x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
თანამედროვეობის "შავი ჭირი" - ტერორიზმი: ასასინებიდან "ალ - ქაიდამდე"
ტერორი, ანუ პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაშინება ძალადობის გზით, სათავეს უხსოვარ წარსულში იღებს. თუმცა კარგად ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის „პატივი“ სამართლიანად ეკუთვნის დღესაც ათასი ლეგენდის ბურუსში გახვეულ ჰასან იბნ საბაჰს, ოდესღაც ალამუთის ციხეთა კასკადის მრისხანე მბრძანებელს, თავზეხელაღებული ფიდაების (არაბ. თავგანწირული, საკუთარი თავის მსხვერპლად მიმტანი, პარტიზანი) ლეგიონების შემქმნელს და წინამძღოლს.


image


ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ ტრაგიკული დიდებულებით აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში – გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იულიუს ბრუტუსი იდგა. სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. მას შემდეგ ტერორისტთა ხელმა მრავალი მეფის, იმპერატორის, დამპყრობელი მხედართმთავრისა თუ სასტიკი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის მსხვერპლთა შორის იყვნენ ეროვნული თუ სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლნიც, დიდი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენიც. ტერორიზმის მიზეზი სხვადასხვა სახის სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური უსამართლობა გახლდათ. მას განაპირობებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა, ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის დაპყრობა.

554 წელს ბიზანტიელმა სტრატეგებმა მოკლეს ლაზთა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეფე გუბაზი. ეს ნამდვილი ტერორისტული აქტი იყო.


1090 წელს ჰასან იბნ საბაჰმა, თავის „თავგანწირულებთან“ ერთად, მოულოდნელი იერიშით აიღო მიუდგომელი ციხე-სიმაგრე ირანის ალამუთის მთებში, მერე მას სხვა ციხეები და მამულებიც მიუმატა და შექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ირანის სახელმწიფოში, რომელიც საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მაშინდელ კაცობრიობას.


image


„მთიელი პაპის“, ჰასან იბნ საბაჰის მიმდევრები საკუთარ თავს ასასინებს უწოდებდნენ. განათლებული მსოფლიო მათ დღესაც ამ სახელით იცნობს. მეთერთმეტე საუკუნის მიწურულს შიიტური ისლამის ისმაილიტურ მიმდინარეობაში დოგმატურ საკითხებზე წარმოიშვა მწვავე დაპირისპირება, რასაც ახალი ისლამისტური მიმდინარეობის, ასასინების შექმნა მოჰყვა.
ტრადიციულად, ტერმინ „ასასის“ წარმოშობას ჰაშიშს (არაბ. ნაზი, სურნელოვანი, მხიარული...) და ჰაშიშის მწეველს უკავშირებენ, რაც მთლად ზუსტი განმარტება არ უნდა იყოს. მართალია, არაბულ ენაში არის ზმნა „ჰაშშა“ (იყო მხიარული, იცინოდა), მაგრამ, ამავე დროს, არის ზმნა „ასსასა“ (დააფუძნა, ფუნდამენტი ჩაუყარა) და მისგან წარმოშობილი არსებითი სახელი „ასასი(უნ)“, რაც დამფუძნებელს, ფუნდამენტალისტს, მეთვალყურეს, დარაჯს, დამცველს ნიშნავს. სწორედ ამიტომ მიაჩნია ბევრ მეცნიერს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტის სინონიმად ქცეული „ასასინ“ ჰაშიშს და სიცილ-კისკისს კი არა, ისლამურ (ისმაილიტურ) ფუნდამენტალიზმს, სარწმუნოებისთვის უყოყმანოდ თავგანწირვის ურყევ რწმენას უნდა უკავშირდებოდეს.


