x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შრომის სქესობრივი დანაწილება
ავტორი: გურამ მამფორია


შრომის სქესობრივი დანაწილება წარმოადგენს კონცეფციას, რომლის მიხედვით ქალები და მამაკაცები ინაწილებენ სამუშაოს, თუმცა როცა განვიხილავთ შრომის სქესობრივ დანაწილებას მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ განვიხილავთ ურთიერთობის ასიმეტრიულ, იერარქიულ და ექსპლუატაციურ ფორმას და არა უბრალოდ პარტნიორებს შორის სამუშაოს გადანაწილებას. (Mies, 1986) ისტორიის მანძილზე სქესზე დაყრდნობით ადამიანებს განსხვავებული სამუშაოების შესრულებას ავალდებულებდნენ, შედეგად შრომის სქესობრივი დანაწილება განსხვავებულ სახეს იღებდა დროსა და სივრცეში.


ფრიდრიხ ენგელსმა თავის ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ განავითარა ქალთა ჩაგვრის თეორია. იგი მეტწილად ამერიკელი ანთროპოლოგის ლუის ჰენრი მორგანის „ძველ საზოგადოებას“ ეყრდნობოდა. ლუის მორგანმა საზოგადოებრივი ფორმაციების ევოლუცია დაუკავშირა ადამიანთა მატერიალური მოთხოვნილებებით განპირობებულ ტექნოლოგიურ ძვრებს. მორგანის თეორია ახლოს დგას ისტორიის მატერიალისტურ კონცეფციასთან, რომლის მიხედვით კაცობრიობის ისტორია ახასიათებს სამი რამ: 1) ადამიანებმა უნდა იცხოვრონ რათა შემქნან ისტორია, უნდა აწარმოონ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებები: საკვები, ტანსაცმელი და ა.შ. 2) არსებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მივყავართ ახალ მოთხოვნილებებამდე. ადამიანები ავითარებენ თავიანთ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. 3) ადამიანებმა, რომლებიც კვლავწარმოებას უკეთებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე კვლავწარმოება უნდა გაუკეთონ ადამიანებს. (იზრუნონ ადამიანთა გამრავლებაზე). მორგანმა გამოყო სოციალური განვითარების სამი ფაზა: ველურობა, ბარბაროსობა და ცივილიზაცია. ველურობის ფაზაში, როცა ადამიანები მიმთვისებლურ მეურნეობას ეწეოდნენ, ქალები დაკავებული იყვნენ შემგროვებლობით, მამაკაცები კი ნადირობით. პირველყოფილ თემურ წყობილებაში დამყარებული იყო ე.წ. პრიმიტიული კომუნიზმი, არ არსებობდა კერძო საკუთრება, რადგან არ ხდებოდა ზედმეტი ღირებულების წარმოება. ანთროპოლოგები რიჩარდ ბორშეი ლი და ირვენ დევორი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შემგროვებლობა საკვების მოპოვების გაცილებით მნიშვნელოვანი ფორმა იყო, ვიდრე ნადირობა. ჯეინ გუდეილი, რომელიც შეისწავლიდა ავსტრალიელი აბორიგენების ცხოვრების წესს, აღნიშნავს, რომ უძველესი ტივის საზოგადოება (Tiwi People) მეტწილად არა მამაკაცთა, არამედ ქალთა შრომას ეფუძნებოდა:


„ქალებს არა მარტო შეეძლოთ, არამედ უზრუნველყოფდნენ კიდეც თავიანი ბანაკის წევრებს საკვების დღიური მარაგით... მამაკაცთა ნადირობა მოითხოვდა განსაკუთრებულ ძალასა და უნარ-ჩვევებს, მაგრამ ის ჩიტები, ღამურები, თევზები, ნიანგები, დიუგონები და კუები, რომლებიც მათ მოჰყავდათ უფრო ფუფუნების ნივთებად ითვლებოდა, ვიდრე ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად.“ (Cited in Mies, 1986)



ბარბაროსობის ფაზაზე გადასვლა განაპირობა ნეოლითურმა რევოლუციამ და მწარმოებლურ მეურნეობაზე ტრანზიტმა. როცა ადამიანები გადავიდნენ მწარმოებლურ მეურნეობაზე, ამას მოჰყვა გუთნის გამოგონება და ცხოველების მოშინაურება. სამუშაო იარაღებისა და საირიგაციო სისტემის განვითარებამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა ეწარმოებინათ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო მათი არსებობისთვის. ზედმეტი ღირებულების წარმოებამ გამოიწვია ქონების ადამიანთა ერთი ჯგუფის ხელში კონცენტრაცია, რამაც განაპირობა სოციალური კლასების გაჩენა. მას შემდეგ რაც სოფლის მეურნეობა დაემყარა ზედმეტი ღირებულების წარმოებას, მამაკაცი თავისი ფიზიკური ძალის გამო იძულებული იყო მიწაზე ემუშავა, ქალი კი ოჯახის სფეროს მიეჯაჭვა, რადგან კერძო საკუთრების გაჩენამ განაპირობა ქალის სექსუალობის კონტროლი, ვინაიდან მემკვიდრეობა სწორედ ქალების გზით გადადიოდა თაობიდან თაობაზე.


