x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო. || ნაწილი

image „სახლში დაბრუნებულმა
ჯოტომ საკუთარი მამულის დამუშავებას და მოვლას მიჰყო ხელი და სულ მალე ეზო ბაღნარს
დაამსგავსა, ჯანღონით სავსე კაცი ოჯახში დატრიალდა და ეს მალევე დაეტყო ოდა სახლსაც, რომელიც
ჯოტოს შინ არ ყოფნის წლებში საკმაოდ დაეზიანებინა თოვლს და წვიმას.
ჯოტოს 3 ქალიშვილის მერე მეოთხე შვილი ბიჭი შეეძინა
და მას საუკეთესო მეგობრის სახელი დაარქვა, ჩემი სახელი დაარქვა ბაბუა ჯოტომ თავის
ახალშობილ ვაჟს-ილია.
რადგან ახალი ხელისუფლება არაფერს ერჩოდა
ჯოტომაც თავისუფლად დაიწყო მიმოსვლა დასახლებაში თუ მაზრაში შემავალ სხვა რაიონებში.

ერთხელაც ზუგდიდში დუქანში შესული მისთვის
სამომავლოდ სავალალო სიტუაციას გადააწყდა, დუქანში მოქეიფე მილიციელები მედუქნის დამხმარე
ბიჭს ძალას ატანდნენ ღვინო დაელია და ამაზე ხორხოცებდნენ. ამის დანახვაზე ჯოტომ ვერ
მოითმინა და ასაკით ყველაზე უფროსად რომელიც მიიჩნია იმ კაცს უთხრა: არაა წესიერი კაცის
საქციელი ახლა აქ თქვენ რასაც აკეთებინებთ ამ ბიჭს და ჩემი თხოვნა იქნება შეეშვით ამ
პატარა ბიჭსო. ერთერთმა მილიციელმა, სახელად კიწიამ მოქნეული ჭიქა ესროლა ჯოტიას, რომელიც მას ასცდა და კედელს
მიეფშვნა, ჯოტიამ თავის გარიდება ამჯობინა და კარისაკენ გაემართა, მაგრამ ის მილიციელი
ვინც მას ჭიქა ესროლა არ მოეშვა და ზურგიდან სტაცა ჩოხაზე ხელი, ეს კი მეტისმეტი შეურაცყოფა
იყო ჯოტოსათვის და მის ხელში ელვასავით იელვა სატევარმა, რომელმაც მარჯვენა ყური ჩამოასხიპა
მილიციელს.

სანამ მილიციელი და მისი ამფსონები გონს მოეგებოდნენ,
ჯოტო უკვე სამშვიდობოს იყო გასული. იმავე საღამოს
ჯოტოს სახლს 10 მილიციელი მივიდა ჯოტოს დასაკავებლად, მაგრამ არც ჯოტო და არც მისი
ცოლშვილი მათ სახლში არ დახვედრიათ.

ჯოტო ისევ „კაკონგარეშედ“ გამოცხადდა და მასზე
ძებნა იქნა გამოცხადებული.

ჯოტო კი ამ დროს ცოლშვილთან ერთად აფხაზეთში
სახელგანთქმული აბრაგის, ვინმე მარშანიას დის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც არანაკლებ განთქმული
აბრაგი დიდი პატივისცემით მიიღეს მეგობრის დამ და სიძემ.

თუმცა მალევე მოუწია ჯოტოს სტუმართმოყვარე
აფხაზური ოჯახის დატოვება, რადგან იმ დროისათვის გამეფებულმა ქაოსმა ათასი ჯურის დამნაშავე
შარაგზაზე გამოიყვანა სათარეშოდ და საავაზაკოდ, ერთერთი ასეთი მძარცველების ჯგუფი სწორედ
იმ ოჯახს დაესხა ღამით თავს, სადაც ჯოტო იყო ოჯახთან ერთად თავშეფარებული.

არც ოჯახის უფროსი იყო ლაჩარი და სროლაზე სროლით
პასუხი კი იცოცხლე ბაბუა, ჯოტოს კარგად ეხერხებოდა, ოჯახზე თავდასხმიდან არ გაევლო დიდ
ხანს და 4 ყაჩაღი უკვე მოკლული იყო და 3-იც მძიმედ დაჭრილი.

მოსალოდნელი იყო მილიციის მისვლა შემთხვევის
ადგილზე და ოჯახის უფროსმა აფხაზ ნათესავებს სთხოვა ჯოტო და მისი ოჯახი შეეფარებინათ,
მაგრამ ჯოტომ უარი განუცხადა და სამეგრელოში ღამითვე გაემართა.

ჯვარის გავლით ხაიშში ავიდა და ძმადნაფიცი
ჭკადუას ოჯახს შეაფარა თავი.

რამდენიმე დღეში კი აფხაზეთიდან ძმადნაფიცი მარშანია ავიდა მასთან მოსანახულებლად და
მეგობრული საჩუქრის სახით უებრო გარეგნობის ცხენი მიართვა, მარშანიას სიტყვით ცხენი
მას ჩერქეზეთიდან ჰყავდა ჯოტოსათვის ჩამოყვანილი.

