x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ნაციონალიზმი და საქართველო

image

ნაციონალიზმი არის საკუთარ ქვეყანასთან იდენტიფიკაციის განცდა. ეს არის რწმენა, კრედო ან პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავს აკუთვნებს რომელიმე ერს. „ნაცია“ ლათინური სიტყვაა და საზოგადოების ფუნდამენტურ ნაწილს გულისხმობს. ამ იდეოლოგიის თანახმად, ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ინდივიდზე თუ სოციალურ ჯგუფზე მაღლა უნდა იდგეს. პოლიტოლოგი ივო დუხაჩეკი თავის წიგნში „Conflict And Cooperation Among Nations“ (1960) წერდა: “ნაციონალიზმი შეუწყნარებელ ჯგუფებად ყოფს საზოგადოებას. შედეგად, ადამიანი მხოლოდ რომელიმე ერის წარმომადგენლად თვლის თავს და არა- მსოფლიო საზოგადოების ნაწილად. მაგალითად, ის თავს უწოდებს ამერიკელს, რუსს, ჩინელს“. თავდაპირველად, ნაციონალიზმი სათავეს იღებს საფრანგეთში, აქ ის ჩამოყალიბდა მეფის დასამხობად 1793 წელს მოწყობილი რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში, ნაციონალისტურმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. საქართველოში ნაციონალისტურ იდეოლოგიებს პირველად ვხვდებით ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობაში (Literatura.mcvane.ge, 2013). თუმცა თანამედროვე მსოფლიოში ნაციონალიზმი აღარ არის გაბატონებული იდეოლოგია, მათ შორის არც საქართველოში. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ნაციონალური იდენტობის განცდა ბუნებრივი და დამახასიათებელია ყველა ქვეყნისთვის. მისი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ ფაქტორს განაპირობებს და ზოგჯერ პრობლემურიც ხდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაციონალიზმი იგივეა, რაც საკუთარ ქვეყანასთან იდენტობის განცდა. მრავალი კვლევითაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანში ნაციონალიზმის დონე მაღალია და ის ძალიან მაღალ ხარისხში ახდენს იდენტიფიკაციას თავის ქვეყანასთან, მისთვის ხშირად მიუღებელი ხდება, რომ „თავის ქვეყანაში“ სხვა ეთნიკური ჯგუფი არსებობდეს. „უცხო ადამიანები“ დააბიჯებდნენ „მის მიწაზე“, ეცილებოდნენ ეკონომიკურ რესურსებში და ა.შ. ადამიანები, რომლებისთვისაც გაბატონებულია აზრი, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ნაწილი არიან,
ფიქრობენ, რომ სხვა რასის ხალხის ადგილი არ არის ამ ქვეყანაში, რომ ისინი დამანგრევლად მოქმედებენ ქვეყნის კეთილდღეობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ნაციონალიზმი გადაჯაჭვულია რელიგიასთან. ეს გამოწვეულია ისტორიული ფაქტორით, კერძოდ, იმით, რომ ეკლესია ხშირად ერეოდა პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ გამყარებული იდეოლოგია იყო მუდამ, რომელიც მოიცავდა ყველაფერს და ხშირად მართავდა სახელმწიფოსაც კი. შესაბამისად, დღეს ნაციონალიზმი ცალკე და „წმინდა სახით“ არ არსებობს ჩვენთან. ეს უკანასკნელი ფაქტორი ყურადღებას იმსახურებს, რადგან ხშირად სხვა ეროვნების წარმომადგენლები არამარტო ეთნიკური ნიშნით, არამედ რელიგიური ნიშნითაც განიცდიან დისკრიმინაციას. ისინი საფრთხედ აღიქმებიან ქართველებისთვის, როგორც „გაურჯულების“ ფაქტორი. მაგალითად, აჭარაში არამარტო თურქი მუსლიმები ცხოვრობენ, არამედ ქართველი მუსლიმებიც, რომლებიც, ასევე, დისკრიმინირებულნი არიან და ხშირად იხსენიებენ, როგორც „მოღალატეებს“, „გაურჯულოებულებს“ ან „გადაგვარებულებს“.
ტარას კუზიო (2010) ემპირიულად ადასტურებს, რომ პოსტ-კომუნისტურ სივრცეში არსებული 3 სახის ნაციონალიზმი- ეთნიკური, საბჭოთა და იმპერიული- ხელს უწყობდნენ ეთნიკურ კონფლიქტებსა და ქსენოფობიას. ე.ი. გამოვლენილია ნაციონალიზმის უარყოფითი ზეგავლენა, თუმცა სხვა ავტორი (Pelle Ahlerup & Gustav Hansson, 2010) ხაზს უსვამს ნაციონალიზმის დადებით მხარეს. კვლევა ემპირიულად ადასტურებს არაწრფივ კავშირს ნაციონალიზმსა და მთავრობის ეფექტურობას შორის, ხაზს უსვამს, რომ ნაციონალიზმის მაღალი დონე ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას. გამოყოფილია ეთნიკური ჰეტეროგენულობის ფაქტორი, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი და ნაციონალიზმი დანახულია ამ უარყოფითი გავლენის შემამცირებელ ფენომენად.

0
809
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი ადამია
მარიამი ადამია
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0