x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
გენეტიკური და სოციალური ფაქტორების როლი დეპრესიაში

imageთითოეულ ჩვენგანს არაერთხელ გამოუცდია ცუდ განწყობაზე ყოფნა, იმედგაცრუება და გვითქვამს, რომ დეპრესია გვაქვს. თუმცა ჩვენ მას, ასე თუ ისე, გადავლახავთ ხოლმე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ფუნქციონირებაში გვიშლის ხელს, ვეღარ ვახერხებთ ჩვენი მოვალეობებისა და როლების შესრულებას? ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს აშლილობა და დეპრესიის კლინიკური სურათი.

საკითხავია, რა იწვევს დეპრესიას? როგორ ვითარდება ის? დეპრესია არის გუნება-განწყობილებისა და აქტივობის დაქვეითება. ასეთ დროს ადამიანი გრძნობს მწუხარებას, უიმედობას, უმწეობას, უსარგებლობასა და ა.შ. ისინი კარგავენ ინტერესს ისეთი საქმიანობის მიმართაც, რომელიც ძალიან მოსწონდათ. უჭირთ კონცენტრაცია, დამახსოვრება, გადაწყვეტილების მიღება. ხშირად დეპრესიის მქონე ადამიანები ცდილობენ თვითმკვლელობას. აწუხებთ უძილობა ან, პირიქით, გადაჭარბებულად სძინავთ. დეპრესიის ფაქტორები შესაძლოა, სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ, მაგალითად, გენეტიკური, ბიოლოგიური, სოციალური და ა.შ. ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი აქვს გენეტიკასა და სოციუმს დეპრესიის განვითარებაში.
გენეტიკით გამოწვეული დეპრესია

დიდი ხანია, ცნობილია, რომ დეპრესიული დაავადება შესაძლოა, გადაედოს მთელ ოჯახს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით დანამდვილებით, ამ დაავადებებს ადამიანები მემკვიდრეობით იღებენ, თუ გარემო განაპირობებს მათ წარმოქმნას. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ხანგრძლივი დეპრესია შესაძელებლია, გენეტიკურად გავრცელდეს. როგორც ჩანს, მემკვიდრეობით გადაეცემა მოწყვლადობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ჩვენს სანათესაოში ვინმეს კლინიკური დეპრესია აქვს, ჩვენ შეიძლება, მემკვიდრულად გადმოგვეცეს ტენდენცია ამავე დაავადების განვითარებისა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება აუცილებლად აღმოგვაჩნდება.

მშობლებისგან მიღებული გენეტიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენში, მაგალითად, გენდერს, თვალისა და თმის ფერს... გენეტიკა, ასევე, განსაზღვრავს იმას, თუ რა დაავადების მიმართ ვართ მგრძნობიარენი და რომელი მათგანი შეიძლება, გამოვლინდეს ჩვენში მისთვის ხელსაყრელ პირობებში. ადამიანის სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს, დაახლოებით, 50 000-დან 100 000-მდე გენს. ისინი წარმოქმნილნი არიან ნივთიერებისაგან, რომელსაც ეწოდება დეზოქსი-რიბონუკლეინის მჟავა ანუ DNA. უჯრედებში გენები მოთავსებულია ქრომოსომებზე ნუკლეოზიდებში. სქესობრივი უჯრედების გარდა, ყველა უჯრედი შეიცავს 46 ქრომოსომას, ხოლო გენები, როგორც წესი, მოთავსებულია მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას, ცალკეულ ქრომოსომაზე. ყველა ადამიანს აქვს განუმეორებელი გენეზისი, თუ არ ჩავთვლით იდენტურ ტყუპებს.

დეპრესიის მემკვიდრულობის კვლევა ოჯახებში აჩვენებს, რომ ზოგიერთი ინდივიდი მეტად მოწყვლადია დაავადების მიმართ, ვიდრე დანარჩებენი. თუკი ვინმეს მშობელს ან ტყუპისცალს აქვს ღრმა დეპრესია, მაშინ 1, 5 – 3-ჯერ მეტად არის მოსალოდნელი, რომ ეს დაავადება მასზეც გავრცელდეს, იმასთან შედარებით, ვისაც არ ჰყავს ახლო ნათესავი ამგვარ მდგომარეობაში. მისთვის, ასევე, დიდადაა მოსალოდნელი, რომ განუვითარდეს ბიპოლარული აშლილობაც. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შეიძლება, ითქვას, რომ დეპრესია არის გენეტიკური დაავადება.