არც ჯოტო დარჩა ვალში და თურქეთში ყოფნისას
ნაალაფარი ბრაუნინგის რევოლვერი აჩუქა.

ჯოტო და ტოტოჩია მარშანია ერთად ჩამოვიდნენ
ხაიშიდან და სამურზაყანოსკენ გაუდგნენ გზას.

ჯოტო ნაჩუქარ ცხენზე იჯდა და ისე მოხდა, რომ
მდინარე ერისწყლის გადაცურვამ ცხენდაცხენ მოუწიათ, აქ გამოჩნდა ნაჩუქარი ცხენის კიდევ
ერთი კარგი თვისება, ცხენს გეზი არ შეუცვლია ისე გაიყვანა პატრონი სამშვიდობოს, ტოტოჩიას
ცხენს კი საკმაო დრო დასჭირდა სამშვიდობოს გასასვლელად.

აბრაგები სამურზაყანოში, ჯვებე ჯობავას სახლს
მიადგნენ და დაუძახეს, ჯვებე უკვე ასაკოვანი, მაგრამ ჯერაც მხნედ მყოფი ნააბრაგალი
კაცი იყო ბაბუა და უკვე ასაკში მყოფი „მოეკიდა“ ოჯახს, შვილის შეძენის მერე კი დაწყნარდა
ეს მოუსვენარი კაცი და ოჯახში „ფუსფუსს“ მიჰყო ხელი.

ტოტოჩიას და ჯოტოს აინტერესებდათ თუ ვინ უნდა
ყოფილიყო ის ხალხი ვინც ტოტოჩიას დის ოჯახს დაესხა თავს, ჯოტოს იქ სტუმრობის დროს.
ჯვებემ დაწვრილებით უამბო თუ ვინ აკეთებდა ასეთ ბინძურ საქმეებს სამურზაყანოში და ისიც
გაუმხილა, უბრალო ყაჩაღები ვერ გაბედავდნენ ისეთ ოჯახზე თავდასხმას, ვისაც სახელოვანი
აბრაგი სტუმრობდა და ასევე სახელოვანი ცოლისძმა მფარველობდაო.

მალევე გაარკვიეს ჯოტომ და ტოტოჩიამ, რომ ჯოტოს
მოსაკლავად იყო ის ხალხი იქ მიგზავნილი იმ მილიციელის მიერ ვისაც ზუგდიდში ყური წაასხიპა
სატევრით ჯოტომ.

მოძებნეს ამ თავდასხმაში მონაწილე ყაჩაღიც,
რომელიც მეჯოგეებთან იმალებოდა ცალკე ჯოტოს
და ცალკე ტოტოჩიას შიშით.

ყაჩაღმა მუხლებზე დაჩოქილმა უამბო აბრაგებს
თუ როგორ მივიდა მათთან შუაკაცი, როგორ შეთანხმდენენ ჯოტოს მოკვლაზე და არც ის დაუმალავს
საქმისათვის განკუთვნილი თანხის ნახევარი თავდასხმამდე რომ ჰქონდათ აღებული.

რა
ვუყოთ ჯოტო ამ კაცს? ჰკითხა ტოტოჩიამ მეგობარს,
არც არაფერი „ჯიმა“ (ძმაო), დაე იცხოვროს მუდმივ შიშში და იქნებ მოინანიოს ოდესმე და
შვილი მაინც გაზარდოს კაცად.

ჯოტო იმავე ღამით მობრუნდა ზუგდიდში და მილიციის
შენობასგან მოშორებით მდგარ რცხილის ხეზე აძვრა
მეორე დღეს გვიან ღამით, როგორც კი დაინახა ის მილიციელი ვის გამოც მოუწია ისევ გააბრაგებამ
ხიდან ჩამოხტა და მას გაჰყვა უკან. როგორც
კი მოახტა ცხენს ჯოტო, ეგრევე ყაბალახი ჩამოიფარა
სახეზე შემთხვევით გამვლელებს, რომ არ ეცნოთ. როგორც კი გასცილდნენ ქალაქის ცენტრს
ჯოტომ ცხენი ააჩქარა და ლამის ზედ შეაყენა მილიციელს თავისი ცხენი. მილიციელი დაიბნა,
მაგრამ მალევე მოეგო გონს და ბუდიდან რევოლვერის ამოღება დააპირა, გაისმა ჯოტოს მაუზერის
ხმა და მაჯამიმსხვრეული ხელი უღონოდ ჩამოუვარდა მილიციელს.

ჰა „წიე“ (ბიჭო) „ჯგირი რდუო ბაღანაშ წვალება
სი ჯოღორიშშური“ (კარგი იყო ბავშვის წვალება შე
ძაღლისსულო), „ვარდა მა მუს გიმმობუდი სი უკოჩანობაშ კოჩი“? (ან მე რას მერჩოდი
შე არაკაცო). მიხვდა მილიციელი ვისთანაც ჰქონდა საქმე და ჯერ გაქცევა დააპირა, ეს რომ
ვერ შეძლო ჯოტოს ხვეწნა დაუწყო არ მომკლა, ჩემი შვილების ცოდვა არ დაიდოო.

