x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
გლობალიზაცია ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში

ავტორები: ჯინჭველეიშვილი ქრისტინე და კენჭაშვილი ანი


"გლობალიზაცია" ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტერმინია 21-ე საუკუნეში. მას ყოველდღე, ყოველ საათს, იყენებს მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება. იგი გამოიყენება, როგორც თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელი ნიშანი. დღევანდელ სამყაროს მოიხსენიებენ გლობალურ სამყაროდ, ახლანდელ ეპოქას - გლობალიზაციის ეპოქად, ხოლო თანამედროვე პერიოდის ძირითად დაპირისპირებას - "გლობალისტებისა" და "ანტიგლობალისტების" დაპირისპირებად.
თავად მეცნიერთა შორის არის აზრთა სხვადასხვაობა გლობალიზაციის შესახებ და მათ მიერ გლობალიზაციის ერთიანი განმარტებაც არ არის შემუშავებული. ამას ერთვის ისიც, რომ გლობალიზაციის პროცესი, როგორც არ უნდა განვსაზღვროთ იგი, განუხრელად მიმდინარეობს და ყველა ქვეყანასა და მათ ყველა მოქალაქეს ეხება.
მრავლადაა ისეთი მეცნიერი, რომელიც ამტკიცებს, რომ გლობალიზაციას აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები. ასევე, მეცნიერთა მეორე ნაწილი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ გლობალიზაცია მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მაგრამ ამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ პროცესს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა. მაგალითად, გერმანელი მეცნიერი
ულრიხ ბეკი გლობალიზმში გულისხმობს მოვლენას, როცა მსოფლიო ბაზარი ზღუდავს ან საერთოდ ცვლის პოლიტიკურ ქმედებას. ამ გაგებით გლობალიზაციის პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები მსოფლიო ბაზარს არის დაქვემდებარებული. გლობალიზმი, ისეთ რთულ ორგანოს, როგორიც სახელმწიფოა, მართავს ისე, როგორც საწარმოს. შესაბამისად იგი გვთავაზობს ასეთ განმარტებას, რომ გლობალიზაცია არის პროცესი, ან პროცესები, როცა ეროვნული სახელმწიფოები და მათი სუვერენიტეტი იფარება
ტრანსნაციონალური აქტორებით.


გლობალისტები კაპიტალიზმს საყოველთაო სიმდიდრისა და ფართო შესაძლებლობების პერსპექტივაში ჭვრეტენ და მათი აზრით გლობალური კაპიტალიზმი უბრალო ხალხს, მთელი მსოფლიოს გარშემო, ამ შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. მოწინააღმდეგენი კი კაპიტალიზმს ძალადობასა და უთანასწორობასთან აკავშირებენ,
ისინი გლობალიზებული სამყაროსაგან კიდევ უფრო მეტ სიღატაკესა და უსამართლობას ელიან. ბოლო პერიოდში გლობალური ეკონომიკის შესამჩნევი ზრდის საპასუხოდ, სკეპტიკოსებს "შიდა" სახელმწიფოებრივი ეკონომიკა მოჰყავთ, სადაც განვითარების ტემპი ისეთივეა, როგორც ადრე. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი იმასაც აცხადებენ, რომ გლობალური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება და მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგვარი ინტეგრაციით სარგებლობის ნახვა. ანტიგლობალისტთა აზრით, გლობალიზაცია თამაშია, რომელშიც გამარჯვებული მხარე დამარცხებულს ჩაგრავს.

ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ დღეს ცხოვრებას გვიადვილებს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა. ამ გზით ყველას გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის ხარისხიანი საქონლის მოხმარება შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში. როგორც ცნობილი ეკონომისტი გრეგორი მენქიუ ამბობს, ქვეყნის მიერ ბარიერების მოშლით ზოგი მოგებული რჩება და ზოგი ზარალდება, მაგრამ საერთო ჯამში სარგებლობა ზარალს აჭარბებს. საერთაშორისო ვაჭრობის დადებითი მხარეები ისაა, რომ იგი ზრდის საქონლის მრავალფეროვნებას, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული საქონელი განსხვავდება ერთმანეთისაგან. აქედან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობა მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობას ახასიათებს მასშტაბის ეკონომია, რაც გულისხმობს საქონლის წარმოებას შემცირებული დანახარჯებით, როცა წარმოების მოცულობა დიდია და გვაქვს უფრო დაბალი ფასები. პატარა ქვეყანაში ფირმები მასშტაბის ეკონომიის უპირატესობას ვერ გამოიყენებენ, თუ ისინი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებენ. თავისუფალი ვაჭრობა გზას უხსნის კონკურენციას, რადგან თუ კომპანია დაცულია უცხოელი კონკურენტებისაგან, შესაძლოა იგი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაც მას საშუალებას მისცემს ფასები კონკურენტულზე უფრო მაღლა ასწიოს, ეს კი ბაზრის კრახს იწვევს. ასევე, ეს გზა საუკეთესო საშუალებაა მოწინავე ტექნოლოგიური მიღწევების გასავრცელებლად. ღარიბ სასოფლო სამეურნეო ქვეყანას კომპიუტერული რევოლუციის გზაზე დასადგომად ურჩევნია, კომპიუტერები მარტივად საზღვარგარეთ შეიძინოს, ვიდრე თავად სცადოს მისი წარმოება.