ტყუპებზე დაკვირვება. კლინიკური დეპრესიის გენეტიკურ გავლენაზე ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი ეფუძნება კვლევას, რომელიც ჩატარდა იდენტური ტყუპების შესწავლით.იდენტურ ტყუპებზე დაკვირვება ძალიან ეხმარება მკვლევრებს, რადგან მათ აქვთ ერთი და იგივე გენეტიკური კოდი. დადგენილია, რომ როდესაც გენეტიკურ ტყუპისცალს აქვს დეპრესია, შესაძლებლობა იმისა, რომ მეორე ტყუპისცალსაც ჰქონდეს კლინიკური დეპრესია, არის 76%. როდესაც იდენტური ტყუპები შორს არიან ერთმანეთისგან, მათი დეპრესიულობის ალბათობა არის 67%. ეს ადასტურებს გენეტიკის ძლიერ გავლენას იდენტურ ტყუპებზე. ტყუპის ცალის დეპრესიულობისას თუკი მეორე ტყუპიც ყოველთვის იქნებოდა დეპრესიული, ეს მიგვანიშნებდა, რომ დეპრესია არის გენეტიკაზე აბსოლუტურად დამოკიდებული. ახლა ჩვენ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ, გენეტიკის გარდა, არსებობს კიდევ „რაღაც“, რაც ასევე განსაზღვრავს ადამიანის მოწყვლადობას დეპრესიულობისადმი. ეს „რაღაც“ შეიძლება, იყოს ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები, მიმდინარე სტრესები, ტრავმები, ღირებულებების გაუფასურება, სამედიცინო დაავადებები და ა.შ.

კვლევა ჩატარდა დიზიგოტურ ტყუპებზეც. იდენტური ტყუპებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ 50 % გენეტიკისა აქვთ საერთო და არ არის აუცილებელი, ისინი გამოიყურებოდნენ იდენტურად. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ფრატერნალური ტყუპისცალი დეპრესიაშია, ალბათობა იმისა, რომ მეორე ტყუპისცალსაც ჰქონდეს დეპრესია, არის 19%. საზოგადოების საერთო მონაცემებს რომ შევადაროთ, ეს მაჩვენებელი (19%) მაღალიც კია.

ექიმმა კოჰლიმ (Kohli) და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ფართო მასშტაბის კვლევა, გენეტიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მათ იკვლიეს ის პაციენტები, რომელთაც დაესვათ დეპრესიის დიაგნოზი, თუმცა არც მანამდე არ ჰქონიათ რაიმე ფსიქიატრიული დაავადება ისტორიაში. მკვლევარებმა დაადგინეს SLC6A15- გენი, რომელიც აკოდირებს ნეირონულ ამინომჟავის გადამტან ცილას და ის ხდება დეპრესიული დაავადების მატარებელი. ეს დასკვნა დადასტურდა 15, 000 ინდივიდის შესწავლის შედეგად.

მკვლევარებმა შეისწავლეს ფუნქციური კავშირი SLC6A15 გენსა და დეპრესიას შორის. თუკი ადამიანს ჰიპოთალამუსში დაბალი გამოხატულება აქვს SLC6A15-ისა, მაშინ ის რისკის ქვეშ იმყოფება, თუნდაც არ სჭირდეს დეპრესია. ეს დაბალი მაჩვენებელი SLC6A15-ისა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური სტრესები ჩვენზე. ექიმი ელისაბედ ბინდერი (Elisabeth B. Binder) ამბობს: „ჩვენი შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ SLC6A15-ის დაბალი გამოხატულება, განსაკუთრებით, ჰიპოთალამუსში, ზრდის ინდივიდის მოწყვლადობას სტრესის მიმართ იმით, რომ ცვლის ნეირონულ მთლიანობასა და ამგზნებ ნეიროტრანსმიტერს.

