x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტყუილის ფსიქოლოგია
imageშეიძლება ითქვას, რომ ტყუილი ყოველდღიური სოციალური
ურთიერთქმედების განუყოფელი ნაწილია. ადამიანი შესაძლოა ამბობდეს, რომ ძალიან მოსწონს საჩუქრები, რომლებიც დაბადების დღეზე მიიღო, მაგრამ სინამდვილეში ისინი მისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ; დიასახლისს კომპლიმენტებით ავსებენ მისი მომზადებული კერძების გამო, მაგრამ რეალურად ისინი შეიძლება სულაც არ მოსწონდეთ; კონტრაბანდისტი საბაჟოზე აცხადებს, რომ არ გადააქვს კონტრაბანდული პროდუქცია; მკვლელი ჯიუტად ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ სიტუაციების ფაქტობრივად უსასრულო სიიდან, რომლებიც ტყუილის წყარო ხდებიან.


როგორც კვლევებმა აჩვენა, ტყუილი ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. ხან თავად ვცდილობთ სხვების გაცურებას, ხან კი იმის გარკვევა გვიწევს, გვატყუებენ თუ არა გარშემომყოფები.


ზოგჯერ სიცრუეს მეტად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. თანამედროვე სამყარო დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა, ხალხს რომ წარმოდგენა ჰქონოდა ჰიტლერის რეალური განზრახვების შესახებ მეორე მსოფლიო ომის წინ.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ტყუილთან შეხება და ხშირად მას ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მივყავართ, მაინც უამრავი მცდარი შეხედულება თუ წარმოდგენა არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ ცრუობენ ადამიანები და როგორაა შესაძლებელი ტყუილის ამოცნობა.



რას უპასუხებდით თქვენთვის, რომ ეკითხათ: “კარგად იტყუებით თუ არა?’’ და “შეგიძლიათ თუ არა ტყუილის ამოცნობა?’’ სავარაუდოდ, თქვენ იტყოდით, რომ არც ისე კარგი მატყუარა ხართ, მაგრამ, როგორც წესი, ადვილად ამჩნევთ, როცა თქვენს გაცურებას ცდილობენ. სინამდვილეში პირიქითაა. მთლიანობაში ადამიანები საკმაოდ კარგი მატყუარები არიან, მაგრამ არც თუ ისე კარგად ახერხებენ ტყუილის “გაშიფვრას’’. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი არ ფლობენ შესაბამის ცოდნას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ “გამოვიჭიროთ’’ მატყუარა მოულოდნელად ტყუილში.


სიცრუე ხშირად გამოუაშკარავებელი რჩება ასევე იმის გამოც, რომ ზოგიერთი ადამიანი დაოსტატებული მატყუარაა და მათი გამოაშკარავება მეტად რთული საქმეა. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ ხშირად ის, ვისაც ატყუებენ, თავად არ არის დაინტერესებული სიცრუის გამომჟღავნებით, არ სურს სიმართლის გაგება, რადგან სიმართლე მისთვისაც არასასურველი შედეგის მომტანი იქნება. მაგალითად, გასაკვირი არ იქნება ალბათ, თუ ვიტყვით, რომ ადამიანს სიამოვნებს მისი მისამართით გაკეთებული კომპლიმენტები, ამიტომ ხშირად არც ინტერესდება გაკეთებული კომპლიმენტის რეალური მიზეზი რა იყო - გულწრფელობა თუ რაიმე სხვა მოტივი. ასევე ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ მოიქცევიან სიმართლის გამომჟღავნების შემდეგ, შესაბამისად არც ცდილობენ მის გარკვევას. მაგალითად, უმრავლეს შემთხვევაში სტუმრებს არ სურთ გაარკვიონ, მართლაც მოეწონა თუ არა მასპინძელს მათი საჩუქრები იმის გამო, რომ არ იციან როგორ მოიქცნენ, თუ საჩუქრები მასპინძლისთვის არასასურველი აღმოჩნდება.


