x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ნათელა, ქრისტე აღსდგა!

დავჯექ სანთლის წინ... რაჭაში არც ისე ხშირი სტუმარი ვარ. ზაფხულობით თუ ჩავდივარ,
ისიც რამდენიმე კვირა. უცებ მოვესიყვარულები ჩემს სოფელს, ბებიებს, ბაბუებს და მაშინვე გამოვიქცევი თბილისში, მაგრამ ხეტიალს, ძველ ნივთებში ქექვასაც ვასწრებ... ერთ-ერთ ჩასვლაზე გადავწყვიტე შედარებით მაღალმთიანი სოფლები დამელაშქრა. ბევრი ვიარე, თუ ცოტა, თავი ამოვყავი ჩემთვის უცნობ სოფელში, სახელად გულიანთა, რომლის მოსახლეობა სრულებით გაკრეფილიყო. ძველი ხის რამნდენიმე სახლი იდგა... ფოტოები გადავიღე, გულისყურით დავათვალიერე, ზოგს ბოქლომი ედო, ზოგი ნახევრად ჩამოშლილიყო, ზოგსაც კარებზე ფიცარი ჰქონდა დაჭედებული ჯვარედინად. ერთ-ერთი სახლის კარი კი ღია იყო, დავაკაკუნე, მაგრამ ხმა არავინ გამცა... შემდეგ შევაღე... სახლში არავინ იყო. მხოლოდ ასეთი სურათი დამხვდა: პატარა ფეჩი, ნიკელის პრუჟინებიანი საწოლი, ზედ დაჯიჯგნილი, გამხმარი ლეიბი. ოთახის შუაში პატარა მაგიდა იდო, რომელსაც ფეხი მომტყდარიყო, და სამი ხის სკამი. მაგიდაზე გაყვითლებული ფურცლები და ვერცხლისფერი კალამი იდო. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, გავბედე და ფურცლები ხელში ავიღე, მტრით სავსეს სული შევუბერე: „დავჯექ სანთლის წინ, ნოემბრის საღამო ხანს და ..." - კითხვა მეგობრებმა შემაწყვეტინეს, რომლებიც უკვე დაღლილიყვნენ ჩემი ლოდინით. სასწრაფოდ ჩანთაში ჩავაწყვე ხელნაწერები, გარეთ გავედი და მეგობრებს შევუერთდი.მთელი ლაშქრობის განმავლობაში წამითაც არ გამხსენებია ეს ფურცლები.

საღამოს დავბრუნდით სახლში. როცა ჩემი ჩანთის ამოლაგება დავიწყე, ის ფურცლები შემრჩა ხელში. საწოლზე მოვკალათდი და დავიწყე კითხვა:


„დავჯექ სანთლის წინ, ნოემბრის საღამო ხანს და ვწერ იმას, რასაც ეს გული ვეღარ იტევს. ადამიანს, როცა უკვე აღარაფერი დამრჩენია ამ ქვეყანაზე, სიკვდილსა ვნატრობ. არავინ ხმის გამცემი მე აღარა მყავს. კალამი და ფურცელი გამხდარა ჩემი ამხანაგი 4 ფიცრამდე. რაც აქამდე მაცოცხლებდა, ჩემი შვილის დაბრუნების იმედი იყო, მაგრამ მას შემდეგ თითქმის ოთხმა წელმა განვლო... ჩემი ერთადერთი შვილი გიორგუნა 2008 წელს რუსებს ებრძოდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. დედის გულს არ უნდოდა დაეჯერებია ბოვშვის სიკვდილი, ყოველ ღამე, ფანჯარაში სანთელს ვტოვებდი ანთებულს, ვინიცობაა და ჩემი შვილი ჩამოვიდეს. შუა ძილშ ვიღვიძებდი და კერიას ვუნთებდი, ბოვშვი რო მოვიდეს-თქვა. მა, ახლა? ახლა, რომა, მისი დაბრუნების იმედიც აღარა მაქვს?! ოჯახი მაინც მოესწრო იმ დალოცვილს, შვილი ხომ დარჩებოდა. იმ ავბედითმა ომმა, სისხლის ღვრამ, მოუღო ჩემს შვილსა და ჩემს გულს ბოლო! აღარა ვარგივარ ადამიანად! მთელ სოფელში მარტო მე დავრჩი. დავეხეტები ერთადერთ მარჩენალ „ვარდიასთან“ და „მურიასთან“ ერთად გახრიოკებულ სოფელში, იქნება და წავაწყდე ვისმე სულიერს. ეს სამგლეც შემომჩერებია შველის თვალებითა, ძაღლიც კუდის ქიცინით დამყვება. ადრე მეზობლად კოტე მაინც მყავდა, მარა ის საწყალიც ხელში ჩამაკვდა 3წლის წინ. აღდგომის დღეები იყო. მახსოვს, დიდი თოვლი მოვიდა იმ წელს. სანთელი დავანთე და ღმერთს შევთხოვდი შვილის დაბრუნებასა, რომა კარი შემოაღო, სათვალე გავიკეთე, მევთქვი ღმეთმა სასწაული, ხო არ მოახდინა, ბოშუკა ხო არ დამიბრუნათქო, მარა კოტემა შემოაღო კარი, ეს არი ჩემი ბოლო მოგონება, ადამიანთან ლაპარაკისა:

