x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
საქართველოს დღევანდელ სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული განსხვავებები
image



დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არც თუ ისე აქტუალურია სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბარი და მათ გადაჭრაზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ამ თემზე იშვიათად თუ საუბრობენ და შედეგად მივიღეთ ის, რომ ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონში. საქართველოში ოდითგანვე მიიჩნეოდა, ჩვენი ტრადიციები თუ ქართველობა სოფლის მოსახლეობამ შემოგვინახა, დღეს კი როგორ ვტოვებთ ჩვენს მშობლიურ მიწებს და გავრბივართ ქალაქში, სადაც დიდი ალბათობით კარგ სამსახურს ვერ ვნახავთ და უზრუნველყოფილი ცხოვრება ნამდვილად არ გველოდება.


დღეს საქართველოს სოფლებში ცხოვრობს დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი და საინტერესოა მათი ცხოვრების სტილის, ტრადიციებისა თუ შეხედულებების შედარება ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან. რაც უფრო დაშორებულია სოფელი ქალაქისგან განსხვავებაც უფრო მეტად საგრძნობია.

როდესაც ტრადიციულობაზე ვსაუბრობთ, რატომღაც ყველას ასოციაციურად სოფელი და მთიანი მხარე გვახსენდება. ქალაქები მეტად თანამედროვეობის აყოლასა და განვითარებისკენაა მიმართული, რაც გარკვეულწილად ტრადიციულობის თემის დავიწყებასაც იწვევს. ქალაქის ცხოვრების სტილი მკვეთრად განსხვავდება სოფლისგან, საქართველოშიც ასეა. თბილისი სწრაფად ვითარდება და ცდილობს მსოფლიო ქვეყნების გამორჩეულ დედაქალაქად იქცეს, სოფელი კი უფრო მოკრძალებული ცხოვრების სტილით და ტრადიციების მიყოლა-შენარჩუნებით ხასიათდება.


ჩავატარე ჩართული გაუმჟღავნებელი დაკვირვება და ჩემი მიზანი იყო: იმ ძირითადი განსხვავებების აღმოჩენა, რომელიც დღეს საქართველოს სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას შორის არსებობს. ვაკვირდებოდი გორის რამდენიმე რაიონის მოსახლეობის ქცევას და შევადარე ის ქალაქის მოსახლეობას.



დაკვირვების ანალიზი (საველე ჩანაწერების ანალიზი)
დაკვირვების შედეგად გამოვყავი რამდენიმე საკითხი, რომელმაც კარგად დამანახა ის განსხვავებები, რომელიც
დღევანდელ ქალაქის და სოფლის მაცხოვრებლებს შორის ნამდვილად არსებობს.

- ტრადიციებისადმი დამოკიდებულება - სოფელსა და ქალაქში აშკარად განსხვავებულია ტრადიციებისადმი დამოკიდებულება. შევნიშნე თვითონ კონკრეტული ტრადიციებისადმი გამოხატვა და შესრულების პროცესი. ტრადიციულად, „სტუმარი
ღვთისააო“ ნამდვილად ასეთი მიდგომა დავინახე მე სოფელში სტუმრობისას. ჩემი ჩასვლით გახარებულმა სახეებმა, მათ დახვედრამ, მასპინძლობამ და კიდევ დიდხანს დარჩენაზე ხვეწნამ გამაოცა. მაშინ როცა ქალაქში დიდ ხანს სტუმარი ცოტა შემაწუხებლად იქცევა ხოლმე. ყველა დაკავებულია, თავისი საქმე აქვს და ოჯახში გათვლილი აქვთ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში და განსაკუთრებით ამ სოფელში, სადაც მე ვიყავი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, ყველა ოჯახში თბილად მიმასპინძლდებოდნენ. თითქმის ყველა ოჯახში იყო ღორის ხორცი, რომელიც დიდ ფუფუნებად ითვლება და ამით გამასპინძლებასაც არ ერიდებოდნენ. ასეთ ქცევას ქალაქში კი ნაკლებად შენიშნავ.


