ!
ვაღიაროთ, რომ ექიმთან ვიზიტი, მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია და სულაც არ ნიშნავს დროის სახალისოდ გატარებას. ამასთანავე უმეტესი ჩვენგანისათვის დამახასიათებელია ის, რომ სანამ ძალიან არ გაგვიჭირდება, ყველანაირად ვცდილობთ ამ ვიზიტის გადადებას, პროფილაქტიკა ხომ მშიშრებისა და სუსტების საქმედ მიგვაჩნია. თუ თქვენ გამუდმებით აკრიტიკებთ მედიცინის მუშაკებს და მათ მიმართ უნდობლობა გაქვთ (ისევე, როგორც მე), მაშინ აბა სცადეთ, თავად დაუსვით თქვენ თავს დიაგნოზი და თავადვე უმკურნალეთ. გაიხსენეთ, რომ წინათ ექიმები ხელებს სულაც არ იბანდნენ და ჭრილობებს ადუღებული ზეთით წვავდნენ. წარმოიდგინეთ, არა?

დღეს მინდა შემოგთავაზოთ მცირეოდენი ექსკურსი მედიცინის ისტორიაში, რომლის გაცნობის შემდეგ თქვენ უკვე სხვა თვალით შეხედავთ თანამედროვე მედიცინას და ექიმებს. ამ ფაქტების მოძიების შემდეგ მხოლოდ ერთი რამე მიტრიალებს თავში: რა კარგია, რომ შუა საუკუნეებში არ მომიწია ცხოვრებამ.


მაშ ასე, გთავაზობთ ათ ისტორიულ ფაქტს, დამამტკიცებელს იმისა, რომ თქვენ გაგიმართლათ, თანამედროვე მედიცინის ეპოქაში რომ დაიბადეთ.


1. სუშრუტა: პლასტიკური ქირურგი ძველ ინდოეთში



image

ძველი ინდოეთში მედიცინის ბევრი სფერო, მათ შორის პლასტიკური ქირურგია, საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით VI–V საუკუნეებში ( ზუსტი თარიღი უცნობია) აქ ცხოვრობდა ექიმი სუშრუტა, რომელსაც პლასტიკური ქირურგიის მამად თვლიან. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, ის დაოსტატებული იყო რინოპლასტიკაში ( ცხვირის აღდგენა მისი მოჭრის შემდეგ ან მისი ზოგიერთი ნაწილის გასწორება). მას მიაწერენ აგრეთე სუშრუტა-სამხატას ტრაქტატს, რომელშიც თავმოყრილია ძველი ინდოეთის ყველანაირი ცოდნა მედიცინის სფეროში (ტრაქტატში წარმოდგენილია დაახლოებით 1000 სახის დაავადება).


2. ეფრემ მაკდაუელი (1771-1830) - პრეზიდენტის გადამრჩენელი


image


ეს ამერიკელი ექიმი მსოფლიოსათვის ცნობილი ორი შემთხვევის შემდეგ გახდა: პირველი: მან წარმატებით ამოუღო ქვა შარდის ბუშტიდან 17 წლის მოზარდს ჯეიმს პოლკს (ეს იმ დროს უნიკალური ოპერაცია იყო). დიახ, დიახ, ეს სულაც არაა დამთხვევა, მაკდაუელმა სწორედ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი გადაარჩინა. არანაკლებ საინტერესოა მეორე შემთხვევა: მაკდაუელმა მოახერხა 47 წლის ქალისათვის, რომელსაც ყველა ფეხმძიმედ თვლიდა, მუცლიდან ამოეკვეთა 20 ფუტი წონის სიმსივნე. ჯეინ კროუფორდმა, გენიალური ექიმის ბედნიერმა პაციენტმა, 79 წლამდე იცოცხლა.


3. კლავდიუს გალენი - რა არს შენ სხეულში?


image

კლავდიუს გალენი - ეს სახელი საკმაოდ კარგად იყო ცნობილი ძველ საბერძნეთში. მედიკოსის სამეცნიერო ნაშრომების უმეტესობა ეძღვნებოდა ადამიანის სხეულის აგებულებას. გალენი თავის ტრაქტატებს წერდა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ხედავდა მკვდარი ცხოველების გაკვეთის დროს. გასაგებია, რომ მისი დასკვნები და შენიშვნები ყოველთვის არ იყო სწორი, მაგრამ სწორედ მისი ნაშრომებით ხელმძღვანელობდნენ ექიმები არაერთი ასწლეულის განმავლობაში. მრავალი საუკენის შემდეგაც კი მისი ნაშრომები ანატომიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუბლიკაციებად ითვლება. სხვათა შორის, გალენი დიდი ხნის განმავლობაში იყო იმპერატორების პირადი ექიმი.


