x
სამხრეთ კავკასიის პრობლემები და გამოწვევები




სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებული დინამიურობით ხასიათდება. ამიერკავკასია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს. იგი საკმაოდ ბევრი განსხვავებული ქვეყნის ინტერესების თანხვედრის ადგილია. აქ გადაიკვეთება არა მარტო შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების, არამედ ევროპის, აზიისა და ხშირად აფრიკის ქვეყნების სტრატეგიული და ეკონომიკური შეხედულებებიც. რეგიონი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით სრულიად სამართლიანად მიიჩნევა (სარკინიგზო, საჰაერო და ზოგადად საკომუნიკაციო კუთხით) “დერეფნად“. აქედან გამომდინარე ზოგადად კავკასიაში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს არა მარტო მოცემული რეგიონის ქვეყნებზე, არამედ მსოფლიო ტრანსრეგიონალურ პროცესებზეც, მათ შორის ევროატლანტიკურ სივრცეში არსებულ მდგომარეობაზე. ამის ნათელი მაგალითია ნატოს გეოეკონომიკური ინტრესები რეგიონში. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებები ცხადყოფს, რომ კავკასია შეიძლება ნატოს “მოწინავე თავდაცვის“ სტრატეგიის ტერიტორიადაც განვიხილოთ. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. კავკასიის რეგიონს მეტად მდიდარი ბუნებრივ- სანედლეულო, ენერგეტიკული და რეკრეაციული რესურსები აქვს: ნავთობი, გაზი, რკინის მადანი, სპილენძი თუთია და სხვა. რეგიონის ქვეყნები ასევე აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.


კავკასია იყოფა 2 სუბრეგიონად ჩრდილოეთ კავკასია (იმიერკავკასია) და სამხრეთ კავკასია (ამიერკავკასია). ეს უკანასკნელი მიუხედავად იმისა რომ ფართობის მიხედვით შედარებით ნაკლებ ტერიტორიას მოიცავს, გამოირჩვა მოსახლეობის მნიშვნელოვნად მაღალი სიმჭიდროვით და განვითარებული მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალით. სამხრეთ კავკასიის შემადგენლობაშია სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მოცემულ ნაშრომში განვიხილავთ თითოეული ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზოგადად, ასევე რეგიონში არსებულ პრობლემებს და თანამედროვე გამოწვევებს.


პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ საქართველოზე. როგორც ცალკეული ადამიანები ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში ასევე მსოფლიოშიც ყველა სახელმწიფო ეძებს საკუთარ ნიშას, იმისათვის რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო არენაზე. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა, ახალმა საუკუნემ და სუვერენიტეტმა საქართველოს როლი შრომის საერთაშორისო დანაწილების კუთხით უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ეს ახსოვდა ქვეყნის ისტორიას. ისეთი ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა მშპ-ის საერთო მაჩვენებელი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით და ჰუმანური განვითარების ინდექსი, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია 2010 წლის მონაცემებით მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 112 ადგილზეა მსოფლიოში. ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით 89-ე, ხოლო მშპ-ის საერთო დონით 109-ე ადგილზეა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყნის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას, სანამ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან განვითარებულზე გადავა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე აქტიური ურთიერთობა საქართველოს აქვს. იგი 37-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მაგალითად როგორიცაა: გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და სხვა. ბოლო წლებში საქართველო სერიოზულ ფინასურ დახმარებას იღებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა. თბილისში 9 საერთაშორისო ორგანიზაციას ჰყავს მუდმივი წარმომადგენლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2004 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია“ რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ახალი ურთიერთობების დამყარების საშუალება მისცა. 2013 წლის 23 ივლისის ვილნიუსის სამიტი კი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა რადგან სწორედ ამ დროს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების პარაფირება დაასრულა. მოკლედ მიმივიხილოთ აღნიშული ხელშეკრულებაც. ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანამშრომლობა, ზოგადად, მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების სამართლებრივ ბაზად მიიჩნევა „ევროკავშირის ფუნქციონირების შეთანხმების“ 127-ე მუხლი. პირველი სახელმწიფოები, ვინც ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, საბერძნეთი და თურქეთი იყო
(1960).