დეპრესიის სოციალური ფაქტორები

დეპრესია არის ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევა. მისი მიზეზი შესაძლოა, იყოს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ინტერპერსონალური ურთიერთობები. ინტერპერსონალური ურთიერთობები გულისხმობს ადამიანთა შორის უერთიერთობებს; ემოციებსა და რეაქციებს, რომლებსაც გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ. საერთო ინტერპერსონალური ურთიერთობები მოიცავს:

· 1.ოჯახი- მშობლებს შორის; შვილსა და მშობლებს შორის

· 2.სოციალური გარემო- სადაც სხვადასხვა ენთიკური ჯგუფისა და კლასის ადამიანები არიან

· 3.გენდერული ურთიერთობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში

ხალხის უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც იტანჯბა დეპრესიით. ეს გარდაუვალია. გრძნობა იმედგაცრუების, მწუხარების, მარტო ყოფნის- ეს ყველაზე გავრცელებული ემოციებია, რომლებიც დაკავშირებული დეპრესიასთან. თუმცა ზოგჯერ დეპრესია რთული გადასალახი ხდება და ფუნქციონირებაში გვიშლის ხელს, ეს კი სწორედ ისაა, როცა დეპრესია აშლილობა ხდება და აქტიურ ჩარევას მოითხოვს. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი მსოფილოში 100 მილიონამდეა (Gotlib & Hammen, 1992). გვიჩნდება კითხვა, რა იწვევს და რა მიზეზით ემართება ადამიანს დეპრესია. ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა, ჩავთვალოთ ინტერპერსონალური ურთიერთობები, კერძოდ, ოჯახური გარემო, სოციალიზაციის პროცესი, გენდერული დისკრიმინაცია და ა.შ.

ოჯახი. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ იმ ინტერპერსონალური შემთხვევებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიას, ყველაზე დიდი წონისა და მნიშვნელობის არის ოჯახი. მეუღლეების შემთხვევაში, ერთ-ერთი მეუღლის კეთილდღეობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მეორის მდგომარეობასა და, ზოგადად, მათს ქორწინებაზე. მაგალითად, ოჯახური პრობლემების მქონე წყვილთა 30%-ში ერთ-ერთის კლინიკური დეპრესია აღენიშნება, ამის მიზეზი კი არის უთანხმოება, კამათი და მტრული დამოკიდებულება ერთმანეთთან(Gotlib & Hammen, 1992).

დისტრესი, ასევე, შესაძლოა გამოწვეული იყოს ბავშვის ყოლით, როდესაც ქალი არის ფეხმძიმედ, ხშირად განიცდის მთელ რიგ ემოციებს იმის გამო, რომ უწევს შეცვალოს ინტერპერსონალური ურთიერთობა და დაამყაროს ახალი- მომავალ შვილთან. ეს კი საკამოდ რთული ამოცანაა და ზოგჯერ ხდება ცხოვრებაში მთავარი სტრესი და იწვევს დეპრესიას (O'Hara, Lewis, Schlechte, & Varner, 1991).

აღსანიშნავია, რომ ზემოთქმული არამარტო ცოლ-ქმარს უქმნის პრობლემას, არამედ გავლენას ახდენს ბავშვზეც. აღმოჩნდა, რომ დეპრესირებული ბავშვებს, რომელთაც დედაც დეპრესირებული ყავდათ, ჰქონდათ უფრო მეტი ცუდი ინტერპერსონალური ქცევა, რაც გულისხმობს ადამიანებთან ურთიერთობებს. ვიდრე იმ დეპრესიულ ბავშვებს, რომელთაც ჩვეუელბრივი დედა ყავდათ. ეს ყოველივე მტკიცდება კვლევაში (Chen & Rubin, 1995), რომელიც აჩვენებს, რომ დეპრესიულ ბავშვთა მშობლები ნაკლებად თბილები და მზრუნველები არიან, ვიდრე იმ არადეპრესიული ბავშვების მშობლები. მშობლისა და შვილის შორის სწორედ ასეთი ნეგატიური ურთიერთობის შედეგად ბავშვს შეიძლება, ნეგატიური აღქმა გაუჩნდეს თავისი ოჯახის. ეს კი გამოიწვევს კონტროლის ნაკლებობას და მეტ რისკს კონფლიქტების, მიუღებლობის გრძნობისა და დაბალი თვითშეფასების(Asarnow, Carlson, & Guthrie, 1987).

