x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
მარხვა, როგორც სოციალური ფენომენი ქართულ სინამდვილეში

მარხვა ზოგადად გულისხმობს რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების, ასევე, არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვას. ქრისტიანულ სარწმუნოებაში მარხვა სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მარხვამ მიიღო რელიგიური სანქციის სახე, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებამ. მარხვის წესები მართლმადიდებლობაში საკმაოდ ძლიერია. სოციოლოგიური თვალსაზრისით, მარხვა არის რიტუალი, რომელიც ასრულებს რელიგიის ცერემონიულ ფუნქციას. საქართველოში რელიგიის ცერემონიული ფუნქცია საკმაოდ აქტიურად სრულდება. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული უქმედაა გამოცხადებული და ასეთი დღესასწაულების რიცხვი სამოქალაქო დღესასწაულებისას ბევრად აღემატება. სხვა საქმეა, ეს რელიგიური ცერემონიები და რიტუალები რამდენად ასრულებს იმ ფუნქციებს, რისთვისაც ისინი ჩამოყალიბდნენ.


მოვიშველიებ მერტონისეულ ფუნქციონალური ანალიზის მეთოდს და მოკლედ დავახასიათებ მარხვას, როგორც სოციალურ სტანდარტს.. მარხვის მონაწილე სუბიექტებს შეადგენენ განსხვავებული ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის, ძალაუფლების, სოციალური მდგომარეობის თუ განსხვავებული სიღრმის რწმენის მატარებელი ადამიანები, მათ შორის ისეთებიც, ვინც არ შეადგენს ეკლესიის
მრევლს; მარხვის ფუნქციონალურ შემცვლელად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, ლოცვა, მაგრამ იგივე ფუნქციის შემსრულებელი ალტერნატიული სტანდარტის მაგალითი ვერ მოვიძიე ქართულ საზოგადოებაში, რადგან მარხვა სულიერ განწმენდას ემსახურება, ქართულ საზოგადოებაში კი მეტ-ნაკლებად პროფანიზებულია და ხშირ შემთხვევაში დაიყვანება მხოლოდ გარკვეული ტიპის საკვების აკრძალვამდე; თუ მარხვის ემოციურ და რაციონალურ მნიშვნელობებს გავმიჯნავთ მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით, ემოციური ფუნქცია სულიერი განწმენდის განცდაა, რაციონალური კი - ნებისყოფის გამომუშავება: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდნენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა“. საქართველოს შემთხვევაში, აშკარაა, რომ არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაციონალური ფუნქცია კარგავს მნიშვნელობას, რადგან დღეს პრაქტიკულად არსებობს სამარხვოს შემცვლელი ყველა ტიპის საკვები, შესაბამისად მნიშნელობას კარგავს ემოციური ფუნქციაც; მარხვის სუბიექტური მოტივი ალბათ თითქმის ყველა შემთხვევაში ღვთისმსახურებაა, ობიექტურ შედეგად კი ნაცვლად სულიერი განწმენდისა, ხშირად ვიღებთ ზედაპირულად შესრულებულ რელიგიურ განაწესს, რომელიც მნიშვნელობას მოკლებულია. ცხადია ეს არ ეხება ყველა მოწმუნეს,
მაგრამ რელიგიური განაწესების ასეთი ფორმალური შესრულების მაგალითები მრავლად არის ქართულ სინამდვილეში.


ამრიგად, მარხვა, როგორც სოციალური ფენომენი ასრულებს რელიგიის რიტუალურ ფუნქციას, თუმცა, დღვანდელ ქართულ სინამდვილეში, ზოგ შემთხვევაში, მოწყვეტილია თავის საფუძველმდებარე დანიშნულებას, რის გამოც ფორმალურ ხასიათს იღებს. ეს ნეგატიურ ფუნქციას ასრულებს არა მხოლოდ რელიგიისთვის, არამედ, საზოგადოებისთვის. ამგვარი მდგომარეობის ახსნისთვის საჭიროა ლატენტური მიზეზების დადგენა, რაც მოითხოვს სიღრმისეულ კვლევას.


2
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ყარალაშვილი
ანა ყარალაშვილი
33
  
2015, 1 მარტი, 14:28
მე გეთანხმებით იმაში, რომ რასაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში აქვს ადგილი, მარხვას, მისი ჭეშმარტი გაგებით, ძნელად თუ დავარქმევთ.
2015, 1 მარტი, 13:46
ციტირებას გავაკეთებ თქვენივე ტექსტიდან - "ქრისტიანულ სარწმუნოებაში მარხვა სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მარხვამ მიიღო რელიგიური სანქციის სახე, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებამ". მცდარი ინფორმაციაა, რამეთუ მარხვა ადამიანს სამოთხეშივე, მისი შექმნის დღიდან დაუწესდა და როდესაც მან (ჩვენ) დავარღვიეთ მორჩილების საკთხი აკრძალული ხილის მირთმევით, ამით დავეცით და გაძევებული ვიქმენით იქიდან, სადაც დღეს ყოველი ჩვენგანი თუ არა, უმეტესი ისურვებდა ყოფნას. დედამიწაზე დაიწყო ადამიანმა ცხოველების და ზოგადად ხორცის მირთმევა, მარხვა კი მას შექმნის დღიდან ჰქონდა დაწესებული ხორციელად განწმენდვის მიზნით. დღეს კი თუ სულიერი საზრდოც არ დავურთედ, ფუჭეა ჩვენი მარხვა მხოლოდ საკვების უარყოფით, ვინაიდან მარხვა მხოლოდ ის არაა პირში რას ჩავუშვებთ, არამედ ისიც, იქიდან რა სიტყვებს ამოვუშვებთ.
0 1 2