x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ტორტი "დობოში" - უნგრული კულინარიის შედევრი! (დეტალური რეცეპტი)
image"დობოში" ტრადიციული უნგრული ტორტია, რომელიც 6 ფენის, შოკოლადის კრემისა და კარამელისგან შედგება. ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ეს იყო იმპერატორ ფრანც იოსებ I-ის მეუღლის, დედოფალ ელიზაბედ ბავარიელის საყვარელი დესერტი.


ტორტს სახელწოდება მისივე ავტორის, უნგრელი კონდიტერის, იოჟეფ დობოშის პატივსაცემად დაერქვა. ეს ტორტი დობოშმა პირველად 1885 წელს უნგრეთში გამართული ნაციონალური გამოფენისთვის მოამზადა. პროდუქტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მინიმუმ 10 დღე ინახება და არ ფუჭდება. იმ დროისთვვის, როცა მაცივარი თანამედროვე გაგებით, არ არსებობდა, ეს თვისება განსაკუთრბით მნიშვნელოვანი იყო. თავისი შედევრის რეცეპტი ავტორმა 1906 წელს გაასაჯაროვა.


უნგრეთში, ქალაქ სენტენდრში კონდიტერ დობოშის მუზეუმიც ფუნქციონირებს.


მაშ ასე, შევუდგეთ უნგრული "დობოშის" მომზადებას.



ინგრედიენტები (24 სმ. დიამეტრის ტორტისთვის)


ფენებისთვის:


340 გ. კარაქი, ოთახის ტემპერატურის
340 გ. შაქარი
12 კვერცხი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
მარილი
1 ლიმონის ცედრა
225 გ. გაცრილი ფქვილი
140 გ. ნუშის ფქვილი


სიროფისთვის:


160 მლ. წყალი
85 გ. შაქარი
45 გ. გლუკოზა

სურვილისამებრ, ცოტა ლიქიორი


შოკოლადის კრემისთვის:


460 გ. კარაქი ოთახის ტემპერატურის
200 გ. შაქარი
40 მლ. წყალი
7 გ. გლუკოზა
2 კვერცხი
1 კვერცხის ცილა
მარილი
ვანილი
340 გ. შავი შოკოლადი


კარამელისთვის:


200 გ. შაქარი
80 მლ. წყალი
15 გ. კარაქი



მომზადება:


ფენები:

1. ავთქვიფოთ კარაქი და ნახევარი შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
2. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები. შევათქვიფოთ ვანილი, მარილი და ცედრა.


image

3. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, შევურიოთ დარჩენილი შაქარი და ვთქვიფოთ მყარი მასის მიღებამდე.

image


4.ფრთხილად შევურიოთ ცილები გულების მასას. ერთმანეთს შევურიოთ ხორბლის და ნუშის ფქვილი და ჩავყაროთ კვერცხის მასაში. რამდენჯერმე ამოვურიოთ (დიდხანს რევა არ შეიძლება).

image

5. პერგამენტის ფურცლებზე შემოვხაზოთ 24 სმ. დიამეტრის 6 წრე. ექვსივეზე გადავანაწილოთ ცომი. თითოეული ფენა გამოვაცხოთ 220 გრადუსზე 8 წთ. გავაგრილოთ. მოვაშოროთ ქაღალდი. 1 ფენა ჩამოვჭრათ ისე, რომ 22 სმ. დიამეტრის დარჩეს (ეს იქნება ზემოდან დასადებად).


image


მოვამზადოთ კრემი:


1. შოკოლადი გავალღოთ ორთქლზე და ოდნავ გავაგრილოთ.

2. კარაქი ავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

image

3. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვათავსოთ წყალი, შაქარი და გლუკოზა. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 115 გრადუსამდე.
4. სანამ სიროფი მზადდება ავთქვიფოთ კვერცხი, კვერცხის ცილა, მარილი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. სიროფი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დაველოდოთ 10 წამი და წვრილ ნაკადად ჩავასხათ კვერცხის მასაში, თან ვთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე. როცა სიროფს სულ ჩავასხამთ, გავაგრძელოთ თქვეფა მაქსიმალურ სიჩქარეზე, სანამ მასა სრულიად არ გაცივდება.

image

6. შევურიოთ კარაქი და მინიმალური სიჩქარით ვთქვიფოთ.

image7. გამოვყოთ კრემის 1/3 და სწრაფად შევათქვიფოთ შოკოლადი. შემდეგ კი მიღებული მასა მთლიან კრემში შევათქვიფოთ.

imageimage
8. მიღებული კრემიდან დაახლოებით 100 გ. გადავდოთ, დარჩენილი რაოდენობა გავყოთ 5 ნაწილად.


კარამელის მომზადება:


1. შაქარი და წყალი მოვათავსოთ სქელძირიან ჭურჭელში, დავდგათ ცეცხლზე სანამ შაქარი არ გალღვება და სიროფი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.

2. გადმოვდგათ და შევურიოთ კარაქი. მიღებული კარამელი გადავანაწილოთ პატარა ფენაზე. გავჭრათ ფენა 12 ნაწილად. ეს ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად, სანამ კარამელი გამაგრდება.


image

სიროფის მომზადება:


ჯამში ერთად მოვათავსოთ წყალი, შაქარი და გლუკოზა. მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ რამდენიმე წამი და გამოვდგათ. გავაცივოთ. თუ გვსურს, შევურიოთ ლიქიორი.


ტორტის აწყობა:


1. ტორტს ავაწყობთ შემდეგი თანმიმდევრობით: ფენა+სიროფი+კრემი და ა.შ. ხუთივე ფენისთვის. გვერდებს მოვასწორებთ კრემით და მივაყრით ნუშის ფანტელს (ან სხვა რამეს, სურვილისამებრ).


imageimage
2. გადადებული 100 გ. კრემს მოვათავსებთ საკონდიტრი ტომარაში და ტორტის თავზე 12 ცალ ზოლს გავაკეთებთ (ცენტრიდან კიდეებისკენ). თითო ზოლზე "დავაწებებთ" თითო ნაჭერ კარამელიან ფირფიტას.

3. ტორტს შევდებთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს კი "დობოში" მზადაა.


imageimageimage





3
399
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
399
  
2015, 16 მარტი, 14:08
ბისკვოტის ცომით არ იქნება კარგი, ჩვეულებრივ ტორტს დაემსგავსება,,როცა მოვიცლი, აუცილებლად ვცდი
2015, 16 მარტი, 14:02
ხო, მართლა საინტერესოა როგორი გამოვა. ეს ყველაზე რთული რეცეპტია და ორიგინალთან დაახლოებული. ისე ჩვეულებრივ, უკარაქო ფენებსაც აკეთებენ, მაგრამ არა მგონია ივარგოს.
2015, 16 მარტი, 13:15
უნდა ვცადო, ვნახოთ რა გამოვა,.თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მშრალი იქნება ძალიან
0 1 3