x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ინფანტილიზმი ანუ პიროვნების მოუმწიფებლობა
imageტერმინი “ინფანტილურობა’’ მომდინარეობს სიტყვიდან “ინფანტი’’ (ესპ. infant, პორტ. infant, ლათ. infans - ბავშვი) -
ესპანეთისა და პორტუგალიის სამეფო კარზე გავრცელებული ტიტული, რომელიც ენიჭებოდათ პრინცებსა და პრინცესებს.

ინფანტილიზმი (ლათ. infantilis - საბავშვო) გულისხმობს პიროვნების მოუმწიფებლობას, შეფერხებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შედეგად თან მოჰყვება ადამიანის ქცევის შეუსაბამობა ასაკობრივ მოთხოვნებთან.


გადატანითი მნიშვნელობით ინფანტილიზმი (როგორც ბავშვურობა) გულისხმობს მიამიტურ მიდგომას ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებში, პოლიტიკაში, ურთიერთობებში და ა.შ.


ინფანტილიზმი შეიძლება იყოს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური. გარეგანი გამოვლინებები,
ორივე ტიპის ინფანტილიზმისთვის ერთნაირია: ბავშვისათვის დამახასიათებელი თავისებებურებები ქცევაში, აზროვნებასა და ემოციურ რეაქციებში. მთავარი განსხვავება ფსიქიკურსა და ფსიქოლოგიურ ინფანტილიზმს შორის მათი წარმოშობის მიზეზებში უნდა ვეძებოთ.


ფსიქიკური ინფანტილიზმი

იგი ჩნდება ბავშვის ფსიქიკის განვითარების ჩამორჩენის შედეგად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეფერხებულია ნებელობისა და ემოციური სფეროს განვითარება, რაც თავის მხრივ იწვევს შეფერხებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. ემოციური და ნებელობის სფეროს განვითარება არის ქვაკუთხედი, რომლის საფუძველზეც ვითარდება პიროვნება. არ აქვს რა ადამიანს ასეთი საფუძველი, ის “ვერ იზრდება’’ და ნებისმიერ ასაკში რჩება “მუდმივ’’ ბავშვად.


მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ინფანტილური ბავშვები განსხვავდებიან გონებრივად ჩამორჩენილი ან აუტიზმის მქონე ბავშვებისგან. ფსიქიკურად ინფანტილურ ბავშვებს აქვთ მიღებული ცოდნის გამოყენებისა და აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების უნარი,
მათ შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებელნი და ინტელექტუალურად განვითარებულნი. ამავდროულად მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება, ვერ აკონტროლებენ საკუთარ მისწრაფებებსა და სურვილებს.


ფსიქიკური ინფანტილიზმი არ ვლინდება ადრეულ ბავშვობაში, ის შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის ინტერესები მოზარდობისას ან სკოლის ასაკში შემოფარგლულია მხოლოდ თამაშებითა და ფანტაზიებით, მას აქვს თავისი სამყარო და ყველაფერი, რაც ამ სამყაროს ფარგლებს გარეთაა, ბავშვის მიერ აღქმულია როგორც უცხო, რთული და უსიამოვნო. ქცევა ხდება პრიმიტიული და პროგნოზირებადი, ნებისმიერი მოთხოვნა, მოწოდება დისციპლინისადმი ბავშვს კიდევ უფრო უბიძგებს ჩაიკეტოს თამაშისა და ფანტაზიის სამყაროში. დროთა განმავლობაში კი ეს ყველაფერი იწვევს პრობლემებს სოციალური ადაპტაციის პროცესში. მაგალითად, ინფანტილურ ბავშვს შეუძლია საათობით ითამაშოს კომპიუტერული თამაშები და გულწრფელად არ ესმოდეს, რატომაა საჭირო კბილების გახეხვა, ოთახის დალაგება, სკოლაში სიარული. ყველაფერი, რაც თამაშის მიღმაა, უცხო, გაუგებარი და უსარგებლოა.




ფსიქოლოგიური ინფანტილიზმი

ფსიქოლოგიური ინფანტილიზმისას ბავშვს აქვს ჯანმრთელი, შეფერხების არმქონე ფსიქიკა.
ის სავსებით შეესაბამება თავის ასაკს განვითარების დონით, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.
პრაქტიკულად, მიუხედავად შეფერხების არქონისა, მთელი რიგი მიზეზების გამო ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის მქონე ადამიანები თავად ირჩევენ ბავშვის როლში დარჩენას. არიან სხვებზე დამოკიდებულნი, მიჩვეულები იმას, რომ მათ მაგივრად ყველაფერს სხვები მოაგვარებენ.


image








მთავარი განსხვავება ფსიქოლოგიურსა და ფსიქიკურ ინფანტილიზმს შორის მოკლედ ასე შეგვიძლია გამოვხატოთ:


ფსიქიკური ინფანტილიზმი: რომც მინდოდეს, არ შემიძლია. (სურვილის გაჩენის შემთხვევაშიც კი, ადამიანს არ შეუძლია შეგნებულად, დამოუკიდებლად შეცვალოს თავისი ქცევა).