ჯოტომ უთხრა: ისედაც და ასედაც მკვდარი ხარ
შუბედურო და მართლა არ ღირს შენი მოკვლაო.

მოახტა ცხენს და ხაიშისაკენ გაქუსლა. გზაში
მიმავალმა კი ინანა ასეთი კაცის მორჯულება არ იქნება და უნდა მომეკლა ის არაკაციო.

ამასობაში ჯოტოს ნათესავმა რომელიც ხელისუფლებაში
იყო და საკმაოდ ავტორიტეტულიც, ჯოტოს მოუხერხა მთავრობასთან შერიგება ორი პირობით, ჯოტო
ყოველ 10 დღეში ერთხელ უნდა გამოცხადებულიყო მილიციაში და დაედასტურებინა, რომ ქალაქიდან
არ გასულა ამ დღეეების განმავლობაში და იარაღი უნდა ჩაებარებინა. ჯოტომ ცოლშვილის და
მშვიდი ცხოვრების ხათრით ორივე პირობა შეასრულა.

ისევ მშვიდად ცხოვრების პერიოდი დაუდგა ჯოტოს
და ისევ გაისმა მის ეზოში მის მიერ ნამღერი სევდიანი, მაგრამ საამოდ მოსასმენი მეგრული
სიმღერები.

ერთხელაც ჯოტო ისევ მივიდა მილიციაში შეთანხმებისამებრ
და ამ მისვლით დაუდასტურა, რომ შეთანხმებას იცავდა.

სამწუხაროდ მის მილიციაში მისვლას შეესწრნენ
ის მილიციელები, რომელთა თანამეინახესაც წაათალა ყური ჯოტომ დუქანში.

ჯოტოს ხელბორკილი დაადეს და საკანში უკრეს
თავი, მალე ჯოტოს მიერ მაჯამიმსხვრეული და ყურწათლილი ყოფილი მილიციელიც მოვიდა და
ჯოტო უმოწყალედ სცემეს ფეხებით, საკანში შესულ მორიგე მილიციელს მკვდარიც კი ეგონა
ჯოტო ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ მორიგე მილიციელმა პროტესტი განაცხადა
და ჯოტოს მწვალებლებს უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და ზემდგომებს აცნობებდა მომხდარზე.
გაიმართა ვაჭრობა მათ შორის და გაჩუმების სანაცვლოდ საკმაოდ გვარიანი თანხა „ჩაიჯიბა“
მორიგე მილიციელმა, ჯოტოს კი იარაღით მილიციელზე თავდასხმაში დასდეს ბრალი და ექიმიც
არ მიაკარეს, ფიქრობდნენ ასე ნაცემი კაცი დილამდე ვერ გაატანს და საქმეც დაიხურებაო,
მაგრამ ასე არ ფიქრობდა ჯოტო და ასე არ ვფიქრობდით ბაბუა მისი მეგობრები. იმავე ღამეს
ფეხზე დავაყენეთ ყველა ვისაც კი შეეძლო ჯოტოს დახმარება და ასე თუ არ გამოვიდოდა მზად
ვიყავით მილიციას დავსხმოდი თავს და ძალით გამოგვეყვანა იქიდან ჯოტო.

საბედნიეროდ გავლენიანი ხალხის ჩარევამ შედეგი
გამოიღო და გამთენიისას ჯოტო გადმოგვცეს, რომელიც ისე იყო დალეწილი სუნთქვაც კი უჭირდა,
ჩემი ნათესავის სახლში გადავმალეთ ბაბუა
ჯოტო, რადგან მისი მტები პირველად ჩემთან მოიძიებდნენ და ამიტომაც გავარიდეთ ქალაქს.

თუ ვინმე იყო ცნობილი ექიმი თუ ექიმბაში იმავე
ღამეს პირშებურვილი მივიყვანეთ ჯოტოსთან და ისე შეკრეს და დაბანდეს ჯოტო განძრევაც
კი არ შეეძლო.


საჭმელი რომ
საჭმელია მისი მიღებაც კი არ შეეძლო და წყალს და ბროწეულის წვენს რიგრიგობით ვაწვეთებდით
პირში, მაგრამ ამან გამოიღო თავისი შედეგი თუ ღმერთს არ ჰყავდა გაწირული ჯოტომ რამდენიმე
დღეში მოიხედა, 1 თვეში კი იმდენად მომჯობინდა რომ ოთახიდან ოთახში გადასვლაც შეძლო.

