x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება: არაფორმალური სექტორი და გენდერული დისკრიმინაცია
ავტორი: გურამ მამფორია


შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება წარმოადგენს გლობალიზაციის ერთ-ერთ შედეგს, რომელმაც დამკვიდრება დაიწყო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. 1970-იან წლებამდე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ინკორპორირება გლობალურ ეკონომიკაში შემოიფარგლებოდა განვითარებული ქვეყნებისთვის ნედლეულის მიწოდებით, შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილების პირობებში კი დაიწყო წარმოების რელოკაცია სამხრეთის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. შრომის ახალის საერთაშორისო დანაწილება დაკავშირებულია თავისუფალი სავაჭრო ზონების ფორმირებასთან და არაფორმალური სექტორის როლის ზრდასთან. კაპიტალისტურ სისტემაში დასაქმება მშრომელსა და დამსაქმებელს შორის გარკვეულ ფორმალურ ურთიერთობას მოიაზრებს. (პადავიჩი და რესკინი; 2007) არაფორმალური სექტორი კი წარმოადგენს სახელმწიფო რეგულირებისა და ყოველგვარი მონიტორინგისგან თავისუფალ სივრცეს. აქედან გამოდინარე მშრომელები არ არიან უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევით, მუშაობენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში და იღებენ დაბალ ანაზღაურებას. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში არაფორმალური სექტორი არასასოფლო სამეურნეო საქმიანობის ½ - ¾-ს მოიცავს. ამასთან ერთად დასაქმებულთა დიდი ნაწილს ქალები შეადგენენ. გაეროს მონაცემებით 1994-2000 წლებში სუბსაჰარული აფრიკის ქალთა 84% ჩართულია არასასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, მაშინ როცა ამგვარ საქმიანობაში მამაკაცთა 63%-ია დასაქმებული. შედარებისთვის ლათინურ ამერიკაში არაფორმალურ სექტორში დასაქმებულია ქალთა 58% ხოლო მამაკაცთა 48%. ქალთა ასეთი მასშტაბებით დასაქმებას თავისი მიზეზი აქვს: გავრცელებული შეხედულებით ქალებს უკეთ შეუძლიათ მონოტონური სამუშაოს შესრულება, მათ აქვთ ბუნებრივად მომადლებული სიმარჯვე ამისთვის. თუმცა უფრო რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მესამე სამყაროში ფესვგადგმული პატრიარქალური იდეოლოგიის გამო ქალები ყველაზე იაფ მუშახელს წარმოადგენენ და ამასთან ერთად მათით მანიპულირება უფრო ადვილია. რადგანაც ქალები კერძო სფეროს მიეკუთვნებიან, მათი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის ანაზღაურების დანამატად ითვლება ანუ ქალი არ აღიქმება, როგორც ოჯახის მთავარი შემომტანი. მულტინაციონალურ კორპორაციებს იაფთან ერთად ისეთი მუშახელიც სჭირდებოდათ, რომელიც ადვილად შეეგუებოდა არასტაბილურ სამუშაო პირობებს. ქალებს კი იმდენად, რამდენადაც ისინი დროებით არიან მოწყვეტილი პირად სფეროს, არ გაუჭირდებოდათ ამგვარ პირობებში მუშაობა.


არაფორმალურ სექტორში ქალთა დისკრიმინაციის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მაკილადორების გამოცდილება. მაკილადორები არის თავისუფალი ექსპორტის გადამამუშავებელი ზონა, სადაც არ მოქმედებს მექსიკის შრომითი კანონმდებლობა. მაკილადორებში დასაქმებულთა უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები წარმოადგენენ, რათა გამორიცხულ იქნას ორსულობით გამოწვეული წარმოების შეფერხება. ქალებს ხშირად აიძულებენ ორსულობის ტესტის ჩატარებას სამსახურში მისაღებად, ფეხმძიმობა კი განიხილება, როგორც დასაქმებაზე უარის თქმის მოტივი. (საბედაშვილი, 2006)
იტალიელი ფემინისტი სილვია ფედერიჩი საუბრობს იმაზე, რომ შრომის მძიმე პირობების მიუხედავად, მუშები არ ყოფილან კაპიტალისტური ურთიერთობების პასიური მსხვერპლები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფილიპინებიდან კარიბიის კუნძულებამდე, ქალებმა ჩამოაყალიბეს ქსელები კომპანიათა წინააღმდეგ. თუმცა ნებისმიერი სახის ოპტიმიზმი თავისუფალი სავაჭრო ზონების გავლენის ცვლილებასთან დაკავშირებით უადგილოა, რადგან მათი ერთადერთი მიზანი იმგვარი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაა, სადაც მუშებს არანაირი უფლებები არ აქვთ. (2012)



ტრანსნაციონალური კომპანიების მიზანი სულაც არ არის გენდერული თანასწორობისთვის ხელის შეწყობა. ეკონომიკური გლობალიზაციის მსხვილი აქტორები ძირითად ოჯახში შემომტანად მამაკაცებს განიხილავენ, შედეგად კი ვიღებთ სქესობრივ განსხვავებას ანაზღაურებაში და ქალთა დიდი რაოდენობით დასაქმებას თავისუფალ სავაჭრო ზონებში. პატრიარქალურ იდეოლოგიასა და საჯარო/პირადის დიქოტომიას ეყრდნობა. წარმოების ინტერნაციონალიზაციის შედეგად ქალთა გარკვეული ნაწილი კაპიტალისტური აკუმულაციის როგორც მარგინალურ (გვერდით), ისე ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს.



ბიბლიოგრაფია:


1. Federici, Silvia. 2012. Revolution At Point Zero. Oakland: PM Press.


2. საბედაშვილი, თამარ. 2006. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები. თბილისი: CSS.


3. პადავიჩი, ირენ და რესკინი, ბარბარა. 2007. ქალები და მამაკაცები სამსახურში. თბილისი: CSS.


4. The United Nations Development Fund for Women (UNIFEM). 2002. Progress Of the World’s Women: Gender Equality and the Millennium Development Goals


5. Joekes, Susan P. 1990. Women In the World Economy. New York: Oxford University Press


6. International Labour Organization. 2002. Women and Men In the Informal Economy: A Statistical Picture. Available From: http://www.ilo.org/dyn/infoecon/docs/441/F596332090/women%20and%20men%20stat%20picture.pdf


0
179
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მამფორია
გურამ მამფორია
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0