x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"აზიური ვეფხვების" როლი მსოფლიო ეკონომიკაში
ავტორი: ანი რაზმაძე





image"აზიური ვეფხვები"-ამ სახელწოდებით აღნიშნავენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომელთაც მოკლე დროში სწრაფი ეკონომოიკური ზრდით მოახერხეს მაღალგანვითარებული ქვეყნების ჯგუფში გადასვლა.აღნიშნული ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებენ - სამხრეთ კორეას, ჰონგ-კონგს, ტაივანსა
და სინგაპურს.აღსანიშნავია ისიც,
რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ეს სახელმწიფოები ქმნიან საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. ყველაფერი კი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწყო, როდესაც „აზიური ვეფხვების“ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა წამოაყენეს სტრუქტურული გარდაქმნის იდეა, როგორც წარმოებასა და სოციალურ სფეროში, ისე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და სამომავლო ძვრების ცენტრალურ რგოლად ინდუსტრიალიზაცია აქციეს.მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ქვეყნები ხასიათდებოდნენ შემდეგი თვისებებით:

1)მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი;


2)საექსპორტო პროდუქციის სწრაფი ზრდა;


3)უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;


4)ურბანიზაციის მაღალი ტემპი;


5)აგრარული ქვეყნები ხდებოდნენ ინდუსტრიული და შემდგომ
პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკები.


გასათვალისწინებელია, რომ „აზიური ვეფხვების“ ეკონომიკა, განსხვავებით ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკისგან, ბოლო წლებში ნორმალური ტემპით იზრდება, 80-იანი წლებიდან დადებითი სავაჭრო ბალანსი აღინიშნება, ანუ ექსპორტი აჭარბებს იმპორტს.


სინგაპური - აზიის ერთ-ერთი „ვეფხვი“, 1819 წელს დაარსდა.ამ დროს იგი დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კოლონიას წარმოადგენდა.წარმატებამდე სინგაპური დიდი პრობლემების წინაშე იდგა.1959-1965 წლებში კირიზისიდან გამოსვლის მიზნით „იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა“ გაატარა, რამაც უფრო დაამძიმა ქვეყანაში არსებული მწვავე სიტუაცია.


უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ სინგაპურის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღია და კონკურენტულია საერთაშორისო ბაზრებზე.მსოფლიოს ბანკის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, სინგაპური ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით პირველ ადგილზეა მსოფლიოში, უსწრებს ჰონგ-კონგსა და ახალ ზელანდიას.აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ სინგაპური მესამე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, შვეიცარიისა და შვედეთის შემდგომ.აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ სინგაპურს აქვს მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა.აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი ხელსაყრელი გეოპოლიტიკიური და გეოსტრატეგიული მდებარეობა, რომელიც მას აზიის სავაჭრო ცენტრის ფუნქციას აკისრებს.


რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ნათლად იკვეთება ტენდენცია:მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გლობალური ინტეგრაციის წყალობით ის ცდილობს გახდეს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ეკონომიკა.ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ თუ თავდაპირველად ინდუსტრიალიზაციის პროცესი საფეიქრო მრეწველობით დაიწყო, მოგვიანებით უპირატესობა მოიპოვა მძიმე მრეწველობის დარგებმა, ახლა კი ძირითადი პრიორიტეტი უფრო ჰაი-ტეკის (high-tech) წარმოებებს ენიჭება.საყურადღებოა, რომ სამხრეთ კორეა 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ-ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ასეთ წარმატებას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც მიაღწია.


ტაივანი „4 აზიური ვეფხვის” სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფოებიდან, ერთ-ერთია. მისი ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, გასაოცარი სისწრაფითა და დინამიურობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მაგალითს „ტაივანურ სასწაულს” უწოდებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ტაივანი უკვე დასახელდა მოწინავე და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნად.მთავარი მიზეზი საგარეო ვაჭრობაში მისი აქტიური მონაწილეობაა: ბოლო 40 წლის განმავლობაში სწორედ საგარეო ვაჭრობის განვითარებამ მოუტანა ტაივანს ეკონომიკური კეთილდღეობა. დღეს იგი მსოფლიოში, კომპიუტერული აღჭურვილობების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.ამჟამად ტაივანის ექსპორტი იმპორტზე მეტია.ტაივანის ეკონომიკა, რომელიც მზარდი და დინამიურია, ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ელექტრონული აღჭურვილობებისა და მანქანა-მოწყობილობების ექსპორტი ტაივანის მშპ-ს 70%-ს შეადგენს.ტაივანის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 34, 700$-ია.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაივანს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე იყენებს.


აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეცხრეა, ხოლო შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით მეათე. მის ტეროტორიაზე დარეგისტრირებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რადგან მათთვის ჰონგ- კონგი მიმზიდველია შემორჩენილი ინგლისური კანონმდებლობით, ჩინეთის ბაზრის სიახლოვითა და ბიზნესის კეთების სიმარტივით. ჰონგ-კონგი დიდი ხანია თავს იწონებს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით და ჯანსაღი საბანკო სისტემით. სახელმწიფო ვალი თითქმის არ არსებობს, სავაჭრო სალდო დადებითია, ხოლო ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოცულობა ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას აღემატება. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰონგ-კონგის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე კაპიტალისტურია, რადგან იგი დაფუძნებულია თავისუფალი ბაზრის პრინციპზე. რეგიონის შიდა პროდუქტის 90 პროცენტი დაფუძნებულია მომსახურების სფეროზე და თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, თუმცა ეს ფაქტი ხელს არ უშლის აზიური ეკონომიკის "ვეფხვის" წოდება ამაყად ატაროს.


დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით „აზიური ვეფხვების“ როლი მეტად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.XXI საუკუნეში აღნიშნულმა სახელმწიფოებმა შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში.კერძოდ, ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში.მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნის მისაბაძი მოდელი.



ბიბლიოგრაფია:


1)აზიური ვეფხვების ეკონომიკური განვითარება.2014.

https://eniuss.wordpress.com/2014/06/01/აზიური-ვეფხვების-ეკონომი/


2)http://ka.wikipedia.org/wiki/ოთხი_აზიური_ვეფხვი


3)Singapore Economic Structure

http://www.economywatch.com/world_economy/singapore/structure-of-economy


4)https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ks.html


5)სამხრეთ კორეა-სწრაფი განვითარების 50 წლიანი ისტორია.2014.

http://www.ttimes.ge/archives/30953


6)ახალი გამოწვევების წინაშე.2010.

http://www.tabula.ge/ge/story/53445-axali-gamotsvevebis-tsinashe


7)ჰონგ კონგი-მსოფლიოს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ფინანსური ბაზარი.2011.

http://for.ge/view.php?for_id=8728&cat=1

0
833
შეფასება არ არის
ავტორი:ანი რაზმაძე
ანი რაზმაძე
833