მომჯობინებულმა ჯოტომ ცოლშვილი მოიკითხა და
რომ ვუთხარით ბაბუა სამშვიდობოს არიანო, პირველად ამდენი დღის განმავლობაში გაიღიმა.
ილია დამიძახა ბაბუა, ჯოტომ და რომ მივედი მითხრა: ვიცი მე შენი ამბავი და ასე მგონია
მე ჩემი ცხენიც სადღაც ახლოს უნდა გყავდეს გადამალულიო, გამეცინა და ვუთხარი: ახლახან
მოვიყვანეთ, აგერაა უკანა ეზოში და უშენოდ მოიწყინა მეთქი. ეგრევე გავიდა აივანზე და
დაუსტვინა, სტვენის ხმა და ცხენის მძლავრი ჭიხვინი თითქოს ერთმანეთს დაემთხვა, ცხენმა საბელი დაითრია და აივანს მოადგა,
ეს უნდა გენახა ბაბუა საკუთარი თვალებით, ბოლომდე რომ წარმოიდგინო თუ რა მოხდა მანდ.
ცხენმა შვილივით მიადო თავი ჯოტოს და ისე გაჩერდა. ჯოტოც მოეფერა და მისი თხოვნით გამოტანილი
შაქრის ნატეხი აჭამა ხელიდან.
რამდენიმე დღე ისევ იმ ოჯახში დარჩა ჯოტო და ერთ წვიმიან ღამეს დატოვა ჩემი ნათესავის ოჯახი ბაბუა,
მიუხედავად ოჯახის უფროსის დიდი ხვეწნისა დარჩენილიყო კიდევ რამდენიმე დღე.

ჯოტო კი სამალავში ავიდა და იარაღი აისხა,
იმავე ღამეს მუხურისაკენ გასწია სადაც მისი
ძმადნაფიცი აბრაგი გვარად თოლორაია ცხოვრობდა და მასთან ერთად ჩხოროწყუში გადავიდა
აბრაგ ბესა მებონიასთან, რომელთანაც მირონი აკავშირებდა. სამივე აბრაგი ბესასთან გაჩერდა,
რადგან აფხაზეთიდან ტოტოჩია მარშანია უნდა გადმოსულიყო მათთან შესახვედრად, გავიდა
რამდენიმე დღე და მარშანია რომ არ გამოჩნდა ბესამ ზუგდიდში დააბარა გაეგოთ სანდო კაცისაგან
სად იყო მარშანია და რატომ არ მოვიდა შეხვედრის ადგილას. მეორე დღეს მეგობრებმა ძალზე
ცუდი ამბავი გაიგეს, მათკენ მომავალი ტოტოჩია მილიციის პატრულს გადაჰყროდა, 2 მოეკლა
და 3 დაეჭრა, მაგრამ თავადაც მძიმედ დაჭრილი ცხენიდან გადავარდნილიყო და ადგილზევე
მოეკლათ მილიციელებს.

ამის გაგება და ჯოტოს „წამოფრენა“ ერთი იყო,
მე მივდივარ და შეიძლება ვერ დავბრუნდე, მაგრამ ტოტოჩიას სიხლს არავის შევარჩენ, დაიბარა აბრაგმა და ცხენს მოახტა. მებონიაც და თოლორაიაც გამოუდგნენ ცხენდაცხენ, მაგრამ ჯოტოს ფეხმარდ ცხენს ვერ დაეწივნინ და მის კვალს მიჰყვნენ.
ზუგდიდში ჩასულმა ჯოტომ ცხენი გადამალა და დაწვრილებით გამოიკვლია თუ როგორ და ვისი ხელით მოკვდა ტოტოჩია მარშანია.

მას უკვე ისიც დავიწყებოდა თუ რა გამეტებით
ცემეს ის მილიციელებმა მას მხოლოდ ძმადნაფიცის გამო უნდოდა უკვე შურისძიება.

როგორც კი გაიგო იმავე დღეს ყველაფერი ისევ
შეკაზმა ცხენი და გვიან ღამით ქალაქში გამოვიდა, ამასობაში მისმა მეგობრებმაც მოაგნეს
მის კვალს და ეს სამი აბრაგი მილიციის შენობისაკენ გაემართა, 5 კაციანი მილიციის პატრული რომელიც მათ შეხვდა ადგილზევე განაიარაღეს და
მათ შორის ტოტოჩიას მკვლელი რომ არ აღმოჩნდა უიარაღოდ გაუშვეს, მალევე მიაგნო ჯოტომ
ტოტოჩიას მკვლელის სამალავს, მას უკვე გაეგო ინფორმატორისაკენ ჯოტო მას რომ ეძებდა
მოსაკლავად და დამალულიყო. ჯოტომ ფეხით გამოათრია მილიციელი სამალავიდან და ცხენის
უნაგირზე მიბმული საბელით ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ათრია ცხენდაცხენ, ხოლო როცა ასეთი
საზარელი სანახაობით განცვიფრებული ხალხი მოგროვდა დაიყვირა: ჯოტო ვარ მე და ყველა
გამცემს, მოღალატეს და ჩემი მეგობრების მკვლელებს ასე მოუვათო. იქვე დაახალა მაუზერიდან
მთელი მჭიდი ტყვია და ისე დატოვა საბელით ფეხებშებორკილი მკვდარი.

მალევე სხვა მილიციელებსაც მიადგნენ სახლში,
2 მოკლეს მესამე კი წინადღეს ენგურის გადასასვლელთან
ყაჩაღებს გაძარცვის მიზნით მოეკლათ.

