x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში

საყოველთაოდ მიღებული განმარტებების მიხედვით, ტერმინი „ადრეული ქორწინება“
აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია. ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბავშვთა ქორწინებას” ან „იძულებით ქორწინებას”. ადრეული ქორწინება მიჩნეულია ზოგადად ადამიანის და კერძოდ - ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოში და სხვა ფაქტორებთან ერთად გენდერულ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ რეგიონალურ ფაქტორებს უკავშირდება.

ადრეულ ასაკში ქორწინება არ გულისხმობს მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებულ ურთიერთობას, არამედ საკითხი საჯარო ინტერესის მატარებელია. პრობლემის გლობალურ მასშტაბზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გაერომ ამ საკითხს წლიური ანგარიში მიუძღვნა, სახელწოდებით - „დედობა ბავშვობაში“. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი - 30 წამში.

ადრეული ქორწინება განსხვავებულ ზეგავლენას ახდენს გოგონებსა და ბიჭებზე, ამიტომ შესაძლებელია მისი გენდერული თვალსაზრისით განხილვაც. მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე. გარდა ამისა, ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები ოჯახური ძალადონისა
და სექსუალური ზეწოლის გაზრდილი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ადრეული ქორწინება მოიცავს ჯანმრთელობის რისკსაც - თუ გოგონები ქორწინებისთანავე დაორსულდებიან, შეიძლება გაურთულდეთ ორსულობა და მშობიარობა, რადგან მათი ორგანიზმი მზად არ არის ბაშვის გაჩენისთვის. ადრეული ქორწინების შემთხვევაში როგორც ბიჭები, ასევე გოგონები ხშირად იძულებულები არიან შეწყვიტონ განათლების მიღება სკოლაში, დაიწყონ მუშაობა და/ან დაკავდნენ საოჯახო საქმეებით. ამრიგად, ადრეული ქორწინება არის სოციალური ინტეგრაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.


მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, განსხვავებული მდგომარეობაა პრაქტიკული თვალსაზრისით. საქართველოში ადრეული ქორწინების მიზეზების, მასშტაბებისა და შედეგების შესასწავლად სიღრმისეული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ამის მიზეზები შეიძლება იყოს დიდი ხნის განმავლობაში ამ პრობლემის უხილავობა და ასევე, სტატისტიკური მონაცემების სიმწირე. არსებული შეზღუდული მონაცემები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებებზე ჩატარებული კვლევებით შემოიფარგლება და მათ ირიბ შედეგს წარმოადგენს. გარდა ამისა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული - 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია დარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვის შესახებ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საკმარისი არ არის ნაადრევი ქორწინების ტენდენციების გამოსავლენად, თუმცა კვლევები მაინც საინტერესო ინფორმაციას იძლევა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად დაქორწინებული 16-19 წლის თინეიჯერების რიცხვი 2002 წლიდან 2009 წლამდე გასამმაგდა, 2010-2011 წლებში მონაცემები მცირედით შემცირდა. ყველაზე მეტმა თინეიჯერმა 2009 წელს იქორწინა: 1271 ბიჭი და 5596 გოგონა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს(14%).

საქართველოში ნაადრევ ქორწინებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის თანახმად, 2011-დან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე (მე-7-9 კლასები), რაც ნაადრევი ქორწინებითაა გამოწვეული. საშუალო განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში.


ასეთ ვითარებაში, ძალიან რთულია მიზეზებზე საუბარი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა და გარემოებები საქართველოში არ არის ჰომოგენური და საკმაოდ განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელგიისა და რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მშობლების გარიგებით ქორწინება უფრო გავრცელებულია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, განსაკუთრებით რეგიონებში. სხვა მიზეზებს შორისაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების არასათანადო ინტეგრაცია ფართო საზოგადოებაში. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ბევრი გოგონა ქართულ ენას სათანადოდ არ ფლობს, რაც უფრო აღრმავებს მათ იზოლაციას და არ უტოვებს მათ ფართო არჩევანს კარიერის მხრივ. საზოგადოებრივი სივრციდან გარიყვა კი ამყარებს გენდერულ როლებს და გოგონები ადრეულ ქორწინებაში ხედავენ ერთადერთ არჩევანს. რიგ რეგიონებში ქალის განათლება და მათი საზოგადოებრივი როლი დაკნინებულია. გოგონები, განსაკუთრებით - სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ტოვებენ სკოლას, რის შემდეგაც მათთვის ქორწინებაა ერთადერთი არჩევანი; სხვა შემთხვევაში, განათლების მიღებას გოგონები დანიშვნის შემდეგ, ქორწინებამდეც წყვეტენ და მხოლოდ მომავალი ქმრის ”ნებართვით” შეუძლია გოგონას განათლების გაგრძელება. ნაადრევი ქორწინების მიზეზი ასევე ზოგჯერ ის არის, რომ ოჯახის საქმეებში ჩარევა ხშირად არ მიიჩნევა მიზანშეწონილად მაშინაც კი, როცა ირღვევა კანონი.

1
4765
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ყარალაშვილი
ანა ყარალაშვილი
4765
  
2015, 10 ივნისი, 11:05
კანონით ქორწინების ასაკი 16 წელია.
0 1 1