- ნ-ნ-ათელა! ქრისტე აღსდგა!

- ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად
აღსდგა!

სულ გათოშილიყო, შარვალი სველი ქონდა, კალოშები ტალახიანი.
შემეცოდა და ვუთხარი:

- მოდი შე კაცო, რავა კარებში დამდგახარ.


- ნ-ნ-ნათელა, ქრისტე აღსდგა!

- ჭეშმარიტად აღსდგა, ჭეშმარიტადთქვა! რავა, ვერ გაიგე?
ვი, ბეჩა, შემოდი, ჩემო!


თავი მაღლა აეწია, რაღაცას გაშტერებოდა, თეთრმა წვერმა თითქოს სახე გაუნათაო, სინათლემ გადაკრა წამში, მერე პოლზე დაეცა. შევკივლე, მარა ვინ გეიგონებდა რასმეს. მე დავიტირე ის საცოდავი და მევე დავასაფლავე.
თუმცა საცოდავი ის კი არაა, მე ვარ, რომ არავინ დამიტირებს, როიღაცა მოვკვდები.


რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, სულ მარტო ვარ სოფელში, ძაღლი, რომ აყეფდება გავვარდები, იქნება ვინმე მოვიდა-თქო, მარა ტყუილად, შემოვტრიალდები ისევე უკან, თავჩაქინდრული, ყოველჯერზე გულში თითქოს რაღაც ჩამიწყდეს. დამტანჯა წუთისოფელმა, რამდენი უნდა მატკინოს, ვეღარ ვუძლებ, ვეღარა! შვილდაკარგულ დედას ტკივილები გვიან მიყუჩდება, გვიან...

თავს ვეუბნები: შვილი ქვეყნისათვის გმირულად მაინც დაკარგეთქვა!
მარა, მერე უფრო ვტირივარ. რა დავაშავე ამისთანა, ღმერთო, რომ ასე მწარედ მსჯი?! რა დაგიშავა სოფელმა, სულ, რომ გახიზნე აქედან?! ან შენმა კურთხეულმა ქვეყანამ რა შესცოდა ამისთანა სისხლის ღვრას რო აღარ უჩანს ბოლო! ვაი, ჩემო შვილო, ჩემო ქვეყანავ! ოღონდ ღმერთო, ქვეყანას გასაჭირი და ბოროტი აშორე და ჩემი ტანჯვა საუკუნე გააგრძელე, ოღონდ მოახდინე სასწაული და შვილიც დააბრუნე შინ.

ვაი, შენ ჩემო თაო, მარტო ძროხა, რომ შემოგღმუვლა და შორიდან მგლები გემუქრებიან, კარგად შეინახე, თვარა მაგასაც წაგართმევთო! ერთადერთი ჩემი შვება, სიკვდილი იქნება, მარა ვაი, რომ ეგეც არსად ჩანს..."


კითხვა, რომ დავასრულე, მხოლოდ მაშინ მივხვდი ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა სახეზე. ფურცლები დავკეცე, ჩანთაში ჩავაწყვე და აბარგება დავიწყე.
მორჩა, გათავდა, ხვალ ისევ თბილისს დავუბრუნდები!
...მეჩქარებოდა... თითქოს მინდოდა რაღაცას გავქცეოდი, მაგრამ ისე, როგორც სიზმარშია - მივრბოდი და თან ერთ ადგილს ვტკეპნიდი…

2
73
7-ს მოსწონს
ავტორი:უცნობი რეპორტიორი
უცნობი რეპორტიორი
73
  
2015, 18 აპრილი, 11:41
მეც ცრემლი მომადგა... :(
0 1 2