x
image
worldsport.ge
შოთა იამანიძე - უკეთილშობილესი პიროვნება და დიდი სპორტსმენი

imageimage1965 წლის დადგომასთან დაკავშირებით გაზეთმა “ლელომ” საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებს კითხვით მიმართა, რათა მათ წინა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გამოერჩიათ. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანმა შოთა იამანიძემ დაუფიქრებლად განაცხადა: “შესაძლოა, სხვა სპორტსმენი შეყოვნდეს და გონების თვალით გადაფურცლოს გასული წლის სპორტული კალენდარი, აირჩიოს მათ შორის რამდენიმე იღბლიანი დღე და შემდეგ რომელიმე მათგანს მიაკუთვნოს უპირატესობა. მე და ჩემ მეგობრებს კი საქმე ასარჩევად არ გვაქვს: ჩვენი საერთო სიხარულისა და ბედნიერების დღეა 18 ნოემბერი. ქართული ფეხბურთის თაობები ქმნიდნენ ამ გამარჯვებას და იბრძოდნენ მისი მოპოვებისთვის, ხოლო მისი აღსრულება წილად გვხვდა ჩვენ, მესამე თაობის დინამოელებს. ჩვენ შევასრულეთ ეს ძნელი მისია. ის ბედნიერი დღე არასდროს დამავიწყდება”.
ქართული სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის ისტორიაში არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. შორს რომ არ წავიდეთ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების გახსენებაც კმარა, როდესაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა საკავშირო ჩემპიონობასა და ორჯერ თასის მოპოვებას, საერთაშორისო არენაზე დიდი გამარჯვებაც მიაყოლა. ამის მიუხედავად, გადაუჭარბებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1964 წლის 18 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია და არც ისაა შემთხვევითი, რომ იმ დღის ტრიუმფატორებს ქართველი საზოგადოება კვლავინდებურად “ოქროს ბიჭებად” მოიხსენიებს, გუნდის კაპიტან შოთა იამანიძეს კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ლიდერად.
შოთა იამანიძე უნიკალური მოვლენა იყო ჩვენს ფეხბურთში. როგორც არავის სხვას, მას ჰქონდა პოზიციის შერჩევის უნარი და უსწრაფესი დრიბლინგი, ფილიგრანული პასი და უზუსტესი დარტყმა ორივე ფეხით. მისი შრომისმოყვარეობა, თავმდაბლობა, წესიერება იგრძნობოდა ყველაფერში – თამაშშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამასთან ბუნებით ლიდერი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი იყო. უკეთილშობილესი პიროვნება და დიდი სპორტსმენი შოთა იამანიძე თანაგუნდელებისთვის, მეგობრებისთვის და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მთლიანი ქართველი საზოგადოებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი იყო.
34 წლის ასაკში შოთა იამანიძის ტრაგიკული სიკვდილი მთელი საქართველოსთვის მოუშუშებელ იარად დღემდე დარჩა. ეს დღეს ტოტალიზატორ „ლიდერ-ბეთში“ ჩატარებულმა საღამომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. განსაკუთრებით თბილად ბავშვობის მეგობარი ჩვენმა სახელოვანმა მსახიობმა კახი კავსაძემდა მოცეკვავე ომარ მხეიძემ გაიხსენეს და შოთა იამანიძის ბრწყინვალე პიროვნული პორტრეტი გააცნეს ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს, რომელთაც დინამოელთა კაპიტანი არც მინდორზე უხილავთ და არც ცხოვრებაში.
მოგონებებში ითქვა, რომ დინამოელთა შვიდიანის გარდაცვალება ქართული ფეხბურთისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია, ჩვენის მხრივ კი დავძენთ - შოთა იამანიძის სიკვდილი მთლიანად საქართველოსთვის მძიმე დანაკლისი გახლდათ...
გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0