თუკი ადამიანს ბავშვობაში ან ჭაბუკობაში აქვს განცდილი დეპრესია, სავარაუდოა, რომ ზრდასრულობაშიც განმეორდეს ანალოგიური. ასეთი ადამიანები წარუმატბლები არიან ქორწინებასა და ოჯახში. დეპრესიული ადამიანები დამოკიდებული არიან სხვებზე. ჰამენმა და ბრენანმა(Hammen and Brennan, 2001) აღმოაჩინეს, რომ დეპრესია ჰქონდათ 13% ვაჟების და 23, 6% გოგოების, რომელთაც ყავდათ დეპრესიული მშობელი, განსხვავებული მდგომარეობაა არადეპრესიულ მშობლებში, მათი შვილების 3, 9% ბიჭები და 15, 9% გოგოები არიან დეპრესიულები.

ბევრი ფიქრობს, რომ მშობლები და შვილები სხვადასხვაგვარად განიცდიან დეპრესიას, მაგრამ ასე არაა. დეპრესიული ბავშვი შესაძლოა, გავდეს დეპრესიულ მშობელს, მასავით გამოხატავდეს მწუხარებას, ბრაზს, სირცხივლსა და საკუთარი თავისადმი მტრობას. ისევე, როგორც მოზრდილები, ბავშვებიც ადანაშაულებენ საკუთარ თავს, როცა რაიმე ცუდი ხდება. ხოლო კარგი რამ როცა ხდება, გარემოს მიაწერს (Brown & Siegel, 1988). სწორედ ამიტომაა, როცა ბავშვი საკუთარ თავს აბრალებს მშობლების დაშორებას.

სოციალიზაცია. ისევე, როგორც ოჯახური გარემო, სოციალიზაციას არის განმაპირობებელი ჯანსაღი ურთიერთობებისა და იმის შეგრძნებისა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრების ნაწილი ვართ. დეპრესიას უარყოფითი გავლენა აქვს სოციალიზაციაზე, ფუნქციონირებასა და იმაზე, რომ გავუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს. გოტლიბმა და ჰამენმა (Gotlib and Hammen, 1992) განიხილეს დეპრესიული ადამიანების სოციალური ფუნქციონირება და აღმოაჩინეს, რომ ისინი ნაკლებად აქტიურები არიან სოციუმში, დაბალია მათი ურთიერთობების ხარისხიც, თუმცა აქტიურნი არიან ოჯახურ კონფლიქტებში.

ძირითადი ნაწილი განწყობის დარღვევის განვითარებისა არის სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების ხარისხი. ჩვეულებრივ, ამას ეწოდება დაძლევის სტრატეგიები, რომელთა საშუალებით ადამიანი მართავს სტრესს. ადამიანს შესაძლოა, განუვითარდეს დეპრესია მაშინ, როცა ვერ უმკლავდება მეგობართან დაკავშირებულ „დრამას“, ეს განსაკუთრებით ხდება ბავშვებში. დეპრესიულ ბავშვებს აღენიშნებათ მაღალი იმედგაცრუება, დაბალი თვითშეფასება და დაბალი უნარები, განსხავებით არადეპრესიული ბავშებისგან. (Asarnow, Carlson, & Guthrie, 1987).

როგორც აღვნიშნეთ, დეპრესიულ ადამაინებს აქვთ დაბალი თვითშეფასება. ინდივიდუალურ ურთიერთობებში მათ შეიძლება უარყონ, რომ მათზე ზრუნავენ და, პირიქით, უარყოფითი ეძებონ, რადგან ჰგონიათ, რომ მათ უარყოფენ. ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან სხვის აზრებზე და ხდებიან ნაკლებად აქტიურები (Lewinsohn, Gotlib, & Seeley, 1997).ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამაინები შეიძლება, არ გავიდნენ გარეთ, არც ის სურთ, რომ თავს ძალა დაატანონ. ამის კარგი მაგალითია ადამიანი, რომელიც არის ათლეტი და აქვს დეპრესია. მას სკოლაში მწვრთნელი აიძულებს მას აქტიურობას, თუმცა არ უნდა ეს. შედეგად, ის წარმოჩნდება ცუდად, ცუდად შეასრულებს დავალებას და თანაგუნდელების კრიტიკას დაიმსახურებს. შედეგად ის ზედმეტად მგრძნობიარე ხდება და ეცემა თვითშეფასება. საერთოდ თავს ანებებს სპორტს და განუდგება ყველას და ეჩხუბება ვისაც კი იცნობს.

