x
მეტი
  • 30.03.2024
  • სტატია:134066
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508254
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაში ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში ძალიან დიდი როლს ასრულებს. სწორედ, თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე. ასევე გავლენას
ახდენს აზროვნების განვითარებაზე და უღვივებს ბავშვს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს.თამაში თამაშის პროცესში ბავშვი ეცნობა უფროსებისადმი დამახასიათებელ ქცევებსა და ურთიერთობებს, რომელიც მისი ქცევის ნიმუში ხდება. იგი ასევე ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანატოლებთან, მოზრდილებთან ურთიერთობის ძირითადი ჩვევების ჩამოყალიბებას. თამაშის ქცევაში ასევე ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც შემოაქვს მოზრდილს და მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. თამაში ასევე დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე, რასაც განაპირობებს თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი. მას გასაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეფლექსური აზროვნების ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს საკუთარი ქცევების, მოტივების გაანალიზებასა და საზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებთან შეფარდებას. თავისთავად, ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმებიც. 3-4 წლის ბავშვისთვის დამახასიათებელია ისეთი სახის თამაში, რომელიც არ ისახავს მიზანსა და არ ადგენს ქცევის წესებს. იგივეს ვერ ვიტყვით 5-6 წლის ბავშვებისთვის დამახასიათებელ თამაშის ტიპზე. შესაბამისად, ბავშვების თამაშის განხილვა ორი ძირითადი კუთხით შეიძლება: სოციალური თამაში, რომელიც გულისხმობს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის ხარისხს და ფანტაზიის თამაში, რომელიც გულისხმობს იმას, თუ რას ფიქრობს ბავშვი თამაშის პროცესში და რად წარმოუდგენია საკუთარი თავი. გამოყოფენ თამაშის რამდენიმე სახეს, რომელიც დამახასიათებელია 5-6 წლის ბავშვებისათვის, ესენია:
1. მოტორული თამაშები – მოიცავს სირბილს, ხტუნვას, სხვადასხვა მოტორულს აქტივობებს და ხელს უწყობს ბავშვის მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას.
2. როლური თამაშები - ბავშვები ასრულებენ სხვადასხვა როლებს. იგი საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე, გაითვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა. ამ ტიპის თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც.
3. თამაში “ბრძოლა'' - თამაშის ეს ფორმა არ გულისხმობს რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას, ეს მხოლოდ თამაშია და არა ჩხუბი. იგი საშუალებას აძლევს ბავშვს მოსინჯოს საკუთარი ძალები და დახარჯოს ზედმეტი ენერგია.
4. წესებიანი თამაში - ამ სახის თამაშში არსებობს წესები, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ასევე თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული.

პარტენის(1932) მიხედვით თამაშის განვითარება შემდეგი 6 დონის მიხედვით ხდება:

1. უმოქმედო ქცევა - გულისხმობს მცირე ან საერთოდ, უმოქმედობას. შესაძლებელია ბავშვის ყურადღება მიიქციოს იმან, რაც მის ირგვლივ ხდება.
2. მაყურებლის თამაში - ბავშვი უბრალოდ აკვირდება მის თანატოლებს, თუ როგორ თამაშობენ, თუმცა ეს მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლება და იგი არ ერთვება თამაშის პროცესში.
3. თავისთავთან თამაში - დამახასიათებელია 2 წლის ასაკის ბავშვისთვის. იგი მარტო, საკუთარ თავთან თამაშობს და ყურადღებას არ აქცევს სხვა ბავშვების ქმედებებს.
4. პარალელური თამაში - დამახასიათებელია 3 წლის ასაკის ბავშვისათვის. იგი ისე თამაშობს, როგორც სხვა ბავშვები, თუმცა მათ შორის ურთიერთობა არ ხდება.
5. ასოციაციური თამაში - ამ თამაშის დროს ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. შეიძლება ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ბავშვი განცალკევებით თამაშობს და კონცენტრირებულია მხოლოდ საკუთარ მოქმედებაზე. თამაშის ეს ფორმა დამახასიათებელია 4 წლის ასაკის ბავშვისთვის.
6. კოოპერატიული თამაში - გულისხმობს ორგანიზებულ ურთიერთქმედებას. ბავშვები ამ დროს ჯგუფურად თამაშობენ, რაღაც საერთო მიზნის მისაღწევად. დამახასიათებელია 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

სქესობრივი განსხვავებები თამაშში მკვეთრად ფიგურირებს. ერთ-ერთი განსხვავება, რაც თამაშს უკავშირდება, აგრესიული ქცევაა. ბიჭები ბევრად უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე გოგონები. ასევე განსხვავებებია სათამაშოების არჩევასთან დაკავშირებით. გოგონები თოჯინებით თამაშობენ, ბიჭები მანქანებითა და სხვადასხვა საბრძოლო სათამაშოებით, ისინი უფრო ''კაცურ'' სათამაშოებზე არიან ორიენტირებულნი. ეს ყველაფერი განპირობებულია ბავშვების დაკვირებით იმავე სქესის მშობელთან. ბავშვები სქესის განსხვავებას დაახლოებით ორნახევარი წლიდან იწყებენ, უმეტეს შემთხვევაში ისინი უყურებენ ტელევიზორს, აკვირდებიან მშობლებს და თავად სწავლობენ, რომ ბიჭმა და გოგომ სხვადასხვა რამ უნდა გააკეთოს.


მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ, ბავშვის თამაშით ნორმალური განვითარების ასპექტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს სხვებთან თამაშისა და ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბებაში. ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვების წახალისება ამა თუ იმ თამაშის დაწყებისთვის, რაც მისი გონებრივი შესაძლებლობების გააუმჯობესებას ემსახურება.


ავტორი – მაყვალა გოგოლიძე

0
1001
1-ს მოსწონს
ავტორი:მაყვალა გოგოლიძე
მაყვალა გოგოლიძე
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0