x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოციალიზმი XXI საუკუნეში
ავტორები:
სალომე გიუნაშვილი

მაიკო რატიანი





მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან დაწყებულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნე გასტანა, კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ცვლილება გამოიწვია. ამ პროცესს ძირეული გარდაქმნები მოჰყვა ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და შედეგად ახალი, ინდუსტრიული ეპოქა მოიტანა, სადაც კაპიტალი უმთავრეს როლს თამაშობდა. სწორედ კაპიტალიზმის წარმოშობამ შესძინა ახალი ძალა სოციალიზმის იდეებს, რომლის საფუძვლები პლატონის „სახელმწიფოშიც“ კი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის მიწურულს სოციალისტური ბანაკის დაშლამ მსოფლიო სამეცნიერო წრეები კაპიტალიზმის იდეოლოგიის სიძლიერეზე აალაპარაკა ( ფუკუიამამ „ისტორიის დასასრულიც“ კი იწინასწარმეტყველა ) აშკარაა, რომ სოციალისტური იდეები კვლავ არსებობს და შესაბამისად არსებობენ სოციალისტური სახელმწიფოებიც.


თანამედროვე მსოფლიოში სოციალისტური ქვეყნების მდგომარეობა განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა. საინტერესოა, თუ როგორ ახერხებენ ისინი არსებობასა და განვითარებას გლობალიზაციის პირობებში, როდესაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერობების დამყარება უწევთ დანარჩენ კაპიტალისტურ სამყაროსთან. თემის უკეთ გასაანალიზებლად ქეისებად ავირჩიეთ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სოციალისტური ქვეყანა - ჩინეთი და ვენესუელა. როგორც მოგეხსენებათ ჩინეთი მოწინავე ეკონომიკით გამოირჩევა, ხოლო ვენესუელაში ამ მხრივ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ამ სახელმწიფოების მაგალითზე შევეცდებით დაგანახოთ აღნიშნული საკითხის ჩვენეული ხედვა.



დასაწყისისათვის განვმარტავთ, რომ ვენესუელა ფედერაციული სახელმწიფოა და 23 შტატისგან შედგება. ვენესუელამ, სანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა, დიდი ისტორია განვლო: 1522-1811 წლებში ესპანეთის კოლონია იყო, შემდგომ გათავისუფლდა ბატონობისგან, თუმცა დიდხანს ვერ მოახერხა სუვერენიტეტის შენარჩუნება და დიდი კოლუმბიის ფედერაციის ნაწილი გახდა. მე-19 საუკუნეში ვენესუელა დიქტატურის, ხოლო მე-20 საუკუნეში კი სამხედრო მმართველობის ქვეშ იყო. 80-90-იან წლებში ქვეყანაში სუფევდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომლებსაც თან ახლდა სახელმწიფო გადატრიალებები, თუმცა 2002 წელს მოხერხდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა უგო ჩავესი და დაიწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ვენესუელა მდიდარია ნავთობითა და გაზის რესურსებით. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ვენესუელის ნავთობის მარაგი შესაძლოა, საუდის არაბეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი იყოს. ამერიკის გეოლოგიური სამმართველოს მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცნობილ ორინოკოს აუზში არსებული ნავთობის მარაგი, წინა მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია. მათი აზრით, ამ რეგიონში შესაძლოა 500 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის მოპოვება. ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამს, რომ პროგნოზირებადი მარაგის დიდი ნაწილი შესაძლოა, ეკონომიკურად წამგებიანი აღმოჩნდეს.მიმოხილვის თანახმად, 2011 წლის ბოლოსთვის ვენესუელის ნავთობის დადასტურებულმა მარაგმა 296, 5 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო მარაგის 18% შეადგინა. იმავე დროს საუდის არაბეთის ნავთობის მარაგი 265, 4 მილიარდი ბარელი, ანუ 16% იყო.


ვენესუელას ყოფილმა პრეზიდენტმა და რეფორმატორმა უგო ჩავესმა ბოლივარული მოძრაობა წამოიწყო და სოციალიზმის გავრცელებას მიჰყო ხელი. როგორც ჩანს მისთვის მთავარი დასაყრდენი ქვეყნის ნავთობის მარაგი იყო. იგი თვლიდა, რომ ვენესუელა თავისი რესურსებით შეძლებდა იმ დონემდე განვითარებას, რათა უზრუნველყო მოსახლეობის სოციალური გათანაბრება. თავის გამოსვლებში პრეზიდენტი ჩავესი სახელმწიფო აღმშენებლობის სოციალისტურ პროგრამას მხოლოდ ზოგადად განმარტავდა: „ეს ერი ყველას ეკუთვნის. ის ყველას საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრება კი თანაბრად უნდა განაწილდეს რათა საზოგადოებაში ჰარმონია სუფევდეს.“ იგი ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების პროგრამას „21 საუკუნის სოციალიზმს“ უწოდებდა. პრეზიდენტს არ აუხსნია ის, თუ რამდენად განსხვავდებოდა სოციალიზმის ეს ვერსია მე-20 საუკუნის სოციალისტური ექსპერიმენტებისგან სხვა ქვეყნებში ან კლასიკური მარქსიზმისგან.


