x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დიპლომატია, როგორც პატარა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი
image















„პირველი დიპლომატები ანგელოზები იყვნენ. აგვარებდნენ ურთიერთობებს ღმერთებსა და ადამიანებს, ცასა და დედამიწას შორის“ - გვეუბნება ჰამლეტ ჭიპაშვილი. ეს, რა თქმა უნდა, მითია და არა მეცნიერულად დასაბუთებული ჰიპოთეზა, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს „მითი“ საკმაოდ სიმბოლური და მრავლისმთქმელია. (ჩიკვაიძე,
ჭიპაშვილი, 2008, 3) დიპლომატია - ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების მოგვარების ხელოვნება, უხსოვარი დროიდან არსებობს და, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, ჯერაც არ კარგავს აქტუალობას. წარმატებული, სწორად წარმართული დიპლომატიის გარეშე თითქმის წარმოუდგენელი იყო მშვიდობისა და ნორმალური პოლიტიკური თუ ეკონომიკური საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება ნებისმიერ ეპოქაში და ასეა ახლაც. განსაკუთრებით პატარა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სუსტი ქვეყნისთვის არის დიპლომატია მთავარი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი და ამის არც თუ ისე ცოტა, არც თუ უსაფუძვლო მიზეზი არსებობს.


პატარა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენა, საკუთარი რაობის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობაა. განსაკუთრებით ეს ეხებათ ახალგაზრდა სუვერენულ სახელმწიფოებს, რომელთაც საერთაშორისო სისტემის წამყვან, უძლიერეს და უდიდეს სახელმწიფოებში ნაკლებად იცნობენ (რონდელი, 2003, 128). ყოველი სახელმწიფოს მიზანი ხომ რეალურად საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებაა. დღესდღეობით კი ეს ასპარაზი, ასეა თუ ისე, გიგანტ სახელმწიფოებს უპყრიათ ხელთ და, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მკაცრადაც აკონტროლებენ მას. დიპლომატიის და დიპლომატის
ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კი სწორედ საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა, მის მიმართ კეთილგანწყობის შექმნა და მეგობრების მოძიებაა. “დიპლომატია საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი. (www.tabula.ge, 2013)


დიპლომატიური ურთიერთობები პატარა სახელწიფოს თავს მსოფლიოს ნაწილად აგრძნობინებს. თანამედროვე სამყაროში იზოლირებული ქვეყანა პრაქტიკულად აღარ არსებობს. თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულებები ნელ-ნელა მუდმივ ხასიათს იძენს. საერთაშორისო ორგანიზაციების როლი თანდათან საოცრად იზრდება და ამის პროპორციულად მცირდება სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების
ცალკეული ერთეულის როლი. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულებისა და ტრანსნაციონალიზმის სკოლებს თუ დავუჯერებთ, ნელ-ნელა წინა პლანზე ტრანსნაციონალურ კორპორაციებსა და სხვადასხვა ასოციაციებთან ერთად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოდიან. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია, ქვეყანას (განსაკუთრებით სუსტ ქვეყანას) საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებლად არსებობა გაუჭირდეს. როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში რომელიმე კავშირში გაერთიანება, ერთგვარად „ძალის სესხება“, პატარა ქვეყნისათვის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.(რონდელი, 2006, 284) ამ გზას კი დიპლომატიაზე უკეთ ვერც ერთი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ვერ გაკაფავს.

საგარეო საქმეთა უწყება სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საკმაოდ დიდი მოცულობის სანდო ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ამას იგი, პირველ ყოვლისა, უცხო ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენილი საკუთარი დიპლომატიური აპარატის საშუალებით ახერხებს. პატარა ქვეყნების
სადაზვერვო სამსახურები, შეზღუდული პოტენციალიდან გამომდინარე, მხოლოდ თავდაცვითი, კონტრდაზვერვითი საქმიანობით იფარგლებიან. მასზე ძლიერი ქვეყნების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ა.ენდრიუს აზრით „პატარა ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობისას, დიპლომატიასთან შედარებით, სადაზვერვო საქმიანობა მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს.“ (ენდრიუ, 1971, 69)


საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიპლომატია მხოლოდ ლაპარაკთან, არაქმედით ნაბიჯებთან არის გაიგივებული. თუმცა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ოპოზიციური მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, მარილუიზე ბეკი უკრაინის მოვლენების შემდეგ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს: „დიპლომატია ნიშნავს იმდენ ლაპაკს, რამდენიც შესაძლებელია, მაგრამ ამავე დროს, იმის ჩვენებასაც, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელია - ეს შესაძლოა, იყოს
ოლიგარქებისთვის დასავლურ ბანკებში ფულის შენახვის შესაძლებლობის შეზღუდვა ან მათთვის ლონდონში საყიდლებზე წასვლის შესაძლებლობის აღარარსებობა.. ეს ფასი, შესაძლოა, სხვა ბევრი რამეც იყოს - მაგალითად, ის, რომ რუსეთი არ მოვამარაგოთ სამხედრო გეგმებით ან იარაღით, რომელსაც შემდეგ უკრაინის ან სხვა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.“ (www.radiotavisupleba.ge, 2014)