ჯოტომ ისევ ტყეს მისცა თავი და ერთხანს ლებარდეს
ხეობაში აბრაგობდა თოლორაიასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის წითელი რუსეთის მიერ ანექსიის გამო ყოფილხელისუფლებას უკვე არ შეეძლო მისი დევნა და ისევ დაუბრუნდა
ჯერ მალულად, ცოტა ხანში მუდმივად ოჯახს. ისევ დატრიალდა უკვე მერამდენედ ჯოტო სახლში
და ვინ იცის უკვე მერამდენედ მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება, უკვე შუა ასაკის მამაკაცი
ოჯახს დაუბრუნდა და შვილების გაზრდას მიჰყო ხელი. ვაჟს, რომელიც უკვე წამოზრდილიყო
იარაღის ხმარებას და ცხენზე ჯდომასთან ერთად მართალი კაცის ცხოვრების გზას ასწავლიდა
და ეუბნებოდა, არავინ დაჩაგრო და არავის დაეჩაგვრინო თავმოყვარეობა თუ გაქვსო.

ნელნელა დამშვიდდა კიდეც ეს ენგურივით ბობოქარი
კაცი, კაცი რომელიც მუდმივად იარაღში ჩამჯდარი დადიოდა ცხენზე ამხედრებული ახლა ხარებს
მისდევდა უკან და ყანას ხნავდა და თესავდა, მალე დააყენა ოჯახი ფეხზე და ალბათ ასე
იცხოვრებდა მშვიდად ოჯახში რომ არა ბოლშევიკების მიერ შემოღებული „კოლექტივიზაცია“,
რომელმაც ბევრ ბუნებით მშვიდ და უწყინარ კაცსაც ააღებინა ხელში თოხის და კავის ნაცვლად იარაღი, თავისი ნაოფლარის დასაცავად.
იგივე მდგომარეობა შეექმნა ჯოტოსაც, მის სახლსაც
მიადგნენ თემის საბჭოს წარმომადგენლები და კატეგორიულად მოსთხოვეს „კოლექტივში“ შესვლა,
წინააღმდეგ შემთხვევაში გაკულაკებით დაემუქრნენ.

არ დაჰყვა ჯოტო მათ ნებას და ახალმა ხელისუფლებამ „შავ სიაში“ ჩაწერა ჯოტო როგორც არსებული ხელისუფლებისათვის
საშიში კაცი.

ყველაფერი კი გააუარესა შემთხვევამ, როცა ქორწილიდან
მომავალი ნასვამი ჯოტო წალენჯიხის სახალხო კომისარს შეეფეთა ცხენდაცხენ, კომისარმა თანხმლებ პირებს უყვირა: ვინაა ეს კაცი ასეთ ცხენზე რომ ზის და თან ორი მაუზერი რომ აქვს ქამარზე დაკიდებულიო?
კომისარი ცენტრიდან იყო გამოგზავნილი და დანიშნული
და რეგიონის არაფერი გაეგებოდა.

მოახსენეს ეს ცნობილი ნააბრაგალია და არ ღირს მასთან კინკლაობა საშიში კაციაო.
როცა „წერას“ ჰყავს ატანილი“ კაცი აბა იმას
რა გააჩერებს და კომისარმაც ჯოტოს ცხენიდან ჩამოსვლა და მაუზერების ჩაბარება მოსთხოვა.
ეს კი მეტისმეტი იყო უკვე დადინჯებული ჯოტოსთვისაც
კი, ჯოტოს ხმამაღლა გაეცინა, საერთო სალამი სთქვა და გზა გააგრძელა. ეს კი უკვე კომისარს
არ მოეწონა და „ნაგანი“ ამოიღო და ჰაერში გაისროლა შეძახილით-სიკვდილი თუ არ მოგნატრებია
ჩამოდი ცხენიდან და აგერ დაალაგე ჩემს წინ მაუზერებიო.
ჯოტოს მოტრიალება და კომისრის ტყავის ქუდის
გადავარდნა ერთი იყო, ვერავინ ვერ შეასწრო თვალი როდის ან როგორ ამოიღო ბუდიდან ჯოტომ
იარაღი. შეშინებული კომისრის არანაკლებ შეშინებული ცხენიც და კომისრის თანხმლები პირებიც
ადგილიდან მიიმალნენ ჭენებით. ჯოტომ კი გზა განაგრძო თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს.

ჯოტოს პრობლემებიც ამ დღიდან დაიწყო, ჯერ
იყო და ზუგდიდის სახალხო კომისარს მოეწონა ჯოტოს ცხენი და ჯერ წართმევა მოუნდომა, ეს
რომ ვერ შეძლო ფული მიუგზავნა, მაგრამ ჯოტოს ეს სასაცილოდ არ ეყო.

ჯოტო სახლიდან არ გადიოდა, ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის
რაიმე მიზეზი რომ არ მიეცა საკონფლიქტოდ.

