x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნარკომანია და C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი ყველაზე მძიმეა ვირუსულ ჰეპატიტებს შორის და ის ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების 60/70%-ს აღენიშნება.(ევროკავშირის პროგრამა SCAD-ის მონაცემებით) ორივე დაავადებასთან ერთად გამკლავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცედურაა. სამშვილიანი ოჯახის მამა სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას.
„პირველად 16 წლისამ გავსინჯე ნარკოტიტი. შემდეგ ინტენსიური მომხმარებელი გავხდი. 2002 წელს გავიგე რომ C ჰეპატიტი მქონდა. არ ველოდი ანალიზის ასეთ პასუხს. სადღაც სიღრმეში გათვითცნობიერებული მქონდა, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ მაინც მტკინვეულად გადავიტანე ეს დარტყმა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაა ნარკოტიკს ვებრძვი“- გიორგი, რომლის რეალურ სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ დავასახელებ, 42 წლისაა და უკვე მეექვსე წელია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია. ის სხვადასხვა გზებით ებრძვის ნარკომანიას. სამშვილიანი ოჯახის მამა ამჟამად უმუშევარია და ცდილობს დამატებითი თანხების მოძიებას ჰეპატიტის მკურნალობისთვის. ერთი თვის წინ შეიტყო, რომ მისი დაავადება სწრაფად პროგრესირებს და თუ მკურნალობას არ დაიწყებს 3-4 წელში მოუწევს საკუთარ ოჯახთან გამომშვიდობება.
„ამჟამად ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ვარ. მანამდე შვიდჯერ გავიარე დეტოქსიკაცია, მაგრამ რეაბილიტაციის შემდგომ სხვა ტიპის დახმარების გარეშე მისი შედეგი ნულს უდრის. ფაქტობრივად თვენახევარში ვუბრუნდებოდი ნარკოტიკებს“-გვითხრა გიორგიმ. მსგავსი შედეგები ჰქონდათ სხვა პაციენტებსაც. კანადის საერთაშორისო ფონდის ფინანსირებით ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კითხვაზე, მიეწოდებოდათ თუ არა პაციენტებს ფსიქოლოგიური დახმარება დეტოქსიკაციამდე/დროს/შემდეგ, პაციენტების უმრავლესობა უარყოფითად პასუხობდა.

image

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ზოგიერთ პროგრამაში 10-დან 8 ან მეტი ადამიანი დაინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით. „C ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ანთებას, რომელიც თავის მხრივ აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და აფერხებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო. დროული მკურნალობის გარეშე ღვიძლი წყვეტს მუშაობას. მკურნალობენ ანტივირუსული პრეპარატების საშუალებით, მაგრამ მათი მოქმედება ინდივიდუალურია და დიდ თანხებთანაა დაკავშრებული“- გვითხრა ექიმმა-ნარკოლოგმა ნანა ზარნაძემ.
"ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას „გლობალური ფონდი“ აფინანსებს და დახმარებას ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში გვიწევენ. თავად ნახეთ იქ როგორი სიტუაციაა.“- გვირჩია გიორგიმ.
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მისვლისას მისი ხუთსართულიანი შენობა და ირგვლივ არსებული სიჩუმე ცოტათი გაშინებს, მაგრამ ექიმთან პირველივე საუბრისას ეს შიში სადღაც ქრება. პერსონალი მონდომებულია, რომ დაგეხმაროს და მოსალოდნელი ცივი პასუხების ნაცვლად გულდასმით გისმენს. ოთახში, სადაც შევედი ორი ექიმი ისხდა. თვალში მომხვდა ეკრანი, რომელზეც კამერები პაციენტებს აფიქსირებდნენ, თუმცა 4 საათისთვის თითქმის ყველა წასულიყო. ექიმ ნინო ზარნაძესთან საუბრისას შევამჩნიე, რომ მეორე მაგიდასთან უამრავი ფერადი ფაილი ეწყო და ექიმი ახალ წითელ ფაილს ავსებდა. როცა დავინტერესდი ფაილებს მნიშვნელობით შევიტყე, რომ ჩანაცვლებით თერაპიას კიდევ ერთი პაციენტი უერთდება. კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრების სტილი მალე რადიკალურად შეიცვლება. თითოეული ფაილი ამ პაციენტების ისტორიას ასახავს და, დამერწმუნეთ, თვალშისაცემია მათი სიმრავლე.
საქართველოში ნარკომანიის მაჩვენებლები დღითიდღე იზრდება. მკურნალობას, დეტოქსიკაციას ან ჩანაცვლებით თერაპიას ცოტა თუ მიმართავს. ამისი მიზეზი ხშირად ეკონომიკურ სიდუხჭირესთანაა დაკავშირებული, მაგრამ არანაკლებ პრობლემატურია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შეზღუდული ადგილები. გიორგიმ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა: „თავიდან ფასიან პროგრამაში ვიყავი და ყოველთვე 150 ლარს ვიხდიდი. 2 წელი უფასო პროგრამის რიგში ვიდექი. არც გამკვირვებია ამხელა მოთხოვნა, რომ იყო. დღემდე მაწუხებს ის აზრები, რომ ჩემს ოჯახს ჩემი ქმედებებით ძალიან ვანერვიულებდი. ვიცი, რომ ბევრია მსგავს სიტუაციაში. როგორც ამბობენ, როცა ოჯახში ერთი ნარკომანია, ყველა დაავადებულია. ახლა უკვე ყოველ დილას მივდივარ და მეთადონის განსაზღვრულ დოზას ვიღებ. ჩემები აღარ ნერვიულობენ. ნაბიჯს ვეღარ ვდგამ თუ პირად ექიმთან არ შევათანხმე. ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ჰეპატიტის მკურნალობის თანხებია. 3 კვირის წინ შევიტანე განაცხადი სახელმწიფო პროგრამაში ჰეპატიტის სამკურნალოდ და ველოდები პასუხებს. როგორც მითხრეს მკურნალობა 60%-ით გაიაფდა, კვირაში 250ლარი მაინც დამჭირდება. ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ძვირია. უბრალოდ სხვა გზა აღარ მაქვს.“
ევროკავშირის მონაცემების მიხედვით C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 2004 წლიდან იზრდება. დაავადებულთა მაჩვენებლების მიხედვით, ეგვიპტისა (15-20%) და აზიის რეგიონის (9%) შემდეგ, საქართველო მესამე ადგილზეა 6, 7%-ით, მაშინ როცა აშშ-ში ეს რიცხვი 2%-ია, იტალიაში 3, 2%, ჩრდილოეთ ევროპაში კი 1%.
