x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ვინ ვარ მე?

დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა იმდენივე სრულიად განსხვავებული პიროვნებაა.
არ არსებობს ზუსტად ერთნაირად მოაზროვნე, ერთნაირი შეხედულების მქონე ინდივიდები. მეც, როგორც ამ სამყაროს ერთერთი შემადგენელი ნაწილი, ჩემი შეხედულებები, ჩემი როლები და ჩემი სტერეოტიპები მაქვს.
მე ვარ ლიკა, ვარ 21 წლის, ვარ გოგო, ვარ ქართველი, ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი, ვარ სტუდენტი, ვარ მომავალი სოციალური მუშაკი, ვარ შვილი, ვარ და, ვარ მეგობარი, ვარ ნათლია, ვარ შვილიშვილი, ვარ ბიძაშვილი, ვარ მამიდაშვილი, თანამშრომელი. შეიძლება გამომრჩა კიდეც ჩემი როლები, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი როლი და სტატუსი განაპირობებს ჩემს ცხოვრებას, საქმიანობას, ბედნიერებასა და მომავალ გეგმებს. ის, რომ ვარ გოგო და არ ვარ ბიჭი უკვე განმასხვავებს მამრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან, სხვა მოლოდინები და მოთხოვნილებებია გოგოებისგან და სხვა ბიჭებისგან. ქართულ კულტურაში
ძალიან ბევრია ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ბიჭებს არ ეკრძალებათ და თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ, ხოლო იმავეს თუ გოგო გააკეთებს, ეს სასირცხვილო
და მიუღებელია. გოგონებს გაცილებით მეტი შეზღუდვები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ ჩვენი, ქართული რეალობიდან, ეს არის, სახლში გვიან დაბრუნება, თუ გოგო 11-12 საათზე სახლში არ არის და, თუნდაც, მეგობრებთან ერთად ერთობა, ეს ბევრი ოჯახისათვის მიუღებელია და უკრძალავს კიდეც, ხოლო ბიჭებს ეს აკრძალვა არ აქვთ, (რა თქმა უნდა, ყველა მშობელი და ოჯახი ასე არ აკეთებს და ასე არ ფიქრობს). ასეთი ბევრი წვრილმანი დეტალია, რომელსაც არ ჩავუღრმავდები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მე როგორც გოგოს არასოდეს მქონია რაიმე აკრძალვები ოჯახიდან და ჩემმა მშობლებმა პატარა ასაკიდანვე მიმაჩვიეს დამოუკიდებლობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, რათა მე თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის მიხსნიდნენ და ახლაც მიხსნიან საკითხის ორ მხარეს, ხოლო არჩევანი უკვე ჩემზეა.
ის, რომ ვარ ქართველი და დავიბადე საქართველოში უკვე განმასხვავებს სხვა ეროვნების
ადამიანებისაგან, ყველა ერს და კულტურას თავისი დამახასიათებელი ტრადიციები, შეხედულებები და ადათ-წესები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე უპირატეს ან პირიქით, უარეს მდგომარეობაში ვარ. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სამყარო შედგება სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებისაგან, რომელთაც პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და არ მოახდინონ რაიმე ნიშან-თვისების გამო დისკრიმინაცია.
ის, რომ ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ეს ჩემი სტატუსია, მე ვარ ბედნიერი და მეამაყება, რომ ერთერთი იმ სტუდენტთაგანი ვარ, ვინც აქ სწავლობს, მომწონს ჩემი ლექტორები (უმრავლესობა), რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება და მაღალი
კვალიფიკაცია აქვთ. ის, რომ ვარ სოციალური მუშაკი განმასხვავებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან და მინდა ვთქვა, რომ ამ პროფესიამ დიდი გავლენა იქონია ჩემს აზროვნებაზე, ძალიან ბევრ საკითხზე სულ სხვანაირად ვფიქრობდი, სანამ დავიწყებდი სოციალური სამუშაოს სწავლას. ეს ერთერთი ჩემი საქმიანობის სფეროა, სადაც ვცდილობ ბევრი ვისწავლო, დავაგროვო ცოდნა და დავეხმარო იმ ადამიანებს, რომელთაც ჩემი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ. ის, რომ ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რელიგია არის ის სულიერი საზრდო, რომლითაც ყველა ადამიანი ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა ის ისლამის, ბუდიზმისა თუ ქრისტიანობის აღმსარებელია. ყოველთვის ვცდილობ ვიცხოვრო ისე, როგორც ქრისტიანობა
ქადაგებს, ვაკეთო სიკეთე, დავეხმარო გაჭირვებულებს, ჩემი პროფესიაც ხომ სწორედ ადამიანების დახმარებას გულისხმობს.
სოციალური გარემო, რომელშიც ყოველდღიურად მიწევს ყოფნა, შედგება ჩემი მშობლებისაგან, ძმისგან, მეგობრებისგან, ბიძაშვილისაგან, ნათლულისაგან, კურსელებისაგან და თანამშრომლებისაგან. მათთან ურთიერთობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. თუ რაიმე მიხარია, ან მწყინს ყველაფერს ჩემს მეგობრებთან ერთან ვიზიარებ, არ მიყვარს მარტო ყოფნა, ბედნიერი ვარ, როდესაც ყველა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ, მიყვარს გართობა. ის, თუ რას ფიქრობს ჩემი მეგობარი
ჩემზე და რა რჩევას მაძლევს ყოველთვის მნიშვნელოვანია და ვითვალისწინებ, რადგან ვიცი, რომ მას ჩემთვის კარგი უნდა. ძალიან მიჭირს გავუგო ისეთ ადამიანს, ვისაც არ ჰყავს მეგობრები და არ შედის კონტაქტში გარშემომყოფებთან.
ერთერთი უნმიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ჩემს როგორც პიროვნებად ჩამოყალიბებაში ჩემს 3 წლის ნათლულს ნიკუშას, რომელიც უზომოდ მიყვარს. ნიკუშა არის ის ადამიანი, რომელზე ზრუნვაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, მისი დაბადებისთანავე გამიჩნდა მასზე ზრუნვის სურვილი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ვგრძნობ, რომ მისმა არსებობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ადრე მიჭირდა სითბოს და სიყვარულის გამოხატვა, სხვებისაგან უფრო მოვითხოვდი ზრუნვას, ახლა კი ვისწავლე, რომ მეც ისევე უნდა გავცე ჩემი ემოციები, როგორც სხვები გამოხატავენ ჩემს მიმართ.

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა თუ ყველა ადამიანი დაფიქრდება საკუთარ როლებზე, გაიზარებს პასუხიმგებლობას, გაუგებს სხვა საზოგადოების წარმომადგენლებს და მიიღებს მათ ისეთებს როგორებიც არიან.

0
1272
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე
1272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0