მნიშველოვანია ქართული სუფრაც. იცავენ სადღეგრძელოების თანმიმდევრობას, სუფრასთან პატარა ბავშვი არ უნდა იჯდეს, ქალიც უმჯობესია თუ სუფრას მოამარაგებს და არა იქ დაიკავებს ადგილს მამაკაცების თანასწორად. ქალაქში კი უკვე სადღეგრძელოებში ნაკლებ საზრისს, მნიშვნელობას და დანიშნულებას ხედავენ
და უკვე აქტიურად ისმის კრიტიკა მის საჭიროებაზეც კი.


სოფელში ძალიან მნიშვნელოვანად მიაჩნიათ ნათესაობის შენარჩუნება. ახალი წლები დაემთხვა ჩემს იქ ყოფნას და სოფლიდან აქტიურად აგზავნიდნენ ძღვენებს ქალაქში ნათესავებთან. სადაც სტუმრად ვიყავი, იმ ოჯახის ნათესავ ბავშვს მეორე სოფელში დაბადებისდღე ჰქონდა. ამ ოჯახიდან კი ფეხით წაიყვანეს ბავშვები იმხელა გზაზე და დააყოლეს: ბავშვები ერთმანეთს უნდა იცნობდნენო. ქალაქშიც აქცევენ ყურადღებას ნათესაურ კავშირებს და მის შენარჩუნებას, მაგრამ ისე არა როგორც სოფელში. ეს გამოწველულია, რა თქმა უნდა, არა იმით, რომ ერთმანეთი სოფელში მეტად უყვართ ან სოფელში უფრო თბილი ხალხი ცხოვრობს, არამედ ამაზე მათი ცხოვების სტილიც მოქმედებს. ქალაქში უფრო დაკავებულები არიან პირადი ცხოვრებით და არ აქვთ ნათესავების მოკითხვისთვის და სტუმრობისთვის დიდი დრო. მაშინ როცა, სოფელში ქალაქში ნათესავთან სტუმრობა ხშირად მათ გასართობ და დროის საინტერესოდ და კარგად გამყვან საშუალებად ითვლება.


- მეზობლებს შორის ურთიერთობა - „ცუდი მეზობელი, კარგ ნათესავს ჯობიაო“ ნათქვამია და სწორედ ეს დავინახე სოფლის მოსახლეობის ერთმანეთთან ურთიერთობაში. დილა მეზობლებთან საუბრითა და ერთად საქმის კეთებით იწყება: ერთად მიდიან წყალის მოსამარაგელად, საქონლისთვის ერთად ეზიდებიან საკვებს, მიდიან შეშის მოსატანად. ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის და ერთმანეთს მხარში უდგანან ჭირსა თუ ლხინში. იციან, რომ თონეს დღეს ერთი მეზობელი ახურებს და ყველა ცომს ზელს, მის თონეში რომ გამოაცხოს და თვითონ აღარ დახარჯოს შეშა. არც ის მეზობელია წინააღმდეგი, პირიქით, თვითონ დაუძახა მეზობლებს და გააგებინა რომ თონეს ამზადებს. ქალაქთან შორს არიან, ხშირად სჭირდებათ საყოფაცხოვრებო ნივთები ქალაქიდან, ხშირად ვერ ახერხებენ ჩასვლას და ამიტომ ერთმანეთს აბარებენ. თუ ერთს მოუწია ბევრი მეზობლის დაბარებული ნივთების წამოღება, ის არ წუწუნებს, პირიქით, იცის, რომ შემდეგში მას მოუწევს სხვებისთვის დაბარება. ამ და კიდევ მათი ურთიერთობის მრავალმა დეტალმა კარგად დამანახა მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულია. რაც დიდად განსხვავდება ქალაქის მოსახლეობის ურთიერთობებისგან. ქალაქი ოდითგანვე ცივი ურთიერთობით ხასიათდებოდა და დღეს ეს კიდევ უფრო „გაციებულია“. პირადად მეც, 3 წელია ერთ ბინაში ვცხოვრობ თბილისში და მხოლოდ 1 მეზობელს ვიცნობ. გორში კი 16 წელია ჩემი ოჯახი ერთ ბინაში ვცხოვრობთ და 9 სართულიან სადარბაზოში ყველა მეზობელს არც ვიცნობ, მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე ინფორმაციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამ რადიკალურად განსხვავებულმა დამოკიდებულებამ მეზობლებს შორის აშკარად გამოკვეთა, რა ერთ-ერთი განსხვავება შეიძლება არსებობდეს ქალაქის და სოფლის მცხოვრებლებს შორის.