პრეზიდენტ კლინტონის პირადი მდივანი ბეტი ქერი გაურბოდა რაიმე გაეგო კლინტონისა და მონიკა ლევინსკის რეალური ურთიერთობის შესახებ. როგორღაც ერთხელ ლევინსკიმ ქერის თავის თავსა და პრეზიდენტზე უთხრა: “სანამ ერთად არავის დავუნახივართ, გამოდის, რომ არც არაფერი მომხდარა.’’ პასუხად მისის ქერიმ განაცხადა: “არ მინდა ამის მოსმენა. მეტი არაფერი თქვათ. არაფრის გაგება არ მსურს.’’ მართლაც, რა სარგებელს მოუტანდა ქერის მსგავსი ინფორმაციის ცოდნა?! შინაგანი დაძაბულობისა და დილემურ სიტუაციაში აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად მან გაურკვევლობაში, “უმეცრებაში’’ დარჩენა ამჯობინა.


პრეზიდენტ კლინტონის პოლიტიკური მრჩეველი, ჯორჯ სტეფანოპულოსი, ჟურნალისტების მიერ ნამდვილ ფარისევლად, მატყუარად იყო აღიარებული, რადგან, მათი აზრით, სტეფანოპულოსს უნდა სცოდნოდა კლინტონისა და ლევინსკის კავშირის შესახებ. სტეფანოპულოსმა განაცხადა, რომ ის არ ერევა ამ საქმეში, რადგან არ სურს სიმართლის ცოდნა.


მას შემდეგ რაც ლევინსკისა და კლინტონთან დაკავშირებული სკანდალი კიდევ უფრო გამწვავდა, კლინტომა თავის ასისტენტებს თეთრ სახლში განუცხადა, რომ მონიკა ლევინსკისთან არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა. ერსკინ ბოულსმა, თეთრი სახლის პერსონალის ხელმძღვანელმა შემდეგნაირად აღწერა ეს მომენტი: “მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან თვალებში შემომხედა და მითხრა, რომ ლევინსკისთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. რომ არ დამეჯერებინა, პოსტის დატოვება მომიწევდა. ამიტომ მე დავუჯერე მას.’’


განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანები გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მიზეზების გამო ზოგჯერ უარს ამბობენ სიმართლის ცოდნაზე.


ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა (Ekman, 1992, 1993) ივარაუდა, რომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჩემბერლენს არ სურდა, სიმართლე სცოდნოდა, როცა იგი მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით 1938 წლის 15 სექტემბერს ჰიტლერთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ჰიტლერს განზრახული ჰქონდა შეჭრილიყო ჩეხოსლოვაკიაში, მაგრამ მისი ჯარი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. თუ ჰიტლერი შეძლებდა ხელი შეეშალა ჩეხებისთვის ჯარის მობილიზაციაში, გაზაფხულისთვის, ორი კვირის შემდეგ, იგი უკვე სრულიად მზად იქნებოდა ჩეხოსლოვაკიაში მოულოდნელად წამოეწყო საომარი მოქმედებები. ჰიტლერი მასთან მოსალაპარაკებლად მისულ პრემიერ-მინისტრს დაჰპირდა, რომ არ წამოიწყებდა საომარ მოქმედებებს ჩეხოსლოვაკიაში იმ პირობით, თუ ჩეხები ჯარის მობილიზაციას შეწყვეტდნენ. სინამდვილეში მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ჩემბერლენმა დაუჯერა ჰიტლერს და შეეცადა დაერწმუნებინა ჩეხები, არ ეწარმოებინათ ჯარის მობილიზაცია მანამ, სანამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ჰიტლერთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავის დას წერილში მისწერა: “მიუხედავად იმ დაუნდობლობისა, შეუბრალებლობისა და სიმტკიცისა, რომელსაც მის სახეზე ვხედავდი, ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს შემეძლო დამეჯერებინა, რადგან სიტყვა მომცა’’. (Ekman, 1992, p. 15-16). იგივე განაცხადა ჩემბერლენმა პარლამენტშიც. როგორც ჩანს, ის მართლაც ენდო ჰიტლერს და ჩათვალა, რომ იგი მის გაცურებას არ ცდილობდა. ეკმანის აზრით, ჩემბერლენს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დაეჯერებინა ჰიტლერისთვის. თუ ჩემბერლენი აღიარებდა, რომ ჰიტლერს ფარული გეგმები ჰქონდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს იმის აღიარებაც მოუწევდა, რომ მისმა შემრიგებლურმა პოლიტიკამ მარცხი განიცადა და ევროპასა და დიდ ბრიტანეთს მართლაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა.