4. ჟან-დომენიკ ლარეი (1776-1830) - პირველი დახმარება ბრძოლის ველზე


image

ფრანგი ჟან დომენიკ ლარეი ითვლება პირველ სამხედრო ქირურგად და სამხედრო-საველე ქირურგიის ნოვატორად. სწორედ მას ეკუთვნის იდეა განეთავსებინათ სპეციალური კარვები-მედიცინის პუნქტები პირდაპირ ბრძოლის ველზე. მანამდე დაჭრილი ჯარისკაცები მიჰყავდათ ჰოსპიტალში, რომელიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა, ამიტომ დაჭრილების უმეტესობა გზაშივე კვდებოდა. სწორედ ლარეიმ მოიგონა დაჭრილების ტრანსპორტირება სახელწოდებით "მფრინავი ლაზარეთი"(ეს იყო სპეციალური ცხენებშებმული ეკიპაჟი, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენებოდა). ლარეი ნაპოლეონის არმიის მთავარი ქირურგი იყო.


5. იგნაც ზემელვაისი (1818-1865) - დაიბანეთ ხელები საპნით!


image

თანამედროვე სამყარო მადლიერია ამ უნგრელი ექიმი-აკუშერისა იმისათვის, რომ მან ექიმებს ასწავლა ხელების დაბანა და გახდა ასეპტიკის ერთ-ერთ ფუძემდებელი. სწორედ ზემელვაისიმ დაამტკიცა, რომ ხელებზე არსებულ მიკრობებსა და მშობიარეების ინფექციებით დაავადებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა. ის კატეგორიულად მოითხოვდა ყველა ექიმისაგან, რომ მათ გულმოდგინედ დაებანათ ხელები მშობიარობის წინ. სწორედ ამის წყალობით მშობიარეების ციებ-ცხელება მთელი 90 %-ით შემცირდა.


6. ჯორჯ ჰეივორდი - ნარკოზის ქვეშ ჩატარებული პირველი ამპუტაცია


image

უილიამ მორტონმა ჯერ კიდევ 1846 წელს გამოიგონა ეთერის ნარკოზი, რის შემდეგაც ექიმებმა დაიწყეს მის გამოყენების გზების ძიება. ეს ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, რადგან მორტონს არ სურდა ანესთეზიის მთავარი აქტიური კომპონენტის საიდუმლო სხვებისათვის გაეზიარებინა. მოგვიანებით მას მაინც მოუხდა ეღიარებინა, რომ მის გამოგონებას საფუძვლად ედო გოგირდის ეთერის გამოყენება. ამან საშუალება მისცა ჯორჯ ჰეივორდს წარმატებით განეხორციელებინა ფეხის ამპუტაცია თავის 21 წლის პაციენტ ელის მოჰანზე (მას ძვლის ტუბერკულოზი ჰქონდა).


7. ჟან სივიალი(1792-1867) - პირველი ინვაზიური ქირურგია


image

ძველ დროში, კერძოდ, XIX საუკუნის დასაწყისამდე, თირკმელებიდან ქვებს იღებდნენ ლიტოტონიის მეთოდით. ამ მეთოდის დროს ექიმი აკეთებდა კვეთას მუცლის არეში და ქვას მთლიანად იღებდა. ეს ძალიან მტკივნეული პროცედურა იყო, რადგან მაშინ არანაირ ნარკოზზე ლაპარაკი არ იყო, ამიტომ პაციენტების უმეტესობა პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა. ჟან სივიალმა უზარმაზარი ნახტომი გააკეთა ქირურგიაში, გამოიგონა რა ლიტოტრიპტორი. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდა საშარდე გზებიდან შეეღწიათ თირკმელებამდე და ჭრილობის გარეშე გამოეღოთ იქ დაგროვოლი ქვები.