ჩავესმა ვერ მოახერხა სოციალიზმის მორგება სახელმწიფოსთვის და ვენესუელაში დემოკრატიულმა პრობლემებმა იჩინეს თავი. მეტიც, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის აპრილში, პრეზიდენტის ადგილი ნიკოლას მადურომ დაიკავა. უგო ჩავესმა მადუროს არცთუ ისე კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა. ინფლაციის დონე ქვეყანაში 50 პროცენტს აღწევს. ვალუტის დევალვაციამ შედეგი ვერ გამოიღო და ბოლივარი დოლართან შედარებით 31%-ით დაეცა. ვენესუელის მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ პირველადი მოხმარების პროდუქციისა და მედიკამენტების დეფიციტი. ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა და მაღალია კრიმინალის დონე. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებიან. გაკოტრებულ ქვეყანას აღარ შეუძლია სოციალური ვალდებულებების შესრულება და მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება.თუკი ჩავესს სოციალური ვალდებულებების დაფინანსება საგარეო ვალისა და ნავთობიდან მიღებული შემოსვლების ხარჯზე შეეძლო, მადუროს ამის ფუფუნება, ცოტა ხანში, აღარ ექნება. ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი რეზერვები გააჩნია, თუმცა წარმოების ტემპი იკლებს. მიღებული შემოსავალი ჩინეთისთვის საგარეო ვალის გადახდას, კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრებას, კუბისთვის მადნის იაფ მიწოდებასა და სოციალური ვალდებულებების გადახდას ხმარდება.


მთავრობის განცხადებები და ეკონომიკური სირთულეების შეთქმულების თეორიების ახსნა ცხადყოფს, რომ მადუროს ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია და მისი ქმედებები მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის შენარჩუნებისკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი კვლავ ცდილობს სოციალისტური გზით სვლას, მან გადაწყვიტა სიძვირის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს და ამ მიზნით ბიზნესმენ-საქმოსნების მოგების წილის შემცირებას აპირებს და სწორედ მის ფარგლებში 100-მდე ბიზნესმენი უკვე
დააკავა, რომლებიც ძალიან ძვირად ჰყიდიდნენ თავიანთ პროდუქციას. ამის პარალელურად მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა პროექტი, რომელიც ბიზნესმენების მოგებას 15-30%-ს შორის განსაზღვრავს, ე.ი. ხელისუფლების აზრით პროდუქცია ასე უფრო სამართლიან ფასში გაიყიდება. მთავრობამ გადაწყვიტა აკონტროლოს ყველაფრის წარმოება, გაყიდვა და იმპორტი. ფასების კონტროლის და სუბსიდირების პოლიტიკა იქამდე გასტანს, სანამ ქვეყანას ამისთვის სახსრები გააჩნია. საბოლოო ჯამში, ეკონომისტი ორლანდო ოჩოა ვენესუელას სოციალიზმს ასე ახასიათებს: „21 საუკუნის სოციალიზმი ეს არის 20 საუკუნის მარქსისტული სოციალიზმის გამოცოცხლების მცდელობა. ამ პროცესს ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალებიდან აფინანსებენ. ზოგიერთი დამკვირებელი მას ჰუმანიზმთან, თანამშრომლობასა და სოციალურ სფეროში ინვესტიციების დაბანდებასთან აიგივებს. ყოველ შემთხვევაში სწორედ ასე წარადგენს ყოველივე ამას ვენესუელას მთავრობა. მაშასადამე რეალობასა და აღქმას შორის არსებული უფრსკული კვლავინდებურად შესავსები რჩება.“