ჯოტოს ერთ დღეს ნაცნობი კაცი მიადგა ახალი
ხელისუფლებიდან და უთხრა: ჯოტო შენზე ბევრია „კბილებალესილი“ და სანამ ჩაგითრევენ ჩაყოლა
ამჯობინეო.

ვიფიქრებო უპასუხა ჯოტომ, ჯოტომ კი ასეთ დროს
დინჯი ფიქრი იცოდა ბაბუა და ასეთ დროს მის შეწუხებასაც ყველა ერიდებოდა.

ჯოტო იძულებული გახდა საქონელი „კოლექტივისათვის“
მიეცა, უკვე ასაკში შესულ აბრაგს პირველ ადგილზე უკვე შვილები ჰყავდა და მათზე ფიქრის
გამო მოიქცა ასე, 2 მაუზერიც ჩააბარა და 1 კარაბინიც, ერთადერთი რაზედაც ვერავინ ათქმევინა
უარი ტოტოჩია მარშანიას ნაჩუქარი ცხენი იყო, რომელსაც 8 წლის ასაკშიც არ დაეკარგა სისწრაფე
და სისხარტე.
ერთ საღამოს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გამოსულ ყოფილ აბრაგს ქალაქში ძველი თაობის დიდგვაროვანი,
ცნობილი ინტელიგენტი გვარად ჩიქოვანი მიეახლა
და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ ბედავდა იმ დროს-ჯოტოს ხელი ჩამოართვა და მეგრულ-აფხაზური
წესით ერთმანეთს მხარზეც აკოცეს.
მათ გვერდით ჩავლილმა ხელისუფლების ჩინოვნიკმა
ღვარძლიანად ჩაილაპარაკა: შეკრებილან წარსულის „გადმონაშთები“. ამის გაგონება და ჯოტოში
ისევ „იფეთქა“ აბრაგმა და ჩინოვნიკი სახალხოდ გაამათრახა ქალაქის ცენტრში და ჩიქოვანისათვის
ბოდიშიც მოახდევინა.

მათი შეხვედრა დუქანში მამაპაპური სადღეგრძელოებით
და თბილი გამომშვიდობებით დამთავრდა.
ჯოტოს სახლში მისვლა და ძლიერი წვიმის დაწყებაც
ერთი იყო, დაწვა ჯოტო და მეუღლესთან საუბარი გამართა შვილების მომავალზე, ერთი გოგო
უკვე გათხოვილი ჰყავდა და სიძეც წესიერი და შრომოსმოყვარე ოჯახიდან ჰყავდა, ბიჭი სასწავლებელში
სწავლობდა ქუთაისში, 2 გოგოს კი გიმნაზია დაემთავრებინათ და მასწავლებლობდნენ სოფლის სკოლებში.
პირველი მამლის ყივილს ეზოში მოელვარე ჩირაღდანიანი
ჩეკისტების შემოჭრა მოჰყვა, ჩეკისტებმა
ვინ ცხენდაცხენ და ვინ ქვეითად ჯოტოს ოდა სახლს ალყა შემოარტყეს და ჯოტოს სიცოცხლის
შენარჩუნების გარანტიით ჩაბარება მოსთხოვეს.

ჯოტომ ჩაცმაც კი ვერ მოასწრო ისე წამოხტა,
კიდობანში დამალულ მაუზერს დაავლო ხელი და ცოლს ურჩია თავი არ აეწია ზევით, მე დავბრუნდები
და ჩემზე არ იდარდო, თუ ვერ დაბრუნდი ილიასთან მიდი და იმან იცის ბიჭს რა გზა აარჩევინოს
ცხოვრებაშიო-ასე დაუბარა და წინა ფანჯრიდან
მაუზერიდან გაისროლა, ჩეკისტებიც იქით მიაწყდნენ, ჯოტომ კი პერანგის და პერანგის „ამხანაგის“
ამარამ უკანა ფანჯრიდან ისკუპა და წაბლნარს მისცა თავი, პირველად რაც გააკეთა ის იყო,
რომ იხვების ტალახიან საგუბარში გადახტა და ტალახით ისე „მოითხვარა“ მისი სპეტაკი თეთრი
პერანგი არ გამოჩენილიყო, მიმდებარე ტყის გავლის
მერე იქვე გორაზე ავიდა და დაიძახა: სათითაოდ ვიცი, ვინცა ხართ და სადაც ცხოვრობთ,
ოჯახს არ შეეხოთ გირჩევთ, თქვენი ცოლშვილის ცოდვას ნუ დამადებთო.

ჩეკისტებმაც ალყა მოხსნეს და წავიდნენ.