image


XII საუკუნის დამდეგს ასასინების მოძრაობა გავრცელდა სირიასა და ლიბანში, სადაც ასასინები ჯვაროსნებს ებრძოდნენ. თანდათანობით ასასინების მეთაურებმა მიიტაცეს მათი ციხესიმაგრეების გარშემო მდებარე მიწები და ჩვეულებრივ ფეოდალებად იქცნენ. 1256 წელს მონღოლებმა ჰულაგუ-ხანის მეთაურობით აიღეს ალამუთის ციხე და მოსპეს ასასინები. ირანში, სირიასა და ლიბანში, 1273 წელს ასასინებს ბოლო მოუღეს მამლუქებმა ბაიბარს I-ის ხელმძღვანელობით.


image


თუმცა ასასინების მოსპობით მსოფლიო ტერორიზმის ისტორია როდი დასრულდა, მან ფრთები გაშალა მომდევნო საუკუნეებში. მეფეების, დიდებულების, მხედარმთავრების მკვლელობა ბრძოლის ერთ-ერთ სახეობად იქცა. შუა საუკუნეებში ტერორისტებს ემსხვერპლა ევროპის რამდენიმე მონარქი.


image


1901 წელს წარმოქმნილმა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად ტერორი გამოაცხადა. ესერებმა ასობით ტერორისტული აქტი განახორციელეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ: დიდი მთავარი სერგეი ალექსანდრეს ძე, შინაგან საქმეთა მინისტრები სიპიაგინი და პლევე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სტოლიპინი, გერმანიის ელჩი საბჭოთა რუსეთში – მირბახი… ესერი ქალის – ფანი კაპლანის მსხვერპლი კი ლამის ლენინიც აღმოჩნდა.


image


1917 წლიდან ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში დაიწყო ტერორიზმის ახალი, ყველაზე მახინჯი და საშინელი ფორმა – სახელმწიფოებრივი ტერორიზმი. ამ ფორმის შორეული წინაპარი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია გახლდათ. თვით ტერმინი “ტერორი” ფრანგული რევოლუციის პერიოდში დამკვიდრდა. რესპუბლიკის სათავეში მოსულმა იაკობინელებმა მოწინააღმდეგე მონარქისტთა დასამარცხებლად მასობრივ ტერორს მიმართეს. მალე ტერორმა, მასობრივთან ერთად, უაზრო სისხლისღვრის სახე მიიღო. რობესპიერი ამ მეთოდს უკვე პირადი ანგარიშსწორების იარაღად იყენებდა. წითელ ტერორს მონარქისტთა გააფთრება მოჰყვა და ისინიც ამოქმედდნენ. 1793 წლის 13 ივლისს ფრანგმა არისტოკრატმა ქალმა შარლოტა კორდემ დანით განგმირა იაკობინელთა პოპულარული ბელადი ჟან-პოლ მარატი.


image


გილიოტინამ იმსხვერპლა ზედიზედ იაკობინელთა მეთაურები: დანტონი, სენ-ჟიუსტი, თავად მაქსიმილიან რობესპიერი. XX საუკუნის დასაწყისში რუსმა ბოლშევიკებმა სახელმწიფო ტერორიზმი უმაღლეს რანგში აიყვანეს. საყოველთაოდაა ცნობილი, რა აურაცხელი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა ჯერ ლენინურ, შემდეგ სტალინურ რეპრესიებს. ტოტალურ რეპრესიათა სხვადასხვა ტალღას 20-25 მლნ კაცი შეეწირა. არანაკლებ კატასტროფული იყო ფაშისტური რეჟიმების ტერორის მასშტაბები.


