x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
თაობა 90


...დაბადების წელი - 1989;
...დაბადების ადგილი - საქართველო, ქ. თბილისი;
...ავტორიტეტი - მამა;
...რითი ცხოვრობდით - რამე შეიცვლება, აბა სულ ასე ხომ არ იქნება?...

მე „ბნელი 90-ანების“ თაობის წარმომადგენელი ვარ. ახლანდელი ბავშვებისთვის შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი თაობის ბავშვები უმობილურობის, უაიფონობის, უაიპადობის, უკომპიუტერობის, უინტერნეტობის, ზოგადად ყოველგვარი ტექნიკური საშუალების არქონის და ხშირად უშუქობის მიუხედავად, ვახერხებდით გართობას. ამისათვის საკმარისი იყო ჩასულიყავი ეზოში, სადაც აუცილებლად დაგხვდებოდნენ შენი თანატოლები და შეერთებოდი თამაშს, რომელსაც ისინი თამაშობდნენ.


ამ სტატიაში შევეცდები, თავი მოვუყარო ზოგიერთ რამეს, რაც 90-ან წლებს გაგვახსენებს:


პაროლობანა - ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თამაში, რომელსაც პრინციპში ახლანდელი ბავშვები რომ არ თამაშობენ - ტრაგედია არ არის. თამაშის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ვიყოფოდით ორ ჯგუფად და 1 ჯგუფი იფიქრებდა რაიმე სიტყვას (ე.წ. „პაროლს“). ამის შემდეგ იწყებოდა ყველაზე საინტერესო: მეორე ჯგუფის წევრები გამალებით დასდევდნენ „პაროლიანი“ ჯგუფის წევრებს, იჭერდნენ და ყველა ხერხით ცდილობდნენ მათგან ჩაფიქრებული სიტყვის გაგებას. ხელების გადაგრეხვა, თითების ამოტრიალება, თმის (განსაკუთრებით ბაკების) მოწიწკვნა... ერთი სიტყვით, მიზანს ყველანაირი საშუალება ამართლებდა. თუ პაროლობანას ითამაშებდი, დღის ბოლოს ნაცემ-ნაბეგვი ბრუნდებოდი სახლში, მაგრამ კმაყოფილების შეგრძნება თან გდევდა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწიათ შენს წამებაზე რომ პაროლი ეთქმევინებინათ.

რეზინობანა რატომღაც გოგოების გასართობად ითვლებოდა, თუმცა ხანდახან ბიჭებიც ვთამაშობდით. წესები ძალიან მარტივი იყო: 2 ბავშვი ფეხებზე იმაგრებდა რეზინს, 1 კი ამ რეზინზე ხტებოდა. ნელ-ნელა რეზინი მაღლა მიიწევდა. გამარჯვებული იყო ის, ვინც ყველაზე მაღლა გადახტებოდა.

კლასობანა რატომ ერქვა ამ თამაშს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ კარგი გასართობი იყო. ქვა უნდა გადაგეგდოთ ისე, რომ ერთ-ერთ უჯრაში მოხვედრილიყო. შემდეგ კი ასკინკილით უნდა გაგევლოთ ყველა უჯრა, აგეღოთ ქვა და უკან დაბრუნებულიყავით.

წრეში ბურთი - თამაში კლასიკა! ორი მოთამაშე წრეში მდგომს ესროდა ბურთს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა აეცდინა. სასტიკად იკრძალებოდა „ლობიანების გამოცხობა“ (ვისაც უთამაშია მიხვდება რასაც ნიშნავს. ვინც ვერ მიხვდება და ჩემხელა გეყოლებათ ვინმე ნაცნობი და კითხეთ, აქ ნუ ამახსნევინებთ ამდენს :D). თუკი წრეში მდგომი მოთამაშე ბურთს პირდაპირ მსროლელის ხელიდან დაიჭერდა (და არა მიწიდან ასხლეტილს), ეს უკვე „პასი“ იყო, რაც მას ერთ „სიცოცხლეს“ ჩუქნიდა - ანუ გაჭრის შემთხვევაშიც რჩებოდა წრეში.

ცისარტყელა“ დარწმუნებული ვარ, ყველას ჰქონდა ბავშვობაში. შემდეგ ამ სათამაშოზე მრავალი ლეგენდა შეიქმნა. ერთ-ერთის მიხედვით, ის საგიჟეთში გამოიგონეს სულიერად ავადმყოფების დასაწყნარებლად. ვერ გეტყვით ეს სიმართლეს რამდენად შეეფერება, მაგრამ მე კი ძალიან მართობდა „გიჟების სათამაშო“.