ამ არგუმენტის მიუხედავად, ანტიგლობალისტებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ გლობალიზაციის მიმართ. მათ ჰგონიათ, რომ თავისუფალი ვაჭრობა დიდად აზარალებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, მაგრამ ხშირად ისინი ბოლომდე ინფორმირებულნი არ არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ანტიგლობალისტები ამბობენ, როცა ჩვენ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში წარმოებულ საქონელს ვყიდულობთ, ვიცით, რომ იგი იმ ადამიანების მიერაა წარმოებული, რომლებიც საშინელ პირობებში მუშაობენ და დასავლური სტანდარტებით ძალიან დაბალ ხელფასს იღებენ. ვისაც ეს ამბავი ხანდახან მაინც არ ადარდებს, გული ნამდვილად არ აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დემონსტრანტები მართლები არიან. ვინც ფიქრობს, რომ მსოფლიოში არსებული სიღარიბის დასამარცხებლად მსოფლიო ვაჭრობის წინააღმდეგ გამოსვლაა საჭირო, მას თავი არ აქვს, ან ყოველ შემთხვევაში მას არ იყენებს. ანტიგლობალისტურ მოძრაობას უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები, რომლებიც პირველ რიგში ხალხს აზარალებს.
მაგალითად, შეიძლება რამე იყოს კუსტარულ საწარმოებში ბავშვთა შრომაზე უარესი? სამწუხაროდ, შეიძლება. 1993 წელს აღმოჩნდა, რომ უოლმარტი ბანგლადეშში ბავშვთა შრომის შედეგად წარმოებულ ტანსაცმელს ყიდის. ამის საპასუხოდ სენატორმა ტომ ჰარკინმა შეიტანა კანონი, რომელიც კრძალავდა იმპორტს იმ ქვეყნებიდან, სადაც ბავშვთა შრომა გამოიყენებოდა. ამ მოქმედების პირდაპირი შედეგი ის იყო, რომ ბანგლადეშის ქსოვილების ფაბრიკებმა შეწყვიტეს ბავშვების დაქირავება. მაგრამ დაუბრუნდნენ თუ არა ბავშვები სკოლებს? შემდგომი მონაცემებით ცნობილია, ისინი ან უარეს სამუშაოებზე აღმოჩნდნენ, ან ქუჩაში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პროსტიტუციაში ჩაება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მესამე სამყაროს ქვეყნების სიღარიბის მიზეზი ის არ არის, რომ საექსპორტო საქონლის მწარმოებელი მშრომლები დაბალ ხელფასებს იღებენ. ქვეყნების სიღარიბის გამო ის სამუშაო და ხელფასი, რომელიც ჩვენ შეიძლება შეუძლებლად მოგვეჩვენოს, ადგილობრივთათვის თითქმის ყველა ალტერნატივაზე უკეთესია. მილიონობით მექსიკელი მიდის ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში სწორედ იმისთვის, რომ დაბალხარისხიანი სამუშაო იშოვოს. უფრო მაღალი ხელფასის პირობებში სამუშაო ადგილების ნაწილი არ იარსებებდა. გაუმართვი ინფრასტრუქტურა, საერთო სოციალური არაორგანიზებულობა იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი ხელფასები იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე დასავლეთშია.