- ქვეყნისა და საცხოვრებელი გარემოსადმი დამოკიდებულება - სოფლებში მოსახლეობისგან აშკარად ჩანს მათი დამოკიდებულება გარემოსადმი. ტყეები თუ მინდვრები მათ კვებას. შეშით თბებიან, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ მოსავალი და მოპოვებული ნაყოფით გაყავთ მთელი წელი. წყალიც წყაროებიდან აქვთ. ამიტომ გარეშემო ბუნებასაც, როგორც მათ მარჩენალს ისე უყურებენ. ქალაქში კი ბუნებისა და გარემოსადმი ამგვარი დამოკიდებულება უმრავლესობისთვის უჩვეულო და უცხოა. ბუნება უფრო სუფთა ჰაერთან და სიმშვიდესთან ასოცირდება მათთვის.


რაც შეეხება დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ვერ ვიტყვი რომ სოფელში უფრო პატრიოტები ცხოვრობენ ან ქალაქში უფრო პატრიოტები არიან. თუმცა სოფელში შევნიშნე საქართველოსამდი განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე ქალაქში მცხოვრებში. სოფელში საქართველო წარმოდგენილი აქვთ როგორც სულ მთიანი და ტაძრიანი მხარე და ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართვლოს მოსახლეობის ნახევარს, ძირითადად ქალაქში მცხოვრებს აწუხებთ მათთვის უცხოა და იშვიათად თუ საუბრობენ ამ პრობლემებზე. მხოლოდ ეამაყებათ და საქართველოს სილამაზესა თუ წინაპრებზე საუბრობენ. განსხვავება ისიც შევნიშნე, რომ ნაკლებად საუბრობდნენ პოლიტიკაზე, რაც ერთ-ერთი პოპულარი თემაა ქალაქში სასაუბროდ. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ხშირადაც მოგზაურობს, განათლებაზეც მათ უფრო მიუწვდებათ ხელი და ესეც განაპირობებს ალბათ ქალაქის მოსახლეობის განსხვავებულ და ხშირად კრიტიკულ დამოკიდებულებას სამშობლოსამდი.


ყველას კი თავისი სახლი უყვარს, მაგრამ ამ ხალხისგან უფრო დავინახე მათი სოფლისა და სახლისადმი სიყვარული. ვერ თმობენ იმ თავისუფლებას, რასაც სოფელში პოულობენ.


- ღირებულებები და მათდამი დამოკიდებულება - შეგვიძლია ზოგადად ქართველი ერის
ღირებულებები გამოვყოთ და დავახასიათოდ ის, მაგრამ მაინც ისიც შესაძლებელია, რომ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა განვასხვაოთ ღირებულების მიხედვით. ღირებულებები შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ განსხვავებულ საზრისს დებენ ისინი. განათლება ღირებულებაა, ქალაქში უცხოეთშიც კი მიდიან კარგი განათლების მისაღებად, წიგნების საყიდლად ხარჯავენ ფულს, ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადებაში მშობლები შემოსავლების დიდ ნაწილს იხდიან. მაშინ როცა სოფელიდან ქალაქში მიდიან ოჯახები შვილების განათლების გამო, მაგრამ ასეთი ოჯახი მაინც ცოტაა. ბავშვებს ქართულად წერა-კითხვა უჭირთ, უცხო ენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სკოლაში თითქმის არც დაიდიან, განსაკუთრებით კი ახლა, ზამთრის პერიოდში. მასწავლებლებიც ნაკლებად არიან კომპეტენტურები თავიანთ პროფესიაში, ისიც თუ ნამდვილად მასწავლებლობაა მათი პროფესია ან აქვთ საერთოდ დიპლომი.