ფსიქოლოგიური ინფანტილიზმი: რომც შემეძლოს, არ მინდა. (სურვილის გაჩენის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ქცევა, მაგრამ ამას არ აკეთებს, ურჩევნია ყველაფერი
ისე დატოვოს, როგორც არის).



როგორ ჩნდება ინფანტილიზმი

ინფანტილიზმის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლებელია თავად ბავშვის მშობლები აღმოჩნდნენ. ფსიქოლოგების აზრით, ინფანტილურობა არ არის თანდაყოლილი. იგი ჩნდება არასწორი აღზრდის ან არახელსაყრელი გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად, დაახლოებით 8-დან 12 წლამდე ასაკში. ამ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე. მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვმა დაიწყოს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია ვენდობოდეთ მას. 13-დან 16 წლამდე ბავშვს უყალიბდება საკუთარი ღირებულებების სისტემა, ასევე ინდივიდუალიზმის განცდა. 17 წლიდან კი ფორმირებას იწყებს გაგება საზოგადოებაში საკუთარი ადგილისა და ცხოვრებისეული მიზნების შესახებ. ამ დროის განმავლობაში და მომავალშიც ადამიანი გადის ერთგვარ გარდამავალ ეტაპებს, რომლებიც ცვლიან მის მსოფლხედვას. ასეთ ეტაპებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ასაკთან, კრიზისებს უწოდებენ. აუცილებელია კრიზისის პოზიტიურად გადაჭრა, რაშიც თავიანთი კეთილგონივრული მოქმედებით დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ მშობლებსა და ახლობლებს. თითოეული პოზიტიურად გადაჭრილი კრიზისი წინ გადადგმული ნაბიჯია პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში. ხშირად მშობლები თუ აღმზრდელები მთელი რიგი გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული მიზეზების გამო ხელს უწყობენ კრიზისების ნეგატიურ გადაჭრას, მათ შორის ინფანტილიზმის განვითარებასაც:


“ არ გამოგდის თემის წერა? მე დაგეხმარები, ადრე კარგად ვწერდი თემებს, ’’ - ამბობს დედა. “მე უკეთ ვიცი, როგორაა სწორი!’’

“გამოდი, მე თვითონ გავაკეთებ.’’

“რა თქმა უნდა, ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერს ამტვრევს!’’


თანდათანობით ბავშვი იჯერებს, რომ უიღბლოა, მისგან არაფერი გამოვა, რადგან კარგად არაფრის კეთება არ შეუძლია, სხვები ყველაფერს მასზე უკეთ აკეთებენ. ასე ხდება ზემოთხსენებული ნებელობის განვითარების შეფერხება. ზოგ შემთხვევაში კი, თუ მშობლები თრგუნავენ ბავშვის გრძნობებსა და ემოციებს, ამას ემატება ემოციური სფეროს განუვითარებლობაც. “რატომ ყვირი? გტკივა? უნდა მოითმინო!’’ ასეთ დროს ბავშვი “ვერ ეცნობა’’ საკუთარ გრძნობებს და შესაბამისად ვერც ემოციური სფერო ვითარდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერ აღზრდის სტილს, რომელსაც თან ახლავს ემოციური და ნებელობის სფეროს დათრგუნვა, ინფანტილიზმამდე მივყავართ. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი ინფანტილურობის გამო მთელი პასუხისმგებლობის მშობლებზე გადაბარებაც მოსახერხებელი/ხელსაყრელი პოზიცია და ინფანტილურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.


ინფანტილურობის განვითარებას ასევე ხელს უწყობს შიში, შიში განვითარების, წინსვლის, გადაწყვეტილების მიღების: “რომ არ გამომივიდეს? რომ ვერ შევძლო?’’ ასეთ დროს ყველაზე მარტივი გზა არა გამოსავალზე ფიქრი, არამედ მტკიცე დასაყრდენის ძიებაა. ამ დასაყრდენის როლს შეიძლება მშობლები, მეგობრები, მეუღლეები ასრულებდნენ.


კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ინფანტილიზმის მიზეზების კვლევისას, არის ახალგაზრდობის გახანგრძლივების წარუმატებელი მცდელობები. ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს წარსულში აღებული პასუხისმგებლობების ტვირთისგან და დაიბრუნოს უკვე განვლილი ახალგაზრდობა ბავშვისთვის დამახასიათებელი ქცევისა და თავისებურებების გამოვლენის გზით. ამან შეიძლება გაგვახსენოს ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი და მის მიერ აღწერილი ერთ-ერთი ეგოს დაცვის მექანიზმი, რომელსაც რეგრესია ჰქვია. რეგრესია პრიმიტიული, ტიპური ინფანტილური რეაქციაა, რომლის დროსაც შფოთვა სუსტდება “ბავშვური’’ მეთოდებით, მაგრამ ამავდროულად შფოთვის წარმომქმნელი კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება. “ჯანმრთელი, სოციუმთან კარგად ადაპტირებული ადამიანებიც კი აძლევენ დროდადრო თავს რეგრესიის უფლებას, - წერდა ფროიდი, - ეწევიან, სვამენ, ზედმეტს ჭამენ, წონასწორობას კარგავენ, ფრჩხილებს იკვნეტენ, კითხულობენ ზღაპრებს საიდუმლოებით მოცულ ამბებზე, დადიან კინოში, არღვევენ კანონებს, აფუჭებენ ნივთებს, ღეჭავენ საღეჭ რეზინს, იცვამენ ბავშვებივით და აკეთებენ ათასობით სხვა “ბავშვურ’’ რაღაცებს. ბევრი ამ რეგრესიათაგანი იმდენად საყოველთაოდაა გავრცელებული და მიღებული, რომ ზრდასრულობის ნიშნადაც კი ითვლება. სინამდვილეში ყველაფერი ეს რეგრესიის ფორმებია, რომლებსაც ზრდასრულები იყენებენ.’’


image











როგორ გამოიყურება ინფანტილური ადამიანი

ადვილი არ არის ერთი შეხედვით იმის დადგენა, ინფანტილურია თუ არა თქვენ წინაშე მყოფი ადამიანი. ინფანტილურობა ვლინდება ურთიერთქმედებაში, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ადამიანი მერყეობს, არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას და ელოდება, როდის აიღებენ მის ნაცვლად პასუხისმგებლობას. სწორედ ეს არის ინფანტილურობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი: პასუხისმგებლობის აღების უუნარობა/სურვილის არქონა.


პრობლემური სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში “ინფანტილი’’ ბრძოლის ნაცვლად იწყებს საკუთარი უმწეობის, უსუსურობის, შიშის, წყენის, მიყენებული ზიანის დემონსტრაციას. იგი ირჩევს სუსტი ბავშვის როლს, რომელსაც დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება. როგორც წესი, ინფანტილების გარემოცვაში ყოველთვის აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ “სუსტ ბავშვზე’’ მეურვეობას იკისრებენ და “მშობლის’’ როლს მოირგებენ.


გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ინფანტილური ადამიანის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:


ეგოცენტრიზმი - სხვისი მდგომარეობისა და შეხედულების გაგების უუნარობა. პატარა ბავშვისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია გაიგოს, რომ სხვა ბავშვები და ზრდასრულები სამყაროს მისგან განსხვავებულად ხედავენ და სხვანაირად ფიქრობენ. ხშირად ინფანტილიც ეგოცენტრიკია. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება (დაცულობა, სითბო, სიყვარული) ბავშვისთვისაც და ინფანტილური ზრდასრულისთვისაც მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად სხვა ადამიანებიც მხოლოდ ამ თვალსაზრისითაა ინფანტილისთვის საინტერესო, შინაგანი სამყარო მათთვის, ფაქტობრივად, უინტერესოა.

ეგოცენტრიზმისთვის ასევე დამახასიათებელია საკუთარ სიმართლეში აბსოლუტური დარწმუნებულობა. თუ ურთიერთობებში პრობლემა ჩნდება, ეგოცენტრიკი ფიქრობს: “ადამიანებს არ ესმით ჩემი’’ და არა “მე არ მესმის ადამიანების.’’


დამოკიდებულება - ამ შემთხვევაში დამოკიდებულება გულისხმობს საკუთარი თავის მომსახურების, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობას ან სურვილის არქონას. პატარა ბავშვს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება საკუთარი თავის მოვლის უნარი, მაგრამ ხშირად ზრდასრული ადამიანიც იწყებს მოთხოვნას, რომ მას მოემსახურონ, მოუარონ, თვითონ კი არაფერი აკეთოს.