როგორც ზემოთ აღნიშნული მაგალითებით ვხედავთ, ხშირად ადამიანებს უბრალოდ აწყობთ ტყუილის დაჯერება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ არის. არსებობს სულ სხვანაირი სიტუაციებიც. მაგალითად, პოტენციურ მყიდველს აინტერესებს ნამდვილად ისეთი კარგია სავაჭრო წარმომადგენლის მიერ შეთავაზებული მანქანა, როგორადაც წარმოაჩენს, თუ არა; დამსაქმებელს სურს იცოდეს ნამდვილად ისეთი პროფესიონალია კანდიდატი, როგორც თავად აცხადებს, თუ არა; ასევე პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ეჭვმიტანილი სიმართლეს ამბობს თუ არა.


კვლევები აჩვენებს, რომ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც დახელოვნებული არიან ტყუილის გამოაშკარავებაში და დიდი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში, მაგალითად საბაჟო ოფიცრებსა და პოლიციელებს, უჭირთ ტყუილის ამოცნობა, ხშირად ცდებიან და მათი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით სულაც არ აღემატება უბრალო მოქალაქეების შესაძლებლობებს.


ინბაუმ, რიდმა და ბაკლიმ (Inbau, Reid & Buckley, 1986) დაწერეს სახელმძღვანელო, რომელიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება და დაკითხვის ტაქტიკასა და ტექნიკას ეძღვნება. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი წიგნი ნათელს ჰფენს, თუ როგორ იქცევიან ეჭვმიტანილები, როცა ისინი იტყუებიან. ინბაუსა და მისი კოლეგების აზრით, არსებობს ტყუილის უამრავი არავერბალური მანიშნებელი: თვალის არიდება, პოზის ცვლილება, კეფაზე ხელის დადება, ცხვირზე შეხება, თმის შესწორება, ტანსაცმლის წვალება, საუბრის დროს პირზე ან თვალებზე ხელის აფარება, ხელების (მათზე დაჯდომა) ან ფეხების (სკამის ქვეშ დაწყობა) დამალვა.


აღსანიშნავია ადრე არსებული ის მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტყუილის დასადგენი ვალიდური არავერბალური მანიშნებლები ფაქტობრივად არ მოიპოვება. შესაბამისად ქცევითი სიგნალებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება გამართლებული არ არის. მაგრამ დღესდღეობით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული კვლევების წყალობით, ეს მოსაზრება უარყოფილია და ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ ტყუილსა და არავერბალურ მანიშნებლებს შორის კავშირის შესახებ.


როგორც ვიცით, ტყუილის ამოცნობისთვის, ასევე შექმნილია სპეციალური მოწყობილობა - სიცრუის დეტექტორი, იგივე პოლიგრაფი. ამერიკელი პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში და წამყვანი სპეციალისტი გამოყენების საქმეში, ჩარლზ ჰონტსი დარწმუნებულია პოლიგრაფის სანდოობაში. იგი აცხადებს, რომ ბევრჯერ ჩაუტარებია ტესტი ფსიქოპათებისა და მკვლელებისათვის. როცა ისინი იტყუებოდნენ, ყოველთვის ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ტესტის ჩატარებისთვის. თუმცაღა პოლიგრაფის საიმედოობა შესაძლოა ეჭვქვეშაც დადგეს იმ ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, რომელიც მის გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევებს ეხება.


დასასრულისთვის, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველთვის არ უნდა დავადანაშაულოთ თავი ტყუილის გამოაშკარავების წარუმატებელი მცდელობის გამო, რადგან ზოგ შემთხვევაში ტყუილი ამოუცნობია - მატყუარა არანაირ დამატებით ინფორმაციას არ იძლევა. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთათვისაც, კოგნიტური თვალსაზრისით, სიცრუის თქმა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ისინი არ განიცდიან არანაირ ემოციებს, როცა იტყუებიან. მათი სიცრუის ამოცნობა არათუ ძალიან რთული, არამედ ზოგჯერ შეუძლებელიცაა.



გამოყენებული ლიტერატურა: Олдерт Фрай.: Ложь. Три способа выявления

0
1098
4-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
1098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0