პრობლემის აქტუალურობის გამო სახელმწიფომ ჯერ ციხეებში დაიწყო C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა. შემდგომ შეიმუშავა პროგრამა სამოქალაქო სექტორისთვისაც. მკურნალობისათვის აუცილებელი პრეპარატ ინტერფერონის ერთი ამპულა 92, 88 აშშ დოლარი ეღირება, რაც 60%-ით ნაკლებია არსებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში. „სახელმწიფო შესყიდვით დაფიქსირებული ფასით და მომწოდებელთან (შპს „ჯი-ემ-პი“) მიღწეული შეთანხმებით საქართველო რეიტინგში ეგვიპტის შემდეგ სიის სათავეში ექცევა, სადაც პეგილირებული(მოდიფიცირებული) ინტერფერონი მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი.“- აცხადებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
„მარტო ინტერფერონი ხომ არაა, კიდევ იმდენი პრეპარატი მექნება შესაძენი. ანალიზები ყველაზე ძვირია, მარტო გენოტიპის დასადგენად 600 ლარი გადავიხადე და, ღმერთს მადლობა, მეორე გენოტიპი აღმომაჩნდა. მხოლოდ 6 თვე მომიწევს მკურნალობა. ჯერ ისიც არ ვიცი მოვხვდები თუ არა დაფინანსებაში. 10 000 ადამიანი დაფინანსდებაო და ვნახოთ რა იქნება“- ამბობს გიორგი და ვამჩნევ თუ როგორ ნერვიულად უყურებს ტელეფონს. აშკარაა, რომ ზარს ელოდება- „გვითხრეს დაგირეკავთო და სანამ არ დავრწმუნდები, რომ ნამდვილად მოვხვდი პროგრამაში ვერ მოვისვენებ.“ მარტო პროგრამაში მოხვედრა განკურნებას არ ნიშნავს. ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მწვავე ჰეპატიტის შემთხვევაში წარმატების შანსი დაახლოებით 90-99%ია, ქრონიკულის შემთხვევაში კი მაჩვენებელი ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. კერძოდ, I გენოტიპის შემთხვევაში განკურნებით სრულდება ასიდან 40-45 შემთხვევა, ხოლო II და III გენოტიპისას- 80-85.
გიორგიმ საუბრისას აღნიშნა, რომ ფიზიკურ პრობლემებზე მეტად ფსიქოლოგიური სტრესი აწუხებს. ადამიანების სტიგმატიზირება ყველაზე მტკინვეული პროცესია. „ერთხელ ახლობელი გარდამეცვალა ციროზის გამო და მამიდაშვილი ცოლის გარეშე მოვიდა პანაშვიდზე, ეშინოდა რამე არ გადასდებოდა. არადა ჰეპატიტი მხოლოდ პირდაპირი გზით, სისხლთან უშუალო შეხებით გადადის. ხალხს შეუძლია საოცრად სასტიკი იყოს, არც იციან რა პრობლემებთან გვიწევს გამკლავება.“ იმისათვის, რომ მკურნალობის კურსი წარმატებულად დასრულდეს საჭირაოა მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად მორალური მხარდაჭერაც. სასურველია პაციენტმა კონსულტაციები გაიაროს ფსიქოთერაპევტთან. ნარკომანია არანაკლებ და შეიძლება უფრო მეტ ზიანსაც კი აყენებდეს მომხმარებლის ფსიქიკურ მხარეს. „როდესაც ნარკომანიასთან გამკლავებას C ჰეპატიტის მკურნალობაც ემატება, გასათვალისწინებელია ძირითადი სამკურნალო პრეპარატის ინტერფერონის უკუჩვენებითი რეაქცია. ხშირად პაციენტები ვარდებიან მძიმე დეპრესიაში და იზრდება სუიციდისკენ მიდრეკილება. ამჟამად მხოლოდ სამოცამდე პაციენტია რეაბილიტაციის პროგრამაში, ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად. მხოლოდ მათ შეუძლიათ უფასოდ მიიღონ ფსიქოლოგების კონსულტაცია. საჭიროა სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდოს, ჯარიმებიდან აღებული თანხა მკურნალობას, რომ ხმარდებოდეს უკეთესი იქნებოდა“- გვითხრა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფსიქოლოგმა თამარ ქუთათელაძემ.
ნარკომანია და C ჰეპატიტი საზოგადოების პრობლემაა და მის მკურნალობას საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ნარკომანია დაავადებაა და წამალდამოკიდებულ პირებს დახმარება სჭირდებათ. სახელმწიფომ კიდევ მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ამ მხრივ. მან უნდა შექმნას უფრო სრულყოფილი და დაბალფასიანი პროგრამები. სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს ამ პრობლემის მოგვარებას, "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე" ასეთია მათი სამომავლო გეგმები.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ანა შარაძე
ანა შარაძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0