8. ამბრუაზ პარე (1510-1590) - შორს ჩვენგან ჭრილობის მდუღარე ზეთით მოწვა


image

საფრანგეთის სამეფო კარის ექიმმა ამბრუაზ პარემ ქირურგია ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მანამდე ყველა ოპერაცია კეთდებოდა ჭრილობის ნაპირების მოწვით მდუღარე ზეთით. რადგან იმ დროს ნარკოზი არ არსებობდა, წარმოდგენაც კი ძნელია, რა ჯოჯოხუთური ტკივილების მოთმენა უწევდათ პაციენტებს ოპერაციის დროს, ისინი ხშირად კვდებოდნენ პირდაპირ ქირურგების ხელებში. ერთხელ პარეს ოპერაციის დროს მზესუმზირის ზეთი დაუმთავრდა, სხვა გზა არ იყო, მას გამოსავალი უნდა მოეძებნა. პარემ უცებ შექმნა ნარევი იმ მასალებისაგან, რაც ხელთ ჰქონდა: ვარდის ზეთი, კვერცხის გული და სკიპიდარი. მას გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ეს ნარევი საოცრად ეფექტური და რაც მთავარია, აბსოლუტურად უმტკივნეული იქნებოდა. პარე აგრეთვე შევიდა მედიცინის ისტორიაში, როგორც პირველი ექიმი, რომელმაც კიდურების ამპუტაციის შემდეგ მასზე სახვევის დადება შემოგვთავაზა.


9. რიჩარდ ლოუელი - პირველი სისხლის გადასხმა


image

ოქსფორდელი ექიმი რიჩარდ ლოუელი სპეციალიზირებული იყო სისხლის გადასხმაში. 1665 წლს მან პირველად განახორციელა სისხლის წარმატებული გადასხმა ცხოველებზე, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1667 წელს, მან ცხვრის სისხლის გადაუსხა ვინმე არტურ კოგს, რომელმაც ოპერაციაში დათანხმების სანაცვლოდ 20 შილინგიც კი მიიღო. ნებაყოფლობით პაციენტს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ფსიქიკასთან დაკავშირებით და ლოუელი დარწმუნებული იყო, რომ სისხლის გადასხმა მას უშველოდა. როდესაც პაციენტი არ განიკურნა, ლოუელის იდეა უარყვეს. ამის შემდეგ თითქმის ასი წელი გავიდა, სანამ ადამიანები კვლავ დაუბრუნდებოდნენ სისხლის გადასხმას.


10. ლუდოვიკო XIV -ის დაუჯერებელი ოპერაცია


image


საფრანგეთის ცნობილ მეფეს ლუდოვიკო XIV-ს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ის იტანჯებოდა თავის ტკივილით, პოდაგრით, პერიოსტიტით და როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, შაქრიანი დიაბეტით. მოგვიანებით საფრანგეთის მმართველი კიდევ ერთი დაავადებით იქნა "დაჯილოდებული" - ანალური ფისტულით. რა არ სცადა მეფემ, ოყნებისა და გამორეცხვების ჩათვლით, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო იყო. სიტუაციიდან გამოსავალი მეფის პარიკმახერმა შარლ-ფრანსუა ფელიქსმა იპოვა: ამ გონებაგამჭრიახმა მამაკაცმა იპოვა გზა, თუ როგორ ეშველა მეფისათვის. მანამ, სანამ ანალური ხვრელის გამაფართოებელს მეფეზე გამოიყენებდნენ, ეს ოპერაცია საფრანგეთის ციხეებში მყოფ 70-ზე მეტ ვოლონტიორ პატიმარზე იქნა გამოცდილი. მას შემდეგ, რაც მეფეს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ბევრმა კარისკაცმა მოინდომა მისი გაკეთება. სწორედ ამ მომენტიდან საზოგადოებამ მედიცინას სხვა თვალით დაუწყო ყურება და მას უკვე სერიოზულ მეცნიერებად აღიქვამდნენ.




p.s. დიახ, მეგობრებო, ამ ფაქტებიდან ბევრი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, ხოლო ლუდოვიკო XIV-სთან დაკავშირებულმა ისტორიამ ნამდვილად განმაცვიფრა. წარმოდგენაც კი ძნელია, რა ტანჯვის გადატანა უწევდათ წინათ ადამიანებს ოპერაციების ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს. ასე რომ ბედნიერებაა, რომ ჩვენ თანამედროვე მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და ანესთეზიის ეპოქაში დავიბადეთ და ვცხოვრობთ.

3
639
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
639
  
2015, 8 ივნისი, 17:09
გაიხარეთ :)
2015, 8 ივნისი, 17:03
მაგარი სტატია მანჩო:)
0 1 3