სოციალურ კლასსაც შეიძლება ჰქონდეს დიდი გავლენა დეპრესიაზე. ბრაუნი და ჰარისი (Brown and Harris, 1978) იტყობინებიან, რომ მუშათა კლასის წარმოამდგენელი ქალი, რომელსაც ყავს შვილი, უფრო დეპრესიულია, ვიდრე საშუალო კლასის წარმოადგენელი დედა. ამის მიზეზია ის, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალს უწევს მიატოვოს სახლი და ბავშვი მარტო, ეს კი გამიწვევს შფოთვას და დანაშაულის განცდას, რომ ცუდი დედაა. საშუალ კლასის წარმოამდგენელი დედა კი ახერხებს, დრო გამონახოს თავისი შვილისთვის და იზრუნოს მასზე.

ოკაზაკიმ (Okazaki, 1997) აღმოაჩინა, რომ აზიელი ამერიკელები უფრო მეტად დეპრესიულები არიან, ვიდრე თეთრკანიანი ამერიკელები, რადგან მათზე უფრო მეტი ზეწოლა ხდება სოციუმიდან, მათ განსხვავებული კულტურა და ღირებულებები აქვთ და უმცირესობას წარმოადგენენ. ეთნიკურ ჯგუფებს ორჯერ მეტი ძალისხმევა და მუშაობა სჭირდებათ წარმატებისთვის.

გენდერი. არსებობს უამრავი ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომელებიც ეხება გენდერს, მაგალითად, სქესობრივი დისკრიმინაცია. ეს განსაკუთრებით ნაცნობია ქალებისთვის. მათ მიმართ არის მოლოდინი, რომ სოციალური სტანდარტების შესაბამისი იქნებიან და დაკავდებიან „ქალური საქმიანობებით“. მშობლებიც ხელს უწყობენ, რომ მათი შვილი სტერეოტიპებს შეესაბამებოდეს და, მაგალითად, იყოს მედდა და მასწავლებელი. 1986-1987 წლებში ქალი ბაკალავრის სტუდენტების მხოლოდ 15% იყო ინჟინერი, განათლების- 76% და საექთნოს- 84%(Nolen-Hoeksema, & Girgus, 1994). სოციალური ნორმის დარღვევამ შესაძლოა, მიგვიყვანოს დეპრესიამდე. როდესაც გოგონა რაღაც საკითხში ბიჭზე ჭკვიანია და უკეთ ასრულებს სამუშაოს, შესაძლა, მაინც „დაისაჯოს“, რადგან ეს „მისი საქმე არაა“, ეს კი უბიძგებს დეპრესიას და ფუნქციონირებაში უშლის ხელს. როცა მოზარდი განიცდის დეპრესიას სკოლის პერიოდში, მას არ ექნება კარგი აკადემიური მოსწრება, შესაბამისად, ვერ მოახერხებს კარგი უმაღლესი განათლების მიღებას, რაც აისახება მის კარიერაზე.

განსხავებული გენდერული გამოცდილება შეიძლება იყოს დეპრესიის მიზეზი. მაგალითად, გოგოები ორჯერ მეტად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ბიჭები, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სოციალური პრობლემებით ან გენეტიკით. ერთ-ერთ კვლევაში 14-16 წლის მოზარდების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ქალების 13% და კაცების 3%-ს აღენიშნებოდა დეპრესიის კრიტერიუმები (Nolen-Hoeksema, & Girgus, 1994).