რაც შეეხება პოლიტიკურ გლობალიზაციას, ქვემოთ მოტანილი ქეისის საშუალებით, შეიძლება ნათლად დავინახოთ მისი უარყოფითი გავლენა წამყვანი ქვეყნების ძლიერებაზე. გლობალიზაცია უშუალოდ დაკავშირებული იყო საზოგადოების განვითარების ორ ძირითად ამოცანასთან. ამერიკელები იღწვოდნენ გლობალური დომინირებისათვის, იმისათვის, რომ გაემდიდრებინათ საკუთრი ქვეყანა, შეექმნათ იქ ცხოვრების მაღალი სტანდარტები და დაემყარებინათ სოციალური სტაბილურობა. 1956 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ წლის ოქტომბერში დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების საფუძველზე, ისრაელი შეიჭრა ეგვიპტის კუთვნილ სინას ნახევარკუნძულზე საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის მიზნით. ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასხეს დესანტი სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეომარი მხარეების დაშორიშორების საბაბით. ამ დროს მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა კონტროლის აღდგენა სუეცის არხზე, რომლის ნაციონალიზაცია ეგვიპტემ მოახერხა ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არხი გადაიქცა ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო
არტერიად. მზარდი დასავლეთ ევროპული ეკონომიკისათვის. მისი გავლით ხდებოდა ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან, ხოლო ნავთობი წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ კომპონენტს. შესაბამისად, კონტროლი სუეცის არხზე წარმოადგენდა ევროპაზე გავლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, მის მფლობელებს დამატებით უპირატესობას აძლევდა უშუალო კონკურენტებთან ურთიერთობებში, საკმაოდ ზრდიდა მათ შანსებს ჰქონოდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ხმის უფლება გლობალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში. სამხედრო თვალსაზრისით ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენცია საკმაოდ წარმატებული
იყო, მაგრამ გამოიღო კატასტროფული პოლიტიკური შედეგი რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ამ ქვეყნების ადგილზე გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. ამ კრიზისის დროს, საბჭოთა კავშირი პირველად დაემუქრა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, მათი უდიდესი ქალაქების დაბომბვით ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ ისინი ინტერვენციას არ შეწყვეტდნენ. ამის შემდეგ მან დაიწყო არაბების მსხვილმასშტაბიანი, ღია მხარდაჭერა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ის იქამდე ძირითადად თავს არიდებდა. აშშ იძულებული იყო ღიად დაპირისპირებოდა
თავის უახლოეს მოკავშირეებს და მოეხდინა მათზე ზეწოლა ეგვიპტიდან ჯარების გაყვანის მიზნით ბრიტანეთზე ფინანსური ბერკეტების გამოყენებით. ამ კონფლიქტის შემდეგ აშშ-ც საბჭოთა კავშირის მსგავსად, იძულებული გახდა ინტენსიურად
ჩარეულიყო ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადაწყვეტაში ისრაელის მხარეს, რასაც ის აგრეთვე იქამდე მაქსიმალურად გაურბოდა. ამ კონფლიქტმა დააბოლოვა ის ეპოქა, როდესაც ევროპას შეეძლო ეთამაშა წამყვანი როლი გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაკარგეს გლობალური მოთამაშეების სტატუსი. აშშ გადაიქცა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების
ერთადერთ ლიდერად, რომელიც დღემდე განაპირობებს ამ ქვეყნების მოქმედებას გლობალურ ასპარეზზე. ამ კრიზისმა ასევე მიაყენა საბოლოო დარტყმა მსოფლიო კოლონიალურ სისტემას და გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიის სწრაფი შემდგომი დაშლა. ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეების დაშორიშორების მცდელობის პროცესში პირველად გაჩნდა გაეროს სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შექმნის იდეა და მოხდა მისი პრაქტიკული რეალიზაცია.

მუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებას. ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ პროცესებში ეხმარება იქ პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების გავრცელებას. რაც გულისხმობს იმას, რომ კორუფციის დონე მით უფრო დაბალია, რაც უფრო გლობალიზებულია ქვეყანა. თუმცა ამის საპირისპიროდ სახეზეა სინგაპურის მაგალითი, რომელიც ყველაზე გლობალიზებული სახელმწიფოა, მკაცრი სხელმწიფო კონტროლით პრესაზე და შეზღუდული პიროვნული თავისუფლებებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკა, რომელიც პოლიტიკური თავისუფლების მაღალი დონით გამოირჩევა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გლობალიზებულია.

პოლიტიკური გლობალიზაციის დადებით ფაქტორზე მეტყველებს ის, რომ
კანტის “მუდმივი მშვიდობის“ მიხედვით, მსოფლიო შედგება ლიბერალური სახელმწიფოებისაგან, რომლებიც არასოდეს ომობენ ერთმანეთთან და შესაბამისად
მსოფლიო შედარებით მშვიდი იქნება, ამ ქვეყნებს შორის არსებული დემოკრატია ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა ანარქიულ ურთიერთობებს.

საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ნათელად ჩანს, რომ გლობალიზაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, იმის მიუხედავად ეს ქვეყანა განვითარებულია, თუ ბევრად ჩამორჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამ ფონზე გლობალიზაციის ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები ზოგიერთი ქვეყნის მდგომარეობას აუმჯობესებს, ხოლო ზოგისას კი, პირიქით აუარესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი შედარებითია, ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა თითოეული ქვეყნისათვის წინგადადგმული ნაბიჯია მათი სამომავლო განვითრებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.













გამოყენებული ლიტერატურა



ბეკი, უ. (2001). რა არის გლობალიზაცია? მოსკოვი: გამომცემლობა:“პროგრესი-ტრდიცია".

დავითაშვილი, ზ. (2003). ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. თბილისი: ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო".

BIBLIOGRAPHY კანტი, ი.
(1991). მუდმივი მშვიდობა. “პოლიტიკური ნაწერები" .

კრუგმანი, პ.
(2001). გულები და თავები. "ნიუ-იორკ ტაიმსი" .

მელიქიძე, ვ.
(2006). მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. თბილისი: გამომცემლობა "სოციალურ მეცნიერებათ ცენტრი".

მენქიუ, გ. (2000). მიკროეკონომიკის პრინციპები. თბილისი: გამომცემლობა “დიოგენე".

ჟვანია, ნ. (2006). საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია. თბილისი: “სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი".

ჰეივუდი, ე. (2008). პოლიტიკა. თბილისი: გამომცემლობა
“საქართველოს მაცნე".








0
1779
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
1779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0