სხვა სკანდალი: რა მოხდა სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტზე? 2015, 13 თებერვალი, 15:22 როგორც ყველასათვის ცნობილია, 12 თებერვალს სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო გაიმართ, რომელსაც ფრანგული კინოს ცნობილი ვარსკვლავი ალენ დელონი უძღვებოდა. კონცერტმა მაყურებლებში არერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ადგილზე მისული საზოგადოების უკმაყოფილება ჯერ კიდევ კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. სპორტის სასახლეში მისული მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სასახლის შესასვლელში ჭყლეტვის გამო, საღამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. დარბაზიდან გამოსული მაყურებლები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი ბილეთები ორჯერ იყო გაყიდული და დარბაზში დაჯდომა ვერ მოახერხეს.
მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა "არტ პალასის" პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ. მისი თქმით, კონცერტის ორგანიზებაში პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ პირიქით ფიქრობს მაყურებელი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნება საერთოდ ვერ მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე პირმა სპორტის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილებამდე მისასვლელად პანდუსები არ იყო დამონტაჟებული. მომხდარის გამო იუბილარმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში პირადად მოუხადა. „მტკივა წელი, ფეხები, - ეს იყო კოშმარი. ორგანიზატორები დასაჭერები არიან. ბილეთები ორჯერ გაიყიდა. ჩემი ადგილი გაიყიდა ინტერნეტით, რომელსაც ფურცელზე ეწერა ადგილების ციფრები, ჩვენ კიდევ ბილეთები გვქონდა. ის ადამიანი მიმტკიცებდა, რომ საიტზე ვიყიდეო და იყო ერთი ამბავი“ -, განაცხადა კონცერტზე დამსწრე ერთ-ერთმა ქალბატონმა. მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი, მხოლოდ სცენა იყო მაღალ დონეზე გაკეთებული, თორემ კონცერტი აბსოლუტურად არაორგანიზებული იყო. " მომსახურე პერსონალი არ იყო, რომელიც დაგვაკვალიანებდა. მივედით გამოპრანჭულები, დრეს-კოდი ყველამ დავიცავით, ძვირადღირებული ქურქებით და ფეხსაცმლით. ასე გამოწყობილებს ერთი საათი წვიმასა და სიცივეში მოგვიხდა ლოდინი. თქვენ წარმოიდგინეთ, გარდერობიც კი არ მუშაობდა, სადაც ჩვენს ქურთუკებს, ქურქებს და ზედა სამოსს ჩავაბარებდით. ეს სად ხდება, ხალხო, რომელ ქვეყანაში, გვითხარით. ეს არ არის ჩვენი დამცირება? ეს არ არის სირცხვილი? ასეთი მაღალი დონის ღონისძიებააა, თავი მოგვაქვს, რომ ალენ დელონი ჩამოვიდა, მსოფლიო ვარსკვლავები და შიგნით ჰოლში, ბატიბუტი იყიდება. სირცხვილიაა, სირცხვილი!"-განაცხადა ერთ-ერთმა მაყურებელმა. 260 11-ს მოსწონს 1-ს არა
|