x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა გახდა შემომავალი საერთაშორისო ზარების გაძვირების მიზეზი?

imageსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ქვედა ზღვრული ტარიფი დააწესა. ამ გადაწყვეტილების შედეგად ზარის ღირებულება გაძვირდა, უმეტეს შემთხვევაში 100%-ითაც კი.

კომისიის ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.20 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა (ადრე 10 ცენტი იყო). სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა (მანამდე 5 ცენტი ღირდა).



რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი უსადენო თუ სადენიანი ქსელი არ გააჩნიათ და ეწევიან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, ასეთი კომპანიებისთვის უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფად დადგინდა 0.16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო სადენიანი (ფიქსირებული) ქსელისმფლობელი ოპერატორის ქსელში - 0.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.



კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სწარფადვე განმარტა საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდის მიზეზებიც. როგორც კომისიაში აცხადებენ, უცხოელ ოპერატორებს საქართველოში დარეკვა 3 ცენტი უჯდებათ, თუმცა აბონენტებს 50 ცენტს ახდევინებდნენ, რის გამოც ჩვენი ოპერატორები მუდმივად მინუსში იყვნენ - უცხოეთში დარეკვისას ბევრის გადახდა უწევდათ, ხოლო თავად ცოტა თანხა შემოსდიოდათ.



კომუნიკაციების კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის ინფორმაციით, კომისიამ სხვა ქვეყნების მაჩვენებლები შეისწავლა და მათი გამოცდილება ყურად იღო.



„სხვა ქვეყნების მაჩვენებლები შევისწავლეთ. ამ კომპანიებს გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი ჰქონდათ, ვიდრე საქართველოში ღირდა. ზარის დასრულება მობილურ ქსელში 10 ცენტი, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 5 ცენტი იყო, რაც საქართველოდან სახსრების გადინებას განაპირობებდა. კომისიაში საერთაშორისო ოპერატორების მომართვა იყო, რომ ეს საკითხი კომისიას შეესწავლა და ტარიფი გაეზარდა, რაც განვახორციელეთ და საერთაშორისო ოპერატორების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ“, - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.



კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საერთაშორისო შემომავალ ზარებზე კომისიის მიერ ახალი დროებითი რეგულაციის დადგენის შემდეგ, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში უნდა შეადგინოს 103, 5 მლნ ლარი, მათ შორის, მობილურ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 86, 8 მლნ ლარი; ფიქსირებულ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 16, 7 მლნ ლარი.



მათი თქმით, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაცია ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საქმიანობა შეუძლია განახორციელოს როგორც საკუთარი ქსელის მფლობელმა ოპერატორმა, აგრეთვე პირმა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი მობილური ან ფიქსირებული ქსელი.



საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირები დღეს საქართველოში შემდეგი კომპანიები არიან: “მაგთიკომი”, “ჯეოსელი”, “მობიტელი”, “სილქნეტი”, GTC, Premium Net International S.R.L., SKCommunication, aleqs developmenti, “ახალი ტექნოლოგიები”, “გლობალერთი”, “ინტელფონი”, “კავკასუს ონლაინი”, “ლაგი”, “მაიფონი”, “ნიუ ვიჟენი”, “სერვისნეტი”, “სისტემნეტი”, “სმარტლაინი”, “ჯეონეთი”.

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0