x
image
worldsport.ge
ალექსანდრე ჩივაძე: “ოგანესიანი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო”

image10 მარტს ერევანში მსოფლიოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელიც ცნობილი სომეხი ფეხბურთელის ხორენ ოგანესიანის 60 წლისთავს ეძღვნება. სომხეთის დედაქალაქში თბილისის “დინამოს” ვეტერანები ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი და ოთარ გაბელია მიიწვიეს. ერევანში გამგზავრებამდე ჩივაძემ ინტერვიუ ინტერნეტპორტალ sport.mediamax.am-ს მისცა.
- თბილისის “დინამოს” ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ერევანში ჩასვლას და ხორენ ოგანესიანის 60 წლისთავის აღნიშვნას აპირებთ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს “დინამოსა” და “არარატის” დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული რატომ იყო?
- მეზობლებს შორის ყოველთვის ასეა, როდესაც მოედანზე გიწევს დაამტკიცო ვინ უფრო ძლიერია. მაგალითად, იგივე ტაშკენტის “ფახთაქორსა” და ალმატის “ქაირათს” შორის დაძაბული მატჩები იმართებოდა. ასე რომ სპორტულ დაპირისპირებაში გასაკვირი არაფერია. სხვა საქმეა, რომ თამაშების შემდეგ, მეტოქეს პატივს ვცემდით და დანარჩენი მოედანზე რჩებოდა.
ერევანში ყოველთვის მაღალ დონეზე გვმასპინძლობდნენ. სხვაგვარად როგორ იქნებოდა? თავად თბილისის ძველ რაიონში “ნახალოვკაში” “იტალიურ ეზოში” გავიზარდე. ეროვნების განურჩევლად რუსებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და ბერძნებთან ვმეგობრობდი. კარიერის დასრულების შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მე და ხორენი კვლავაც ვმეგობრობთ.
თუ რაიმე საორგანიზაციო მომენტი ხელს არ შეგვიშლის, ერევანში თენგიზ სულაქველიძესთან, ოთარ გაბელიასთან და ვლადიმერ გუცაევთან ერთად აუცილებლად ვითამაშებ. ხორენმა პირადად მიგვიწვია.
- ხორენ ოგანესიანის სათამაშო კლასს როგორ შეაფასებთ?
- ოგანესიანი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო. მის მისვლამდე “არარატში” ნამდვილი თანავარსკვლავედი თამაშობდა. “დინამოში” 1974 წლიდან გამოვდიოდი და ყველა ერევნელი მოთამაშე კარგად მახსოვს. საუცხოო ფეხბურთელები იყვნენ – მარქაროვი, ანდრეასიანი, ზანაზანიანი, იშტოანი, ბონდარენკო. ამის შემდეგ თაობათა ცვლა დაიწყო და ხორენს გუნდი პრაქტიკულად მარტო მიჰყავდა. ის ნამდვილი ლიდერი იყო. ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში მნიშვნელოვანი გოლები გაუტანია.
- ესპანეთში 1982 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთად ითამაშეთ. საბჭოთა კავშირის ნაკრებს უკეთ გამოსვლა შეეძლო?
- ჩემი აზრით, 1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო იყო, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა. პირველ ყოვლისა, ხელი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის - ლეონიდ ბურიაკის, ვაგიზ ხიდიატულინის და დავით ყიფიანის ტრავმებმა შეგვიშალა. რა თქმა უნდა, გაუგებარი იყო, რომ ნაკრებს მწვრთნელთა ტრიო ხელმძღვანელობდა – კონსტანტინ ბესკოვი, ნოდარ ახალკაცი და ვალერი ლობანოვსკი.
- ამჟამინდელი სომეხი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- რა თქმა უნდა, გენრიხ მხითარიანს. ფეხბურთისადმი მის პროფესიულ დამოკიდებულებას ვხედავ. ასევე, აღსანიშნავია მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი იურა მოვსისიანი.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0