x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეკობრეობა - საერთაშორისო სახის დანაშაული

ავტორები:

თამთა ჯოლოხავა
სალომე გიუნაშვილი




ჩვენთვის ცნობილია საერთაშორისო დანაშაულის 4 გამოვლინება: ომის დანაშაულები, გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესია. თუმცა არსებობს ისეთი დანაშაულებიც, რომლებიც არ ითვლება საერთაშორისო დანაშაულად,
მაგრამ თავისი არსით სცილდება ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთნება საზღვაო მეკობრეობა, ვინაიდან იგი ვერ წვდება საერთაშორისო დანაშაულის დონეს, მაგრამ ამავდროულად მოითხოვს საერთაშორისო-სამართლებრივ თანამშრომლობას აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. სწორედ ამ მიზნით შემუშავებულია მთელი რიგი კონვენციები, რომლებიც იურიდიულად აფიქსირებენ სახელმწიფოთა უფლება მოვალეობებს საზღვაო მეკობრეობასთან ბრძოლაში ( მაგალითად, 1958 წლის კონვენციას ღია ზღვის შესახებ და 1982 წლის კონვენციას საზღვაო სამართლის შესახებ).

მეკობრეობა - ეს არის საზღვაო ყაჩაღობა, ომის მსგავსი ქმედება ჩადენილი არასახელმწიფო აქტორის მიერ, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ სავაჭრო და სამართლებრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების დღიდან. იგი დღემდე აქტუალურ გლობალურ პრობლემად რჩება და მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აზარალებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2005 წლიდან, შეინიშნება მეკობრეობის შემთხვევების ზრდა, რომელთა 70 % მოდის შემდეგ რეგიონებზე: ინდონეზია, ბანგლადეში, ნიგერია, ინდოეთის სანაპიროები, მალაკის სრუტე და ადენის ყურე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, იაპონიამ და აშშ–მ გააძლიერეს პატრულირება თავიანთ ტერიტორიულ წყლებში, მეკობრეებთან ბრძოლის მიზნით, მათი თავდასხმები ჯერ კიდევ გრძელდება, განსაკუთრებით, ნიგერიის სანაპიროსთან და გვინეის არხთან.

გვსურს ყურადღება გავამავახვილო სომალელ მეკობრეებზე, ვინაიდან საზღვაო სავაჭრო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისთვის მიყენებული ზარალის უდიდესი ნაწილი განპირობებულია მათი აქტიურობით- გახშირებული თავდასხმებით,
ადამიანთა გატაცებით და დიდი რაოდენობით გამოსასყიდის მოთხოვნით. შევეცდებით ავხსნათ მათი ქმედებების გამომწვევი მიზეზები და ამ ქმედებებით გამოწვეული შედეგები, რომლებზე დაყრდნობითაც შემოგთავაზებთ ანალიზს თუ რამდენად ეფექტურია საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებული ზომები მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.


გერმანიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტისა და ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის განცხადებით, სომალის ნაპირებთან მეკობრეობა გარკვეულწილად არალეგალური თევზჭერითაა გამოწვეული, ვინაიდან უცხოური გემების მიერ სომალის წყლებში ჩაყრილმა ტოქსიკურმა ნარჩენებმა იძულებული გახადა ბევრი ადგილობრივი მეთევზე მეკობრეობით ერჩინათ თავი. სხვა წყაროებზე დაყრდნობით, სომალელი მოსახლეობის დიდი ნაწილი მეკობრეობას ქვეყნის ტერიტორიული წყლების, თევზჭერის არეალის თავდაცვისა და მოპარული საზღვაო რესურსების კომპენსაციის ფორმად მიიჩნევს. თუმცა აშკარაა, რომ მათი საქმიანობა სხვა არაფერია თუ არა სარფიანი „ბიზნესი“ და მთავარი მოტივაცია ფინანსური მოგებაა. ჩვენი აზრით, მათი გააქტიურება სწორედ, რომ წარმატებით განხორციელებულმა თავდასხმებმა და ტყვეების სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხების აღებამ განაპირობა. თანაც თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც 500მდე დაკავებული სომალელი მეკობრიდან 2/3 გაათავისუფლეს, ვნახავთ რომ მეკობრეებს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვთ და დროებითი განიარაღება ძველი საქმიანობის გასაგრძელებლად მათთვის პრობლემა არ იქნება.


რაც შეეხება ზომებს ამ საზღვაო კრიმინალის წინააღმდეგ, დღესდღეობით ბევრმა სანაოსნო კომპანიამ სომალელ მეკობრეებისგან თავდაცვის მიზნით, გემზე სპეციალური დამცავი ოთახი დაამონტაჟა.რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა ამ რეგიონში სამხედრო გემების ესკადრილიები განალაგეს. პარალელურად ნატოს სამხედრო კოალიციამ და ევროკავშირმა კი ინდოეთის ოკეანეში გაერთიანებული ძალებით სპეციალური მისიები დაგზავნეს. SOS კამპანიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც .

ყველა ეს გადადგმული ნაბიჯი ბუნებრივია მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ევროკავშირის სპეციალური მისიის ხელმძღვანელის, გერმანელი კონტრ-ადმირალი ტომას ერნსტის განცხადებას, რომ სომალელი მეკობრეების თარეში მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა სომალის მთავრობა მათი ქსელის საქმიანობის გაფართოებას ხმელეთზე შეუშლის ხელს.

და ბოლოს, მართალია საერთაშორისო რეაქციამ მეკობრეობის წინააღმდეგ ზომები გააუმჯობესა და შედეგად მივიღეთ გატაცებული გემების მკვეთრად შემცირებული რიცხვი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. მიგვაჩნია რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები უფრო უნდა გააქტიურდნენ და ურთიერთთანამშრომლობით ეფექტურობა გაზარდონ, ასევე გაამკაცრონ სასჯელის ზომები, რათა თავიდან აიცილონ მომავალში მეკობრეთა მიერ მიყენებული ზარალი, რომელიც მხოლოდ ფულადი არაა და ეხება ადამიანთა სიცოცხლესაც.








ბიბლიოგრაფია:




1. ალექსიძე, ლევან. 2013. საერთაშორისო საჯარო სამართალი. თბილისი. გამომცემლობა: იურისტთა სამყარო


ინტერნეტ-წყაროები:


1. http://www.amerikiskhma.com/content/article--------113277764/533654.html ბოლო ნახვა 31 იანვარი, 2015.


2. http://www.socium.ge/index.php/articles/student-articles/30-mekobreobada-somaleli-mekobreebi ბოლო ნახვა 30 იანვარი, 2015.


3. http://www.socium.ge/index.php/articles/student-articles/30-mekobreobada-somaleli-mekobreebi ბოლო ნახვა 30 იანვარი, 2015.




0
242
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გიუნაშვილი
სალომე გიუნაშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0