ქართველებს ზოგადად ახასიათებენ როგორც ზარმაც ერს, რამდენადაა ეს ადეკვატური სიტყვა ეს სხვა საკითხია, მაგრამ შეგვიძლია შრომა განვიხილოთ ქალაქსა და სოფელში განსხვავებული ღირებულების საზრისით. ქალაქში თუ არ იშრომებ, ანუ არ იმუშავებ მშიერი მოგიწევს ყოფნა, რადგან სხვა შემოსავალი იშვიათად აქვთ ხოლმე. სოფლად კი შრომაში ფიზიკურად მუშაობა იგულისხმება. ამგვარ შრომას კი ბავშვობიდანვე იხდიან საქმიანობად, ბავშვებიც მშობლებზე არანაკლებად შრომობენ. რაც უფრო მეტად დამოკიდებულებას იწვევს გარემოსა და ერთმენეთზე. დღეს კი ქალაქში, როცა უმუშევრობის პრობლემებია თითქმის ყველა ოჯახში, შრომას სხვა ფასი დაედო და სანატრელიც კი გახდა.

განსხვავებულია ოჯახისადმი დამოკიდებულება ქალაქსა და სოფელში. დღეს, როდესაც განქორწინებული წყვილების რაოდენობა სულ უფრო იმატებს, სოფელში ოჯახის დანგრევა სირცხვილად ითვლება. იქ ერთ-ერთ ოჯახში ახალგაზრდა წყვილი გასცილდა ერთმანეთს და ცოლმა ქმარს დაუტოვა შვილები. ეს ძალიან სასირცხვილო და გასაკვირი შემთხვევა აღმოჩნდა თანასოფლელებისთვის, ამ თემას კი ხშირად განიხილავდნენ იქ მეზობლები. სოფელში უფრო ხშირად გაფართოებული ოჯახებია, რაც ოჯახებში უფრო მეტ ტრადიციულობას იწვევს. ქალაქებში კი უფრო ნუკლეარული ოჯახებია. როდესაც ქალაქში დაოჯახების წინაპირობა შემოსავალი და სამსახურია, სოფელში უფრო ასაკით საზღვრავენ მზადაა თუ არა ახალგაზრდა ოჯახის შესაქმნელად.


ღირებულებაა რელიგიის მიმდევრობაც, რა თქმა უნდა მართლმადიდებლობის, თუმცა განსხვავებულად გამოხატვის საშუალებას იძლევა ქალაქი და სოფელი. ქალაქში აქტიურად დადიან ტაძრებში და ესწრებიან წირვა-ლოცვას. უფრო ერკვევიან რელიგიურ რიტუალებში. სოფლებში კი ცრურწმენას ხშირად შევაჩნევთ ხალხის ქცევებში, როგორიცაა თუნდაც ბავშვის შელოცვა. განსხვავებულია სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულებაც.

ქალაქში დღეს ღირებულებად ითვლება თანამედროვე ტენდენციების აყოლა თუ უკან დევნა. ყველა ცდილობს შეიძინოს მოდური ტანსაცმელი, ძვირადღირებული ნივთები, გამოცვალონ ან შეიძინონ მანქანების ახალი მოდელი... მაშინ როცა ზოგიერთ სოფელში თანამედროვე ნივთებსა და ტექნიკაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. დიდ ფუფუნებად მობილურის ქონა ითვლება და არ აქვს მნიშვნელობა თვითონ ამ მობილური ტელეფონის ფუნქციებს. კომპიუტერის ქონა ბევრის ოცნებაა, მაგრამ იციან, რომ ის ჯერ ახლო პერსპექტივაში აუსრულებელია. სოფელში თვითონ ამ ნივთების შეძენაზე ფიქრობენ და არა მათ გაუმჯობესებასა და მრავალფუნქციებზე. ქალაქში კი თვალს ადევნებენ ახალი
მოდელების ცვლის პროცესს და მათ შესაძენად აგროვებენ დანაზოგს.



ქალაქსა და სოფელს შორის ჩემს მიერ დანახული განსხვავებები სულაც არ უკარგავს სოფელს იმ ეშხს, რაც ყოველთვის ჰქონდა. სწორედ შორეულ სოფელში შეგვიძლია შევიგრძნოთ ქართველი ადამიანის რეალური სახე, ქალაქში კი ნაკლებად, სადაც ხალხს თავისი თავის დასანახადაც არ სცალია. იქ შეგიძლია დაინახო ნამდვილი ურთიერთობები, თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა.


0
626
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ დევიძე
მარიამ დევიძე
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0