x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მრწამსი", რომელიც ყველა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს
ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. რას ნიშნავს ეს? ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისათვის გაიღო. ეს არის ტვირთვა მთელი ადამიანური ბუნებისა, მთელი ჩვენი დაცემულობისა, ჩვენი შერყვნილობისა, რომელიც ღმერთს მოშორებული ადამისაგან მთელმა მისმა მოდგმამ მიიღო მემკვიდრეობად. „რომელმან იგი არა იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა ქმნა, რათა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5, 21). ეს არის ყველაზე არსებითი ნიშანი, რომლითაც ქრისტიანობა განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან.


ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ჩვენს გარეშე არ არსებობს და რომელიც არ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რომელიმე გონებაჭვრეტითი ობიექტი, ვეძებოთ მსგავსებანი და განსხვავებანი მასა და სხვა ობიექტებს შორის. ქრისტიანობა ბუნებით ახასიათებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენიშნავს, რომ ვერ ახერხებს გათავისუფლებას მტანჯველი ვნებებისაგან, ცოდვებისაგან. ნებისმიერ ვნებას ტანჯვა მოაქვს ადამიანისათვის და მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგება, ამჩნევს იგი, თუ რა არის ცოდვა, რა არის ვნება, რა საშინელებაა ეს და უჩნდება მაცხოვარი ღმერთის აუცილებლობის შეგრძნება.


ქრისტიანობა ქადაგებს საზოგადოდ აღდგომაზე, როგორც ფაქტზე, რომელიც შედეგად მოჰყვა ქრისტეს აღდგომას. შეუძლებელია, არ აღდგეს ყოველი, ვინც ქრისტესია. გავიხსენოთ, როგორ გამომწვევად გაისმა აღდგომის შესახებ პავლე მოციქულის ქადაგება არეოპაგში. ბრძენთა ამა სოფლისათა იგი ზღაპრად, გამონაგონად მიიჩნიეს, მაგრამ ქრისტიანობისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატია. უწყება აღდგომის შესახებ ორი ათასი წელია მსჭვალავს მთელ ქრისტიანულ ცნობიერებას. უდიდესი წმიდანები, რომელთაც ღვთაებრივ გაცისკროვნებას და გონების გაბრწყინებას მიაღწიეს, დაბეჯითებით და კატეგორიულად ამტკიცებენ ამ ჭეშმარიტებას. ეს უნიკალური რამ არის კაცობრიობის რელიგიური ცნობიერების ისტორიაში.


მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში სხვა ლოცვებთან ერთად მრწამსს წარმოვთქვამთ. ფაქტიურად, ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა. რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა? იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვალოცვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიცა და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი.



მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ (325 წ) და მეორე (381 წ) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. III მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაკლდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში, საუკუნეების შემდეგ, კათოლიკებმა მრწამსში შეცვალეს ერთ-ერთი მუხლი და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილ იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან მრწამსში ცვლილების შეტანა ერესია, მწვალებლობაა.


image



" მრწამსი "



მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.


ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.


რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.


0
2990
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0