რაც შეეხება ჩვენს მეორე ქეისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი სახელმწიფო და ეკონომიკური სტრუქტურით ერთგვარ ანომალიას წარმოადგენს, თუმცა ეს ანომალიად წოდებული სისტემა დიდი ეკონომიკური წინსვლის მომტანი რომაა ქვეყნისთვის, ამაზე დღეს ყველა თანხმდება. თუ ჩინეთზე, როგორც სოციალისტურ ქვეყანაზე საუბარს ისტორიულ ჭრილში დავიწყებთ, ვნახავთ, რომ აქ სოციალიზმი 1921 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებით გამოჩნდა. ზემოთხსენებული პარტია ხელისუფლების სათავეში სამოქალაქო ომის მეშვეობით მოვიდა, ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის დამარცხების შედეგად. პარტია დღეს უკვე მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებთან ერთად მაო ძედუნის პრინციპებითაც ხელმძღვანელობს და კვლავ მყარად ინარჩუნებს ძალაუფლებას. თუმცა როდესაც ჩინეთზე და ვენესუელაზე საერთო კონტექსტში ვსაუბრობთ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რის ხარჯზე მოახერხა ჩინეთმა სოციალიზმის პირობებში ასეთი შესამჩნევი ეკონომიკური წინსვლა და რატომ ვერ შეძლო იგივე ვენესუელამ? რაღა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო ინდივიდუალურია და მის ძლიერებაზე მმართველობის სისტემის გარდა სხვა უამრავი ნიუანსი ახდენს გავლენას, თუმცა ჩინეთის შემთხვევა აშკარად გამორჩეული და უნიკალურია. საკითხის უკეთ გასააზრებლად საჭიროა აღვნიშნოთ, რომ 2009 წელს, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფით შედეგებს იმკიდა, ჩინეთის ეკონომიკა თითქმის 9%-იანი ზრდით ხასიათდებოდა. სწორედ ამ პერიოდში იყო ჩინეთი აშშ-სთვის მთავარი კრედიტორი ქვეყანა, ხოლო 2010 წლის მაჩვენებლებით, ჩინეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობის მიხედვით და იაპონია უკან ჩამოიტოვა. ამ ფაქტის შემდეგ ანალიტიკოსები უფრო სერიოზულად მოეკიდნენ ჩინეთს, როგორ საოცარი ტემპებით მზარდ და ეფექტიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს. თუმცა თავად ჩინეთში ამბობენ რომ ციფრები არაფერს ნიშნავს და „პირველ რიგში ეკონომიკის წარმატების ნიშანი მთლიანი შიდა პროდუქტია“. მათი მოსაზრებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე პროდუქციის ხარისხს, და ამ კუთხით ჩინეთს ჯერ კიდევ ბევრი აქვს იაპონიისგან სასწავლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა უკან ჩამოიტოვა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ეკონომიკა, ექსპერტების ვარაუდით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკასთან გათანაბრება მას ძალიან გაუჭირდება. თუმცა, როგორ მოახერხა სოციალისტურმა ქვეყანამ კაპიტალისტი სახელმწიფოებისათვის არათუ სათანადო კონკურენციის გაწევა, არამედ მათი დაჯაბნა კიდეც? ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ გატარებულ რეფორმებში და იმ დათმობებში უნდა ვეძიოთ, რამაც ჩინურ სოციალიზმს ახალი სიცოცხლე შესძინა. როგორც ჩანს ჩინეთში ბევრი ისწავლეს მეოცე საუკუნეში არსებული სოციალისტური რეჟიმებისაგან და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცადეს ფეხი აეწყოთ მსოფლიო პროგრესისათვის. 1978 წელს დაწყებული რეფორმებით, ჩინეთის მთავრობამ დაიწყო სასოფლო წარმოებისა და კერძო ბიზნესისათვის ხელის შეწყობა, ჩადო ფული სამრეწველო წარმოებასა და საკუთარი მუშა-ხელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ყველაზე მთავრი, და კომუნისტური რეჟიმისათვის შეუფერებელი კი მაინც საგარეო ვაჭრობის და ინვესტიციების ლიბერალიზაცია იყო. თუმცა ფაქტია, რომ ამ სტრატეგიამ და დათმობებმა სასურველი შედეგი მოიტანა. 1992 წელს ეკონომიკის ვექტორის ექსპორტზე ორიენტირება ალბათ შემთხვევითი არაა და კარგად გვიჩვენებს, რომ ჩინეთმა ყველანაირად სცადა თავიდან აეცილებინა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში განვითარებული პროცესები. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციისათვის ფეხის აწყობის წყალობით ჩინეთმა ეს მოახერხა. როგორც თავად ჩინელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ ეს უზარმაზარი პროგრესი არა მარტო კაპიტალის ზრდის, არამედ ჩინელი მუშების ძალისხმევის შედეგია.


