x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქალთა მიმართ ძალადობა
image

ძალადობის პრობლემა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ქართულ რეალობას რომ გადავხედოთ, განსაკუთრებით ხშირია ოჯახში ძალადობის გამოვლინებები. უფრო მეტად ფიქსირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალი დაჩაგრულია, მისი უფლებები უგულვებელყოფილი და დარღვეულია. ქალთა მიმართ ძალადობა განიხილება, როგორც ადამიანთა უფლებების ყველაზე სერიოზული დარღვევა და იგი ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა რელიგიის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებში. ქალთა მიმართ ძალადობას უაღრესად სერიოზული შედეგი მოსდევს, არა მხოლოდ მსხვერპლი ქალების ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი უშუალო კავშირშია და გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

image

ზოგადად, ძალადობა ქალთა მიმართ გულისხმობს ქალებისათვის უფლებების წართმევას, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე ხშირად ვლინდება ოჯახში, ცოლსა და ქმარს შორის, როცა ქმარი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ან სექსუალურად ძალადობს ცოლზე.ქალების მხრიდან მამაკაცებისადმი უფრო გავრცელებული ფორმაა ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ცოლი ქმარს სისტემატურად საყვედურობს სამსახურის ან უკეთესი საცხოვრებელი პირობების არქონის გამო. ძალადობის სხვადასხვა სახეს ვხვდებით. ესენია: გაუპატიურება, იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმა, ფიზიკუი შეურაცხყოფა, ტრეფიკინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, იზოლაცია, გამოკეტვა, იძულებით ქორწინება და ა.შ.


image

ოჯახში ძალადობა თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა და მასზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა ამის მიუხედავად, ეს საკითხი დღეს აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოების ერთი ნაწილი ზუსტად აღიქვამს ამ საკითხს, ზოგი კი არასერიოზულად მიიჩნევს, ყურადღების მიღმა ტოვებს და არ რეაგირებს მასზე. ამას განაპირობებს ის შეხედულება, რომ "ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა მოგვარდეს და არ უნდა გავიდეს მის გარეთ". მიუხედავად ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებისა, დღეს მწვავედ დადგა პრობლემა ჩვენს წინაშე, რომ აშკარად შეინიშნება ამ სტერეოტიპების მსხვრევის ტენდენცია. თანდათან იზრდება იმ მსხვერპლთა რიცხვი, რომლებიც აღარ ერიდებიან ამ პრობლემის გასაჯაროებას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში თავგამოდებით იცავენ ოჯახის კულტს, რომ ოჯახი არის ისეთი სოციალური ინსტიტუტი, რომელშიც მნიშვმნელოვანი როლი ენიჭება ჰარმონიულობასა და ურთიერთგაგებას ოჯახის წევრებს შორის. თუკი ოჯახში საქმე გვაქვს ძალადობასთან ან რაიმე სახის კონფლიქტთან, ეს არის მხოლოდ ოჯახის საქმე და მასში სხვა პირთა ჩარევა მიუღებელია, აქ ყველაფერი გასაიდუმლოებული უნდა იყოს და ოჯახის კედლებს გარეთ არ უნდა გამოდიოდეს რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება, რადგან ეს ოჯახს სახელს შეულახავს, "ჩირქს მოსცხებს". სწორედ ამგვარი მოსაზრებებით განმსჭვალული საზოგადოებაა მიზეზი იმისა, თუ რატომ იტანენ ქალები ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას მამაკაცისგან. ქალები თავიანთი "დუმილით" იცავენ ოჯახის სახელს, ღირსებას. ამ დროს მათ ორმაგი როლის შესრულება უხდებათ. პირველი ის, რომ მათ უნდა დაიცვან ოჯახის სახელი, მეორე ის, რომ უნდა აიტანონ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა, ისინი ხომ "დამთმობი და ყველაფრის ამტანი არსებები არიან".

image

როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა. ამის აშკარა გამოვლინებაა ტრეფიკინგი და პროსტიტუცია, რომლებიც საკმაოდ აქტუალური და მწვავე პრობლემაა. ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის მსხვერპლნი უმეტესად ისევ და ისევ ქალები არიან.

image

პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ინფორმირებულობის, ცნობიერების დონის ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა ხალხმა გააცნობიეროს პრობლემის არსი. ძალადობის ფაქტების გასაჯაროება დაცინვისა და განსჯის თემა კი არ უნდა გახდეს, არამედ თითოეული მოქალაქე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს რომ პრობლემა არსებობს საზოგადოებაში და ამის მსხვერპლი დღეს თუ ხვალ შეიძლება თვითონ გახდეს. აუცილებელია ძალადობასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების მოწყობა, აქციების ჩატარება, ტელევიზიით თუ ინტერნეტული მედიით რეკლამებისა და რელევანტური გადაცემების ჩვენება, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ნებისმიერი სახის გენდერული ძაLადობა, იქნება ეს ოჯახში, საზოგადოებაში, ითვლება დანაშაულად. ასევე უნდა არსებობდეს დროებითი თავშესაფარი მსხვერპლთა დასახმარებლად, ფსიქოლოგიური თუ სამართლებრივი დახმარება.

image

შეუზლებელი ყურადღების მიღმა დარჩეს ის ფაქტი, რომ გასულ წელს საქართველოში 24 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, რაც ძალიან სავალალო მდგომარეობაა ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა. თითოეული ადამიანის სიცოცხლე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მართლაც, რომ ამაზრზენი ფაქტების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. დღითიდღე მატულობს ყოფილი ქმრებისგან ცოლის მკვლელობის, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტები. ძალადობის პრობლემა არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. ამიტომ არ არსებობს ერთი უნივერსალური წესი, რომლითაც ქვეყანა შეძლებს ფორსირებული ტემპით დაამარცხოს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია. ამისთვის აუცილებელია შემდგომი ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, საჭიროა აგრეთვე დრო და ამ დროში ისეთი თაობის აღზრდა, რომელიც შეძლებს კეთილგონიერად იფიქროს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორებიცაა: გენდერული ნიშნით ძალადობა, გენდერული უთანასწორობა, ბავშვთა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა და ა. შ.


0
2398
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო სამხარაძე
სოფიკო სამხარაძე
2398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0