x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"მთლიანობაში არ მომეწონა" - რას წერენ კრიტიკოსები "მანდარინებზე"

imageროგორც უკვე იცით, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი, ''მანდარინები'' 2014 წელს ''ოქროს გლობუსის'' ნომინაციებში მოხვდა და "ოსკარზე" წარდგენილი უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორისაც დასახელდა. თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ ფილმის მიმართ ბევრის საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სანამ "მანდარინები" საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა, მწერალმა და კრიტიკოსმა შოთა იათაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფილმის კრიტიკა გამოაქვეყნა:

"ახლა ვუყურე "მანდარინებს". ნუ საერთო ფონზე რაღაც არის, მაგრამ მთლიანობაში არ მომეწონა. შევეცდები ჩამოვაყალიბო, რატომ.

1) ეს მარტო ამ ფილმის პრობლემა ნამდვილად არაა, მთლიანობაში თანამედროვე კინემატოგრაფის პრობლემაა, მაგრამ ვიზუალი იმდენად "ტელეშნიკურია", სერიალების გადაღების დონეზეა, რომ ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო.

2) ტოლერანტობის თემაზე შეკვეთილ ფილმს ჰგავს, თან ეს გაკვეთილი ტოლერანტობაში საკმაოდ სწორხაზოვანია.

3) სქემაც ისეთია, ცოტა არ იყოს ხელოვნური: ესტონელები, ანუ ევროპელები, რომელთაც ერთმანეთთან მეომარი კავკასიელები უნდა გააშველონ და შეარიგონ... პოლიტკორექტულობის დაცვა უნდა თან თითქოს რეჟისორს, ამიტომ მთავარ პერსონაჟებად ქართველი და აფხაზი კი არ შემოყავს, არამედ რატომღაც ქართველი და ჩეჩენი... რეჟისორის ქართველობა მაინც თავისას შვრება, და ქართველი ჩეჩენს სულ უინტელექტობაზე "აწვება". ანუ, მაინც არაპოლიტკორექტული გამოსდის. ბოლოს საერთოდ: დებილი რუსები ჩეჩენს და ქართველს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ჩეჩენს, როგორც ქართველს, მხეცურად დახვრეტას დაუპირებენ... ანუ მაინც რუსებს ჩააშლევინა რეჟისორმა ის შერიგების პროცესი, რაც ქართველსა და ჩეჩენს შორის დაიწყო და მტერი კავკასიელები რუსების წინააღმდეგ გააერთიანა.

4) სადაც ესტონელებს ესტონელები თამაშობენ და ქართველს - ქართველი, ჩეჩენი ჩეჩენს უნდა ეთამაშა. შეიძლება იტალიელმა ან ფრანგმა მაყურებელმა ეს ვერ იგრძნოს, მაგრამ ქართველი და საერთოდ, პოსტსაბჭოელი მაყურებელი, იგრძნობს, რომ აქ ნაკაშიძის გმირი ყალბია. ელემენტარულად, იმ ჩეჩენს თავისი დიქცია უნდა ჰქონდეს, როგორც ესტონელსა აქვს თავისი დიქცია და ქართველს თავისი. ჩეჩენის ფსიქიკა უნდა მოჰქონდეს ეკრანიდან და ვერ მოაქვს... არაა ის პერსონაჟი არანაირად ჩეჩენი და ეგ მომენტი სულ გიშლის ხელს ფილმის აღქმაში, მიღებაში.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ საკმარისია საერთო შთაბეჭდილების გასაზიარებლად. ისე პლიუსად ვიტყვი, რომ დიალოგები ადგილებში ძალიან კარგადაა დაწერილი, პერსონაჟების ხასიათებს კარგად რომ ძერწავს და ერთმანეთს ისე აჯახებს, რომ მიუხედავად ასეთი დაძაბული გარემოსი, გულითაც გაცინებს. თუმცა როგორც ვთქვი, კინემატოგრაფიულად ეს სცენარი ვერაა კარგად რეალიზებული.

აფხაზეთის ომზე გადაღებულ საუკეთესო ფილმად მე მაინც მგონია, რომ დღემდე გოგა ხაინდრავას "ოცნებების სასაფლაო" რჩება".

იათაშვილის ამ პოსტს გამოეხმაურა გოგი გვახარია და აღნიშნა, რომ სრულიად ეთანხმება მასში გამოთქმულ მოსაზრებას:

"რეცენზიის დაწერა მინდოდა, ზუსტად ამის დაწერა და მეზარებოდა.. ნუ ახლა ამოვისუნთქე, რომ არ დავწერ:)...
თანაც რეცენზია რომ დაწერო უნდა გადალახო უხერხულობა და ფილმის თაყვანისმცემლებს გაახსენო რა არის კინო, რა არის კინოს ენა, როგორ კინოს არ ივიწყებს ისტორია და როგორი კინოა ერთჯერადი.. ჰოდა უხერხულიცაა და მოსაბეზრებელიც უკვე...

მსახიობის ბრალი არაა, როცა ეკრანზე რეჟისორს მხოლოდ მსახიობის დახმარებით უნდა ამბის მოყოლა და ავიწყდება, რომ კინოში მსახიობი ერთ-ერთია მხოლოდ.. ეს რომ შეძლო ამისთვის ბერგმანი უნდა იყო!", - წერდა გვახარია.


თუმცა მანამდე, გოგი გვახარიას ისევ ფეისბუქის გვერდზე უკვე ჰქონდა დაფიქსირებული საკუთარი მოზარება ამ ფილმის შესახებ:


"ძალიან მიყვარს ზაზა და პრინციპში მისი გულშემატკივარი ვარ. ისიც მესმის, რატომ მოეწონა ბევრს ეს ფილმი - ამბავი ვითარდება, მოულოდნელობაც არის, რეჟისურაც არის და ფილმიც აწყობილია კარგად. თუმცა ის, რაც დიდ მიღწევად ითვლებოდა ქართულ კინოში თუნდაც 5 წლის წინ, ახლა ჩვეულებრივი ამბავია და აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გადაიღო ზაზამ ეს ფილმი. მოსკოვის კინოფესტივალს ჰქონდა დევიზი "За гуманизм киноискусства, за мир и дружбу между народами!" და ეგ დევიზი გამახსენა ფილმმა. როცა გაუგებარია, რატომ არიან გმირები ასეთი კეთილები და ასეთი ბოროტები, ან რატომ ხდებიან კეთილები ასე სწრაფად.. ადამიანის, პერსონაჟის დახასიათებისთვის კინოში მხოლოდ მსახიობი არ კმარა. უფრო პირიქით, მსახიობს ყველაზე ნაკლებად უნდა დავაკისროთ ეს მისია და ვიფიქროთ სცენარზე, დრამატურგიაზე, მოქმედების ატმოსფეროზე, დეტალების მიმართ პერსონაჟის დამოკიდებულებაზე, ფონთან

დამოკიდებულებაზე და ბოლოს კამერის მიმართ დამოკიდებულებაზე და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კამერა "სურათებს" კი არ იღებს მხოლოდ ლამაზად, არამედ "ფუნჯია" და პერსონაჟის დამოკიდებულება კამერასთან ქმნის კიდეც გმირის ხასიათს.

სხვაგვარად კინო და გმირები აგვიჩუყებს გულს, შეიძლება სულსაც, მაგრამ ცოტა ხანში ფილმი დაგვავიწყდება", - წერდა კინომცოდნე.

0
129
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0