x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქურდული ტრადიციები – ყველა დროის ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდები"

imageმრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში გაბატონებული იყო ქურდული მენტალიტეტი. ქურდული ტრადიციების მატარებლებს შეხვდებოდით ქუჩებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ჯარში და თითქმის ყველა სოციალურ ფენებში. დღეს როგორც არასდროს, აქტიურად განიხილება საქართველოში ქურდული სამყაროს რეინკარნაციის შესაძლებლობა. ვიდრე რაიმე პროგნოზს გავაკეთებდეთ, გვსურს წარმოვადგინოთ ქურდული სამყაროს მოკლე აღწერა.
ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი, კანონიერი ქურდების წინამორბედებად ეწ ჟიგანებს[1] მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასიური რეპრესიების პირობებში, კონცენტრაციული ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და მასიური ბუნტებისგან თავის დასაღწევად საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველი არსებობა. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში ლომის წილი შეიტანეს ოდესელმა კრიმინალებმა, მოშე-იაკობ ვინიცკიმ (მიშკა იაპონჩიკი[2]) და ნაფტალი ფრენკელმა. ეს უკანასკნელი НКВД-ს გენერალი და იოსებ სტალითან დაახლოებული პირი იყო.
ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია როგორც სასჯელარსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. ქურდული იერარქიის სათავეში დგას კანონიერი ქურდი. მას შავ სამყაროში აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნია. ქურდული კანონების მიხედვით, ყველა ქურდი ერთმანეთის თანასწორია, თუმცა რეალურად ქურდთა შორისაც არსებობენ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ქურდები (ეწ всесоюзные воры). კანონიერი ქურდები შექმნილ ვითარებას, გავლენის სფეროების გადანაწილებასა და ქურდულ კანონებში კორექტივების შეტანას საგანგებო შეხვედრებზე („სხადნიაკებზე“) ახდენენ. შავი სამყაროს იერარქიულ კიბეში მეორე ადგილას დგანან ეწ „კაი ბიჭები“ – ქურდული ტრადიციების მიმდევარი პირები. „კაი ბიჭები“ რამდენიმე ქვეკატეგორიად იყოფიან: მომავლები – პირები, ვინც კანონიერი ქურდობისკენ ისწრაფვის, მაყურებლები – პირები, რომელნიც ამა თუ იმ კანონიერი ქურდის დავალებით აკონტროლებენ მათთვის განკუთვნილ ტერიტორიას, „ტორპედოები“ – კანონიერი ქურდების მძიმე დანაშაულებრივი დავალებების უშუალო შემსრულებლები. „კაი ბიჭების“ შემდეგ, ეწ „მუჟიკები“ ან „ვაჟკაცი კაცები“ მოდიან. აღნიშნული პირები პატივს სცემენ კანონიერ ქურდებსა და ქურდულ ტრადიციებს, თუმცა აგრეთვე ცხოვრობენ ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებითა და თავს ირჩენენ ლეგალური შრომით. ქურდულ იერარქიაში შემდეგ საფეხურზე დგას ეწ „პეხოტა“ – პირები, ვისთვისაც უცხოა ქურდული ტრადიციები, თუმცა ამავდროულად მათი არსებობა ხელს არ უშლის შავ სამყაროს. ქურდულს სამყაროში ყველაზე დაბალ საფეხურს „გაფუჭებული“ ადამიანები წარმოადგენენ. აღნიშნულ საფეხურსაც რამდენიმე ქვეკატეგორიასა გააჩნია: „ძაღლები“ – ძალოვანი უწყებების მოქმედი თუ ყოფილი მუშაკები, „ნასედკები“ – ძალოვანი უწყებების ფარული თანამშრომლები, „პრაშლიაკები“ – ყოფილი კანონიერი ქურდები და ყველაზე დაბალი საფეხური – ეწ „ქათმები“. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ კანონიერი ქურდების დავალებით პერმამენტულად ხორციელდება სექსუალური სახის ზეწოლა.
ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტს. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის.
საქართველოში ქურდულმა ინსტიტუტმა, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით სწრაფად და მასიურად მოიკიდა. ქურდული ტრადიციების მთავარი კერები იყო თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, სოხუმი და ფოთი. სამაგიეროდ, ქურდულმა კანონმა ვერ მოიკიდა ფეხი შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და საქართველოს მთიანეთში. შეიძლება ითქვას, რომ ქურდული მენტალიტეტი მხოლოდ ურბანულ და ინდუსტრიულ ზონებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ასეთ ზონებში სხვა რეგიონებთან შედარებით, მეტი ფინანსური აქტოვობა და მეტი ჩრდილოვანი ბიზნესი (ეწ „ცეხოვიკები“) იყო, რაც ქურდული ტრადიციების განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. მეტიც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საქართველოში მოხდა კანონიერი ქურდების საკრალიზაცია. კანონიერი ქურდი აღიქმებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ რაინდული თვისებების მქონე პირად. ქურდული ტრადიციები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქართულ საზოგადოებაში. მათი პოპულარიზება ხდებოდა კინოსა და მწერლობაშიც. ამან ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი მმართველი გახდა კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი. კანონიერმა ქურდებმა დიდი როლი შეასრულეს 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის განადგურებაში, კრიმინალის არნახულ გაზრდასა და ნარკოტიკების გავრცელებაში. მათ წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, ბევრი კანონიერი ქურდი საქართველოში ძალოვან მინისტრებზე მეტ ზეგავლენას ფლობდა.
დღეს ქართველი კანონიერი ქურდები ორ ძირითად დაჯგუფებად იყოფიან – თბილისური და ქუთაისური. თბილისური დაჯგუფების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ზაქარია კალაშოვი („შაქრო მალადოი“), ასლან უსოიანი („დედ ხასანი“), ლაშა შუშანაშვილი („პავლოვიჩი“, „ლაშა ტოლსტი“) და ვატო ყიფიანი[3]. ქუთაისურ კლანში კი მოიაზრებიან ტარიელ ონიანი, მერაბ გოგია („მელია“), ბადრი კოღუაშვილი („ბადრიკ ქუთაისსკი“) და სხვები. აღნიშნული კლანები ერთმანეთს ეცილებიან გავლენის სფეროებისა და ბიზნესინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და ევროპაში. არსებობს გოვინრული ეჭვი ქართველი კანონიერი ქურდების რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. მაგალითად, ავტორიტეტული თურქული გაზეთები „Zaman“ და „Huriyet“ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი და ასლან უსოიანი (ეთნიკური ქურთები-იეზიდები) რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით აფინანსებდნენ სეპარატისტულ ორგანიზაცია ქურთების მუშათა პარტიას. აგრეთვე, ქართველი კანონიერი ქურდები სხვა საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით დაუბრკოლებლად გადაადგილებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამ გონივრულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს.
საქართველოში კანონიერი ქურდებისა და ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო 2005 წელს, როდესაც მიღებულიქნა კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონის თანახმად, დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა და კანონიერი ქურდობა. აგრეთვე, ქურდული სამყაროს წევრების ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებისთანავე, დაიწყო ბრძოლა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, თუმცა დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა ქურდული სამყაროს წელში გადატეხა. ამის მიზეზი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და გარეთ მყოფ კრიმინალებს შორის უყვეტი კავშირის არსებობა იყო. იმჟამინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი კოტე კემულარია ვერ ახერხებდა კანონიერი ქურდების მიმართ მკაცრი ზომების გატარებაც. მეტიც, იგი უძლური იყო შავი სამყაროს მიერ წამოყენებული ულტიმატუმების წინაშე. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო პატიმრობაში მყოფი კანონიერი ქურდის ალექსანდრე ქურასბედიანის („წრიპა“) ვიზიტი ჭრელ აბანოში ბადრაგის თანხლებით. ამ ინციდენტის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა 24 წლის უფლებადამცველი ბაჩო ახლაია. მან დაიწყო სასჯელარსრულების დეპარტამენტში სასიცოცხლო რეფორმების გატარება, რამაც დიდწილად განაპირობა ქურდული სამყაროს წელში გადატეხა. ამ რეფორმათაგან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი რეფორმები:
ყველა პატიმრობაში მყოფი კანონიერი ქურდისა და კრიმინალური ავტორიტეტის დანარჩენი პატიმრებისგან და გარე სამყაროსგან იზოლირება.