ამის შემდეგ ჯოტო ქალაქში ღიად რამდენიმე
წელი არ გამოჩენილა, თავად შემოგვითვალა ლაზებთან ვარ „ჯიმალეფი“ (ძმებო) და ჩემზე
არ იდარდოთო.
მე დავდიოდი ბაბუა ჯოტოს ბიჭთან ქუთაისში,
მე შემქონდა მისი სწავლის საფასური, მაგრამ ამაზე წამითაც არ მინანია ბაბუა, რადგან
ის ჩემთვის უცხო ვინმე კი არ იყო, არამედ ბავშვობის ძმადნაფიცის შვილი.
ხანდახან გადმოდიოდა თურქეთიდან ჯოტო და
მალულად აკითხავდა ოჯახს. რამდენიმე გამცემი, დამსმენი და არაკაცი შეეწირა ჯოტოს ხელისუფლებისათვის ჩაბარების მცდელობას.
30-იან წლებში ბესას სახლიდან ზუგდიდისაკენ
გვიან ღამით მომავალი ჯოტო გზაში დაეწია მოხუცს, რომელსაც დახეული ქალამნიდან თითები
უჩანდა და ტიროდა. ჯოტომ ცხენზე შეჯდომა შესთავაზა მოხუცს, მაგრამ მან იუარა ჩამოვვარდები
და რად გინდა ჩემი ცოდვა დაიდოო.

ვინ გაწყენინა „ჯიჯი“ (ბიძია)?-ჰკითხა ჯოტომ
ვინ შვილო, მთელი წლის ნაჯაფი სიმინდი, ლობიო, სოიო და ჩალა კოლექტივმა წაიღო შარშანდელი დავალიანების გამოო.
ჯოტომ რამდენიმე ქაღალდის ბანკნოტი ამოიღო
უბიდან და მოხუცს აჩუქა, თან დააბარა: ისეთ ოჯახში მიდი ახლა ხელისუფლებასთან რომაა ახლოს და დიდხანს გაჩერდი მანდ, ოღონდ ხელისუფლებაზე ცუდი სიტყვა არ დაგცდესო.
წავიდა მოხუცი და ჯოტომ იმაზე ფიქრი დაიწყო
როგორ დაესაჯა „კოლექტივი“ მოხუცის ცრემლებისათვის.

ცოტა იფიქრა თუ ბევრი, ერთი გადაწყვეტილება
მიიღო და შეასრულა კიდეც-სერზე შეფენილ „კოლექტივის“ თივის და ჩალის ძნებს ცეცხლი შეუნთო
და აბრიალებული ცეცხლის შუქზე გაიარა მთელი სოფელი.

სამამულო ომის დაწყებისათანავე გადმოვიდა ჯოტო საქართველოში, ჯერ აჭარლებთან იყო, მერე გურიაში გადმოვიდა და რამდენიმე დღეში სახლშიც
დაბრუნდა, რამდენიმეჯერ მოუწია ჩეკისტებთან შეტაკებამ, ხან ჭანისწყალთან, ხან ხობისწყალთან და რამდენიმეჯერ ენგურის გადალახვისას, მაგრამ მძიმედ არასდროს არ დაჭრილა.
ომის დამთავრებისთანავე გამოცხადებული ამნისტია
ჯოტოს ახლო ნათესავის წყალობით, მასაც შეეხო და უკვე საკმაოზე მეტად ასაკოვანი აბრაგი მუდმივად დაუბრუნდა ოჯახს.
არც მას ერჩოდნენ და არც ის ერჩოდა, ბევრს
უნახია ქალაქის ქუჩებში მიმავალი მაღალი, ფართო მხარბეჭიანი მოხუცი, რომელიც ძვირფასი
ნაჭრის შავ ჩოხახალუხში იყო გამოწყობილი, წელზე მოსევადებული სატევარი ეკიდა და მაუზერის
ცარიელი ბუდე, რომელსაც უკვე სხვა დანიშნულება მოუძებნა და ბავშვებისათვის კანფეტებს ყრიდა შიგნით.
შვილები უკვე დაოჯახებულები იყვნენ და ილიაც
სწავლის დამთავრების მერე, პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა.
ჯოტოს მეზობლად ჩამოსახლებულმა ბესამ კი უკვე ღრმად მოხუცებულ ნააბრაგალს წარსულის ბობოქარი დღეების
გახსენების საშუალება მისცა და ეს ორი სახელგანთქმული ნააბრაგალი კაცი, გრძელტარიანი
ყალიონის მოწევისას ძველზე ძველ ისტორიებს იხსენებდნენ მათი განვლილი ცხოვრებიდან.

ერთადერთი რისკენაც მუდამ მიუწევდა გული ჯოტოს,
მისი ეზოს უკან მინდორზე მუდმივად მობალახე კარგი ცხენი იყო, ასაკის მიუხედავად კვირაში
ერთხელ ამხედრდებოდა ბაბუა, ჯოტო ცხენზე და მის ნახვას არაფერი სჯობდა, ამ დროს თითქოს
ასაკი აკლდებოდა ჯოტოს.

ბოლო დროს ღრმად ჩაფიქრებულს ვხედავდით ჯოტოს
და რომ ვეკითხებოდით რა იყო ამის მიზეზი, ჩაიღიმებდა და სხვაზე გადაჰქონდა საუბარი.