ასოცირებული წევრობის სტატუსის სანაცვლოდ ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს აკისრებს: პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სასამართლო რეფორმების გატარებას. ამის სანაცვლოდ კი, ასოცირებულ წევრებს ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვთ, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზარზეც. ასოცირებული წევრები, ასევე იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ასოცირების შეთანხმება ხშირ შემთხვევაში მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს ქმედითუნარიანობაზე მიუთითებს. დაწვრილებით თითოეულ მათგანს შემდგომში განვილილავთ.


სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს. მასზე მოდის რეგიონის ტერიტორიის 47 და მოსახლეობის 48 პროცენტი. აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთზე მაღალია არა მარტო მშპ-ის საერთო მაჩვენებელი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით და ჰუმანური განვითარების ინდექსი, არამედ საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც და ის 50 ამერიკულ დოლარს შეადგენს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა დაადგა განვითარების საბაზრო ეკონომიკის გზას, მთლიანად შეიცვალა საკუთრების ფორმები და დაწინაურდა კერძო სექტორი, ქვეყანა განთავისუფლდა ე.წ. გეგმიური ეკონომიკისგან. თანდათანობით იცვლება მისი სპეციალიზაციაც, იგი თავად ქვეყნის ინტერესების შესატყვისი ხდება.


რეგიონის მესამე სახელმწიფოა სომხეთი, იგი ფართობით საქართველოზე ორჯერ, ხოლო აზერბაიჯანზე 2, 5-ჯერ პატარაა, ქვეყნის ტერიტორია 29, 8 ათასი კვ. კილომეტრია, მოსახლეობა 3, 3 მილიონი. სომხეთი ინტენსიურად ჩაება საერთო კავკასიური ეკონომიკური სივრცის პრობლემების დამუშავებაში და იქ თვალსაჩინო როლს ასრულებს. უფრო კონკრეტულად კი რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვისას ვისაუბრებთ თითოეული მათგანის როლზე.


სამხრეთ კავკასია მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენს, რეგიონში მწვავედ დგას რუსული, ქართული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ზოგადად დასავლური ინტერესების თანხვედრის პრობლემა, ეს კი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ არასასურველ შედეგებამდე მიდის. მსოფლიო პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი ”სამხრეთ კავკასია” ახალი დამკვიდრებულია. ეს მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას, შედეგად საქართველომ, სომხეთმა და აზარბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს, რამაც რეგიონში სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. პასუხად 1998 წელს რუსეთმა შეიმუშავა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, ამით მან გადადგა ნაბიჯი საერთო “კავკასიური სახლის” ამასთან ერთად სამხეთ კავკასიამ დაიწყო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბრეგიონად ჩამოყალიბება. სიტუაციას ართულებს ისიც რომ, რეგიონის ქვეყნები ძირითადად რეაგირების რეჟიმში მოქმედებენ და არ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული მიდგომა არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც მომავალში შესაძლოა უფრო სავალალო შედეგი მოიტანოს. რუსეთს კარგად ესმის ამერიკული ”ახალი აბრეშუმის გზის”, ახალი ენერგეტიკული გზების მშენებლობის მნიშვნელობა. ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზისთვის ასუსტებს მისი როგორც, ერთპიროვნული განმკარგავის ფუნქციას, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკაში. ევრაზიულ კავშირის” შექმნით რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური კონტროლი რეგიონზე და ამის შესაბამისად მოქმედებს, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთთან და აზარბაიჯანთან, რუსეთი განაგრძობს სპეკულირებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით, ამასთან სომხეთში 49 წლიანი ხელშეკრულებით სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული, იგი პერმანეტულად აიარაღებს აზერბაიჯანს.


საქართველოსთან მიმართებაში კი რუსეთს, სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, ამოეწურა კონფლიქტებით ზემოქმედების ბერკეტები და ერთადერთი პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობა აქვს დარჩენილი. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგოდერეფნის არსებობა. გარდა არსებული ენერგორესურსებისა, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ხვდება.


სამხრეთ კავკასია წარმოადგენს იმ პოტენციურ დერეფანსაც, რომელზეც შეიძლება გაიაროს ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზის ქვეყნებში არსებულმა რესურსებმა. ისტორიულად სწორედ სამხრეთ კავკასიაა ის რეგიონი, რომელზეც გადიოდა აბრეშუმის გზა. ბაქო-თბილისი-ყარსისი რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს სამ ქვეყანას ერთმანეთთან (თურქეთს-საქართველოს-აზერბაიჯანს) და შექმნის უნიკალურ საშუალებას, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს კავშირი ევროპულ ან აზიურ ქვეყნებთან. თავად ქვეყნების შიგნით კი საგზაო მაგისტრალების მოწესრიგებამ და სასაზღვრო პუნქტების გამართვამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაახლოებას და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სწორედ სამხრეთ კავკასიაში არის საშუალება ბიზნესისა და ვაჭრობის უფრო ღრმად გავითარებისა, რომელიც დაკავშირებული იქნება, როგორც ევროპული ისე აზიური ნაწარმის შემოტანისა და გაყიდვისაკენ.


პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყანებში მუდმივად დაძაბულია, ამ დაძაბულობას ხელს უწყობს სამი ფაქტორი: გლობალური-გარე ძალების რეგიონისადმი დიდი ინტერესი, შიდარეგიონალური-ტერიტორიული პრეტენზიები, სამი გაყინული კონფლიქტი და საშინაო-შიდაპოლიტიკური განვითარების უარყოფითი დინამიკა.


სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამომავლო განვითარების ნებისმიერი გზა უშუალოდ უკავშირდება არსებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების დარეგულირების საკითხს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მიუხედავად საერთაშორისო ორგანოების მცდელობისა ქვეყნებისთვის კონფლიქტის მოგვარების შეთავაზების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მხარეთა პოზიციები შესათანხმებელი დარჩა. კონფლიქტის ასეთ აქტუალობას განაპირობებს ის, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები კომპრომისზე ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან. აუცილებელია, რომელიმემ დათმოს თავის პოზიცია, მითუმეტეს რომ დღეს დასავლეთი აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში ნომინალურ როლს თამაშობს და ცდილობს ფორმალური და მეტად მოკრძალებული მოლაპარაკებების გამართვით შემოიფარგლოს.


გარდა ყარაბაღის პრობლემისა რეგიონის წინაშე დაგას ისეთი გამოწვევებიც როგორიცაა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ სიტუაცია. საქართველოს სტრატეგია ამ ეტაპზე იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე შეავიწროოს რუსეთის გავლენა კონფლიქტის ზონებში და გაავრცელოს აღნიშნულ ტერიტორიებზე მეგობარი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენა.


ჩემი აზრით მიუხედავად რეგიონის საერთო სოციალისტური წარსულისა და სხვა მრავალი საერთო ინტერესისა, თანამედროვე სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული გამოწვევები დგას დღის წესრიგში. თუკი საქართველოსთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ძირითად ამოცანას ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, თანამედროვე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის უპირველეს გამოწვევად ყარაბაღის კონფლიქტი და მისი მოგვარების საშუალებების ძებნა რჩება. თუმცა აქტუალობის მიუხედავად აღნიშნული საკითხის დარეგულირება ჩაკეტილ წრეზე ბრუნავს. მის გადაწყვეტას არსებულ, რეალურ, რთულ სიტუაციაში დიდი პოლიტიკური ნება ან შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა სჭირდება. ასევე შეიძლება ითქვას ზოგადად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სხვა რეგიონულ კონფლიქტებზეც.


მიმაჩნია არსებულ მდგომარეობაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა თავად სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკაზე მოდის, ვინაიდან სწორედ ამ სახელმწიფოებმა იწვნიეს თავიანთ თავზე დიდი პოლიტიკური თამაშების კატასტროფული შედეგები; შესაბამისად, მათ უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და შეცვალონ მიდგომები, მათი შიდა დაპირისპირება ისევ რეგიონის გარე პოლიტიკურ ინტერესებზე ასხამს წყალს, ამ კონტექსტში ყარაბაღის კონფლიქტი სწორედ ის კვანძია, რომლის გახსნა შიდა ძალებით შეიძლება, ყოველგვარი მესამეს ჩართვის გარეშე, ვინაიდან ეს ის კონფლიქტია, რომლის მონაწილე მხარეები სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებია, ეს პრეცედენტი უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ რეგიონის პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარებისათვის, თუკი მხარეები მომავალშიც არ წავლენ სამართლიან დათმობაზე და კვლავ მესამე მხარის ჩარევით სიტუაციის დარეგულირების იმედზე იქნებიან მაშინ და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება საკითხი გადაუჭრელ პრობლემად. განსხვავებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებული სიტუაციისგან სომხეთსა და აზერბაიჯანს აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირება ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. საქართველოს შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას პირდაპირ იკვეთება რუსეთ-საქართველოს ინტერესები.

0
1038
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
1038
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0