თუმცა არ უნდა შევიდეთ შეცდომაში და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ქალებს ემართებათ დეპრესია. მამაკაცების საკმაო რაოდენობაც განიცდის მას. საშუალო ასაკის მამაკაცების 49%-ს აქვს დეპრესიული ეპიზოდები ცხოვრებაში (ქალების 63%). გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვაგვარია, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობები. როდესაც ინტიმური ურთიერთობები მთავრდება, მამაკაცი უფრო მეტად ხდება დეპრესიის მსხვერპლი, ვიდრე ქალი(Hankin et al., 1998).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მიზეზი დეპრესიისა არის წარუმატებელი და სტრესული ქორწინება. გრეგორი ბეტი (Gregory S. Beattie) თვის წიგნში „დეპრესიის გამომწვევი სოციალური ფაქტორები“ (Social Causes of Depression) საუბრობს ამ თემაზე, აღნიშნავს ამ ფაქტს, თუმცა მის მნიშვნელობას ძალიან არ უსვამს ხაზს. როდესაც ქორწინება წარუმატებელია, ის გადაიქცევა სტრესორად, ქალებში იწვევს დეპრესიას, ხოლო მამაკაცებს უბიძგებს ალკოჰოლისკენ. სტრესული ქორწინება დეპრესიის წამყვანი მიზეზია ქალებში (Whisman, 2001).

აღსანიშნავია, რომ, როცა ერთ-ერთი პარტნიორი იტანჯება ქრონიკული დეპრესიით, მეორესაც განუვითარდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გადალახავს ადამიანი დეპრესიას, მაგრამ განმეორების შესაძლებლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, ცოლ-ქმრული დისტრესი გულისხმობს, რომ ერთი პარტნიორის ქრონიკული დეპრესია იწვევს მეორისას (McCullough, 2003).

ეს პარტნიორთა შიდა უთანხმოებები ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცყოფამდე მიდის, რასაც, უმეტესწილად, მამაკაცი ახორციელებს, თუმცა ზოგჯერ ქალიც.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცოლ-ქმრული სტრესი და დეპრესია მჭიდროდაა დაკავშირებული, ისინი ურთიერთქმედებენ და იწვევენ ერთმანეთს.

სტრესულ ცხოვრებისეულ მოვლენებს დიდი წილი მიუძღვით დეპრესიის განვითარებაში. ეს მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა: განქორწინება, სამუშაოს დაკარგვა, სიღარიბე. ეს გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ან დამოკიდებული. დამოუკიდებელია, როცა, მაგალითად, ქარიშხალი დაანგრევს სახლს. დამოკიდებულია, როცა პასუხისმგებლობა თვითონ პიროვნებას ეკისრება. პირველ შემთხვევაში შეგვიძლია, გარემოს დავაბრალოთ უბედურება და დანაშაული არ ვიგრძნოთ, მაგრამ როცა პასუხისმგებლბას ვგრძნობთ, ეს დეპრესიას უბიძგებს. ამის მაგალითად შეგვიძლია, ავიღოთ მამაკაცები. მრავალ კულტურაში მიღებულია, რომ კაცი არჩენს ოჯახს და როცა ხდება ისე, რომ მას ეს აღარ შეუძლია, ვარდება დეპრესიაში. ჩემი აზრით, საქართველოში ძალიან თვასაჩინოა აღნიშნული ფაქტი. დღესდღეობით მრავალი მამაკაცი უმუშევარია და ოჯახის რჩენა უწევს ქალს, მიუხედავად ამისა, ქართველი კაცები მაინც იზიარებენ სტერეოტიპს, რომ ოჯახის უფროსები და მრჩენელები თავად უნდა იყვნენ, რაც ქმნის კოგნიტურ დისონანსს და იღებენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

სოციალური მხარდაჭერა და მისი როლი დეპრესიაში. უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინსაც კარგი სოციალური მხარდაჭერა აქვს, ადვილად გადალახავს დეპრესიას. ზოგჯერ ადამიანს უკვდება ახლოველი, კარგავს სამსახურს და ვარდება მრავალ სტრესულ სიტუაციაში, მაგრამ ოჯახი, მეგობრები და ახლობლები ეხმარებიან მის დაძლევაში. თუმცა ის ადამიანები, ვისაც ეს მხარდაჭერა აკლიათ, უმეტესწილად განიცდიან დეპრესიას (Wade & Kendler, 2000).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მაგალითად, მშობლის ან მშობლების დეპრესია იწვევს სხვებისას, კერძოდ, შვილებისას. ნორმალურ სიტუაციაში მშობელი ახერხებს ყურადღება მიაქციოს შვილს და „დაიხსნას“ სტრესისგან, მაგრამ როდესაც თვითონ არის დეპრესიაში, ამას ვერ მოახერხებს და ბავშვსაც ანალოგიური ემართება.