სწორედ აქ იჩენს თავს ის სპეციფიკური აღმოსავლეთ აზიური მახასიათებლები, რაც ასე თვალსაჩინოდაა დამახასიათებელი ამ რეგიონის მოსახლეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადრეა რაიმე განსაკუთრებული, აღმოსავლეთ-აზიური პოლიტიკური სისტემის არსებობაზე ვიმსჯელოთ, ენდრიუ ჰეივუდის მტკიცებით, როგორც ჩანს ნათლად ვერ ვაცნობიერებთ თუ რა განასხვავებს კონფუციანურ იდეებსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ კულტურებს დასავლური ინდივიდუალიზმის გავლენით ჩამოყალიბებული კულტურებისაგან. ეს შრომისმოყვარეობა და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უდიდეს როლს ასრულებს არა მარტო ჩინეთის, არამედ ყველა აღმოსავლეთ აზიური სახელმწიფოს წინსვლაში. შესაძლოა სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ვენესუელასა და ჩინეთის განვითარების დონეებს შორის არსებული სხვაობის მიზეზები. ამას გარდა აშკარაა ის პოლიტიკური განსხვავება, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს: ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ერთგვარი მოდერნიზაციის წყალობით შეინარჩუნა გავლენა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდერნიზაცია მხოლოდ ეკონომიკას შეეხო, ვენესუელაში მსგავსი სახის ძვრებს ადგილი არ ქონია. თუმცა, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ყველა ქვეყანა ინდივიდუალური ნიშან-თვისებებით ხასიათდება და ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩინეთის შემთხვევაში ( მისი მოსახლეობის რაოდენობის, ტერიტორიული სიდიდის და ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის იდეოლოგიური არათავსებადობის გამო). თუმცა, 21-ე საუკუნის სოციალისტური ქვეყნებისთვის მთავარ პრობლემად დემოკრატიის ნაკლებობა რომ რჩება ეს ყველასათვის აშკარაა. როგორც ვენესუელაში, ასევე ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის, სახელისუფლებო უწყებების გამჭვირვალედ მუშაობის და კორუფციის კუთხით ვითარება აშკარად მძიმეა. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად სიკვდილით დაახლოებით 5, 000 ადამიანს სჯიან, რაც მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყნის ერთად აღებულ მონაცემებს აჭარბებს. ჩინეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სიკვდილით დასჯა გამოიყენება არა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე არამედ არაძალადობრივი კრიმინალური დანაშაულებებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს გატარებული საკანონდებლო რეფორმის წყალობით, ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯის გამოყენება ოფიციალურად შეზღუდა, სიკვდილმისჯილთა რიცხვი დღემდე სახელმწიფო საიდუმლოებად რჩება. უკანასკნელ პერიოდში არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩინეთის მოსახლეობას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა და ისინი ქვეყანას მასიურად ტოვებენ. ეს პროცესი განსაკუთრებული სიცხადით შეინიშნება ჩინეთის მდიდარი ფენის მაგალითზე რომელთა დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ქვეყანა.


როგორც ვხედავთ, 21 საუკუნეში არსებული სოციალისტური სახელმწიფოები დიდი მსგავსებით არ ხასიათდებიან. ვენესუელამ ვერ მოახერხა განვითარება და ტიპურ სოციალისტურ ქვეყნად რჩება, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაცია და დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები კი მოსახლეობის სიტუაცისას კიდევ უფრო ართულებს. რაც შეეხება ჩინეთს, მისი ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად ქვეყანას აშკარად უჭირს მოქალაქეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათი იზოლირება გარესამყაროსაგან. ჩინეთში ამჟამად არსებული სიტუაცია საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია რიგ დათმობებზე არ წავიდა და რეფორმების ახალი ტალღის გატარება სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორშიც არ დაიწყო, მათ ძალაუფლების შენარჩნება სულ უფრო გაუჭირდებათ.






გამოყენებული ლიტერატურა:


ვენესუელის
სახელმწიფო სისტემა:


http://www.infoplease.com/country/venezuela.html

ნავთობის მარაგი ვენესუელაში

http://www.geworld.ge/ViewWorld.php?W=132&Title=venesuela+navTobis+maragiT+msoflio+lideri+gaxda&lang=ge

http://www.eluniversal.com/2010/09/21/en_eco_esp_venezuelan-scholars_21A4498091

ჩავესის მმართველობა

http://www.amerikiskhma.com/content/venezuela-politics-socialism-100900354/531019.html


http://www.tabula.ge/ge/story/80409-erti-tseli-chavesis-shemdeg

ნიკოლას მარდუ

http://www.ttimes.ge/archives/12168

ადამიანის უფლებები ჩინეთში

http://www.tabula.ge/ge/story/79391-chinuri-sapnis-bushti

ჩინეთის ეკონომიკა

http://www.amerikiskhma.com/content/article-----------------------------------101167144/531014.html

http://www.ttimes.ge/archives/19283

http://www.commersant.ge/index.php?lang=1&menuid=92&id=13530

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=period&cl=CL4.

7&d=HASHad00a7cc1466212eecabab.8

https://www.imf.org/EXTERNAL/PUBS/FT/ISSUES8/INDEX.HTM


0
542
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გიუნაშვილი
სალომე გიუნაშვილი
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0