x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროკრიზისი, როგორც ევროკავშირის კიდევ ერთი გამოწვევა
ავტორები: თამთა ჯოლოხავა

მარიამ შონია

image



ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი არაერთი პრობლემის
წინაშე დადგა, რომელთა ესკალაციას შეუძლია დაასუსტოს ეს ინსტიტუტი. ერთ-ერთი აქტუალური
გამოწვევა გაერთიანებისთვის არის ევროკრიზისი, რომელიც არათუ აღმოიფხვრა, არამედ ჯერ
კიდევ შორსაა დასრულებისგან. 2009 წელს მსოფლიო კრიზისი ევროპასაც შეეხო და პრაქტიკულად მთელ ევროზონაზე გავრცელდა. პირველ რიგში, ევროკავშირის სუსტი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები დაზარალდნენ, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები. თუმცა კრისიზი ევროკავშირის დამფუძნებელ, განვითარებულ ქვეყნებსაც შეეხო, რადგან მათ უწევდათ დახმარება აღმოეჩინათ წევრი სუსტი სახელმწიფოებისთვის. კრიზისის საწყის ეტაპზე ქვეყნები ვერ ბედავდნენ დახმარება გაეწიათ ქვეყნებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ფინანსურ მხარდაჭერას. მიზეზი კი მარტივია, იმ ეტაპზე დაზუსტებით არავინ იცოდა, თუ რამდენ ხანს გასტანდა მსგავსი სიტუაცია. მაგალითისთვის,
სტრასბურგში მომხდარი სკანდალი შეგვიძლია მოვიყვანოთ: უნგრეთის პრემიერ მინისტრმა 190 მილიონი ევრო ითხოვა ახლად გაწევრიანებული ქვეყნების სახელით, თუმცა უარი მიიღო, რადგან ვერავინ გარისკა საკუთარი ეკონომიკის საფრთხის ქვეშ დაყენება და თანხების დაზოგვა არჩიეს.

საბოლოო ჯამში, ურთიერთგაძლიერებისთვის შექმნილი გაერთიანება კრიზისის შედეგად გარდაიქმნა კრედიტორებისა და დებიტორების ურთიერთობად. ქვეყნები დაიყო, წინ წამოიწია ძლიერი სახელმწიფოების როლი და ამან გამოიწვია დისბალანსი და ქვეყნების კლასიფიცირება.


რაც შეეხება საბერძნეთს, მან განაცხადი გაწევრიანებისათვის 1975 წელს შეიტანა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში სურდა, რომ მიეღო სარგებელი ევროგაერთიანებასთან თანამშრომლობობისგან, რაც მოიცავდა ეკონომიკური აღმავლობისათვის დახმარებას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და რეპუტაციის აღდგენას. ვერ ვიტყვით, რომ საბერძნეთი პასუხობდა თანამეგობრობის მიერ

დაწესებულ სტანდარტებს, რათა მიეღო თანხმობა კომისიისგან, თუმცა არსებობდა გარკვეული მიზეზები, რაც ევროპას აფიქრებდა: ქვეყანა ახლადგანთავისუფლებული
იყო დიქტატორული მმართველობისგან და იმყოფებოდა კომინუსტური ქვეყნების გარემოცვაში, ამიტომ მის სურვილზე განევითარებინა დემოკრატიული ღირებულებები, ევროპამ უარი ვერ თქვა, რათა თავიდან აეცილებინა კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფოს „გაწითლება“ ანუ კომუნიზმის გავრცელება.


საბერძნეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1981 წლის 1 იანვარს, თუმცა დაკმაყოფილდა თუ არა საბერძნეთის მოლოდინები, საეჭვოა. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის გაწევრიანება ევროკავშირში გაუაზრებლად მოხდა და ორივე მხარისთვის ზიანის მომტანი გახდა. ჩვენც ვიზიარებთ ამ მოსაზრებას და ვეცდებით, ისტორიული ფაქტებითა და სტატისტიკით გავამყაროთ საკუთარი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ევროკავშირის არსებობა და გაფართოება, ვთვლით რომ განვითარებადი ქვეყნების მიღება-არმიღების საკითხი უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. უნდა შეფასდეს რეალურად აქვს თუ არა საკმარისი მზადყოფნა ქვეყანას დანერგოს ევროპული სტანდარტები ქვეყანაში და აუწყოს ფეხი განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს.