მეგობრობის დღიურის დანიშნულება შენი ძმაკაცის/დაქალის უკეთ გაცნობა იყო. ამ ლამაზად გაფორმებულ რვეულში ჩამოწერილი იყო სტანდარტული კითხვები, რომელსაც ყველა შემვსები სცემდა პასუხს. „მოგწონს ვინმე? (თუ კი, ვინ?)“... „შენი სიმპათია“ (უმრავლესობამ ამ სიტყვის მნიშვნელობა მეგობრობის დღიურიდან გავიგეთ)...

ლოვეს კევა“ ყველაზე მოდური (და იაფფასიანი) საღეჭი რეზინის ნაირსახეობა იყო, რომელსაც სინამდვილეში „Love is” ერქვა. საღეჭი რეზინის მოხმარებას თავისი წესი ჰქონდა: ძილის წინ წყლიან ჭიქაში უნდა ჩაგეგდო რომ არ გამომშრალიყო და მეორე დღესაც შეგძლებოდა დაღეჭვა. "ლოვეს კევებს" შეყვარებული წყვილის ცხოვრების ამსახველი „ნაკლეიკები“ მოჰყვებოდა.

ორკასეტიანი მაგნიტოფონი - მიუხედავად იმისა, რომ 90-ანი წლები მსოფლიო მუსიკის აღმავლობის ხანაა, ჩვენს ბავშვობაში მრავალჯერ გადაწერილი და მანიკურით „დალატკავებული“ კასეტებით „აქუას“, „მაკარენას“ და მსგავს სისაძაგლეებს ვუსმენდით. თანაც ორკასეტიანი მაგნიტოფონით, რომელიც ყველა უბანში ჰქონდა რომელიმე ერთ ოჯახს მაინც.

ჩრდილები - ქვეყანაში შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისაც კი მოვუნახეთ დადებითი მხარე და უშუქობისას რომ თავი შეგვექცია, ლამფის შუქზე კედელზე ჩრდილებს ვაკეთებდით. ხელები ისეთ მდგომარეობაში უნდა გაგეჩერებინა, რომ კედელზე რომელიმე ცხოველის ან ფრინველის ჩრდილი დახატულიყო.

გასახსენებლი ალბათ კიდევ ბევრია, მაგრამ ძალიან გრძელ სტატიას რომ არავინ კითხულობს - ესეც სრული ჭეშმარიტებაა. ამიტომ, გთხოვთ, კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოგონებები და ნივთები, რომლებიც 90-ან წლებს გახსენებთ.


image

4
228
4-ს მოსწონს
ავტორი:თენგო ომანიძე
თენგო ომანიძე
228
  
2016, 2 სექტემბერი, 9:59
დახუჭობანა არ გითამაშიათ? ზოგჯერ ისე იმალებოდნენ ბავშვები მოძებნა გვბეზრდებოდა და გამარჯვებულო გამოდის ვეძახოდით
2015, 14 მაისი, 18:43
ჩემი ბავშვობა გამახსენდა ყველა ამ თამაშთან ერთად, კიდევ ბევრია მოსაგონარი წითელი ყვითელი შავი - სადაც არასოდეს მინდოდა წითელი ფერი, ასევე სახელი არ მახსოვს მაგრამ ნაბიჯებით რომ ვთამაშობდით ჭიანჭველას ნაბიჯი, სპილოს ნაბიჯი და ვნც პირველი მივიდოდა ფინიშთან გამარჯვებულიც ის იყო, დამალობანა, ჩაცუცქობანა და კიდევ მრავალი სხვა, მიუხედავად იმ არეული წლებისა მაინც თბილად მახსენდება ჩემი ბავშვობა:)
2015, 20 თებერვალი, 21:48
მიხარია რომ მოგეწონათ :))
2014, 13 დეკემბერი, 23:27
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო,არ მეყო.-დროშობანა,ბრისილმიაუ(ეს განსაკუთრების ახალგაზრდებს გვიყვარდა საღამოს "ბირჯაზე"რომ შევიკრიბებოდით),ამის პარტონმა რა ქნას,კიდევ?ვერ ვიხსენებ:))))))))))
0 1 4