image


კომუნისტურმა ტერორმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა აზიის კონტინენტზე, ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში. 1975 წლიდან კამპუჩიაში დამყარებული კომუნისტური რეჟიმის მეთაურმა პოლ პოტმა წამოიწყო ყაზარმული კომუნიზმის იდეის ძალდატანებითი განხორციელება. მაო ძე დუნის სასოფლო კომუნების სქემის მიხედვით მოსახლეობას მასობრივად ასახლებდნენ ქალაქებიდან სოფლებში ან მთიან ადგილებში და კომუნებს ქმნიდნენ. პოლ პოტმა და მისმა მომხრე ე. წ. წითელმა ქახმერებმა თავის მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. ისინი ფიზიკურად სპობდნენ ყველას, ვისაც მოწინააღმდეგედ ან აკვიატებული იდეისთვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. მექანიკური თანასწორობის დასამყარებლად პოლპოტელები სპობდნენ განსხვავებული აზრის თუ ჩაცმულობის, საკუთრების მქონე ადამიანებს. აიკრძალა კერძო საკუთრება, სიყვარულით დაოჯახება. ძალით აქორწინებდნენ მითითების მიხედვით. აიკრძალა რელიგია და ეროვნული უმცირესობის ენებზე ლაპარაკი. კამპუჩიის 7-8-მილიონიანი მოსახლეობიდან ერთ მესამედზე მეტი გაიჟლიტა. ამგვარი ევოლუცია განიცადა კომუნისტურ-პროლეტარული დიქტატურის იდეამ და პრაქტიკამ გერმანიიდან კამპუჩიამდე.


image


მეოცე საუკინის ბოლო წლებიდან განსაკუთრებით გააქტიურდა ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების მოქმედება. ХХ საუკინის 70-იანი წლებში რადიკალურმა მუსულმანმა სულიერმა ლიდერებმა დაიწყეს ქადაგება, რომ მტრისათვის თავი შეეწირათ მოწამეობრივი სიკვდილით. სწორედ ამ ქადაგებების და გავლენის შედეგი იყო ის, რომ 1981 წლის დეკემბერში ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ბეირუთში მდებარე ერაყის საელჩოში, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი გახდა ტერორიზმის ახალი ეპოქის დასაწყისი. მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტი 1983 წლის 23 ოქტომბერს განახორციელეს ამერიკის ჯარების საცხოვრებელ ყაზარმასთან და ფრანგული ჯარის ნაწილების შტაბ- ბინასთან ბეირუთში. ამის შემდეგ ტერორისტული აქტები თვითმკვლელი-კამიკაძეების მონაწილეობით ისლამისტური დაჯგუფებებისათვის ჩვეული ბრძოლის ხერხი გახდა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო 2001 წლის 11 სექტემბრს მომხდარი ტერორისტული აქტი აშშ-ში, კერძოდ, ტყუპი ცათამბჯენების აფეთქება, რასაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

image


თვითმკვლელ ტერორისტებად არცთუ იშვიათად გვევლინებიან ქალები. ქალი თვითმკვლელი ტერორისტები ინდივიდუალური მოტივებით მოქმედებენ. თუმცა რამდენიმე ასპექტი საჭიროებს ყურადღების გამახვილებას. ქალი ტერორისტები მამაკაც თვითმკვლელ ტერორისტებთან შედარებით, ნაკლებ ეჭვს იწვევენ საზოგადოებაში და უფრო მარტივად ახერხებენ სამიზნესთან მიახლოებას. ამასთანავე მათი სამოსი ხელს უწყობს ასაფეთქებელი საშუალებების შენიღბვას. ოჯახის წევრების დაკარგვა, როგორც მთავარი მოტივაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალი ტერორისტების ქმედებას. განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებებში დაქვრივებული ქალი თავს გრძნობს უიმედოდ და იზოლირებულად.2003 წელს 29 წლის პალესტინელმა მოსამართლემ თავი აიფეთქა ჰაიფას რესტორანში, 20 ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი კი დაშავდა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის ამ გადაწყვეტილებას ხსნიან შურისძიების სურვილით ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მისი ძმისა და საქმროს მოკვლის გამო.ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ახლობლის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ემოცია უბიძგებს ადამიანს გაიღოს თავისი სიცოცხლე შურისგების მიზნით.
ეს ტენდენცია ასევე ადვილი შესამჩნევია ჩეჩენი თვითმკვლელი ქალი ტერორისტების მაგალითზე. კრემლში მათ უწოდებენ „შავ ქვრივებს“. მათ გადაწყვეტილებას საკუთარი სიცოცხლე გაწირონ უმთავრესად საფუძვლად უდევს ქმრის, ძმების, მამისა თუ შვილების რუსული სამხედრო ძალების მიერ მკვლელობა. ქალების მიერ ამ ტაქტიკით მოქმედებას ასევე განაპირობებს კონკრეტული კულტურული ასპექტები. მაგალითად, ჩეჩნეთში ქალთა ინტენსიური თანამონაწილეობა სუიციდურ თავდასხმებში აიხსნება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ქალებს არსებული კულტურული ნორმები უკრძალავს ჩვეულებრივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას.