2000 წლის 19 ივნისს საბერძნეთი ევროსაბჭომ ევროზონაში შეიყვანა. ამავე წლებში საბერძნეთი ევროზონაში მზარდი ეკონომიკით გამოირჩეოდა. 2004 წელს ათენში ჩატარებულმა საზაფხულო ოლიმპიადამ ინვესტიციების მოზღვავება განაპირობა საბერძნეთის ეკონომიკის სფეროში, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერთა სიაში შევიდა. საბერძნეთის ეკონომიკა ძირითადად აგებულია სამომხმარებლო საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, საზღვაო გადაზიდვებსა და ტურიზმზე. 2007-2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა
კრიზისმა საბერძნეთს დიდი ზიანი მოუტანა, რადგან სწორედ ამ ინდუსტრიებს მიაყენა დარტყმა. ეს სფეროები საკმაოდ სენსიტიურია რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების მიმართ, ეკონომიკის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად კი სახელმწიფოს ვალების აღება მოუწია. ამას დაემატა არასწორი ეკონომიკური
მართვა, მასიური უპასუხისმგებლო ხარჯვა და მოხმარება - ხელფასებისა და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფის სხვა სახეების არაპროპორციული ზრდა და რაც მთავარია, მთავრობის მიერ ბიუჯეტში არსებული დეფიციტის მიჩქმალვა.

ძირითად წყაროდ სწორედ საბერძნეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მიიჩნევა. საბერძნეთის პრემიერ მინისტრის გეორგიოს პაპანდრეუს განაცხადება, რომ წინამორბედი მთავრობა მალავდა საბიუჯეტო დეფიციტის რეალურ მოცულობას და სინამდვილეში 2, 5-ჯერ აღემატებოდა, ევროკავშირის ფინანსური სტაბილურობისათვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. 2010 წლის გაზაფხულზე საბერძნეთმა ევროკავშირისგან 110 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება მიიღო. ამავე წელს შეიქმნა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდი 750 მილიარდი ევროს მოცულობის. ეს ყველაფერი სიტუაციის დარეგულირების წინაპირობად მიიჩნეოდა, თუმცა ერთ წელიწადში საბერძნეთს მორიგი დახმარება დასჭირდა. იმ პირობით, რომ იგი მიიღებდა ბიუჯეტის დასაბალანსებლად უფრო მკაცრ ზომებს, წევრი ქვეყნები 130 მილიარდი ევროს დონორობას კიდევ ერთხელ დათანხმდნენ. საბერძნეთის მოსახლეობა დადებითად არ შეხვედრია ახალი რეფორმების გატარებას და საპროტესტო აქციებით გამოხატა თავისი სურვილი ევროზონიდან გამოსვლასა და ეროვნული ვალუტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის ესკალაცია დაემთხვა ევროზონაში შესვლის პერიოდს, ბუნებრივია მოსახლეობაში გაბატონებული უნდობლობა თვითონ ევროს მიმართ. ევროს შემოღების იდეა ეკონომიკურად უფრო მეტად დაახლოებას და შესაბამისად მეტი სარგებლის მიღებას ემსახურებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა განვითარების მქონე ქვეყნებისთვის ერთიანი ვალუტის დანერგვამ განსხვავებული შედეგები გამოიღო. მაგალითად, საბერძნეთისთვის ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდა ეს სვლა და შესაბამისად, ევროპული ვალუტის ნდობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ისევე როგორც ევროკავშირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივად სისტემის რღვევა და გაერთიანების საბოლოოდ დაშლა სავსებით რეალურია, მას საბერძნეთის მაგალითი ამყარებს. ექსპერტ-ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთი შეიძლება პირველი იყოს წვერ-ქვეყნებს შორის, რომელიც ევროზონას დატოვებს მისი დაარსების დღიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა ევროზონის მთლიანი ეკონომიკის მხოლოდ რამდენიმე ერთეულ პროცენტს წარმოადგენს, მის მიერ ევროზონის დატოვება მსოფლიოს მდგომარეობაზე ძალზედ უარყოფითად იმოქმედებს. მთავარი პრობლემა არა თავად საბერძნეთში არსებული კრიზისია, არამედ მისი გავლენა საერთო ეკონომიკაზე. საბერძნეთის დეფოლტი მძიმე დარტყმა იქნება იმ წევრი ქვეყნებისათვის, რომელთაც ასეულობით მილიარდი ევროს სესხები დაუმტკიცეს საბერძნეთს. ეს შეეხება განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთს, რომლებიც იძულებულნი არიან ახალ-ახალი კრედიტები მისცენ ბერძნებს ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად და ამ გზით მისი ევროზონაში დარჩენის უზრუნველსაყოფად.