ოპონენტ წრეებში არსებობს არგუმენტი, რომ არ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკება, როდესაც ის პირდაპირ ახდენს ქვეყნის ტერიტორიის ინტერვენციას. მათ დასტურად საქართველოს მაგალითი მოჰყავთ. ეს მოსაზრება შეიძლება გარკვეულწილად
გამართლებულად ჩაითვალოს, ვინაიდან ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერავინ და ვერაფერი და როცა საფრთხე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება, მათ დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თუმცაღა ისევ მარილუიზე ბეკი ამბობს: „ყოველთვის მაინც უფრო დიპლომატიის ენა გამოიყენება. განსაკუთრებით, თუ
ომის ვითარებაა. არც ერთი სიცოცხლე ამ დროს უკან აღარ ბრუნდება“. მთავარი სწორედ ესაა - უპირველესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლის უფლებაა, რომლის ხელყოფა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. თანაც, თუ ისევ საქართველოსა და რუსეთის მაგალითს გავიხსენებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალთა თანაფარდობაც. მაშინ, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ უზარმაზარი რუსეთი დგას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძალიან მოკლე დროში ეს ქვეყანა მსოფლიო რუკიდან საერთოდ გააქროს და თუ ეს ქვეყანა საქართველოა, რომელის არსენალი,
რუსეთთან შედარებით, არაფრად ღირს, საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად სამხედრო დაპირისპირების გამოყენებაზე დაფიქრებაც ზედმეტია. “ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებები ერთადერთი იარაღია, რომელიც საქართველოსნაირ ბეკეკა სახელმწიფოს გადარჩენის შანსს აძლევს“ - აღნიშნავს პაატა ქურდაძე. (www.liberali.ge, 2012)

რაც შეეხება კავშირში გაერთიანებას, მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ უკეთესია, ქვეყანა არც ერთ კავშირში არ შევიდეს და მანევრი შესაძლებლობა დაიტოვოს. ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში არსებობს საფრთხე. საფრთხე იმისა, რომ ერთ
დღესაც შესაძლებელია (და თუ ზედმეტად პესიმისტები და პრაგმატულები ვიქნებით, საბოლოო მიზანი შესაძლებელია სწორედ ესაა), კავშირად შეკრულმა ზესახელმწიფოებმა სუსტი სახელმწიფოები შთანთქოს. თუმცა დღესდღეობით პოლიტიკური სინამდვილე პატარა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სუსტ სახელმწიფოებს მიუმხრობლად ყოფნის პირობებს იშვიათად უქმნის და გარკვეულწილად აიძულებს კიდეც, რომ რომელიმე კავშირს შეაფაროს თავი (რონდელი, 2006, 284).

დიპლომატია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტია,
რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების წინ წამოწევას ემსახურება. დიპლომატია უზრუნველყოფს ქვეყნის მყარად დგომას უზარმაზარ საერთაშორისო სისტემაში გიგანტი ზესახელმწიფოების გვერდით. საერთაშორისო ორგანიზაციებში დამკვიდრება და აქტიური თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ პატარა ქვეყნისათვის, რადგან ეს მისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკმაოდ მყარი გარანტიაა. დიპლომატია თავის თავში ყოველთვის მოიაზრებს
ქმედით ნაბიჯებს და ყველაფრს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი არასოდეს იქცეს პრიორიტეტად კონფლიქტების გადაწყვეტის დროს.




გამოყენებული ლიტერატურა:





1. რონდელი, ალექსანდრე. 2006. საერთაშორისო ურთიერთობები.
თბილისი: ნეკერი.


2. რონდელი, ალექსანდრე. 2003. პატარა ქვეყანა საერთაშორისო
სისტემაში. თბილისი: მეცნიერება.

3. ჩიკვაიძე, ალექსანდრე, ჰამლეტ ჭიპაშვილი. 2008. დიპლომატიის
სამზარეულო. თბილისი: საუნჯე.

4. ჭიპაშვილი, ჰამლეტ. 2005. დიპლომატია. თბილისი: ეროვნული
მწერლობა.

5. Arthur Andrew. 1971. Defense by other means. Diplomacy for the underdog. Toronto: Canadian institute of international affairs.

6. რადიო „თავისუფლება“, 2014. მარილუიზე ბეკი, „დიპლომატია
არ ნიშნავს მხოლოდ ლაპარაკს, დიპლომატია მკაცრ ნაბიჯებსაც გულისხმობს“, ინტერნეტი.
http://www.radiotavisupleba.ge/content/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/25287368.html; ბოლო ნახვა, 14 ოქტომბერი, 2014.

7. ტაბულა, 2013. აკაკი მინაშვილი: რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა. ინტერნეტი. http://www.tabula.ge/ge/story/74728-akaki-minashvili-ruseti-chamorchenili-saxelmtsifoa; ბოლო ნახვა, 14 ოქტომბერი, 2014.

8. ლიბერალი, 2012. პატარა ბეკეკა და დიდი დიპლომატია. ინტერნეტი.
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113468/; ბოლო ნახვა, 14 ოქტომბერი, 2014.


















0
555
შეფასება არ არის
ავტორი:თეონამჭედლიძე
თეონამჭედლიძე
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0