ორიენტაცია გართობაზე - თანამედროვე ცივილიზაცია გართობის უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. კომპიუტერული თამაშები, “შოპინგი’’, კინოში, დისკოტეკებზე თუ ბარებში სიარული, ახალ-ახალი ტექნიკური საშუალებების შეძენა - ყველაფერი ეს არის ის, რაც ზრდასრულ ინფანტილს აძლევს საშუალებას გაექცეს მოწყენილობას. რა თქმა უნდა, არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობაში ცუდი არაფერი არ არის და რაღაც დოზით ამას ყველა ადამიანი აკეთებს, მაგრამ ინფანტილისთვის მხოლოდ ეს საქმიანობები წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ცხოვრების აზრს. ინფანტილური ადამიანი ხშირად არის წვეულებებზე, დღესასწაულებზე ე.წ. “კომპანიის სული’’, მასთან ერთად გართობა სასიამოვნო და სახალისოა. ამის გამო, როგორც წესი, იგი ადვილად ახერხებს ადამიანთა კეთილგანწყობის
მოპოვებას.


გადაწყვეტილების მიღების უუნარობა - ნებელობის განუვითარებლობის გამო ინფანტილი ვერ ახერხებს მობილიზება გაუკეთოს საკუთარ ძალებს გადაწყვეტილების მისაღებად და მის სისრულეში მოსაყვანად. მას არ შეუძლია საკუთარი ნებისყოფის ხარჯზე იმოქმედოს “არ მინდას’’, “დავიღალეს’’, “რთულიას’’ საწინაამღდეგოდ.


მომავლის პერსპექტივის არქონა - ინფანტილურ ადამიანს არ აქვს არანაირი გეგმები მომავლისთვის. იგი დინებას მიჰყვება და არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აწმყო მოთხოვნილებებს მომავალი კეთილდღეობის მოპოვების მიზნით.
მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ინფანტილური ორიენტაცია აწმყოზე და სასვებით გონივრული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ “ცხოვრება მიედინება ახლა და აქ’’. “ცხოვრება ახლა და აქ’’ გულისხმობს ადამიანის გონივრულ ქმედებას მოცემულ მომენტში წარსული გამოცდილებისა და მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით.


თვითშეფასებისა და თვითშემეცნების უუნარობა - სიცოცხლეზე ფიქრი ნიშნავს საკუთარი თავისთვის საკმაოდ რთული შეკითხვების დასმას: “ვინ ვარ?’’, “რა მინდა?’’ და “რატომ ვაკეთებ ამას?’’. ბუნებრივია, ბავშვები ასეთ შეკითხვებს არ სვამენ, რადგან მათთვის ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ინფანტილური ადამიანი ასევე არ სვამს ასეთ შეკითხვებს, მას არ შეუძლია ცხოვრებისეული მოვლენებიდან გამოცდილება შეიძინოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზრდასრული, მომწიფებული პიროვნება წლებთან ერთად იცვლება და უფრო საინტერესო ხდება, ინფანტილი კი პირიქით, არ იცვლება, რჩება ისეთივე როგორიც არის.


აი, ასეთები არიან ინფანტილური პიროვნებები. სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ინფანტილურობიდან ვიწყებთ, ზრდასრულობას სხვადასხვა დროს ვაღწევთ ან ვერ ვაღწევთ საერთოდ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვუყურებთ იმ პროცესს, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. ვხვდებით რეალობას პირისპირ მთელი თავისი დაბრკოლებებითა და გამოცდებით, თუ თავს ვიტყუებთ, რომ ცხოვრება უბრალოდ მუდმივი დღესასწაულია.
ინფანტილურ ადამიანებს არ სურთ ისეთი რეალობის მიღება, რომელსაც შესაძლოა ტკივილიც
თან ახლდეს, ამის გამო ისინი მიისწრაფიან ზრდასრული, მოწიფული პიროვნებებისაკენ და
უბიძგებენ მათ დაიკავონ მშობლის როლი. იქმნება ერთგვარი სიმბიოზი - ინფანტილს მომავალშიც ეძლევა საშუალება დარჩეს ბავშვად, ხოლო მშობლის როლში მყოფი ადამიანი თავს საჭიროდ და სასარგებლოდ გრძნობს, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მის თვითშეფასებაზე. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორი ინფანტილი ერთად დიდხანს ვერ გაძლებს.


და ბოლოს, იქ, სადაც არის “ბავშვი’’, აუცილებლად არის “მშობელიც’’ და პირიქით. ამიტომ, თუ გვინდა გაქრეს “ბავშვი’’, ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია გაქრეს “მშობელი’’. ამის გაკეთება არც ისე მარტივია, რადგან “მშობელსაც’’ არანაკლებ სჭირდება “ბავშვი’’, თანაც ნებისმიერი ცვლილება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მცირე ინტენსივობით გამოვლენილი შეჩვეული დისკომფორტი.






0
3994
2-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
3994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0