შედარებით ნაკლები ავტორიტეტის მქონე ქურდული ტრადიციების მიმდევრების იზოლირება ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისგან.
ციხეებზე მკაცრი ადმინისტრაციული რეჟიმის დამყარება და ყოველ ქუდული ტრადიციის გამოვლენაზე (აზარტული თამაშები, ქურდული გარჩევები, „საერთოს“ შეგროვება, ადამიანის გაუპატიურება…) დამატებითი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სასჯელი.
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ნივთების შეგზავნის მკაცრი შეზღუდვა და ფილტრაცია, რამაც ფაქტიურად ამოძირკვლა ციხეში ნარკომანია.
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის წახალისება პრემიებით, ღირსების ორდენებითა და დაწინაურებით.
ახალი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მშენებლობა და აწ არსებულების კაპიტალური რემონტი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების შემოღება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრის კონტროლი თანამედროვედ აღჭურვილი სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის მიერ.
პატიმრების პირობების (საძინებელი, საკვები…) მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
პატიმართა შორის ნაღდი ფულის ბრუნვის აღკვეთა და სპეციალური ელექტრონული ბარათების შემოღება.
ყოველივე ამან, ქურდულ სამყაროს დიდი ზიანი მიაყენა. რეფორმებზე შავი სამყაროს რეაქცია მყისიერი იყო, რაც გამოიხატა ბუნტით ორთაჭალის ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ქურდული სამყაროს წევრებს ორთაჭალის ციხეში ცეცხლსასროლი იარაღიც გააჩნდათ, ბუნტის აღკვეთა მაინც მოხერხდა. შავი სამყაროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიხვეწა. დაინგრა ქურდების მიერ საქართველოში შექმნილი კრიმინალური პირამიდა და საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად იქცა.ხელისუფლების ცვლილების ფონზე, ჩვენთვის უცნობია მისი მიდგომა ქურდული სამყაროს მიმართ. ერთის მხრივ, ახალი მთავრობა სიტყვიერად გმობს ქურდულ სამყაროს და მას ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს, მეორესმრივ კი მაშტაბური ამნისტიის შედეგად ბევრი ქურდული ტრადიციის მიმდევარი დაუბრუნდება ქართულ საზოგადოებას, რაც შავი სამყაროს დანაშაულებრივი სისტემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ერთი რამ ფაქტია, ქურდული სამყაროს გავლენა ქართულ საზოგადოებაზე შემცირდა, თუმცა თავად ქურდული სამყარო არ განადგურებულა, ის დღესაც არსებობს და ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მზადაა გაორმაგებული ძალებით მოიკიდოს ფეხი საქართველოში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კონკურენცია ნაკლებია, ხოლო დოვლათი კი მეტი ვიდრე 90-იან წლებში.
[1] ჟიგანი – მეფის რუსეთის დროინდელი მომპარავები და თაღლითები, რომელთაც საკუთარი დაუწერელი კანონები გააჩნდათ
[2] არ შეგეშალოთ ვიაჩესლავ ივანკოვში, რომელსაც ასევე იაპონჩიკს უწოდებენ
[3] ვატო (ვახტანგ) ყიფიანი კანონიერი ქურდი არ არის, თუმცა გააჩნია დიდი გავლენა კრიმინალურ სამყაროში

0
2302
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
2302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0