სხვა შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა, განუვითარდეს დეპრესია, თუკი უარყოფით სოციალურ დინამიკას შევუქმნით ოჯახში. ბიტიმ (Beattie) შემოგვთავაზა ამის მაგალითი, როდესაც შეისწავლიდა აზიელ-ამერიკელ სტუდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ დეპრესია, რადან მათი სოციალური სტატუსი იყო უმცირესობა. გარდა ამისა, ზოგიერთ კულტურაში ბავშვებს აიძულებენ მშობლები, რომ სწავლის პარალელურად შეასრულონ მძიმე სამუშაო და რამით დაეხმარონ ოჯახს. ბენსონმა (Kenney-Benson and Pomerantz, 2005) აღმოაჩინა, რომ მშობლების, განსაკუთრებით, დედების მხრიდან ზედმეტი კონტროლი იწვევს პერფექციონისტულ თვისებებს ბავშვებში. ეს კი იწვევს დეპრესიას, რადგან ბავშვს არ შეუძლია, მიაღწიოს იმ მაქსიმუმს, რომელიც უნდა თვითონ.

ზოგჯერ დეპრესია ემართებათ საზოგადოებაში ყველაზე გამოჩენლი და „კაშკაშა“ პირებს. ბეტის მიერ განხილული კვლევა უჩვენებს, რომ რაც უფრო ჭკვიანი და ინტელიგენტურია გოგო, მით უფრო მეტია ალბათობა დეპრესიის. ამას იწვევს სოციალური ნორმების დარღვევა (მრავალ კულტურაში მიღებულია, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი).

როგორ მოქმედებს სოციალური მხარდაჭერა? როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, სჭირდება გარშემომყოფთა ყურადღება, სითბო ან, უბრალოდ, ის, რომ გავიზიაროთ და ვიგრძნოთ მისი მწუხარება. სწორედ ამიტომ მოქმედებს უარყოფითად და უარესად, როდესაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვანუგეშებთ და ვატყუებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რეალურად კი ამის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს. უმჯობესია, რომ მასთან ერთად „ვიგლოვოთ“ და ვაგრძნობინოთ, როგორ განვიცდით და ვწუხვართ. ამ შემთხვევაში საინტერესოა კულტურათა შორისი სხვაობა. კოლექტიურ კულტურაში უფრო მეტად არის გაზიარებული ემოციები და უფრო მეტი კონტაქტია ადამიანებს შორის, ვიდრე ინდივიდუალისტურ კულტურებში. მაგალითად, თუკი ამერიკელი წავა დასავლეთ საქართველოში, სავარაუდოდ, გაოცდება, როცა დაინახავს, როგორ იპუტავს თმებს და გლოვობს მეზობელი მეზობლის ნათესავის გარდაცვლისას.

საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვობის დროინდელი გამოცდილება დიდ როლს თამაშობს დეპრესიაში. ეს გამოცდილება შეიცავს სექსუალურ ან ფიზიკურ ძალადობას, მშობლებთან განშორებას, დაუდევარ აღზრდას, ან მშობლის მენტალურ დაავადებას. ყველაზე მეტად დეპრესიას იწვევს მშლობლის გარდაცვალება 11 წლამდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალ ბავშვს მოუწია მშობელთან დაშორება. ამ ბავშვებმა გაიარეს მწუხარების გაკრვეული ეტაპები და საბოლოოდ განუვითარდათ დეპრესია. თავდაპირველად ტიროდნენ დედის გამო; შემდეგ ძალიან წყნარი ხდებოდნენ; იყვნენ მოღუშულები, დაღვრემილები და ჩუმები; საბოლოოდ კი ძალიან გაუცხნოვდნენ.


0
201
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი ადამია
მარიამი ადამია
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0