„მონოგამური პატრიარქალური ოჯახი გახდა ოჯახის პირველი ფორმა, რომელიც დაფუძნებული იყო არა ბუნებრივ, არამედ ეკონომიკურ კონდიციებზე, კერძოდ, კერძო საკუთრების გამარჯვებაზე ბუნებრივად განვითარებულ საერთო საკუთრებაზე.“ (Cited in Engels, 2004)


კერძო და საზოგადოებრივი სფეროების დაშორიშორება კიდევ უფრო გაამყარა ინდუსტრიალიზაციის პროცესმა. (ცივილიზაციის ფაზა) კაპიტალიზმის აღმავლობასთან ერთად დაიწყო საზოგადოების ფართო მასების პროლეტარიზაცია. ქალთა მდგომარეობა მთლიანად კაპიტალის აკუმულაციის ლოგიკას დაექვემდებარა. ქალი აღიქმებოდა, როგორც სამუშაო ძალის კვლავწარმეობის იარაღი. ბურჟუაზიის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფომ ეკლესიასთან ერთად დაიწყო ქალთა გადიასახილსების (Housewifization) პროცესი. ქალის სექსუალობის კონტროლისა და დემონიზების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ე.წ. ალქაჯებზე ნადირობა, რომელიც კაპიტალიზმის ჩასახვის პროცესს ემთხვევა. იტალიელი ფემინისტი სილვია ფედერიჩი თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში „Caliban and the Witch” აღნიშნავს, რომ ჯაოქრ იყვნენ ქალები, რომლებიც არ ეგუებოდნენ და ეწინააღდმდეგებოდნენ ახალი სოციალური წესრიგის დამყარებას.


„ალქაჯი იყო არამარტო ბებიაქალი, არამედ ქალი, რომელიც თავს არიდებდა დედობას ან და მათხოვარი, რომელიც მეზობლებისგან შეშისა და კარაქის მოპარვით ირჩენდა თავს. ის ასევე იყო თავისუფალი, უწესო ქალი - მეძავი ან ქმრის მოღალატე, ზოგადად, ქალი, რომელიც თავის სექსუალობას ქორწინების ბორკილებისა და ნაშობის მიღმა ავლენდა... ალქაჯი ასევე იყო მეამბოხე ქალი, რომელიც ეპასუხებოდა, კამათობდა, ილანძღებოდა და არ ტიროდა წამებისას." (Federici, 2012)


ამ პროცესის მიზანი არამარტო ქალებისთვის სამუშაო ძალის კვლავმწარმოებლის როლის მინიჭება, არამედ მათი მოხმარების აგენტებად ქცევაც იყო. მოდერნიზაცია მოითხოვდა არა მხოლოდ რაციონალურობას წარმოების პროცესში, არამედ ირაციონალურობას მოხმარებისას. რადგანაც ქალები ტრადიციისამებრ ასოცირდებოდნენ ირაციონალურობასთან და ემოციურობასთან კაპიტალისტურმა სისტემამ ისინი მომხმარებლებად აქცია და შოპინგი ქალურ საქმედ ჩაითვალა.


რეპროდუქციისა და მოხმარების კერძო სფეროსა და პოლიტიკისა და წარმოების საჯარო სფეროს შორის არსებულმა დიქოტომიამ ქალთა შრომა უჩინარი გახადა. ვინაიდან კაპიტალისტურ ეკონომიკაში ბაზარი წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობის ბაზისს საოჯახო საქმეს კი ადგილი არ აქვს ბაზარზე ამის გამო ის არ ითვლება ეკონომიკურ საქმიანობად. ქალთა შრომა მიიჩნევა ბუნებრივ ფენომენად, რომელსაც ფულადი ანაზღაურება არ სჭირდება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მათი ეკონომიკური და შრომითი ექსპლუატაცია, რომლის საფუძველია შრომის სქესობრივი დანაწილება. უძველეს საზოგადოებებში ქალთა შრომა გაცილებით მნიშვნელობანი იყო ვიდრე მამაკაცთა შრომა. თუმცა კლასობრივი საზოგადოების გაჩენამ და მოგვიანებით კაპიტალიზმის აღმასვლამ განაპირობა კერძო და საჯარო სფეროების დაშორიშორება, რამაც გამოიწვია ქალთა საქმიანობის საოჯახო საქმით შემოფარგვლა.



ბიბლიოგრაფია:


1. თევზაძე, გიგი. 2002. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია. Available From: http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/27/1/2002%20Sociology%20of%20Institutional%20changes.pdf


2. პადავიჩი, ირენ და რესკინი, ბარბარა. 2007. ქალები და მამაკაცები სამსახურში. თბილისი: CSS.


3. Federici, Silvia. 2012. Revolution At Point Zero. Oakland: PM Press.


4. Dalla Costa, Mariarosa and James, Selma. 1972. The Power of Women and the Subversion of the Community. Available From: https://libcom.org/library/power-women-subversion-community-della-costa-selma-james


5. Smith, Sharon 2014. Women’s liberation: The Marxist tradition. Available From: http://isreview.org/issue/93/womens-liberation-marxist-tradition


6. Smith, Sharon. 1997. Engels and the Origin of Women's Oppression. Available From: http://www.isreview.org/issues/02/engles_family.shtml


7. Mies, Maria. 1986. Patriarchy and Accumulation On A World Scale. New Jersey: Zed Books


8. Engels, Friedrich. 2004. The Origin of the Family, Private Property and the State. Sydney: Resistance Books.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მამფორია
გურამ მამფორია
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0