image


ყველაზე საშინელია ის ფაქტი, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად ახდენენ ბავშვების და მოზარდების აღზრდა - ჩამოყალიბებას თვითმკვლელ კამიკაძეებად. ასე, მაგალითად, 2006 წელს ისლამისტურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ჰამასმა" შექმნა საიტი ბავშვებისათვის (http://www.al-fateh.net), რომელშიც ქება - დიდებას ასხამენ მოზარდ-შაჰიდებს (ანუ თვითმკვლელ ტერორისტებს) და ბავშვებს მოუწოდებენ დაადგნენ შაჰიდის გზას.


image


დიდი ხმაური და აღშფოთება გამოიწვია მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში საფრანგეთში სულ ახლახან მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა . სროლა სატირული გამოცემის Charlie Hebdo-ს პარიზის ოფისში 7 იანვარს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაუყოვნებლივ უწოდა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა. ეს იყო საფრანგეთში მომხდარი ყველაზე შემზარავი მასიური მკვლელობა მას შემდეგ, რაც 1989 წელს კრისტიან დორნიემ 14 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ისლამისტი ტერორისტები აღაშფოთა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურული ნახატის გამოქვეყნებამ, რის გამოც ჟურნალის რედაქტორი, კარიკატურის ავტორები, სხვა თანამშრომლები და ერთი პოლიციელი მოკლეს თავდასხმის დროს.


image


ტერორის, უდანაშაულო ადამიანების ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტის გზით რაიმე პოლიტიკური წარმატების მოპოვება რომ წარმოუდგენელია, ეს მსოფლიო ისტორიამ ბევრჯერ დაამტკიცა - ყოველი ასეთი ქმედება თითქმის მყისიერად იწვევს შესაბამის უკუქმედებას, რომელიც, როგორც წესი, თავისი სისასტიკით ტერორისტების ქმედებებს აჭარბებს კიდეც. იმედია, ტერორისტული დაჯგუფებების მეთაურები და ამ გზით ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მქადაგებელნი გონს მოეგებიან და ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტენ ამ ბარბაროსულ, არაადამიანურ ქმედებას.


image

6
790
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
790
  
2015, 14 მაისი, 19:07
გასაგებია )
2015, 14 მაისი, 12:29
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/56954-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B/64/
2015, 14 მაისი, 12:29
მადლობა, რომ ჩემს სტატიებს აქტიურად ეცნობით. თუ რატომ არ დავწერე ვრცლად ამ სტატიაში კამიკაძეეებზე, ამას ამ ლინკის გახსნით მიხვდებით.
2015, 14 მაისი, 2:37
Kargi statiaa, gadasvlebi da safudzvlebi. Tumca titqos damaklda rom araferi iyo natqvami pirvel kamikadzeebze. Tviton sityvac da metodic iaponuria, meore msoflio omis periodis. Tan namdvili "gvtiuri qarebis" vajkacoba da mati qmedebis arsi da mizezi bevrad ufro girseulia, vidre im muslimi teroristebisa, avadmyofurad rom anadgureben axalgazrdebis azrovnebas jer, shemdeg ki fizikuradac spoben.
2015, 4 მარტი, 15:08
რას ვიზამთ, ასეა და...:)
2015, 4 მარტი, 14:06
ჰმ..ჯაჯანიძის საგანგებო განცხადებაა აქტუალური ამ ქვეყანაში
0 1 6