x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ადამიანის ქცევის შემსწავლელი ბიოფსიქოსოციალური მიდგომა

imageადამიანებს ხშირად გვაინტერესებს, იმ ქცევის გამომწვევი მიზეზი რომელსაც თავად ვერ ვხსნით და რომელიც ჩვენთვის დამაბნეველია. ადამიანთა ქცევისა და მათთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა მრავალ განზომილებაში შეიძლება. სხვადასხვა მეცნიერებებში ქცევის შესწავლის განსხვავებული ხერხებია დამკვიდრებული, არც სოციალური სამუშაოა ამ მხრივ გამონაკლისი. სოციალური მუშაკები ადამიანის ქცევის შეფასებისას ემპირიულად შემოწმებულ კლასიფიკაციებს იყენებენ. სოციალური სამუშაოსთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა იწვევს ადამიანის ამა თუ იმ ქცევას? რომელი ფაქტორების გავლენა იგრძნობა – ბიოლოგიურის, ფსიქოლოგიურის თუ სოციალურის? როგორ მოქმედებენ ეს ფაქტორები ერთმანეთზე? რა გვაიძულებს მოვიქცეთ ისე როგორც ვიქცევით და არა სხვანაირად?

ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ერთდროულად მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედებას განიცდის, სოციალური სამუშაო და ამ სამუშაოს წარმომადგენლები ადამიანის ქცევის ახსნისას იყენებენ, ეგრეთ წოდებულ, მრავალგანზომილებიან მიდგომას, რომელიც ბიოფსიქოსოციალური მიდგომის სახელითაა ცნობილი. ქვემოთ შევეცდები ავხსნა თუ რას გულისხმობს ეს მიდგომა და რატომ არის აუცილებელი ადამიანის ქცევის შესასწავლად ქცევის საფუძვლის ძებნა ყველა ამ ფაქტორის ერთად გათვალისწინებით.
ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ „თითოეული ადამიანი შედგება მოლეკულებისგან, უჯრედებისგან და ორგანოებისგან; ასევე თითოეული ადამიანი განსაზღვრული ოჯახის, ჯგუფის, საზოგადოების, კულტურის, ერისა და სამყაროს წევრია. შესაბამისად ერთდროულად ურთიერთქმედებს მრავალ სისტემასთან, ამ მიდგომის გათვალისწინებით ადამიანის ქცევა არასოდესაა განპირობებული მხოლოდ ერთი ფაქტორით, მასზე ურთიერთქმედებს როგორც ბიოლოგიური ისე ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ადამიანები და მათი გარემო მრავალმხრივ სისტემებს წარმოადგენენ, რომელთა მოქმედება ბიოლოგიურიდან ფსიქოსოციალურ სფერომდე ფართოვდება.
პიროვნება წამოადგენს იმას, რისგანაც ის ინდივიდუალურად და სოციალურად შედგება, იქნება ეს გენეტიკური სტრუქტურა, წარსული გამოცდილება, გარემო
და სოციალური გავლენა თუ სხვა. ქცევა კი არის პიროვნებისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი, შესაბამისად გარემო პირობების მოქმედებით შეიძლება ქცევა გარკვეულწილად შეიზღუდოს ან პირიქით. როდესაც ვხელმძღვანელობთ ბიოფსიქოსოციალური მოდელით, ჩვენ ვაღიარებთ, რომ გარკვეული ბიოლოგიური პრობლემების, კოგნიტური პროცესებისა და სოციალური პირობების ცოდნა და გათვალისწინება გვიადვილებს ადამიანის ქცევის პროგნოზირებასა და მის ახსნას.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, მრავალგანზომილებიანი სისტემის გამოყენება პრობლემის ზოგადი სურათის დანახვაში მნიშვნელოვნად გვეხმარება, მაგრამ საკმაოდ ზოგადია იმისთვის რომ ინტერვენციის, მუშაობის კონკრეტული გზები დაისახოს. ამიტომ, ხშირად სოციალური მუშაკები მრავალგანზომილებიან სისტემას ნაწილებად ყოფენ რათა განსაზღვრონ თუ რა როლს ასრულებს თითოეული მათგანი კლიენტის პრობლემაში და ამავე დროს პრობლემის ზოგადი სურათიც მხედველობაში აქვთ. შესაბამისად მრავალგანზომილებიანი მიდგომა გვეხმარება განვსაზღვროთ ბენეფიციარის პრობლემის საფუძველი და დავსახოთ სამუშაო გეგმა ამ მოდელის ნაწილებად დაყოფისა და თითოეული ნაწილის ძირფესვიანად შესწავლის საფუძველზე. რაც თავის მხრივ გულისხმობს ჰიპოთეზების ჩამოყალიბებასა და მათ განხილვა – შეფასებას.
ფიზიკური და ბიოლოგიური თეორიების მიხედვით ადამიანის ქცევა ბიოლოგიური ფაქტორების შედეგია, როგორიცაა მაგალითად ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, გამოყენებული მედიკამენტები, მათზე დამოკიდებულება და სხვა. სოციალურმა მუშაკმა ყველა ეს ფაქტორი კარგად უნდა შეისწავლოს, უნდა გაიგოს მისი ჯანმრთელობის ისტორია, ემოციური და მენტალური შეფერხებები. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური ჰიპოთეზების ჩამოსაყალიბებლად ხდება მრავალმხრივი ინფორმაციის შეკრება და ფსიქოლოგიური მონაცემების შეგროვება სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური და ოჯახთან ჩატარებული ინტერვიუებით მიღებული ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება და უბრალოდ ქცევაზე დაკვირვებაც გამოვიყენოთ. სოციალური მუშაკის მიერ გაკეთებული შეფასება ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პარამეტრების გარდა, სოციალურ ფაქტორებსაც მოიცავს, რაც გულისხმობს, ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის სისტემებს, რესურსებისადმი ხელმისაწვდომობას და უშუალო სოციალურ გარემოს. იმას თუ როგორ ურთიერთქმედებს ის გარშემომყოფებთან, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს არსებულ სოციალურ გარემოში, როგორია მისი ეკონომიკური მდგომარეობა, ხომ არ განიცდის ჩაგვრას და ა.შ.
მხოლოდ ყველა ამ ფაქტორის განხილვა – შესწავლის საფუძველზე შეუძლია სოციალურ მუშაკს დაგეგმოს თუ როგორ იმუშავებს ბენეფიციართან და ასევე გასცეს პასუხები სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვებს.


16 თებერვალი, 2015 წელი

0
783
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0