ჩვენი აზრით, მოვლენები თუ მაინც საპირისპირო სცენარით განვითარდა და საბერძნეთმა გადაწყვიტა კავშირის დატოვება, იგი ერთადერთი არ იქნება, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს და საბოლოო ჯამში, ევროზონის სტრუქტურის მოშლა ევროკავშირსაც დაასუსტებს . ეს მოსაზრება ეხმიანება ევროპული რეფორმის ცენტრის მკვლევრის, ფილიპ უაითის პოზიციას, რომელშიც გაცხადებულია შემდეგი: „საბერძნეთი ევროკავშირს ამ მდგომარეობაში ვერ დატოვებს. ჯერ ერთი, მას საბანკო სისტემა აქვს მოსაწესრიგებელი. მეორე პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა საგარეო ვალების გადახდას ვერ უზრუნველყოფს. მესამე- ამით ქეყანას სასიცოცხლო არხები შეიძლება გადაეკეტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს პრეცენდენტი სხა მსგავს სიტუაციაში მყოფი ქვეყნების ეროკავშირში ყოფნის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ” მით უმეტეს თუ ყურადღებაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საბერძნეთი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კრიზისმა მოიცვა. პორტუგალია და ირლანდიამაც განახორციელეს დანახარჯების შეზღუდვის პოლიტიკა, ესპანეთი კი ცდილობდა ინვესტორების დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანა სანდო პარტნიორია ფულის ჩასადებად. ასევე არანაკლებ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგა იტალიაც, რომელიც იძულებული იყო სასწრაფო ზომები მიეღო სიტუაციის დასარეგულირებლად.


ამით იმის თქმა გვსურს, რომ საბერძნეთის ყოფნა ევროკავშირის სუსტი რგოლის როლში, მხოლოდ უშუალოდ ამ ერთი ქვეყნის პრობლემა არაა.ერთი ქვეყნის დასუსტება სხვა ქვეყების მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას და საერთო ფონის ჩამოყალიბებაში
დიდი წვლილი შეაქვს .ევროკავშირის დაშლის შესახებ აგორებული ტალღების მიუხედავად, ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, ვინაიდან კრიზისული მდგომარეობა რეგიონისთვის გამოცდას წარმოადგენს და მის ხარჯზე ევროპა უფრო ერთიანი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო.



ბიბლიოგრაფია:


1) Harding, Gareth. 2012. The Myth of Europe: The Euro Crisis Isn't Really about Money. It's about the Fiction That Europeans Ever Existed at All ;


2) Hawitt, Gavin. 2014. Europe’s crisis that won’t go away. Internet http://www.bbc.com/news/world-europe-29702017 last view, 21 October, 2014;


3) ამერიკის ხმა . 2011. ევროკავშირი საბერძნეტს ფინანსურ პაკეტს გამოუყოფს. ინტერნეტი http://www.amerikiskhma.com/content/europe-economy--133457028/538630.html ბოლო ნახვა, 2 დეკემბერი, 2014;


4) ჭელიძე, გიზო და კაპანაძე, სერგი. 2014. ევროკავშირის განვითარების ისტორია. თბილისი


5) http://newwave2014.wordpress.com/2014/01/31/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/ ბოლო ნახვა, 2 დეკემბერი, 2014.


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამშონია
მარიამშონია
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0