მისი დაღუპვის წინა დღეს იყო ჩემთან ბაბუა,
ცოტა დავლიეთ კიდეც მოხუცებმა, ვისაუბრეთ ხან იქითურზე და ხან აქეთურზე. ეზოდან გასვლისას ცხენზე შეჯდა, წასვლის წინ ცხენიანად მომიტრიალდა და დამიძახა: წავედი „წიე“(ბიჭო) მე და ჭიქის წაქცევა არ დაგენანოს ილია ჩემს საფლავზეო, ამაზე მე გამეცინა და
მივაძახე : შე „ყორადილ ბადიდი“ (შე მყრალო ბერიკაცო) ჩემისთანას
ბარე ორს წაიმძღვარებ წინ მეთქი.

გაიღიმა, ისე როგორც მან იცოდა და წავიდა.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა ბაბუა.

დაღუპვის დღეს კი ბესასთან მისულა ცხენით
(საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა ბესა და ადრე ფეხით მიდიოდა ხოლმე) და იქაც უსაუბრიათ, ბესამ მხოლოდ თითო ჭიქა დავლიეთ ისე ვსაუბრობდითო.
შემჯდარა ცხენზე და ბესასთვის დაუბარებია:
ჰკითხე ილიას რა დავუბარე გუშინ და ხვალ რომ მოვა შენთან, გეტყვის თუ რა ვუთხარიო. ბესას
გაუკვირდა და ჰკითხა, მაგრამ ჯოტომ არ უპასუხა და წავიდა.
სახლისაკენ რატომღაც ჩვეულებისამებრ ცენტრალური
გზით არ წასულა, შემოვლითი გზით წასულა, სადაც ღელეზე უნდა გადასულიყო.
სახლში რომ არ მივიდა გვიან ცოლმა მოინაკლისა
და მეზობლებს დაუძახა (შვილი თბილისში იყო), მეზობლებმაც ძებნა დაუწყეს, მაგრამ ვერსად
ვერ იპოვეს, მხოლოდ გამთენიისას გაიგონეს ჯოტოს ცხენის მძვინვარე ჭიხვინი, თითქოს ცხენი
ვინმეს ან რამეს ებრძვისო. ცხენის ჭიხვინზე მისულ ხალხს კი საოცარი სურათი დაუდგათ წინ, ღელეში თავით ჩამხობილი ჯოტოს ირგვლივ 4 მკვდარი მგელი ეგდო, ხოლო რამდენიმე ცხენის კბილებით დაფლეთილი და ფლოქვებით დალეწილი იქვე ფართხალებდა. სავარაუდოდ ჯოტოს ინფარქტი დაემართა და ღელეში
ჩავარდა, მოთარეშე მგლები კი პატრონს ერთგულმა ცხენმა ხალხის მისვლამდე არ გააკარა ბაბუა".
ასე დამთავრდა ერთ დროს ძალზე ცნობილი, სამართლიანი
და სახეგანთქმული აბრაგის ცხოვრება, აბრაგისა რომელმაც ტყვიის „წვიმები“ გამოიარა და უცნაურად დაიღუპა.

პ.ს
ამ ამბებიდან ძალზე დიდი ხნის მერე 90-იან წლებში, სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსის დროს "კრიმინალური ავტორიტეტი-კანონიერი ქურდი" მიადგა ჯოტოს შთამომავალს და იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი კლასის მანქანის "შეწერა" დაუპირა, მშვიდობიანად რომ ვერ მოიშორა აბეზარი კაცი, ჯოტოს შთამომავალმა ადგილზევე დაცხრილა "კრიმინალური ავტორიტეტი".















13
887
22-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
887
  
2015, 1 თებერვალი, 22:14
ჯანმრთელობის მხრივ რკინას დავღეჭავ, მაგრამ აბრაგობაზე რა გითხრათ.
პ.ს
სოფელში მყავს ცხენიც. :)
2015, 1 თებერვალი, 22:11
ახლა ხალხი სულ შეიცვალა.
2015, 1 თებერვალი, 22:11
წინანდელი ხალხი უფრო ჯანმრთელები და ყოჩაღები იყვნენ.
2015, 1 თებერვალი, 22:10
არა უკვე ასაკოვანი იყოო, ვიტყოდი მოხუცი, მაგრამ ცეცხლივით იყოო ასაკის მიუხედავად. ბაბუამ მითხრა-ისე შემოახტებოდა ცხენს შორიდან მნახველს 25 წლის ეგონებოდაო.
2015, 1 თებერვალი, 22:03
ახალგაზრდა იქნებოდა ალბათ როცა დაიღუპა.:((
2014, 25 დეკემბერი, 12:00
გმადლობთ
2014, 25 დეკემბერი, 2:45
კარგი იყო
2014, 22 დეკემბერი, 12:16
გაიხარეთ
კარგ სცენარისტს უფრო მეტსაც მოვუყვებოდი ამ კაცის ისტორიიდან და ბევრად მოცულობითი მასალა გამოვიდოდა ფილმისათვის.
2014, 22 დეკემბერი, 12:06
დდი სიამოვნებით ვითამაშებდი როლს, ფილმად რომ იქცეს ეს..
2014, 22 დეკემბერი, 0:08
კი ვისაც ვიცნობ ყველა "დასტოინი" ადამიანია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10