x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დედის გზა" - ემოციური იგავი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ!
image

ახალგაზრდა ქალმა თავისი ახალშობილი შვილი ხელში აიყვანა და გაიფიქრა: "რა ბედნიერი ვარ, ნეტა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება?"


"დედობის გზა გრძელი და რთულია. მაგრამ იცოდე, გზის ბოლო უკეთესი იქნება, ვიდრე დასაწყისი." - უპასუხა ანგელოზმა.


მაგრამ ახალგაზრდა დედას ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დიდი ბედნიერება: ეთამაშებოდა შვილებს, ხარობდა მათთან ერთად, მზეც მხიარულად დაჰნათოდათ თავზე...


"არა, არაფერი შეიძლება იყოს ამ ბედნიერ წლებზე უკეთესი!" - მთელი ხმით ყვიროდა ახალგაზრდა დედა.



და აი, დაღამდა, ქარბუქი ამოვარდა, სიბნელეში გზაც აღარ ჩანდა. ბავშვები შიშის და სიცივისგან კანკალებდნენ. დედამ გულში ჩაიკრა შვილები და თავისი საბანი დააფარა...


"დედიკო, აღარ გვეშინია, რადგან შენ ჩვენთან ხარ და ცუდი ვერაფერი მოხდება, " - თქვეს ბავშვებმა


გათენდა. წინ მთა დაინახეს და ასვლა დაიწყეს. ცოტა ხანში ბავშვები დაიღალნენ. დედაც დაღლილი იყო, მაგრამ ეუბნებოდა შვილებს: "მოითმინეთ, სულ ცოტაც და ავალთ". როცა შვილებმა მთის მწვერვალს მიაღწიეს, თქვეს: "დედა, ჩვენ ამას ვერასოდეს შევძლებდით უშენოდ".


და მაშინ გაიფიქრა დედამ: "ეს დღე უკეთესია, ვიდრე გუშინდელი, რადგან ჩემმა შვილებმა ნებისყოფის ძალა იგრძნეს და დაბრკოლებების გადალახვა ისწავლეს. გუშინ მე მათ სიმამაცე ვასწავლე, დღეს - ძალა".
მომდევნო დღეს შავი ღრუბლები გაჩნდა - ომის, სიძულვილის, ბოროტების ღრუბლები. ჩამობნელდა. შვილები სიბნელეში დედას ეძებდნენ...


და როცა იპოვეს, დედამ თქვა: "აიხედეთ ზემოთ, სინათლისკენ." ბავშვებმა აიხედეს და ბოროტი ღრუბლების მიღმა, ზემოთ, მარადიული სინათლე იხილეს. მიჰყვნენ მას და გამოვიდნენ სიბნელიდან.

იმ ღამით დედამ გაიფიქრა: "ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე ჩემს შვილებს ღმერთი დავანახვე".


გავიდა დღეები, თვეები, წლები. დედა მოხუცდა, მოიხარა. მაგრამ შვილები იყვნენ მაღლები, ძლიერები და მხნედ მიდიოდნენ ცხოვრების გზაზე.


და როცა გზა ძალიან გართულდებოდა, აიყვანდნენ ხოლმე დედას და ხელით მიჰყავდათ...ის ხომ ბუმბულივით მსუბუქი იყო...


როცა მთაზე ავიდნენ, უკვე დედის დაუხმარებლად დაინახეს ნათელი გზა და ფართოდ გაღებული ოქროს კარიბჭე.


და დედამ თქვა: "მე მივაღწიე ჩემი გზის დასასრულს. ახლა უკვე ვიცი, რომ ბოლო უკეთესია, ვიდრე დასაწყისი, რადგან ჩემს შვილებს თავად შეუძლიათ სიარული, მათ შვილებიც მათ მიჰყვებიან."


"დედა შენ ყოველთვის ჩვენთან იქნები, მაშინაც კი, როცა ამ ჭიშკარში შეხვალ, " - უპასუხეს შვილებმა.


იდგნენ შვილები და უყურებდნენ როგორ შევიდა დედა მარტო და როგორ დაიხურა მის ზურგსუკან ოქროსფერი კარიბჭე.


და თქვეს შვილებმა: "ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა, მაგრამ ის ისევ ჩვენთანაა. დედა - გაცილებით მეტია, ვიდრე მოგონება. ის მართლა ჩვენს გვერდითაა..."


დედა ყოველთვის შენთანაა: ფოთლების ჩურჩულია, ქუჩაში რომ თან გდევს; სურნელია, ახლად გარეცხილ შენს ტანსაცმელს რომ ასდის; გრილი ხელია, სიცხიანს შუბლზე ნეტარებასავით რომ დაგედება. დედა შენს სიცილში ცოცხლობს, ყოველ შენს ცრემლშია. დედა შენი პირველი სიყვარულია და პირველი მწუხარებაც..


და არაფერს ქვეყნად არ ძალუძს თქვენი დაშორება...


არც დროს, არც ადგილს...და არც სიკვდილს!


ნუ დაივიწყებთ დედებს!




1
1011
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1011
  
2015, 3 მარტი, 16:31
:(((((((((((((((((((((((((
0 1 1