x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508576
ჯოჰარის ფანჯარა

image ჯოჰარის ფანჯარა კომუნიკაციის მოდელია, რომელიც არის მარტივი და სასარგებლო ხელსაწყო თვითცნობიერების გაუმჯობესებისათვის და, ასევე, ორმხრივი ურთიერთგაგებისათვის ინდივიდსა და ჯგუფს შორის, გარდა ამისა, ჯოჰარის ფანჯარა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯგუფებს შორისაც, რათა გაუმჯობესდეს
მათი ურთიერთობები.


ჯოჰარის ფანჯრის მოდელი შექმნეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჯოსეფ ლუფტმა და ჰარი ინგჰემმა 1955 წელს, როდესაც ჯგუფის დინამიკის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი. ლუფტმა და ინგჰემმა თავიანთ მოდელს უწოდეს „ჯოჰარი“ მას შემდეგ, რაც თავიანთი სახელების კომბინაცია მოახდინეს: ჯო და ჰარი. ჯოჰარის ფანჯარა მალევე გახდა ფართოდ გამოყენებადი მოდელი თვითცნობიერების
გაგებისა და წვრთნისათვის, პიროვნული განვითარებისათვის, კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის, ინტერპერსონალური ურთიერთობებისათვის, ჯგუფის დინამიკის შესწავლისა და განვითარებისათვის.

ჯოჰარის ფანჯარა დაყოფილია ოთხ ნაწილად, ამ ნაწილებს უწოდებენ: კვადრატებს, ზონებს ან რეგიონებს.


ეს ოთხი კვადრატი გამოხატავს შემდეგს:

1) ღია ზონა – ეს არის ინფორმაცია პიროვნების შესახებ: ქცევები, ატიტუდები, გრძნობები, ემოციები, ცოდნა, გამოცდილება, უნარები, შხედულებები და ა.შ., რომელიც ცნობილია როგორც ამ პიროვნებისათვის, ასევე, გარშემომყოფებისთვისაც.

2) ბრმა ზონა – გამოხატავს პიროვნების შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც თვითონ ვერ ხედავს და არ იცის, მაგრამ ხედავენ და იციან სხვებმა. ეს შეიძლება იყოს უბრალო ინფორმაცია ან შეიძლება ეხებოდეს სიღრმისეულ საკითხებსაც, რომლისათვის ადამიანებს თვალის გასწორება, როგორც წესი, უჭირთ, თუმცა, ამას სხვები მარტივად ამჩნევენ.

3) ფარული ზონა – შედის ის ინფორმაცია, რაც პიროვნებამ იცის საკუთარი თავის შესახებ, თუმცა სააშკარაოზე არ გამოაქვს და არ იციან სხვებმა. ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს: გრძნობები, საიდუმლოებები, შიშები, მისწრაფებები და ა.შ., რაც პიროვნებას სურს, რომ დარჩეს დაფარული.

4) უცნობი ზონა – შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სხვებისთვისაც და თვით პიროვნებისთვისაც უცნობია. ესეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს: გრძნობებს, ქცევებს, ატიტუდებს, ფარულ უნარებსა და ნიჭს და ა.შ.

ჯოჰარის ფანჯრის მიზანი და დანიშნულება ნებისმიერ ჯგუფში არის ღია ზონის გაზრდა. ღია ზონის კვადრატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან რაც მეტი იციან ადამიანებმა თავიანთი გარშემომყოფების შესახებ, მით უფრო პროდუქტიული და ერთობლივი ხდება მუშაობა, ცალკე პიროვნებაც და ჯგუფიც ამ მომენტში არის ყველაზე
ეფექტური და პროდუქტიული.

ღია ზონის გახსნის პროცესს ეწოდება „თვითგახსნა“ და ეს მთლიანად პიროვნებაზე დამოკიდებული პროცესია, იგი თავად განსაზღვრავს რა და რამდენი გაუზიაროს იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობაში იმყოფება. ღია ზონის გახსნა, ძირითადად, ხდება ბრმა ზონის შემცირების ხარჯზე, ეს ყოველივე კი მიიღწევა ინფორმაციის გაზიარებითა და უკუკავშირის მიღებით. თუ გააზრებულად ხორციელდება ეს გაცემ–მიღების პროცესი, მაშინ გუნდში იქმნება და ძლიერდება ნდობის ატმოსფერო.

იმ ადამიანებთან, რომელთაც დიდი ზომის ღია ზონა აქვთ, ადვილია კომუნიკაციის დამყარება: ისინი ღიად და ადვილად ურთიერთობენ და კარგი გუნდური მოთამაშეები არიან. ხოლო ისინი, ვისაც მცირე ზომის ღია ზონა აქვთ, დახურულები და არაკომუნიკაბელურები არიან, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს უჭირთ სხვებთან თანამშრომლობა.


საინტერესოა, რა ხდება, მაშინ როცა საქმე გვაქვს ახალ გუნდთან ან ჯგუფის ახლა წევრთან. ამ შემთხვევაში ღია ზონა არის პატარა, რადგან გუნდის წევრებმა ცოტა იციან ამ პიროვნების შესახებ, ამავე მიზეზითაა ბრმა ზონაც ძალიან პატარა. ფარული ზონა ამ შემთხვევაში დიდია და ასევე დიდია და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი, უცნობი ზონა, ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ პიროვნება არის ახალგაზრდა
ან არ აქვს საკმარისი თვითცოდნა ან რწმენა, ან სულაც არ აქვს მსგავსი გამოცდილება და
ვერ ახერხებს სათანადო ნდობის ატმოსფეროს შექმნას.

– რა ხდება მაშინ, როცა საქმე გვაქვს უკვე დაფუძნებულ, ყველასათვის კარგად ნაცნობ გუნდის წევრთან?


ამ შემთხვევაში ღია ზონა არის დიდი, რადგან გუნდის წევრებმა ბევრი იციან ამ პიროვნების შესახებ. ინფორმაციის გაზიარებისა და უკუკავშირის მიღების წყალობით ღია ზონამ გამოიწვია დანარჩენი 3 ზონის ზომების შემცირება.


შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯოჰარის ფანჯარა არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელი.

0
604
შეფასება არ არის
ავტორი:ადა ბესელია
ადა ბესელია
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0